Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-669(კ-25) 16 სექტემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. ბ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ნ. ბ-იმა 2023 წლის 04 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 27 სექტემბრის №IDP 5 23 00002708 ბრძანების ბათილად ცნობა, ნ. ბ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და სარჩელის შეტანიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ნ. ბ-ის სასარგებლოდ დევნილის ყოველთვიური მიუღებელი შემწეობის დაკისრების დავალება.

სარჩელის თანახმად, ნ. ბ-ი ... წლის ...ს დაიბადა დუშეთის რაიონში. ბავშვობა პაპასთან და ბებიასთან, თ. ქ-ესთან და ვ. ხ-ითან, ახალგორის რაიონის სოფელ ...ში გაატარა. მშობლების მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე ცხოვრობდა ბებიასთან, რომელიც მასზე ზრუნავდა, ატარებდა სკოლაში და სხვადასხვა ღონისძიებებზე. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს იყო 11 წლის, იმყოფებოდა მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე - ახალგორის რაიონის სოფელ ...ში და ფიზიკური განადგურების შიშით გამოარიდეს ახალგორის ტერიტორიას. დროებით ცხოვრობდა ნათესავთან, შემდეგ კი ბიძასთან ...ის ...ში, რიგი ..., სახლი №.... მოსარჩელის ბებია მალევე დაბრუნდა ახალგორში, ხოლო თვითონ პერიოდულად ჩადიოდა ბებიასთან. 2019 წელს დაოჯახდა ახალგორიდან დევნილ ლ. ბ-იზე, რომელსაც მიენიჭა დევნილის სტატუსი. ვინაიდან გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით არ იქნენ უზრუნველყოფილნი, ცხოვრობენ ახალგორში, მეუღლის სახლში.

მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან მისი მშობლები არ ცხოვრობდნენ ახალგორში, არ ჰქონდათ დევნილის სტატუსი და როგორც არასრულწლოვანი იგი ვერ მიიღებდა სტატუსს, სრულწლოვანების შემდგომ გადაწყვიტა მიემართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის და მოეთხოვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს წარუდგინა მტკიცებულებები, რაც ადასტურებდა სადავო პერიოდში მისი ახალგორში მუდმივად ცხოვრების ფაქტს, ადმინისტრაციულმა ორგანომ დაუსაბუთებლად, 2023 წლის 27 სექტემბრის სადავო ბრძანებით უსაფუძვლოდ უთხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 27 სექტემბრის №IDP 5 23 00002708 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა ნ. ბ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. ბ-ისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა გაეცა დევნილთათვის განკუთვნილი ყოველთვიური შემწეობა სარჩელის შეტანიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი, მიუთითა აღნიშნული კანონის მე-4, მე-6 და მე-8 მუხლებზე და აღნიშნა, რომ იმისათვის, რომ პირი მიჩნეული ყოფილიყო იძულებით გადაადგილებულად - დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება და ეს იძულება განპირობებული უნდა იყოს უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.

პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე, საქმეში დაცულ მტკიცებულებებზე და მათზე დაყრდნობით განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ვერ იქნა დაძლეული მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი 2008 წლის აგვისტომდე მოსარჩელის ახალგორის რაიონის სოფელ ...ში (პაპასთან და ბებიასთან) მუდმივად ცხოვრების უარყოფასთან დაკავშირებით. საქმეში დაცული მტკიცებულებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, პალატამ ყურადღება გაამახვილა ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ის თემის ტერიტორიული ორგანოსა და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობებზე და პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, დადასტურებულად მიიჩნია, რომ ნ. ბ-ი 2008 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ ...ში, პაპასთან და ბებიასთან, სადაც 2008 წლამდე დადიოდა სოფელ ...ის საჯარო სკოლაში და აღნიშნული ტერიტორია დატოვა ოკუპაციის გამო. პალატამ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაცია მოსარჩელის მშობლების საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ მხოლოდ აღნიშნული გარემოება ვერ იქნებოდა მიჩნეული მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საკმარის საფუძვლად.

პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ ვინაიდან სახეზე იყო მოსარჩელისთვის მართლსაწინააღმდეგოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს უნდა დავალებოდა ნ. ბ-ის სასარგებლოდ სარჩელის შეტანიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე დევნილის მიუღებელი შემწეობის გადახდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 12 მარტის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორის, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლისთვის გაუგებარია, თუ რის საფუძველზე დაკმაყოფილდა სარჩელი.

კასატორის წარმომადგენელი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე და აღნიშნავს, რომ პირისათვის დევნილის სტატუსის მისანიჭებლად საჭიროა არსებობდეს ამ ნორმაში ნიშანდებით და ამომწურავად მითითებული სამი გარემოებიდან ერთ-ერთი. სხვა რაიმე საგამონაკლისო ნორმა, რომელიც ამ სამი გარემოების გარდა, კიდევ რაიმე გარემოების საფუძველზე დასაშვებად მიიჩნევდა პირისათვის სტატუსის მინიჭებას, არ არსებობს. რაც შეეხება მოსარჩელის კონკრეტულ მაგალითს, ზემოაღნიშნული გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ითან მიმართებაში არ დასტურდება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა, რამდენადაც მოსარჩელის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების მიზეზი არ ყოფილა კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოებები, მეტიც, იგი დღემდე შეუზღუდავად ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც მით უფრო არ აძლევს საშუალებას მოითხოვოს დევნილის სტატუსი არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.

რაც შეეხება სასამართლოს დავალებას ნ. ბ-ისთვის მიუღებელი დევნილის შემწეობის გადახდის დაკისრების შესახებ, კასატორის წარმომადგენელი არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც აქტი მოსარჩელის მიმართ კანონიერად არის გამოცემული და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, არ იკვეთება ბრალეული ქმედება, წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედება და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი, თუმცა, ამგვარი გარემოებების არსებობის პირობებშიც სარჩელის შეტანის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე საარსებო შემწეობის გაცემის მოპასუხისთვის დავალება კანონსაწინააღმდეგოდ მიაჩნია, რადგანაც „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დევნილის შემწეობის გაცემა განახლდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომის შემდეგ. ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში დევნილის შემწეობის გაცემა განახლდება მომდევნო თვით პირველი რიცხვიდან და მიუღებელი თანხა ანაზღაურდება, მაგრამ დევნილის შემწეობის შეჩერების დღიდან არაუმეტეს ერთი წლისა. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ კანონმდებელი არ ითვალისწინებს შემწეობის ანაზღაურების შეჩერების მთელი პერიოდისათვის და მით უფრო, შეუძლებელია დევნილის შემწეობა მითითებული გარემოებების საფუძველზე განვიხილოთ, როგორც მიყენებული ზიანი. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მითითებული სამართლებრივი ნორმების მიზანსა და შინაარსს.

სააგენტოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ პირს, რომელსაც არ აქვს დევნილის სტატუსი, ვერ იქნება სააგენტოს ბენეფიციარი და მის მიმართ გაწეული ხარჯები მიიჩნევა სახელმწიფოს არამიზნობრივად გახარჯულ თანხად. ასეთ შემთხვევაში სახეზე იქნება სახელმწიფოს ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების არამიზნობრივი ხარჯვა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას. სააგენტო გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, თუ სააგენტო მიანიჭებს დევნილის სტატუსს პირს, რომლის მუდმივად ცხოვრების ფაქტი დღეისათვის უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უტყუარად არ არის დადასტურებული, გამოვა, რომ ადმინისტრაციული ორგანო - სააგენტო ანგარიშს არ უწევს კანონის ნორმის მიზნებს და არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას იმ მიზნისთვის, რაც კანონმდებელმა მას მიანიჭა. სააგენტოს სწორედ ასეთი საკითხების გადასაწყვეტად აქვს მინიჭებული აღნიშნული უფლებამოსილება და იგი მოსარჩელის შემთხვევაში განახორციელა კიდეც. ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი თვლის, რომ მისი გამოუყენებლობა იქნებოდა უკანონო მმართველობითი ღონისძიება, რაც ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებს.

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე კასატორი მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 07 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 27 სექტემბრის №IDP 5 23 00002708 ბრძანება. ამდენად, უნდა შემოწმდეს აღნიშნული აქტის შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

ზემოხსენებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. მითითებული მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე. კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეულ ადგილს, საიდანაც დევნილი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა გულისხმობს არა კონკრეტულ ადგილზე პირის რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენას. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივ ცხოვრებას, რომელსაც თან ახლავს პირის ნება-სურვილი, რომ მას მოცემულ ადგილას ჰქონდეს საცხოვრისი. პირის ნება დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს (სუსგ №ბს-858(2კ-20), 17.06.2021წ.).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ. ბ-იმა 2023 წლის 29 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროები უზრუნველყოფის სააგენტოს, რომლითაც დევნილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. ნ. ბ-ის სსიპ დევნილა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 27 სექტემბრის №IDP 5 23 00002708 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე, რადგან, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მომზადებული დასკვნის საფუძველზე, სააგენტომ მიიჩნია, რომ ვინაიდან 2008 წელს ნ. ბ-ი იყო არასრულწლოვანი, მისი მშობლები ცხოვრობდნენ დუშეთის რაიონში და მათ არ ჰქონდათ დევნილის სტატუსი, ნ. ბ-ის მუდმივი საცხოვრებელი არ იყო ახალგორის რაიონი.

საკასაციო პალატა ყუარადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ის თემის ტერიტორიული ორგანოს 2016 წლის 18 ივლისის №15 ცნობაზე, რომლის თანახმად, ნ. ბ-ი 2008 წლის აგრესიამდე, მუდმივად ცხოვრობდა სოფელ ...ში პაპასთან - თ. ქ-ესთან, 2008 წლამდე დადიოდა ახალგორის რაიონის სოფელ ...ის საჯარო სკოლაში, ხოლო 2008 წლის შემდეგ სწავლა განაგრძო ...ს საჯარო სკოლაში. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 19 ივლისის №2-0843 ცნობის თანახმად, ნ. ბ-ი მუდმივად ცხოვრობდა პაპასთან და დადიოდა სკოლაში. იმავე ორგანოს 2019 წლის 03 აპრილის №2-0587 ცნობის თანახმად, მოსარჩელე მიემგზავრება ახალგორის რაიონის სოფელ ...ში, თავის საკუთარ საცხოვრებელ სახლში.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის თანახმად, ახალგორის რაიონში, სოფელ ...ში მცხოვრები თ. ქ-ეის ოჯახი (ოჯახის წევრები: თ. ქ-ე, ვ. ხ-ი, ა. ქ-ე და ნ. ბ-ი) 2006 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, სარეიტინგო ქულა - 87390. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2006 წელს, ნ. ბ-ის სახელზე გაცემული სამედიცინო დახმარების ბარათის თანახმად, ნ. ბ-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად დაფიქსირებულია ახალგორის რაიონი, ...ის საკრებულო, სოფელი ....

ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაასაბუთა ის გარემოება, რაც გამორიცხავდა მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლიანობას, მით უფრო იმ პირობებში, როცა სახელმწიფო დაწესებულებების მიერ გაცემული არაერთი ცნობებით დასტურდება ნ. ბ-ის ახალგორის რაიონის სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამასთან, ხსენებული კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი გამოწვეული იყო მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით - უკანონო ბრძანების გამოცემით, არსებობს აღნიშნული ზიანის ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა