Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-626(კ-25) 18 სექტემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ბ. ბ-ი, მ. ლ-ი, ლ. ბ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2022 წლის 18 მარტს ბ. ბ-იმა, მ. ლ-იმა და ლ. ბ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეთა განმარტებით 2005 წლის აპრილამდე ცხოვრობდნენ ...ში, ...ის ქუჩაზე მდებარე საკუთარ სახლში მანამ, სანამ ადიდებულმა მდინარე ,,...მ’’ მათი საცხოვრებელი კარ-მიდამო სრულად არ გაანადგურა. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ უსახლკაროდ დარჩენილები შეიფარათ ნათესავმა, ქ. ბ-ამ.

ბ. ბ-ი, მ. ლ-ი, ლ. ბ-ი მიუთითებენ, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე ვერ შეძლეს დამოუკიდებლად, სახელმწიფოს დახმარების გარეშე მეორედ საცხოვრებლის აშენება, ამასობაში კი ურთიერთობა დაეძაბათ ნათესავებთან, რამეთუ ქ. ბ-ას სურს ისარგებლოს საკუთარი ქონებით და მათგან სახლის დაცლას მოითხოვს.

მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ დახმარებისთვის მიმართეს ადგილობრი მუნიციპალიტეტის მერიას, თუმცა უშედეგოდ; გარდა ამისა, მათი მოთხოვნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 26 იანვრის №03-226/ო ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.

ამრიგად, მოსარჩელეებმა მოითხოვეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ბ. ბ-ის ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე 2022 წლის 26 იანვრის №03-226/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელეთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით, ბ. ბ-ის, მ. ლ-ისა და ლ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 26 იანვრის №03-226/ო ბრძანება ბ. ბ-ის ოჯახის განსახლებაზე უარის თქმის თაობაზე; მოპასუხეს დაევალა - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ბ. ბ-ის, მ. ლ-ისა და ლ. ბ-ის ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ;

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება.

განსახილველ საქმეში წარმოდგენილი მასალების შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ბ-იმა 2014 წლის 21 ნოემბერს შეავსო განაცხადი ეკომიგრანტის მიერ წარმოდგენილი საცხოვრებელი სახლის შესყიდვის თაობაზე. განაცხადში ბ. ბ-ის ოჯახის წევრებად ფიქსირდებოდნენ: მეუღლე - მ. ლ-ი და შვილი - ლ. ბ-ი. ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი/დაზარალების მისამართად მითითებული იყო: რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი, ლენტეხი, ..., ...ს ქუჩა.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილით სააგენტოს გაეგზავნა სტიქიით დაზარალებული ოჯახების სია შესაბამისი კატეგორიების ფორმით და ფოტო მასალით. მათ შორის იყო ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბ. ბ-ის შესახებ 2013 წლის 13 ნოემბრის ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული სტიქიით დაზარალების შევსებული კატეგორიის ფორმა და დაზიანებული სახლის ფოტო მასალა. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიის შეფასების ფორმის მიხედვით, ბ. ბ-ის საცხოვრებელი სახლის დაზიანება შეფასდა I კატეგორიად.

2021 წლის 15 ოქტომბრის ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ...ის ქუჩაზე განხორციელებული გადამოწმების ოქმის თანახმად, საცხოვრებელი სახლი, რომელიც დაზიანდა 2005 წელს, საერთოდ აღარ არსებობდა. ბ. ბ-ის ოჯახმა დაიწყო ახალი სახლის მშენებლობა იმავე ეზოში, თუმცა მშენებლობა გადამოწმების ოქმის შედგენისას არ იყო დასრულებული. გეოლოგების ცნობით, მითითებულ ტერიტორიაზე დასახლება არ შეიძლებოდა მდინარე ...ს კალაპოტთან სიახლოვის გამო. ოქმის თანახმად, ეკომიგრანტი ოჯახი ცხოვრობს მეზობლად, ბ. ბ-ის სიდედრის - ქ. ბ-ას ოჯახში. 2005 წელს ოჯახმა კომპენსაციის სახით მიიღო 5000 ლარის ოდენობით ერთჯერადი დახმარება. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 16 სექტემბრის წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ 2005 წლის აპრილში ლენტეხის მუნიციპალიტეტში მომხდარმა სტიქიამ, კერძოდ, მდინარე ...ს ადიდებამ და კალაპოტიდან გადმოსვლამ მნიშვნელოვნად დააზარალა ...ის ...ის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა. მდინარემ მთლიანად წაიღო ბ. ბ-ის საცხოვრებელი სახლი. სხვა ალტერნატიული ფართის არ ქონის გამო, ის ოჯახთან (მეუღლე და შვილები) დღემდე ცხოვრობს სიდედრის - ქ. ბ-ასა ოჯახში, რომელიც ასევე ეკუთვნის ბ. ბ-ის მეუღლის ძმას - ხ. ლ-ის. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 2 ივნისის №216 განკარგულების შესაბამისად, ბ. ბ-ის ოჯახს, შესაბამის ანგარიშზე ჩაერიცხა საკომპენსაციო თანხა 5000 (ხუთი ათასი) ლარი, რომელიც განკუთვნილი იყო პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ სხდომაზე, განაცხადი არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ განმცხადებელს აქვს შესაძლებლობა შეუფერხებლად ისარგებლოს ამჟამინდელი საცხოვრებლით, ...ში მდებარე უძრავი ქონებით და არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 26 იანვრის №03-226/ო ბრძანებით ბ. ბ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის ბენეფიციარს, რომლის განსახლების ვალდებულებაც აიღო სახელმწიფომ, იმ პირობების გამო, რაც წინ უძღოდა ბ. ბ-ისა და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული ქონების დაზიანებას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის დაზიანება/განადგურება უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, დასტურდება ისიც, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე ცხოვრება მიზანშეუწონელია მომავალშიც, ხოლო ამჟამად ოჯახი სარგებლობს ნათესავის საცხოვრებელი ფართით და არ უდასტურდებათ სხვა, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი, მან ვერ დაადასტურა სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემის საფუძვლად მითითებული გარემოება, კერძოდ, ის ფაქტი, რომ მოსარჩელის ოჯახს გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, რომლითაც შეუძლია შეუზღუდავად ისარგებლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე საჭიროებდა საცხოვრებელი ფართით სასწრაფოდ დაკმაყოფილებას. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია და საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, ის ფაქტი, რომ ფაქტობრივი მდგომარეობით, მოსარჩელის ოჯახი შეუზღუდავად სარგებლობს ნათესავების საცხოვრებელი სახლით, რომელსაც წლებია თავად მოსარჩელე განკარგავს. კასატორი აღნიშნავს, რომ კომისიის გადაწყვეტილება დაეფუძნა მონიტორინგის მასალებს;

კასატორი მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის კრიტერიუმების“ მე-3 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით დამტკიცებულ კრიტერიუმებზე, რომელთა თანახმად, თავდაპირველად დაკმაყოფილდებიან ის ოჯახები, რომლებიც საჭიროებენ სხვებთან შედარებით უფრო ადრე საცხოვრებლით დაკმაყოფილებას, რომელთაც სხვებისგან განსხვავებით არ გააჩნიათ არანაირი საცხოვრებელი და საჭიროებენ სასწარაფო დაკმაყოფილებას. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხებოდა ასევე სხვა უძრავი ქონება, რომელითაც შეუძლია სარგებლობა. კასატორი მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და მტკიცებულებებს არასწორი შეფასება მისცეს. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელესთან მიმართებით ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხი გამოიკვლია სრულყოფილად, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტოს მიერ ვერ იქნა დადგენილი მოსარჩელის დაკმაყოფილების სასწრაფო საჭიროება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 26 იანვრის №03-226/ო ბრძანების კანონიერება, მოსარჩელეთა ბ. და ლ. ბ-იებისა და მ. ლ-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესაებ და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის შესახებ კანონით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდა „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურა“, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს პროცედურა არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლების და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამავე პროცედურის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას, მათ შორის იმ ეკომიგრანტი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას. ამავე პროცედურის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესით“ გათვალისწინებულია სოციალური გარანტიები, მათ შორის, განსახლების უფლება ვრცელდება ეკომიგრანტის სტატუსით მოსარგებლე ოჯახებზე. დასახელებული ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულია შესაბამისი სამსახურის მიერ განცხადების დამუშავების პროცედურა და მოიცავს ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას ეკომიგრანტი ოჯახისაგან და/ან შესაბამისი ორგანიზაცია/დაწესებულებისაგან; მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისათვის წინასწარი ქულების მინიჭებას კრიტერიუმების მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, დეპარტამენტის მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის მცდარი, მონაცემთა ბაზაში განაცხადს მიენიჭება სტატუსი „განაცხადი გაუქმებულია“, რის თაობაზეც ეცნობება განმცხადებელს დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ ბ. ბ-იმა 2014 წლის 21 ნოემბერს შეავსო განაცხადი ეკომიგრანტის მიერ წარმოდგენილი საცხოვრებელი სახლის შესყიდვის თაობაზე. განაცხადში ბ. ბ-ის ოჯახის წევრებად ფიქსირდებოდნენ: მეუღლე - მ. ლ-ი და შვილი - ლ. ბ-ი. ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი/დაზარალების მისამართად მითითებული იყო: რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი, ლენტეხი, ...ი, ...ის ქუჩა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილით სააგენტოს გაეგზავნა სტიქიით დაზარალებული ოჯახების სია შესაბამისი კატეგორიების ფორმით და ფოტო მასალით. მათ შორის იყო ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბ. ბ-ის შესახებ 2013 წლის 13 ნოემბრის ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული სტიქიით დაზარალების შევსებული კატეგორიის ფორმა და დაზიანებული სახლის ფოტო მასალა. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიის შეფასების ფორმის მიხედვით, ბ. ბ-ის საცხოვრებელი სახლის დაზიანება შეფასდა I კატეგორიად.

2021 წლის 15 ოქტომბრის ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ...ის ქუჩაზე განხორციელებული გადამოწმების ოქმის თანახმად, საცხოვრებელი სახლი, რომელიც დაზიანდა 2005 წელს, საერთოდ აღარ არსებობდა. ბ. ბ-ის ოჯახმა დაიწყო ახალი სახლის მშენებლობა იმავე ეზოში, თუმცა მშენებლობა გადამოწმების ოქმის შედგენისას არ იყო დასრულებული. გეოლოგების ცნობით, მითითებულ ტერიტორიაზე დასახლება არ შეიძლებოდა მდინარე ...ს კალაპოტთან სიახლოვის გამო. ოქმის თანახმად, ეკომიგრანტი ოჯახი ცხოვრობს მეზობლად, ბ. ბ-ის სიდედრის - ქ. ბ-ას ოჯახში. 2005 წელს ეკომიგრანტმა ოჯახმა კომპენსაციის სახით მიიღო 5000 ლარის ოდენობით ერთჯერადი დახმარება. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 16 სექტემბრის წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ 2005 წლის აპრილში ლენტეხის მუნიციპალიტეტში მომხდარმა სტიქიამ, კერძოდ, მდინარე ...ს ადიდებამ და კალაპოტიდან გადმოსვლამ მნიშვნელოვნად დააზარალა ...ის ...ის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა. მდინარემ მთლიანად წაიღო ბ. ბ-ის საცხოვრებელი სახლი. სხვა ალტერნატიული ფართის არ ქონის გამო, ის ოჯახთან (მეუღლე და შვილები) დღემდე ცხოვრობს სიდედრის - ქ. ბ-ასა ოჯახში, რომელიც ასევე ეკუთვნის ბ. ბ-ის მეუღლის ძმას - ხ. ლ-ის. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 2 ივნისის №216 განკარგულების შესაბამისად, ბ. ბ-ის ოჯახს, შესაბამის ანგარიშზე ჩაერიცხა საკომპენსაციო თანხა 5000 (ხუთი ათასი) ლარი, რომელიც განკუთვნილი იყო პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ სხდომაზე განაცხადი არ დააკმაყოფილა , ვინაიდან მიიჩნია, რომ განმცხადებელი არ საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 26 იანვრის №03-226/ო ბრძანებით ბ. ბ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ შეფასებებს.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მითითებას მასზედ, რომ არ არსებობს ბ-იების ოჯახის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობა ნათესავის საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის შესაძლებლობის გამო. ის ფაქტი, რომ მოსარჩელეები საკუთარი სახლის არქონის გამო, ნათესავის საკუთრებაში ცხოვრობენ, არ ქმნის მოსარჩელეთა საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელეებს შეუძლიათ დროებით, აუცილებლობიდან გამომდინარე, ისარგებლოს სხვის საკუთრებაში არსებული ფართით, არ იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მოსარჩელის ოჯახი ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფილია და არ საჭიროებს სახელმწიფოს გადაუდებელ დახმარებას.

ამასთან, კასატორი მიუთითებს მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული სხვა ქონების თაობაზე; თუმცა, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ ბ-იების ოჯახი, ამ ეტაპზე, ცხოვრობს ნათესავის სახლში. მოსარჩელეთა ალტერნატიული, საცხოვრებლად ვარგისი საცხოვრისის არსებობის შესახებ არგუმენტის დასასაბუთებლად კასატორმა ვერ შეძლო წარმოედგინა რელევანტური მტკიცებულებები.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის გაწევა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა