Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-73(კ-25) 31 ივლისი, 2025 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ც-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2024 წლის 10 იანვარს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონული სასამართლოს, მოპასუხე - მ. ც-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე მ. ც-ისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 2 000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მ. ც-ის (პ/ნ ...) დაეკისრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ ჯარიმის თანხის 1000 (ერთი ათასი) ლარის გადახდა.

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების“ თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.

სასამართლომ მიუთითა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლზე, რომლის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან მის მატერიალურ, სოციალურ და სამედიცინო უზრუნველყოფას გულისხმობს.

სასამართლომ მიუთითა მხარეთა შორის 2023 წლის 10 ივნისს გაფორმებული კონტრაქტის 6.4. პუნქტზე, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ეს კონტრაქტი ვადამდე შეწყდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, აქტიური სარეზერვო სამსახურიდან დათხოვნილს ეკისრება ვალდებულება სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ გადაიხადოს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობთ, კონტრაქტის შეწყვეტიდან 3 თვის ვადაში.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე მ. ც-ი ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის საფუძველზე (პირადი პატაკით), საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2023 წლის 5 სექტემბრის N3373 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან. მ. ც-ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის ვადა შეადგენდა 2 თვეს და 25 დღეს.

სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე მ. ც-ი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე. რაც, თავის მხრივ, ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტის თანახმად, კონტრაქტის პირობების დარღვევას გულისხმობდა, ხოლო ეს საფუძველი, ამავე ნორმატიული აქტის მიხედვით, ფინანსური პასუხისმგებლობის პირობას წარმოშობდა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ შესრულდა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, დადგენილი წესით, რაც კრედიტორს ანიჭებდა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას, თუმცა ამავდროულად, ვალდებულების სახის და დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს ოდენობა იყო შეუსაბამოდ მაღალი და ექვემდებარებოდა შემცირებას.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2023 წლის 10 ივნისს, ერთი მხრივ, თავდაცვის სამინისტროსა და, მეორე მხრივ, მოპასუხე მ. ც-ის შორის გაფორმდა „სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი“ კონტრაქტი, რომლითაც განისაზღვრა ორივე მათგანის როგორც უფლებები, ისე ვალდებულებები. ამასთან, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2023 წლის 5 სექტემბრის №MOD 5 23 00003373 ბრძანებით „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის საფუძველზე მ. ც-ი (პირადი პატაკით), ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან. სასამართლომ მიუთითა მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტის 6.4 პუნქტზე, რომლითაც განსაზღვრული იქნა ”სამხედრო მოსამსახურის” ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი. კერძოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კონტრაქტი ვადამდე შეწყდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, აქტიური სარეზერვო სამსახურიდან დათხოვნილს ეკისრება ვალდებულება სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ გადაიხადოს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობთ, კონტრაქტის შეწყვეტიდან 3 თვის ვადაში. ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ ცნობის თანახმად, მ. ც-ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის ვადამ შეადგენა 2 თვე და 25 დღე.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა (2 000 ლარი) არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სააპელაციო პალატის განმარტებით, ჯარიმის სახით 2000 ლარის განსაზღვრა, არის უკიდურესად მძიმე, კაბალურ მდგომარეობაში ამყოფებს სამხედრო მოსამსახურეს და სრულად დამოკიდებულს ხდის კონტრაქტორზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ ახალციხის რაიონული სამართლოს მიერ სადავოდ არ გამხდარა მოპასუხის მიერ კონტრაქტის დარღვევის ფაქტი, თუმცა სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო საქმის გარემოებების გათვალისწინებით.

კასატორმა მიუთითა, რომ საქართველოს მთავრობის 18.03.2014 წლის N238 დადგენილების XVIII თავი ითვალისწინებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების წესს, მითითებული თავის პირველი პრიმა პუნქტით განსაზღვრულია ჯარიმის ოდენობა, შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ კონტრაქტის დარღვევის საფუძვლით, ჯარიმის სახით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს კანონისმიერ ფიქსირებულ თანხას და მასზე სასამართლოს მიერ სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენება არის უსაფუძვლო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მ. ც-ის (პ/ნ ...) დაეკისრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ ჯარიმის თანხის 1000 (ერთი ათასი) ლარის გადახდა. ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს - მ. ც-ის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება. აღნიშნული კი მიუთითებს იმაზე, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების კანონიერება უნდა შეამოწმოს მხოლოდ მ. ც-ისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის 1000 ლარის ანაზღაურების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მ. ც-ისა და თავდაცვის სამინისტროს შორის 2023 წლის 10 ივნისს გაფორმდა სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტი. კონტრაქტის 6.4. პუნქტის თანახმად იმ შემთხვევაში თუ ეს კონტრაქტი ვადამდე შეწყდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, აქტიური სარეზერვო სამსახურიდან დათხოვნილს ეკისრება ვალდებულება სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ გადაიხადოს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობთ, კონტრაქტის შეწყვეტიდან 3 თვის ვადაში.

2023 წლის 28 აგვისტოს მ. ც-იმა პატაკით მიმართა ბატალიონის მეთაურს და მოითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნა.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2023 წლის 5 სექტემბრის №MOD 5 23 00003373 ბრძანებით „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის საფუძველზე, მ. ც-ი (პირადი პატაკით), ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან.

ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ ცნობის თანახმად, მ. ც-ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის ვადამ შეადგენა 2 თვე და 25 დღე.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მეორე ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ისე საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად (ამავე კოდექსის 361-ე მუხ.).

საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა შეფასებებს მ. ც-ის მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის, მისთვის ჯარიმის სახით თანხის დაკისრების საფუძვლის არსებობის, აგრეთვე, კონტრაქტის შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შეუსაბამობასთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებითი საშუალებას წარმოადგენს, ის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა (კოდექსის 417-ე მუხ.), რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისთვის. მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს (იხ. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხ).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალდებულების არსი მის შესრულებაშია, ხოლო შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სწორედ ამიტომ, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეებს შეუძლიათ გამოიყენონ კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალებები (იხ. სუს 2020 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-570(კ-19)).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, თუმცა სასამართლო, თავის მხრივ, უფლებამოსილია იმოქმედოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში და იმსჯელოს პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობაზე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მითითებულ განმარტებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სასამართლოს ამოცანაა მხარე დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ურთიერთობის დამყარებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ, მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ შედეგებს. სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს ,,შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს დაზარალებულის ინეტერესები. სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხის არა მარტო ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი შეწყდა მ. ც-ის პირადი პატაკის საფუძველზე და ადგილი არ ჰქონია კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევას. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხისათვის დაკისრებული 1000 ლარიანი ჯარიმა შესატყვისია და შესაბამისობაშია მოპასუხის მიერ დარღვეული ვალდებულების სიმძიმესთან და ზოგადად, სამართლიანობის პრინციპებთან, რამდენადაც ჯარიმის 2 000 (ორი ათასი) ლარით განსაზღვრა შეუსაბამოდ არათანაბარ სამართლებრივ თუ უფლებრივ მდგომარეობაში ამყოფებს სამხედრო მოსამსახურეს და მთლიანად დამოკიდებულს ხდის კონტრაქტორზე, რის გამოც ჯარიმის თანხის გონივრულ ფარგლებში შემცირება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიზანს.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 2.2 მუხლის თანახმად, სამართლებრივი აქტის სახეებია ნორმატიული აქტი და ინდივიდუალური აქტი. ამავე კანონის 7.1 მუხლიდან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობას ქმნის საქართველოს ნორმატიული აქტები, რომლებიც იყოფა საკანომდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად. სადავო პერიოდში მოქმედი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის (ძალადაკაარგულია 2023 წლის 12 ოქტომბრიდან 21.09.2023წ. თავდაცვის კოდექსით) 2.14 მუხლის მიხედვით, საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ. ც-ის შორის 10.06.2023წ. დადებული კონტრაქტი დამტკიცებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დადგენილი პირგასამტეხლოს სახე – ჯარიმა გათვალისწინებული იქნა მხარეთა შორის გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, რომლის ფორმა დამტკიცებულია თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური აქტით, შესაბამისად, კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ კონტრაქტის პირობების დარღვევისთვის ჯარიმის სახით 2000 ლარის ოდენობა ნორმატიულად არის განსაზღვრული, რაც მისი შემცირების შესაძლებლობას გამორიცხავს, არ არის დასაბუთებული და არ უნდა იქნეს გაზიარებული.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მსგავსი კატეგორიის დავებთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ჩამოყალიბებული აქვს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომლის თანახმად, პირისათვის კონტრაქტით დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა არაერთ დავაში იქნა მიჩნეული შეუსაბამოდ და არაგონივრულად, რამაც დაკისრებული თანხის შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების წარმოშობა განაპირობა (იხ. სუს 2019 წლის 12 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბს-947(კ-19); 2019 წლის 12 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბს-908(კ-19); 2020 წლის 5 მარტის განჩინება საქმეზე №ბს-936(კ-19); სუს 2019 წლის 16 მაისის განჩინება საქმეზე №ბს-230(კ-19) და სხვ.).

ამდენად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. შონია

მოსამართლეები: ქ.ცინცაძე

გ.მაკარიძე