Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-140(კ-25) 23 სექტემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - კ. კ-ე

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

კ. კ-ემ 2023 წლის 30 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და სარჩელის დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2023 წლის 21 ივნისის MOD 1 23 00703868 აქტის, ასევე „კ. კ-ეის წარმომადგენლის რ. ბ-ის 2023 წლის 13 ივლისის №805820 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2023 წლის 10 აგვისტოს MOD 8 23 00000009 ბრძანების ბათილად ცნობა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2007 წლის 19 მარტის №135 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტით (2007 წლის 03 მაისის №264 ხელშეკრულება) ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ - კ. კ-ეისათვის (პ/ნ ...) 40 კვ.მეტრი საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემა.

სარჩელის მიხედვით, 2007 წლის 3 მაისს მოსარჩელესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის №135 ბრძანებით დამტკიცებული ფორმით, გაფორმდა 5-წლიანი კონტრაქტი, რომლის თანახმად, კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე, სამინისტროს უსასყიდლოდ უნდა გადაეცა მოსარჩელისთვის საკუთრებაში საცხოვრებელი ბინა, არაუმეტეს 40 კვ.მ-ისა.

მოსარჩელის განმარტებით, ის კეთილსინდისიერად ასრულებდა სამსახურებრივ ვალდებულებებს, თუმცა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 22 დეკემბრის №3301 ბრძანებით, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (მხარეთა შეთანხმებით), იგი 2010 წლის 22 დეკემბრიდან რეზერვში გადაიყვანეს.

მოსარჩელემ არაერთხელ (2016, 2020, 2021, 2023 წწ.) მიმართა მოპასუხეს კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულების - საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების მოთხოვნით, თუმცა მიიღო უარი, რაც გასაჩივრდა ადმინისტრაციული წესით, თუმცა 2023 წლის 13 ივლისს შეტანილი №805820 ადმინისტრაციული საჩივარი თავდაცვის მინისტრმა 2023 წლის 10 აგვისტოს არ დააკმაყოფილა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით კ. კ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ 2007 წლის 3 მაისს კ. კ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა №264 კონტრაქტი ხუთი წლის ვადით, რომლის 5.1.9 პუნქტით სამინისტრო ვალდებული იყო ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე ბინით დაეკმაყოფილებინა სამხედრო მოსამსახურე. 2010 წლის 22 დეკემბერს, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით, კონტრაქტი მხარეთა შეთანხმებით შეწყდა.

საქართველოს სსკ-ის 316-ე, 327-ე, 361-ე და 369-ე მუხლების საფუძველზე სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ ვერ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხუთწლიანი მსახურების ვალდებულება, რის გამოც ბინით უზრუნველყოფის ვალდებულება არ არსებობდა, შესაბამისად, სარჩელი არ დააკმაყოფილა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით კ. კ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და საფუძვლიანად მიიჩნია მოპასუხე მხარის მტკიცება, რომ 2007 წლის 3 მაისის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტით, გაქარწყლდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება მოსარჩელის ბინით დაკმაყოფილების თაობაზე.

სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხზეც და განმარტა, რომ კ. კ-ეის მოთხოვნა უსაფუძვლობის გარდა, ასევე იყო ხანდაზმული, რადგან 2010 წლის 22 დეკემბრიდან კ. კ-ე დათხოვნილ იქნა რეზერვში და ამ თარიღიდან მოსარჩელემ უკვე იცოდა, რომ მას არ გადასცემია საცხოვრებელი ფართი, ხოლო სარჩელი აღნიშნული მოთხოვნით სასამართლოში წარდგენილია 2023 წლის 30 აგვისტოს, რაც პალატის შეფასებით ადასტურებდა, რომ გასული იყო სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული როგორც სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, ასევე - უძრავ ქონებასთან დაკავშირებული, სახელშეკრულებო ხანდაზმულობის სპეციალური ექვსწლიანი ვადა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. კ-ემ.

კასატორის მითითებით, კ. კ-ესა და თავდაცვის სამინისტროს შორის 2007 წლის 3 მაისს გაფორმებული ხუთწლიანი კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტის მიუხედავად (2010 წლის 22 დეკემბერს მხარეთა შეთანხმებით), მან პირნათლად შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და, შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იყო შეესრულებინა ბინით დაკმაყოფილების პირობა. კასატორის განმარტებით, ხელშეკრულების ვადის გასვლა არ აუქმებს ვალდებულებით ურთიერთობას და ბინით დაკმაყოფილების პირობა არ იყო მხოლოდ ვადის გასვლაზე დამოკიდებული, არამედ უკავშირდებოდა ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებას, რაც მისი მხრიდან უზრუნველყოფილი იყო. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებულ მსჯელობას და აღნიშნავს, რომ სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ სახეზე იყო მხოლოდ სამსახურებრივი სახელშეკრულებო ურთიერთობა, და უგულებელყო ამ ურთიერთობიდან გამომდინარე უძრავი ნივთთან დაკავშირებული 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რაც გაქარწყლებულია თავდაცვის სამინისტროსთვის წარდგენილი განცხადებებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მარტის განჩინებით, კ. კ-ეის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. კ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის №135 ბრძანების პირველ და მეორე პუნქტებზე, რომლის თანახმადაც დამტკიცდა და სამოქმედოდ იქნა შემოღებული „კონტრაქტი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. ბრძანებით დადგინდა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარის სახეობათა სარდლებმა და ცალკეული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებმა ამ ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი უნდა გაუფორმონ ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეს. აღნიშნული ბრძანების მე-5 მუხლი შეიცავდა თავდაცვის სამინისტროს ვალდებულებებს, რომლის 5.1.9. პუნქტის თანახმად, სამინისტრო ვალდებული იყო სამხედრო მოსამსახურე, ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე, დაეკმაყოფილებინა საცხოვრებელი ბინით, არაუმეტეს 40 კვ.მ-სა, რომელიც მას, უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით, გადაეცემოდა ამ კონტრაქტის მე-3 მუხლის 3.1 პუნქტით განსაზღვრული სამხედრო სამსახურის ვადის დასრულების შემდეგ.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 08 ოქტომბრის №MOD 0 19 00000600 ბრძანებაზე, რაც ითვალისწინებდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ბინების სამსახურებრივ სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემისათვის გასატარებელ ღონისძიებებს. მითითებული ბრძანების საფუძველზე შეიქმნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ბინების სამსახურებრივ სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემის კომისია, რომლის უფლებამოსილებად განისაზღვრა: ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ბინების სამსახურებრივი სარგებლობის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება; ბ) საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემისათვის რეკომენდაციების შემუშავება; გ) ამ ბრძანების გამოცემამდე მოქმედი საბინაო კომისიების ოქმების და გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადება, ბათილად ცნობა და არარა აქტად აღიარება, მათში ცვლილებების შეტანა. დასახელებულიო ბრძანების მე-6 პუნქტის მიხედვით, ამ ბრძანების მოქმედება ვრცელდებოდა მხოლოდ იმ პირთა მიმართ, რომლებმაც იმსახურეს და დაასრულეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის № 135 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2007 წლის 3 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კ. კ-ეს შორის გაფორმდა №264 ხელშეკრულება, დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის №135 ბრძანებით. ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტით განისაზღვრა, რომ სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენდა 5 წელს, რომელიც ითვლებოდა შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან. მე-5 მუხლის 5.1.9 ქვეპუნქტით სამინისტრო ვალდებულებას იღებდა კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე სამხედრო მოსამსახურე დაეკმაყოფილებინა საცხოვრებელი ბინით, რომლის ფართობი არ აღემატებოდა 40 კვ.მ-ს, ხოლო ბინა უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცემოდა კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ. მე-9 მუხლის 9.1.6 ქვეპუნქტი ითვალისწინებდა, რომ კონტრაქტი შეიძლებოდა შეწყვეტილიყო მხარეთა შეთანხმებით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 22 დეკემბრის №3301 ბრძანებით, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მხარეთა შეთანხმებით, კ. კ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში. კონტრაქტის შეწყვეტისას 5-წლიანი სამხედრო სამსახურის ვადა სრულად არ იყო გასული (კონტრაქტის ვადა იწურებოდა 2012 წლის 3 მაისს).

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დადასტურებულია, რომ მხარეთა შორის დადებული იყო ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელსაც ჰქონდა მბოჭავი ძალა და იგი უნდა შესრულებულიყო მხარეთა მიერ სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად - ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღსანიშნავია, რომ მხარეთა შორის არსებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება იყო პირობადადებული, ანუ ითვალისწინებდა მოსარჩელის მხრიდან გარკვეული ვალდებულების შესრულებას - კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის დასრულებას, რა პირობებშიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმოეშობოდა ნაკისრი სოციალური გარანტიის შესრულების ვალდებულება (საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემა). ანუ სახეზე იყო პოზიტიური პირობა, რაც გულისხმობს გარემოებას, რომლის დადგომასაც ელოდებიან მხარეები, რათა ხელშეკრულება შესრულდეს.

როგორც უკვე აღინიშნა, კ. კ-ეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხუთწლიანი ვადა სრულად არ აქვს შესრულებული, საცხოვრებელი ბინის გადაცემის ვალდებულება კი უკავშირდებოდა კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის დასრულებას. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ორმხრივი ნების საფუძველზე ვადაზე ადრე კონტრაქტის შეწყვეტით, გაქარწყლდა თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება დაეკმაყოფილებინა სამხედრო მოსამსახურე საცხოვრებელი ფართით. ამდენად, ცალსახაა, რომ მხარეთა შეთანხმებით სრულად შეწყდა ხელშეკრულება მასში გათვალისწინებული ყველა სახის უფლებებისა და მოვალეობების ჩათვლით. შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის მოთხოვნა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების შესრულების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ. კ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინება;

3. კასატორს - კ. კ-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს 22.02.2025წ. №26043054337 საგადახდო დავალებით რ. ბ-ის (პ/ნ42001005421) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა