საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე ბს-№113(კ-25) 23 სექტემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მესამე პირი) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - სს „ს...“
მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სს „ს...მა“ 2022 წლის 30 ივნისს სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 29 აპრილის №... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 30 მაისის №... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 31 მაისის №... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 13 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, სს „ს...ს“ №... სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ უძრავი ნივთის რეგისტრაციის თაობაზე (ს/კ ... სახელმწიფოსთან თანამესაკუთრედ ცნობა).
სარჩელის მიხედვით, 1994 წლის 12 დეკემბერს ახმეტის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საწარმო „ს...“ გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად და მიენიჭა მისამართი: ახმეტა, ...ს ქ. №.... 1996 წლის 30 აგვისტოს რაიონული სასამართლოს დადგენილებით განხორციელდა ხელახალი რეგისტრაცია მისამართზე: ...ს ქ. №.... 2022 წლის 22 მარტს სს „ს...ს“ წარმომადგენელმა განცხადებითა და თანდართული დოკუმენტებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა უძრავ ნივთზე (მდებარე, ახმეტა, ...ს ქუჩა) საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ განმცხადებელს მოსთხოვა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა, რის შედეგადაც სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. შემდგომში შეჩერების საფუძვლის აღმოუფხვრელობის გამო შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, რაც გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, რომელიც არ დაკმაყოფილდა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 06 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით სს „ს...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 29 აპრილის №... გადაწყვეტილება, 2022 წლის 30 მაისის №... გადაწყვეტილება, 2022 წლის 31 მაისის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონულ ოფისს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სს „ს...ს“ №... განცხადების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 13 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სს „ს...“ დაარსდა ახმეტის რაიონის სახელმწიფო საწარმოს პრივატიზაციის საფუძველზე; კერძოდ, 1994 წლის 8 ნოემბერს ახმეტის რაიონის სახელმწიფო საწარმო „ს...ს“ დირექტორის №5 ბრძანებით შეიქმნა კომისია, რომლის მიზანს წარმოადგენდა საწარმოს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება. შესაბამისად, მომზადდა პრივატიზაციის გეგმა და ქონების შეფასების აქტი. 1994 წლის 12 დეკემბერს ახმეტის რაიონის გამგეობის №312 გადაწყვეტილებით რეგისტრირებულ იქნა სააქციო საზოგადოება „ს...“, მისამართით: ახმეტა, ...ს ქ. №.... 1996 წლის 30 აგვისტოს ახმეტის რაიონული სასამართლოს დადგენილებით განხორციელდა სს „ს...ს“ ხელახალი რეგისტრაცია. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №288 დადგენილებით დამტკიცებული დებულების საფუძველზე, საწარმოს პრივატიზაციის გეგმა და ქონების შეფასების აქტი დამტკიცდა კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამისად, მოხდა საწარმოს გარდაქმნა სააქციო საზოგადოებად და შემდგომ მისი აქციების პრივატიზება. საქმის მასალებით დადგენილი იქნა, რომ სს „ს...ს“ 100% აქციები ამჟამად სრულად კერძო საკუთრებაშია. მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არგუმენტი სადავო ქონების პრივატიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის არარსებობის შესახებ და აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგოდ მიუთითა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი იყო როგორც პრივატიზაციის გეგმა, ასევე ქონების შეფასების აქტი, რაც „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ კანონის (09.08.1991, მოქმედებდა 30.05.1997-მდე) 1.1, 1.2, 3.3, 16 მუხლების შესაბამისად, იძლეოდა საფუძველს დასკვნისათვის, რომ მითითებული დოკუმენტების საფუძველზე არსებობდა საკუთრების უფლების რეგისტრაციის წინაპირობები.
თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მესამე პირმა - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს შეფასებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის მასალებში დაცული პრივატიზაციის გეგმა და ასევე შეფასების აქტი წარმოადგენდა იმ სახის უფლების დამდგენ დოკუმენტს, რაც მარეგისტრირებელ ორგანოს აძლევდა განცხადების დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, სს „ს...მა“ განცხადებით მიმართა კახეთის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა ქალაქ ახმეტაში, ...ს ქუჩაზე მდებარე 451 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, რადგან დაინტერესებულმა პირმა ვერ წარადგინა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. კახეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, რადგან შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია. საქმეში არსებული ცნობა-დახასიათების თანახმად, ქალაქ ახმეტაში, ...ს ქუჩაზე მდებარე 33 454 კვ. მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე მოსარგებლედ აღრიცხულია „ა...“. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სს „ს...ს“ სს „ა...ს“ უფლებამონაცვლეობას. თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც „ს...“ აღიარებულ იქნა სს „ა...ს“ უფლებამონაცვლედ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის გადაწყვეტილებით, რაც საკასაციო პალატამ ძალაში დატოვა, შესაბამისად, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის თანახმად, არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების როგორც შეჩერების, ასევე შეწყვეტის საფუძველი. გარდა ამისა კასატორი მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 74 მუხლზე, და აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს მითითებული რეგულაციის გათვალისწინებით 2012 წლის 1 იანვრიდან შეეზღუდა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება და აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; VaN de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლების გათვალისწინებით, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სს „ს...“ სახელზე პრივატიზების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლებას. საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. იგი წარმოადგენს მთელი რიგი ქონებრივი ურთიერთობებისა და სხვაგვარი სამართლებრივი შედეგების წარმოშობის უმთავრეს წინაპირობას. ამასთან, საკუთრების უფლების დაცულობის უზრუნველყოფის საჭიროება არ არის ფორმალური და სწორედ აღნიშნული წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედს, რამდენადაც საკუთრების უფლების დაცვით მიღწეული უფლების ქმედით რეალიზებაზეა დამოკიდებული საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებულ ადამიანის მთელ რიგ უფლებათა შემდგომი განხორციელება. საკუთრების უფლების გარანტირებულობა და მისი კონსტიტუციური მოწესრიგება განაპირობებს, მათ შორის პირის შესაძლებლობას, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თავისუფალი ნების საფუძველზე განკარგოს და შეიძინოს ქონებრივი უფლებები.
საკუთრების უფლება აღიარებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო აქტებითაც; კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რომელიც ადგენს, რომ ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. ევროპული კონვენციის აღნიშნული დებულება „უზრუნველყოფს უფლებას არსებულ ქონებაზე, რაც ასევე მოიცავს მოთხოვნებს, რომლის საფუძველზეც განმცხადებელს აქვს საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის მოპოვების მინიმუმ „ლეგიტიმური მოლოდინი“ (მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ (Maurice v. France), No. 11810/03, 6.10.03; პლეხანოვი პოლონეთის წინააღმდეგ (Plechanow v. Poland), No. 22279/04, 7.7.09).
საკუთრების ცნება არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკურ საგნებზე საკუთრების უფლებით. „...ზოგიერთი სხვა უფლება და სარგებელი, რომელიც ქმნის ქონებას, ქონებრივი ღირებულებები, მათ შორის უფლება მოთხოვნაზე, რაც კანონიერი მოლოდინის საფუძველზე წარმოიშობა და პირის საკუთრების ეფექტურ გამოყენებას განაპირობებს, შესაძლოა განხილულ იქნეს როგორც საკუთრება და უფლება საკუთრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.07.2010წ. N1/5/489-498 განჩინება, II-2). საკუთრება მოიცავს როგორც მატერიალურად არსებულ ქონებას, ასევე აქტივებს (ქონებრივ უფლებებს), მათ შორის მოთხოვნებს, რომელთა მიმართაც მომჩივანს შეუძლია ამტკიცოს, რომ აქვს საკუთრებით სარგებლობის გაგრძელების შესაძლებლობის სულ მცირე გონივრული და ლეგიტიმური მოლოდინი (Hamer v. Belgium, no.21861/03, §§75, 76, ECHR 2007-V(extracts)).
„საკუთრების უფლების კანონიერებას საფუძველშივე განსაზღვრავს მისი კანონიერად შეძენის ფაქტი. ზუსტად ეს გარემოებაა გადამწყვეტი კანონიერი საკუთრების უფლების არსებობისთვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-14 ).
საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
ამ ნორმების შინაარსიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის აუცილებელია მას გააჩნდეს ამ ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც მოცემული უფლების ფარგლები განმსაზღვრელია რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლების ფიქსაციისათვის.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 17 ივნისიდან ამოქმედდა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიღება განაპირობა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტის აუცილებლობამ. კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ერთ-ერთ პრიორიტეტად განისაზღვრა საქართველოში მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებაში რეგისტრაციის პროცესის ხელშეწყობა (იხ. განმარტებითი ბარათი).
მითითებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტად მიჩნეული იქნა ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
საკასაციო პალატა მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, თანახმად, თუ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ განკარგულია მხოლოდ შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება რეგისტრირდება ამ შენობა-ნაგებობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობის შესაბამისად.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დასახელებული ნორმის საფუძველზე უფლების რეგისტრაციისთვის აუცილებელი პირობაა დადასტურდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილის შესაბამისი დაინტერესებული პირისთვის პრივატიზაციით გადაცემის ფაქტი.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 1994 წლის 08 ნოემბერს ახმეტის რაიონის სახელმწიფო საწარმო „ს...ს“ დირექტორის №5 ბრძანებით, აღნიშნული საწარმოს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის მიზნით შეიქმნა სამუშაო კომისია. მოცემულ კომისიას სხვა ღონისძიებებთან ერთად დაევალა სააქციო საზოგადოების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტების წარდგენა 1994 წლის 25 დეკემბრამდე. ასევე დადგენილია, რომ შედგა ახმეტის რაიონის სახელმწიფო საწარმო „ს...ს“ პრივატიზების გეგმა, შეფასების აქტი, მისამართად განისაზღვრა: ახმეტა, ...ს ქ. №..., ხოლო ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმად - სახელმწიფო საწარმო. ახმეტის რაიონის გამგეობის 1994 წლის 12 დეკემბრის №312 გადაწყვეტილებით, რეგისტრაციაში გატარდა სააქციო საზოგადოება „ს...“. 1996 წლის 30 აგვისტოს ახმეტის რაიონული სასამართლოს დადგენილების საფუძველზე განხორციელდა სს „ს...ს“ ხელახალი რეგისტრაცია. დადგენილია, რომ სს „ს...ს“ 100% აქციები დღევანდელი მდგომარეობით იმყოფება კერძო საკუთრებაში. ამდენად, მითითებული გარემოებები იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ პრივატიზება განხორციელდა 1991 წლის 9 აგვისტოს კანონის „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ 1.1, 1.2, 3.3 და მე-16 მუხლებისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №288 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, რაც გულისხმობდა სახელმწიფო საწარმოს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნას და აქციების გასხვისებას, რითაც სახელმწიფო კარგავდა საწარმოზე მიკუთვნებულ ქონებაზე ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას. ამდენად, მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ საქმის მასალებში არსებული პრივატიზაციის გეგმა, ასევე ქონების შეფასების აქტი, ადასტურებს პრივატიზაციის კანონიერად განხორციელებას.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია უფლების მოპოვების კანონიერი საფუძვლის არსებობა, გადაწყვეტილების მიღებისას მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, რა გარემოებაც სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა.
საკასაციო პალატა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა დაკარგა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში, მხოლოდ ნორმის აღნიშნული დანაწესი ვერ გახდება მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფის საკმარისი საფუძველი, მაშინ როდესაც როგორც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, ასევე „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს მიწის ნაკვეთის გარეშე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ განკარგულ შენობა-ნაგებობასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციას შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართობის შესაბამისად.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო საკითხთან მიმართებით ამომწურავად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ და კასატორი დამატებით ვერ მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა