საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-330(2კ-25) 23 სექტემბერი, 2025 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურა (მოპასუხე)
2. გ. გ-ი (მოსარჩელე)
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ იგ. გ-იმა 2024 წლის 25 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის, ხოლო მატერიალური ზიანის სახით 56 812 (ორმოცდათექვსმეტი ათას რვაას თორმეტი) ლარის ანაზღაურება, საიდანაც 56 000 ლარი არის ადვოკატების მომსახურებისათვის გადახდილი თანხა, ხოლო 812 ლარი - საექსპერტო მომსახურების ხარჯი. 2024 წლის 14 მაისის სასამართლო სხდომაზე დაზუსტებულ იქნა მოსარჩელის მოთხოვნა პროცესის ხარჯთან დაკავშირებით და მოითხოვა მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაწეული სასამართლოს გარეშე ხარჯის - ადვოკატების (თითოეულის მიმართ 2000-2000 ლარის ოდენობით) მომსახურებისთვის გადასახდელი ჰონორარის თანხის - 4000 ლარის ანაზღაურება.
სარჩელის მიხედვით, 2021 წლის 03 მარტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს მიერ დაკავებულ იქნა გ. გ-ი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200-ე მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით ბრალის წარდგენის შემდეგ გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 05 მარტის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 აპრილის განაჩენით გ. გ-ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა, რაც შესულია კანონიერ ძალაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 08 თებერვლის განჩინებით.
სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ გ. გ-იმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაატარა რამდენიმე თვე, თუმცა სასამართლო პროცესები სამივე ინსტანციის სასამართლოში წლობით მიმდინარეობდა და ამავდროულად მნიშვნელოვანია ის, რომ როდესაც გ. გ-ის აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა შეეცვალა გირაოთი, სასამართლოს განჩინებით დაევალა ყოველკვირეულად პოლიციაში გამოცხადება და უწევდა თვეების განმავლობაში კონფლიქტის ზონიდან ქალაქ გორში ჩასვლა, რაც ხარჯებთან იყო დაკავშირებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე გ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით - 5000 (ხუთი ათასი) ლარის, ხოლო მატერიალური ზიანის სახით 15 812 (თხუთმეტი ათას რვაას თორმეტი) ლარის ანაზღაურება, საიდანაც 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი სისხლის სამართლის საქმეში ადვოკატების მომსახურებისათვის გადახდილი თანხაა, ხოლო 812 ლარი - საექსპერტო მომსახურების ხარჯი; საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ პროცესის ხარჯის - ადვოკატების მომსახურების ღირებულების 1200 ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის და გ. გ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები მორალური ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურების საფუძვლიანობასთან მიმართებით, რადგან დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს 5 თვის განმავლობაში აღკვეთილი ჰქონდა თავისუფლება, რაც ადამიანის ცხოვრებაში არ წარმოადგენდა ჩვეულებრივ მოვლენას და მოსარჩელე არ იყო ვალდებული აეტანა ის. ასევე, სასამართლომ გაითვალისწინა ბრალის სიმძიმე, სასამართლო განხილვის ხანგრძლივობა (სამი წელი - 2024 წლის 8 თებერვლამდე) და ამ გარემოებების გათვალისწინებით, მართებულად მიიჩნია პროკურატურისათვის 5 000 ლარის გადახდის დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ.
მატერიალური ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება, რომ გამართლებულ პირს, რომელიც სისხლისსამართლებრივ დევნას დაექვემდებარა, მორალური ზიანის ანაზღაურებასთან ერთად უნდა აუნაზღაურდეს ადვოკატებისთვის გაწეული ხარჯებიც, როგორც მატერიალური ზიანი, რადგან აღნიშნული ხარჯი სწორედ უკანონო დევნის შედეგად წარმოიშვა, თუმცა თანხის ოდენობასთან დაკავშირებით, პალატამ აღნიშნა, რომ საქმეზე წარმოდგენილი არ იყო ადვოკატის მომსახურების გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილი იყო თვითონ განესაზღვრა თანხა გონივრულ ფარგლებში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ და გ. გ-იმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
გ. გ-ის საკასაციო საჩივარში ყურადღება გამახვილებულია საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნულია, რომ გ. გ-ი 2021 წლის მარტში უკანონოდ დააკავეს და მას ბრალი წარედგინა სსკ-ის 200-ე მუხლით. გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა 2023 წლის აპრილში იგი უდანაშაულოდ ცნო. ბრალდების მხარის საჩივრები სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში არ დაკმაყოფილდა და საბოლოოდ, უზენაესმა სასამართლომაც არ დაუშვა პროკურორის საკასაციო საჩივარი.
მიუხედავად იმისა, რომ გაბლიშვილმა უკანონო პატიმრობაში და გირაოთი შეზღუდვებში რამდენიმე თვე გაატარა, განიცადა სერიოზული სულიერი ტანჯვა და მნიშვნელოვანი ფინანსური ხარჯები, სასამართლოებმა მორალური ზიანი მხოლოდ 5 000 ლარად შეაფასეს და უარი თქვეს ადვოკატის ხარჯებისა და მატერიალური ზიანის სრულ ანაზღაურებაზე.
კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული გადაწყვეტილება აშკარად არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლისა და მე-7 დამატებითი ოქმის მოთხოვნებს, ასევე სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტულ პრაქტიკას, სადაც უკანონო პატიმრობის შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობა გაცილებით მაღალია. ანალოგიურ ქართულ საქმეებშიც მორალური ზიანის ანაზღაურება დღიურად 2 000 - 2 500 ლარის ფარგლებში განისაზღვრა, რაც არსებითად განსხვავდება გ-ისთვის დადგენილი სიმბოლური ოდენობისგან.
კასატორი მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინება არის ზოგადი, დაუსაბუთებელი და ეწინააღმდეგება როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სტანდარტებს, ვინაიდან იგი ვერ უზრუნველყოფს უკანონო პატიმრობით მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის სამართლიან ანაზღაურებას.
საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარში მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 992-ე და 1005-ე მუხლებზე და აღნიშნულია, რომ არ არსებობდა პროკურატურისათვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი, რადგან არ დასტურდებოდა პროკურატურის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რამაც გამოიწვია ზიანი.
კასატორის განმარტებით, ზიანის ანაზღაურებისათვის სახეზე უნდა იყოს მოხელის უკანონო ქმედება, რომელიც პირისთვის ზიანის მიყენების საფუძველი გახდება. მოცემულ შემთხვევაში კი, საქართველოს მთავარი პროკურატურის მხრიდან ამგვარ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 აპრილის განაჩენის თანახმად, გ. გ-ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა, რაც ზემდგომი ინსტანციების სასამართლოების მიერ უცვლელად იქნა დატოვებული.
კასატორის განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას მოსარჩელის მიმართ გამოყენებულ იქნა კანონით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებები და გატარდა კანონშესაბამისი ღონისძიებანი, შესაბამისად, პირის სისხლისსამართლებრივი დევნის მარეაბილიტირებელი საფუძვლით დამთავრების შემთხვევაშიც კი, არ არსებობდა პროკურატურის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი. გასათვალისწინებელია, რომ გ. გ-ის მიმართ გატარებულ ყველა ღონისძიებას გააჩნდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები; კერძოდ, ხსენებული კოდექსის თანახმად, პირისათვის ბრალდების წაყენებისა თუ სხვა იძულების ღონისძიების გამოყენების საფუძველია „დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი“. სწორედ აღნიშნულზე დაყრდნობით განხორციელდა გ. გ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი პროცედურები, თუმცა ის ფაქტი, რომ სისხლის სამართლის საქმემ შემდგომში ვერ დააკმაყოფილა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტი, აღნიშნული უკანონოდ ვერ გადააქცევს „დასაბუთებული ვარაუდის“ სტანდარტზე დაყრდნობით შესრულებულ მოქმედებებს. ამას ისიც ცხადყოფს, რომ პროკურატურის მოქმედებები ყველა ეტაპზე გადიოდა სასამართლო კონტროლს - კმაყოფილდებოდა როგორც აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, ისე ძალაში დატოვების შუამდგომლობები. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1005-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. ამრიგად, მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მიკუთვნებული 5 000 ლარი არაგონივრულად მაღალ ოდენობას წარმოადგენს და არ შეესაბამება მსგავს საკითხებზე ეროვნული და ევროპული სასამართლოების მიერ დადგენილ პრაქტიკას.
რაც შეეხება მატერიალური ზიანის სახით სისხლის სამართლის საქმეზე საადვოკატო მომსახურებისა და ექსპერტიზის ჩატარებისთვის 15 812 ლარის დაკისრებას, საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს უსაფუძვლოდ და მიუთითებს, რომ მოსარჩელეს, ხელშეკრულებების გარდა, არ აქვს წარმოდგენილი რაიმე სხვა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მისი მხრიდან დასახელებული თანხის ნამდვილად გაღების ფაქტს, რაც მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნიდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აპრილის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი, ხოლო 28 აპრილის განჩინებით გ. გ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ისაკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურისა და გ. გ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანის სახელმწიფოს მიერ ანაზღაურების ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით. აღნიშნული მუხლის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ასეთი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა კი სწორედ მარეაბილიტირებელ გარემოებად განიხილება. ასეთ პირს უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.
განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელე გ. გ-ი სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ იქნა 2021 წლის 03 მარტის 05:22 საათზე. ამავე წლის 5 მარტს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა, რაც 2021 წლის 2 აგვისტოს შეეცვალა გირაოთი და საბოლოოდ 2023 წლის 10 აპრილის გამამართლებელი განაჩენით გ. გ-ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; გ. გ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა; გ. გ-ის განემარტა, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, ჰქონდა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით; კერძოდ, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია დადგინდეს დამდგარი ზიანის სიმძიმე, შელახული უფლების მნიშვნელობა, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, საპატიმრო დაწესებულებაში პირის ყოფნის დრო და სხვა. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას და აღნიშნავს, რომ გ. გ-ის მიერ პატიმრობაში გატარებული დროისა და იმ განცდების გათვალისწინებით, რაც თან ახლავს უკანონო მსჯავრდებას, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 5 000 ლარის დაკისრება მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.
რაც შეეხება ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ზიანის მიმყენებელი ვალდებულია აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აღნიშნული ნორმა შესაძლებელს ხდის დაზარალებული პირის უფლებები აღდგეს პირვანდელ მდგომარეობაში, რაც ასევე მოიცავს სახელმწიფოს ვალდებულებას, სრულად აუნაზღაუროს პირს უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობით გამოწვეული მატერიალური ზიანი, ასეთის დადასტურების შემთხვევაში. მოცემულ საქმეში მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა სისხლის სამართლის საქმეზე ადვოკატისათვის გადახდილი თანხისა და ექსპერტიზის ხარჯის მატერიალური ზიანის სახით მოპასუხეზე დაკისრება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის №ბს-776-768(2კ-4კს-15) განჩინებაზე, სადაც განიმარტა, რომ „მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამასთან, ხარჯების განსაზღვრა ხდება სასამართლოში მხარის მიერ წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, ამგვარი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაშიც, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს თავადაც შეუძლია განსაზღვროს იურიდიული დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ასევე იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „პინკოვი და პინკი ჩეხეთის წინააღმდეგ“).
საქმის მასალების მიხედვით დადასტურებულია, რომ გ. გ-ის სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლოში საქმის განხილვის დროს იცავდნენ ადვოკატები. აღსანიშნავია, რომ საადვოკატო მომსახურების გაწევისას მოქმედებს მყარი პრეზუმფცია, რომ ადვოკატი უსასყიდლოდ არ გასწევს მომსახურებას და მას ეკუთვნის გასამრჯელო (ჰონორარი). შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრების მართებულობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ვინაიდან გ. გ-ის მიერ საადვოკატო მომსახურებით სარგებლობა გამოიწვია პროკურატურის მიერ მის მიმართ ჩატარებულმა საპროცესო ღონისძიებებმა, არსებობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე გ. გ-ისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობები, რაც სასამართლოს მიერ გონივრულობის სტანდარტის გათვალისწინებით მართებულად განისაზღვრა 15 000 ლარით. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2021 წლის 2 აპრილს დადებული ხელშეკრულებით ადვოკატმა ლ. ბ-ეემ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაუკვეთა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა და მისი ჩატარებისთვის გადაიხადა 812 ლარი. ექსპერტიზის მიზანი იყო მოსარჩელის უდანაშაულობის დადასტურება, შესაბამისად, აღნიშნული ხარჯი გამოწვეულია სისხლისსამართლებრივი დევნით და ადასტურებს მიზეზობრივ კავშირს ზიანსა და პროკურატურის ქმედებას შორის, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც სასამართლოს მიერ მართებულად დაკმაყოფილდა.
რაც შეეხება საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის გ. გ-ის სასარგებლოდ მიმდინარე ადმინისტრაციული საქმის წარმოებაში წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული პროცესის ხარჯის ანაზღაურებას, საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ზოგადი წესის მიხედვით, ხარჯების განსაზღვრა ხდება სასამართლოში მხარის მიერ წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, თუმცა ამგვარი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს თავადაც შეუძლია განსაზღვროს იურიდიული დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით წარმომადგენლობითი მომსახურება გაწეულია.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებებით დასტურდება, რომ გ. გ-იმა იკისრა ადვოკატებისათვის - მ. ნ-ეისათვის და ლ. ბ-ეისათვის საადვოკატო მომსახურების ჰონორარის მისი ინტერესების დაცვისთვის ყველა ინსტანციის სასამართლოში თითოეულისათვის 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით გადახდა. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 14 მაისის სასამართლო სხდომაზე დაზუსტებულ იქნა მოსარჩელის მოთხოვნა საპროცესო ხარჯთან დაკავშირებით და მოითხოვა მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაწეული სასამართლოს გარეშე ხარჯის - ადვოკატების (თითოეულის მიმართ 2000-2000 ლარის ოდენობით) მომსახურებისთვის გადასახდელი ჰონორარის თანხის - 4000 ლარის ანაზღაურება. მოცემულ შემთხვევაში, დავის სირთულისა და წარმომადგენლის მიერ გაწეული მომსახურების, ასევე დავის გადაწყვეტის შედეგის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურას გ. გ-ის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა წარმომადგენლის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 1200 ლარის ოდენობით, რაც პალატის მოსაზრებით არ ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ სტანდარტს.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურისა და გ. გ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა