Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-697(კ-24) 19 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ი. ბ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2021 წლის 02 ნოემბერს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ი. ბ-ეის მიმართ და მოითხოვა მოპასუხე ი. ბ-ეისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ 8091.16 ლარის გადახდის დავალება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 აგვისტოს განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 აგვისტოს განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ი. ბ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 2020 წლის 01 იანვრიდან 2020 წლის 15 აპრილამდე მიღებული თანამდებობრივი სარგოსა და დანამატის სახით მიღებული 4309,93 ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ბ-ეის მიერ 2020 წლის 01 იანვრიდან 2020 წლის 14 აპრილის ჩათვლით აღებული თანხა შეადგენს 4309, 93 ლარს, ხოლო 2020 წლის 15 აპრილიდან 2020 წლის ივლისის თვის ჩათვლით აღებული თანხა შეადგენს 3781, 23 ლარს. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების“ მე-18 მუხლის მე-3, მე-5 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ „საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების“ სადავო პერიოდში მოქმედი მე-18 მუხლის მე-5 პუნქტი ითვალისწინებდა განაცდური პერიოდის მოსამსახურისათვის შრომის სტაჟში ჩათვლასა და მისთვის შრომის გასამრჯელოს (შრომის ანაზღაურება) მიცემას მხოლოდ გამამართლებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, ხოლო მოცემულ შემთხვევაში ი. ბ-ეის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და ი. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ, საბოლოო გამამართლებელი განაჩენის არარსებობის პირობებში სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში მოპასუხის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ შრომის ანაზღაურების გაცემამ დაკარგა სამართლებრივი საფუძველი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმოეშვა შეჩერების პერიოდზე მის მიერ მოპასუხისათვის გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება. პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან 2020 წლის 15 აპრილიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი. ბ-ეს შორის გაფორმდა ახალი კონტრაქტი, მხარეთა შორის წარმოიშვა ახალი სამართალურთიერთობა, რომელზედაც ვერ გავრცელდებოდა 2019 წლის 4 თებერვლის ბრძანების მოქმედება, ამდენად, 2020 წლის 15 აპრილიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გააჩნდა მოპასუხის სასარგებლოდ თანამდებობრივი/წოდებრივი სარგოსა და დანამატების გაცემის ვალდებულება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოპასუხეს სადავო პერიოდში (2020 წლის იანვრიდან ამავე წლის ივლისის ჩათვლით) განხორციელებული სისხლის სამართლის დანაშაულის (ძარცვა) ფაქტის გამო თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 4 თებერვლის №526 ბრძანებით შეუჩერდა სამსახურებრივი ურთიერთობა 2019 წლის 31 იანვრიდან. მოპასუხე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულ იქნა. შესაბამისად, თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 5 აგვისტოს №4725 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 4 თებერვლის №526 ბრძანება მოპასუხის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების შესახებ. ვინაიდან მოპასუხეს აღნიშნულ სადავო პერიოდში - 2020 წლის იანვრიდან ამავე წლის ივლისის ჩათვლით სახელფასო ანაზღაურება არ მიუღია, მასზე გაიცა 8091.16 ლარი. ყოველივე აღნიშნულის შემდეგ, მოპასუხე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა. კასატორის მითითებით, მოპასუხისადმი სადავო პერიოდში მიუღებელი ხელფასის გაცემის საფუძველი გახდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც ის ცნობილ იქნა უდანაშაულოდ, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმებულ იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია მისთვის გაცემული თანხა 8091.16 ლარი უსაფუძვლობის გამო დაუბრუნოს თავდაცვის სამინისტროს. ვინაიდან, მოპასუხის მიმართ საბოლოოდ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი და სადავო პერიოდში იგი არ ახორციელებდა შრომით საქმიანობას, არ არსებობს აღნიშნული პერიოდისათვის შრომის ანაზღაურების გაცემის საფუძველი. კასატორი აღნიშნავს, რომ ი. ბ-ეს 2020 წლის 15 აპრილიდან 2020 წლის 1 აგვისტომდე სამხედრო ქვედანაყოფში ფაქტობრივად არ უვლია, შესაბამისად, გაცემული 3781.23 ლარი ექვემდებარება დაბრუნებას. ამასთან, გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ი. ბ-ეის სამსახურიდან დათხოვნამ მის მიმართ დათხოვნამდე არსებული პერიოდის ყველა სამართლებრივი შედეგის ანულირება მოახდინა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 05 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 4 თებერვლის №MOD 7 19 00000526 ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის ...ს (საშტატო კატეგორია „...“, შტატი №...), ... ი. მ.-ს ძე ბ-ეს შეუჩერდა სამსახურებრივი ურთიერთობა 2019 წლის 31 იანვრიდან.

დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის მეთაურის წერილის (№MOD 3 20 00612189, 20.07.2020წ.) და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 ივლისის განაჩენის (საქმე №1-163/16წ.) საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 5 აგვისტოს №MOD 4 20 00004725 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების შესახებ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 4 თებერვლის №MOD 7 19 00000526 ბრძანება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის 2020 წლის 6 აგვისტოს №MOD 2 20 00000790 ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის ...ს (საშტატო კატეგორია „...“, შტატი №...), ... ი. მ.-ს ძე ბ-ეს, რომელსაც 2020 წლის 15 აპრილს დაუმთავრდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 თებერვლის №122 ბრძანებით დამტკიცებული „...ს თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა (4 წელი), გაუფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 თებერვლის №122 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი „...ს თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ 2020 წლის 15 აპრილიდან 2024 წლის 14 აპრილის ჩათვლით.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის 2020 წლის 6 აგვისტოს №MOD 2 20 00000790 ბრძანების საფუძველზე, 2020 წლის 15 აპრილის თარიღით ი. ბ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 თებერვლის №122 ბრძანებით დამტკიცებული №2717/20 კონტრაქტი „...ს თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრა 4 წლით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 4 მაისის №MOD 0 21 00002515 ბრძანებით ი. ბ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან 2021 წლის 16 აპრილიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“, საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ (ჩადენილი სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ) და „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტების საფუძველზე.

მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას სადავოდ ხდის საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია 2020 წლის 15 აპრილიდან 2020 წლის ივლისის ჩათვლით ი. ბ-ეის მიერ მიღებული თანხის - 3781. 23 ლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაბრუნების საფუძვლების შეფასება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერება ნიშნავს მოსამსახურის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან. ამავე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი მე-2 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში, მოსამსახურეს არ უნარჩუნდება თანამდებობრივი/წოდებრივი სარგო და დანამატები.

ამავე დებულების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერების საფუძველია სისხლის სამართლის დევნისას მოსამსახურის მიმართ საპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება. დებულების მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსამსახურის მიმართ გამამართლებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, განაცდური პერიოდი მოსამსახურეს ჩაეთვლება შრომის სტაჟში და მიეცემა შრომის გასამრჯელო (შრომის ანაზღაურება) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 ივლისის განაჩენით ი. ბ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის განაჩენით ი. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით (სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 26 ივნისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, რის საფუძველზეც ი. ბ-ეს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, ხოლო დარჩენილი 3 წელი ჩაეთვალა პირობით, გამოსაცდელი ვადით.

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინებით გაკეთებულ განმარტებას იმის შესახებ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2020 წლის 6 ივლისის განაჩენით ი. ბ-ეის უდანაშაულოდ ცნობა (გამამართლებელი განაჩენი) გახდა მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მოპასუხისათვის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდის შრომის ანაზღაურების საფუძველი. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ „საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების“ სადავო პერიოდში მოქმედი მე-18 მუხლის მე-5 პუნქტი ითვალისწინებდა განაცდური პერიოდის მოსამსახურისათვის შრომის სტაჟში ჩათვლასა და მისთვის შრომის გასამრჯელოს (შრომის ანაზღაურება) მიცემას მხოლოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას, ხოლო მოცემულ შემთხვევაში ი. ბ-ეის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 26 ივნისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და ი. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ, საბოლოო გამამართლებელი განაჩენის არარსებობის პირობებში სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში მოპასუხის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ შრომის ანაზღაურების გაცემამ დაკარგა სამართლებრივი საფუძველი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმოეშვა შეჩერების პერიოდზე მის მიერ მოპასუხისათვის გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება. აღნიშნული ვრცელდება მხარეთა შორის ახალი 2020 წლის 15 აპრილის კონტრაქტის გაფორმებამდე არსებულ, ი. ბ-ეისთვის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების თაობაზე 2019 წლის 4 თებერვლის ბრძანების მოქმედების პერიოდზე. შესაბამისად, 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 15 აპრილამდე ი. ბ-ეის მიერ მოსარჩელისაგან მიღებული თანამდებობრივი/წოდებრივი სარგო და დანამატები წარმოადგენს ზედმეტად ჩარიცხულ თანხას და ექვემდებარება მოსარჩელისათვის დაბრუნებას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2024 წლის 28 თებერვლის ცნობის საფუძველზე დადგენილია, რომ ხსენებული თანხის ოდენობა შეადგენს - 4309. 93 ლარს (იხ. ტ.2. ს.ფ.79).

რაც შეეხება სადავო საკითხს - 2020 წლის 15 აპრილიდან 2020 წლის ივლისის ჩათვლით დამსაქმებლისგან ი. ბ-ეის სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების (3781. 23 ლარი) გაცემის კანონიერებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ი. ბ-ეის მიმართ გამოტანილი საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენი იმთავითვე არ წარმოშობს მის მიერ სადავო პერიოდში მიღებული შრომის ანაზღაურების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაბრუნების საფუძველს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში - 2020 წლის 15 აპრილიდან 2020 წლის ივლისამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ი. ბ-ეის სასარგებლოდ გაცემული თანხა ვერ მოექცევა „საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების“ სადავო პერიოდში მოქმედი მე-18 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შრომის გასამრჯელოს დეფინიციის ქვეშ, ვინაიდან შრომის ანაზღაურების გაცემის წინაპირობას, გამამართლებელი განაჩენის გარდა, წარმოადგენს ასევე სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება, ხოლო 2020 წლის 15 აპრილიდან აღნიშნულს (სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერებას) ადგილი არ ჰქონია. „...ს თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ 2020 წლის 15 აპრილის კონტრაქტის საფუძველზე, 2020 წლის 15 აპრილიდან მოსარჩელეს წარმოეშვა მოპასუხისათვის შრომის ანაზღაურების გადახდის, სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფის ვალდებულება. ამავე კონტრაქტის საფუძველზე არსებული სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების თაობაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ბრძანება გამოცემული არ ყოფილა. განსახილველ პერიოდში ი. ბ-ე სარგებლობდა გამართლებულის სტატუსით და მისი შრომითი ურთიერთობა არ იყო შეჩერებული, შესაბამისად, ამ პერიოდში გაცემული თანხა წარმოდგენს არა სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერებისას განაცდური შრომის ანაზღაურებას, არამედ 2020 წლის 15 აპრილის კონტრაქტის საფუძველზე წარმოშობილი შრომის ანაზღაურებას. აღნიშნული თანხა კი, დაბრუნებას არ ექვემდებარება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე