Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1017(კ-24) 23 სექტემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ნ. ზ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ნ. ზ-ემ 2023 წლის 13 ნოემბერს სარჩელით, ხოლო 21 ნოემბერს დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას - მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მოსარჩელე ნ. ზ-ეის სასარგებლოდ მიუღებელი სარჩოს სხვაობის გადახდის უზრუნველყოფის დავალება, 2010 წლის ოქტომბრიდან სარჩელის შეტანის დღემდე, საერთო ჯამში 6 274 ლარის (დაბეგრილი) ოდენობით (№3/101 საქმეზე 2004 წლის 30 აპრილის სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებულ სარჩოს ოდენობასა და საქსტატიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 2010 წლის ოქტომბრის თვიდან გაზრდილ ოდენობას შორის). ასევე მოითხოვა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ნ. ზ-ეის სასარგებლოდ, ნაცვლად 2004 წლის 30 აპრილის №3/101 სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული სარჩოს ოდენობისა, სარჩელის შეტანის დღიდან ყოველთვიურად სარჩოს გადახდის უზრუნველყოფის დავალება, თვეში 250.9 ლარის ოდენობით (დაბეგრილი).

სარჩელის მიხედვით, 2004 წლის 30 აპრილს თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ №3/101 ადმინისტრაციულ საქმეზე ნაწილობრივ დააკმაყოფილა ნ. ზ-ეის სარჩელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს დააკისრა მატერიალური ზიანის სახით გაწეული მკურნალობის ხარჯები და მომავალში სამკურნალო ხარჯებისთვის გასაწევი ფულადი თანხა 23 380 ლარის ოდენობით. ასევე, მოპასუხეს დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 3 000 ლარის ოდენობით და ყოველთვიური სარჩოს სახით 140 ლარის გადახდა. სარჩოს დაკისრებისას სასამართლო დაეყრდნო საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის (საქსტატი) ცნობას, რომლის მიხედვითაც, 2004 წლის მარტში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 140 ლარს შეადგენდა. ვინაიდან, 2004 წლის შემდეგ საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი გაიზარდა და 2023 წლის სექტემბრის მონაცემებით შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი შეადგენს 250.9 ლარს, ნ. ზ-ე ითხოვს, რომ მოპასუხეს დაეკისროს გასული პერიოდის სარჩოს სხვაობა (სასამართლოს მიერ დაკისრებულსა და გაზრდილ ოდენობას შორის) და მომავალში ყოველთვიურად, მომატებული ოდენობის სარჩო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ზ-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე ნ. ზ-ეის სასარგებლოდ სარჩელის შეტანის დღიდან ყოველთვიურად დაეკისრა სარჩოს გადახდა თვეში 250.9 ლარის ოდენობით (დაბეგრილი), ნაცვლად ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 აპრილის №3/101 გადაწყვეტილებით დაკისრებული სარჩოს ოდენობისა; მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე ნ. ზ-ეის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელის წარდგენამდე ბოლო სამი წლის განმავლობაში მიუღებელი სარჩოს სხვაობის ანაზღაურება 3 360,4 ლარის ოდენობით, საგადასახადო კოდექსით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით. დანარჩენ ნაწილში, ხანდაზმულობის მოტივით მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ეფუძნება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლს, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო პასუხისმგებელია საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებულ ზიანზე. ამასთანავე, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები ასახულია სამოქალაქო კოდექსის 1005-ე და 408-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას სახელმწიფოს მხრიდან. მოცემულ საქმეში სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ ნ. ზ-ეს ზიანი მიადგა შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობით, შესაბამისად, მას დაენიშნა ყოველთვიური სარჩო 140 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ მოითხოვა სარჩოს გადახედვა 2010-2023 წლების შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სარჩო არ წარმოადგენს შრომისუნარიანობის დაკარგვის შედეგად ხელფასის კომპენსაციას, არამედ მიზნად ისახავს ჯანმრთელობის დაზიანების გამო გამოწვეული სოციალური საჭიროებების ანაზღაურებას. შესაბამისად, არ არის გამართლებული სარჩოს შეზღუდვა საპენსიო ასაკით. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის გათვალისწინებით, მოთხოვნა დაკმაყოფილდა მხოლოდ 2020 წლის 13 ნოემბრიდან 2023 წლის 13 ნოემბრამდე არსებულ სხვაობაზე - 3 360.4 ლარის ოდენობით. ამასთან, 2023 წლის 13 ნოემბრიდან მოპასუხეს დაეკისრა ყოველთვიური სარჩოს გადახდა 250.9 ლარის ოდენობით (დაბეგრილი), ნაცვლად თავდაპირველი 140 ლარისა. სარჩელი სხვა პერიოდზე ხანდაზმულობის გამო არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია საკასაციო პრაქტიკის გამოყენებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოპასუხე არ იყო დამსაქმებელი და ზიანის ანაზღაურება ხელფასის ფორმით არ განიხილებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სასამართლო გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულიად გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები და აღნიშნა, რომ სარჩოს მიზანს წარმოადგენდა სოციალურ-ფიზიკური საჭიროებების კომპენსაცია, რაც გამომდინარეობდა ჯანმრთელობის დაზიანებიდან და არა შრომისუნარიანობის დაკარგვით გამოწვეული შემოსავლის ანაზღაურებიდან; პალატის განმარტებით, მოცემულ საქმეზე მოთხოვნის საფუძველი არ იყო შრომითი ურთიერთობა ან ხელფასის შემცირება, რაც გამორიცხავდა სარჩოს საპენსიო ასაკით შეზღუდვას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თმის მოთხოვნით.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების საფუძვლად წარმოდგენილია ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლოს გადაწყვეტილება №3/101 ადმინისტრაციულ საქმეზე, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. ზ-ეის სარჩელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ზიანთან ერთად დააკისრა ყოველთვიური სარჩოს სახით 140 ლარის გადახდა. ამდენად, სარჩოს დანიშვნის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება არა სოციალური სფეროს მარეგულირებელ ნორმებს, არამედ დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელ კანონმდებლობას და მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს, მოსარჩელის მითითებით, წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი. ნ. ზ-ეის სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2023 წლის 13 ნოემბერს, ხოლო ზიანი, რისი ანაზღაურებაც დაეკისრა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიყენებულია 2004 წელს, რის გამოც მოთხოვნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, კასატორს ხანდაზმულად მიაჩნია.

კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, ასევე დაუსაბუთებელია ყოველთვიური სარჩოს 140 ლარისა და საარსებო მინიმუმს შორის სხვაობის ანაზღაურების მოთხოვნაც (6274 ლარი), რომელიც გამომდინარეობს ხანდაზმული ძირითადი მოთხოვნიდან. ამასთან, სამინისტრო მიუთითებს, რომ ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ყოველთვიური სარჩო შეიძლება შეფასდეს მხოლოდ შრომისუნარიანობის დაკარგვის პერიოდში, ანუ მოსარჩელის 65 წლის შესრულებამდე. საქართველოს კანონმდებლობით, მამაკაცებისათვის 65 წლის ასაკი მიიჩნევა იმ ზღვრად, რომლის დადგომამდეც, როგორც წესი, პირი შრომისუნარიანია, 65 წლის შემდეგ კი სახელმწიფო იღებს მისი პენსიით უზრუნველყოფის ვალდებულებას, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ შესაბამისი ეტაპიდან, მას ასეთი საჭიროება გააჩნია შრომის უნარის დაქვეითების გამო. ამდენად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ითვლება, რომ 65 წლის შემდეგ პირი ვეღარ შეძლებდა პროფესიული საქმიანობის ჯეროვნად განხორციელებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო პალატა ხაზგასმით მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით, ნ. ზ-ეის სარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2002 წელს ნ. ზ-ე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა და გახდა I ჯგუფის შშმ პირი, რის მიზეზიც იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუდევრობა – საგზაო პოლიციის საგუშაგოს გაუქმების ბრძანების შეუსრულებლობა. სასამართლომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დააკისრა: 23,380 ლარი – მკურნალობის უკვე გაწეული და სამომავლო ხარჯების ანაზღაურების მიზნით; 3000 ლარი – მორალური ზიანის ასანაზღაურებლად და ყოველთვიური სარჩო 140 ლარის ოდენობით 2002 წლის 22 ოქტომბრიდან, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმის შესაბამისად (სსკ-ის 408-ე მუხლის საფუძველზე). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის 6 ნოემბრის წერილით დადგენილია, რომ შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 2010 წლის ოქტომბერში შეადგენდა 145.5 ლარს, ხოლო 2023 წლის სექტემბერში – 250.9 ლარს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსისთ დადგენილია ზიანის ანაზღაურების ორი წესი: სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევიდან ნაწარმოები მეორადი მოთხოვნები და დელიქტური ვალდებულებები. სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება არასახელშეკრულებო (დელიქტური) პასუხისმგებლობის ფორმით. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს ეს ზიანი. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, დადგენილია: იმ პირმა რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება; ხოლო, მეორე ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით (სუსგ-ები №ას-349-349-2018, 18.06.2020წ.; №ას-57-57-2018, 08.02.2021წ.; №ას-269-2022, 31.05.2022წ).

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლთან დაკავშირებით, რომლის პირველი ნაწილის მიზანია დაზარალებულისთვის ზიანის მიყენებდამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. კერძოდ კი დაზარალებულის იმ პირობებში ჩაყენება, რომელიც ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობისას იქნებოდა. განსახილველ შემთხვევაშიც, სარჩოს გადაანგარიშების მიზანი დაზარალებულისთვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსებაა, რომელიც მიიღო დაზიანების გამო, რაც ნიშნავს, რომ გასათვალისწინებელია ზოგადი კრიტერიუმი დაზარალებულის მხრიდან აქტიური შრომისუნარიანობის შესახებ. რაც შეეხება ამ მუხლის მეორე ნაწილს, იგი მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურების ოდენობის დასადგენად მნიშვნელოვანია შეფასდეს, რა დრომდეა ვალდებული ზიანის მიმყენებელი გადაუხადოს დაზარალებულს კომპენსაცია/სარჩო (იხ. სუსგ-ები: №ას-169-497-09, 24.07.2009წ.; №ას-939-889-2015, 13.11.2015წ.; №ას-84-80-2016, 11.03.2016წ.; №ას-1180-1141-2016, 31.03.2017 წ.; №ას-349-349-2018, 18.06.2020წ.; №ას-1149-2021, 26.10.2022 წ.).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, მართალია, ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში დაზარალებული საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა, თუმცა დაზარალებულისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდის ვალდებულება მისი სიცოცხლის განმავლობაში კვლავაც ეკისრება ზიანის მიმყენებელს (იხ. სუსგ-ები №ას-349-349-2018, 18.06.2020 წ.; №ას-1216-1141-2015, 03.06.2016 წ.; №ას-1220-1145-2015, 03.06.2016 წ.; №ას-1180-1141-2016, 31.03.2017 წ.).

საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურების სამართალში, როდესაც საქმე ეხება შრომისუნარიანობის შემცირებას ან დაკარგვას, ეს „არ განისაზღვრება აბსტრაქტულად, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, არამედ, კონკრეტულად, რეალური შემოსავლის დაკარგვის მიხედვით. თუ დაზიანების გამო დაზარალებული ვეღარ ახერხებს შემოსავლის მომტანი საქმიანობის გაგრძელებას, ზიანის ანუ სარჩოს ოდენობის გამოთვლისათვის გადამწყვეტია, თუ რამდენად შეუძლია მას, გამოიყენოს შერჩენილი შრომის უნარი. ანაზღაურებადია ასევე მთელი ის ზიანი, რაც დაზარალებულს ადგება, შრომისუნარიანობის ნაწილობრივ შენარჩუნების ან აღდგენის მიუხედავად, ახალი სამუშაოს პოვნის შეუძლებლობით. თვითდასაქმებულისა და დაქირავებული მუშაკის შემთხვევაში მოქმედებს ვარაუდი, რომ დაზიანების გარეშე ის განაგრძობდა მუშაობას და მიიღებდა შესაბამის ხელფასს“ (იხ. რუსიაშვილი გიორგი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ჭანტურია (რედ.), 2019, მუხლი 408, ველი 29).

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ მოსარჩელეს უფლება ჰქონდა მოეთხოვა სარჩოს გადაანგარიშება გაზრდილი საარსებო მინიმუმის შესაბამისად, მათ შორის საპენსიო ასაკის მიღწევის შემდგომ პერიოდზეც. აღსანიშნავია, რომ სარჩოს მიღების უფლება მოსარჩელეს უკვე მიკუთვნებული ჰქონდა კანონიერ ძალაში შესული ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 აპრილის №3/101 გადაწყვეტილებით. „საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად კი, საარსებო მინიმუმი არის ერთ მოსახლეზე სამომხმარებლო საქონლის ღირებულებითი გამოხატულება, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისად უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ამდენად უსაფუძვლოა საკასაციო პრეტენზია საპენსიო ასაკით სარჩოს შეზღუდვის თაობაზე, რამდენადაც „სარჩო“ წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ მიყენებულ ზიანს, რაც გამოხატულია ყოველთვიური სარჩოს გადახდით და (მასზე გავლენას ვერ იქონიებს საპენსიო ასაკის მიღწევა) იგი ვერ იქნება გაიგივებული ხელფასთან, რაც თავისი შინაარსით და დანიშნულებით განსხვავდება „საარსებო მინიმუმის“ გაანგარიშების პრინციპისაგან.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას სასარჩელო მოთხოვნის სრულად ხანდაზმულად მიჩნევის შესახებ და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესზე მითითებით აღნიშნავს, რომ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება წარმოადგენს ისეთ ვალდებულებას, რომლის შესრულება სავალდებულოა წინასწარ განსაზღვრული ინტერვალებით (მაგალითად, ყოველთვიური გადახდა კონკრეტული თანხის მითითებით). ამგვარ ვალდებულებებზე ხანდაზმულობის ვადა ითვლება ყოველ ცალკეულ შემთხვევაში დამოუკიდებლად, ანუ თითოეული პერიოდის შეუსრულებლობა წარმოშობს დამოუკიდებელ მოთხოვნას, რითაც ხანდაზმულობის ვადა იწყება თავიდან. ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის მოთხოვნებზე არის 3 წელი, რაც განპირობებულია სამართლებრივი გარემოს სტაბილურობის უზრუნველყოფისა და მხარეთა დროული რეაგირების ინტერესით.

აღსანიშნავია, რომ სარჩოს გაზრდილი ოდენობით დანიშვნისა და მიუღებელი სარჩოს სხვაობის ანაზღაურების მოთხოვნით ნ. ზ-ემ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2023 წლის 13 ნოემბერს. ამასთანავე, არ დასტურდება 2010 წლიდან 2023 წლის 13 ნოემბრამდე (სარჩელის აღძვრამდე) დანიშნული სარჩოს გადაანგარიშების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სასამართლოსადმი მომართვის, ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების, შეწყვეტის, სარჩოს ხანდაზმულობის ვადის ათვლის გამომრიცხავი გარემოება. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა, 2010 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის 13 ნოემბრამდე პერიოდში მიუღებელი სარჩოს სხვაობის ანაზღაურების ნაწილში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს ხანდაზმულად (ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი მოსარჩელეს წარმოდგენილი არ აქვს) და შესაბამისად, დაკმაყოფილებას დაექვემდებარა მხოლოდ 2020 წლის 13 ნოემბრიდან სარჩელის შეტანის დღემდე - 2023 წლის 13 ნოემბრამდე პერიოდში მიუღებელი სარჩოს სხვაობის ანაზღაურება 3360,4 ლარის ოდენობით. ამავდროულად, მართებულია მსჯელობა მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მოსარჩელე ნ. ზ-ეის სასარგებლოდ სარჩელის შეტანის დღიდან - 2023 წლის 13 ნოემბრიდან ყოველთვიურად სარჩოს გაზრდილი ოდენობით დაკისრების შესახებ.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა სადავო საკითხთან დაკავშირებით, კასატორი დამატებით ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, ამდენად, ვენერა მეშველიანის საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა