საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-400(კ-25) 24 სექტემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - თ. ა-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ. ა-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოს დეპარტამენტის უფროსის 2023 წლის 7 აგვისტოს №IDP 9 23 00002568 ბრძანება; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი აქტი, მოსარჩელე თ. ა-ასათვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით თ. ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 7 აგვისტოს №IDP 9 23 0000 2568 ბრძანება. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა მოსარჩელე თ. ა-ასათვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი აქტის გამოცემა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას დაიცვა კანონის ყველა მოთხოვნა, კერძოდ, გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და შესაბამისი აქტი მიიღო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რაც კიდევ ერთხელ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
კასატორის განმარტებით, დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი. დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მტკიცებულებებით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი კი, უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ ეს არის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი, ანუ პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელი. პირის მუდმივი საცხოვრებლის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს, ხსენებულ საცხოვრებელთან უნდა იყოს დაკავშირებული ყოველდღიური ყოფითი, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით, რომლის გამოც, მას ამ ადგილზე უფრო ხშირად უწევს ყოფნა, ვიდრე სხვა ადგილზე, სადაც ასევე შეიძლება ჰქონდეს სხვა საცხოვრებელიც. ამდენად, მუდმივი საცხოვრებლის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს.
საკასაციო საჩივრის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მხარის მიერ მიწოდებული, ასევე სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოპოვებული ინფორმაცია სააგენტომ შეისწავლა, გამოიკვლია და მივიდა დასკვნამდე, რომ თ. ა-ას არ უდასტურდებოდა დღეისათვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი. სააგენტომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოიკვლია საქმის გარემოებები და გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაადგინა განმცხადებლის ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი და მისი დატოვების მიზეზები. მოსარჩელის შემთხვევაში, ფაქტიური საცხოვრებელი ადგილის დატოვების მიზეზი არ ყოფილა კანონის მუხლით გათვალისწინებული გარემოებები. საქმეში არსებული დოკუმენტაციის შეფასებისა და გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელე თ. ა-ასთან მიმართებით არ დასტურდება „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ სქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა. თ. ა-ასთან გასაუბრებისას ირკვევა, რომ ის დაიბადა ომის დასრულების შემდგომ, კერძოდ, ... წელს ქ. მოსკოვში, ასევე მოსკოვში დაამთავრა სკოლა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი არ ყოფილა კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადგილსამყოფელი.
გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ტექსტიდან დასტურდება, რომ მასში ამომწურავად არის დასაბუთებული, თუ რატომ იქნა მიღებული კონკრეტული შინაარსის გადაწყვეტილება, მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა იქონიეს ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე და აქტი დაფუძნებულია მხოლოდ იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე, რომლებიც გამოკვლეულ და შესწავლილ იქნა ადმინისტრაციული წარმოების დროს. იმ შემთხვევაში, თუ სამინისტრო/სააგენტო უგულებელყოფდა კანონის მოთხოვნებს და დევნილის სტატუსს მიანიჭებდა პირს, რომელსაც იგი არ ეკუთვნის, სამინისტროს მხრიდან იქნება კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაც გამოიწვევს რიგ სამართლებრივ შედეგებს, რადგან დევნილის სტატუსი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, ხოლო სოციალური დაცვა გულისხმობს დევნილის სტატუსის მატარებლისათვის ისეთი მატერიალური სარგებლის მოტანას, როგორიცაა დევნილის შემწეობა დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური გასაცემელი და საცხოვრებლით უზრუნველყოფა (გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლის საკუთრებაში გადაცემა), რაც საკმაოდ დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონი ადგენს იმ პირთა წრეს, რომელთა მიმართაც სახელმწიფოს სხვადასხვა სახის ვალდებულება გააჩნია. სამინისტროს/სააგენტოს ვალდებულებები ვრცელდება მხოლოდ დევნილის სტატუსის მატარებელ პირზე, ხოლო პირს, რომელსაც არა აქვს დევნილის სტატუსი ვერ იქნება სამინისტროს/სააგენტოს ბენეფიციარი. სამინისტრო, გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. თუ სამინისტრო მიანიჭებს დევნილის სტატუსს პირს, რომლის მუდმივად ცხოვრების ფაქტი დღეისათვის უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უტყუარად არ არის დადასტურებული, გამოვა, რომ ადმინისტრაციული ორგანო - სამინისტრო ანგარიშს არ უწევს კანონის ნორმის მიზნებს და არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას იმ მიზნისათვის, რაც კანონმდებელმა მასში ჩადო. სამინისტროს/სააგენტოს სწორედ ასეთი საკითხების გადასაწყვეტად აქვს მინიჭებული აღნიშნული უფლებამოსილება და იგი ვალდებულია განახორციელოს ეს უფლებამოსილება კანონით დადგენილ ფარგლებში.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს (მუხ. 2).
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონზე, რომელიც ადგენს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს, ხოლო მეორე პუნქტის შესაბამისად, დევნილის სტატუსის მაძიებლისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს კონკრეტულ ადგილას პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მიჩნეულ იქნეს იძულებით გადაადგილებულად - დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება და ეს იძულება განპირობებული უნდა იყოს - უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს დევნილის სტატუსის მოპოვების სხვა კანონისმიერ საშუალებაზე, კერძოდ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) მოსარჩელე თ. ა-ამ 2023 წლის 14 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მოითხოვა მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება (ს.ფ. 31). 2023 წლის 30 ივნისს, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოსარჩელეს ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო გასაუბრების კითხვარი. გასაუბრების ფარგლებში მოსარჩელემ განმარტა, რომ დაიბადა ... წელს ქ. მოსკოვში, აფხაზეთში არ უცხოვრია. 2017 წელს სკოლა დაამთავრა ქ. მოსკოვში. 2017 წლიდან სწავლობდა თბილისში, უკრაინულ აკადემიაში. ...-2017წ. ცხოვრობდა მოსკოვში, მამის ბინაში. 2017 წლიდან ცხოვრობს თბილისში, ნათესავებთან. დედას - ი. ღ-ას აქვს დევნილის სტატუსი. მამას - კ. ა-ას ჰქონდა დევნილის სტატუსი, თუმცა რეგისტრაციის გაუვლელობის გამო შეწყვეტილი აქვს. გარდაიცვალა 2014 წელს, მოსკოვში. თ. ა-ას აქვს ორმაგი მოქალაქეობა (რუსეთი-საქართველო). აღნიშნავს, რომ არასრულწლოვნობის დროს არ ჰქონდა დევნილის სტატუსი, რადგან არ ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობა. 2017 წლიდან ცხოვრობს თბილისში (ს.ფ.35-38, 41-42); ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს მიერ 14.06.2023 წ. გაცემული №0000514 ცნობის თანახმად, თ. ა-ას დედა - ი. ღ-ა (პ/ნ ...) ცხოვრობდა 1993 წლამდე ქ. სოხუმში, მისამართზე ...ს ქუჩა №... (ს.ფ. 33); გ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 03 აგვისტოს მოხსენებითი ბარათით ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორს გაეგზავნა ამავე დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა, მოსარჩელე თ. ა-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 7 აგვისტოს IDP 9 23 00002568 ბრძანებით მოსარჩელე თ. ა-ას უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ (ს.ფ. 43, 44-45); დ) თ. ა-ას არასრულწლოვანი შვილების - თე. ა-ას (დაბადებული საქართველოში ...წ.) და თეო. ა-ას (დაბადებული რუსეთში, ...წ.) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობების თანახმად, მოსარჩელის არასრულწლოვან შვილებს მინიჭებული აქვთ დევნილის სტატუსი. დევნილის მოწმობები გაცემულია 2022 წლის 24 მაისს და 2023 წლის 24 ივლისს (ს.ფ. 56-61).
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მშობლისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მისი შვილისათვის იმავე სტატუსის მინიჭების სამართლებრივი პირობაა არა მარტო არასრულწლოვანების, არამედ შვილის სრულწლოვანების ასაკის მიღწევის შემთხვევაშიც, თუ არასრულწლოვნების დროს ასეთი სტატუსის მიუღებლობა განაპირობა რაიმე მიზეზმა.
საკასაციო სასამართლო ზემოდასახელებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების შედეგად მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაასაბუთა ის გარემოება, რაც გამორიცხავდა მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლიანობას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც თ. ა-ას არასრულწლოვნების პერიოდში არც საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდა და არც საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი იყო, ვინაიდან მოსარჩელესთან სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში 2023 წლის 30 ივნისს ჩატარებული გასაუბრების კითხვარის მიხედვით, მოსარჩელე საქართველოში, ქ. თბილისში 2017 წლიდან ცხოვრობს, რა დროსაც მოსარჩელე უკვე სრულწლოვანი იყო. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის დედა - ი. ღ-ა არის დევნილის სტატუსის მატარებელი, მამას კი, ჰქონდა დევნილის სტატუსი, თუმცა რეგისტრაციის გაუვლელობის გამო შეუწყდა (გარდაიცვალა 2014 წელს, მოსკოვში), მოსარჩელეს კანონმდებლობის შესაბამისად, უფლება ჰქონდა სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე, მოეთხოვა დევნილის სტატუსის მინიჭება.
საკასაციო პალატის მითითებით, იძულებით გადაადგილებულ პირს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება ამგვარი წინაპირობების არსებობისას. ამრიგად, ვინაიდან დადასტურდა მოსარჩელის მშობლისთვის აღნიშნული სტატუსის ქონა, შესაბამისად, არსებობდა მოსარჩელის განცხადების საფუძველზე დასახელებული ნორმების გავრცელებისა და მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების წინაპირობები.
საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი აგებულია ძირითადად იმ არგუმენტებზე, რომ თ. ა-ა დაიბადა აფხაზეთის ომის შემდეგ და მას ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ უცხოვრია, შესაბამისად, მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ომამდე არ ყოფილა დღეისათვის ოკუპირებული ტერიტორია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დასახელებული არ გამორიცხავს პირისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში დადასტურდა მოსარჩელის მშობლებისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება, შესაბამისად, არსებობდა მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების გავრცელებისა და მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების წინაპირობები. აღნიშნული დანაწესი კი, დევნილის სტატუსის მინიჭების სხვა კანონისმიერ საშუალებას წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მართებულად იქნა ცნობილი ბათილად მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 7 აგვისტოს №IDP 9 23 00002568 ბრძანება. შესაბამისად, სადავო აქტის უკანონობის პირობებში, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც, თავის მხრივ, არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2025 წლის 19 თებერვლის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. შონია