საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-630(კ-25) 17 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. გ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 5 ივნისს ნ. გ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილების 2022 წლის 13 აპრილის №4731-2-00478 გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 15 მაისის №SSA12300501476 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც ნ. გ-ის 2022 წლის პირველი აპრილიდან დაენიშნებოდა კანონით გათვალისწინებული ოდენობის კომპენსაცია (რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლისათვის სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 30%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი) და აუნაზღაურდებოდა სხვაობა მისაღებ და მიღებულ კომპენსაციის ოდენობებს შორის, კომპენსაციის დანიშვნის დღიდან (01.04.2022 წ.) გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ნ. გ-ის 2023 წლის 27 აპრილის №442659 ადმინისტრაციული საჩივრის არსებითად განხილვის შედეგად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 15 მაისის № SSA12300501476 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ნ. გ-ის 2023 წლის 27 აპრილის №442659 ადმინისტრაციული საჩივრის არსებითად განხილვის შედეგად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიუთითა, რომ ნ. გ-იმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ხაშურის ტერიტორიულ ერთეულს) მის კომპეტენციაში შემავალი საკითხის (სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით) გადასაწყვეტად მიმართა 2022 წლის 30 მარტს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 13 აპრილის №4731-2-00479 გადაწყვეტილებით 2022 წლის პირველი აპრილიდან ნ. გ-ის დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია, თვეში 560 ლარის ოდენობით.
ნ. გ-იმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს №442659 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის დღიდან 1 (ერთი) თვის ვადაში - 2023 წლის 27 აპრილს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 13 აპრილის №4731-2-00479 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და მიუღებელი კომპენსაციის სხვაობის ანაზღაურება მოითხოვა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 3 მაისის №SSA 0 23 00470650 მიმართვით ნ. გ-ის მიეცა შესაძლებლობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, წერილის ოფიციალური წესით გაცნობიდან ორი კვირის ვადაში წარედგინა საკუთარი მოსაზრებები ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის საპატიო საფუძვლებზე და განემარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული იქნებოდა გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 3 მაისის №SSA 0 23 00470650 მიმართვის პასუხად, 2023 წლის 10 მაისს, ნ. გ-იმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარადგინა №490005 დაზუსტებული ადმინისტრაციული საჩივარი და მიუთითა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 13 აპრილის №4731-2-00479 გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო გადაწყვეტილებაში განმარტებული წესის შესაბამისად - მისთვის გადაცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის საფუძველზე. ამავე დაზუსტებულ საჩივარში ნ. გ-იმა მოითხოვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ‘’ ქვეპუნქტის შესაბამისად და 2022 წლის პირველი აპრილიდან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე მიუღებელი კომპენსაციის - სხვაობის ანაზღაურება.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 15 მაისის №SSA 1 23 00501476 გადაწყვეტილებით, ნ. გ-ის ეცნობა, რომ სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება მისი 2023 წლის 27 აპრილის №442659 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის თაობაზე, საჩივრის წარდგენისათვის დადგენილი ვადის დარღვევის საფუძვლით. გადაწყვეტილების თანახმად, ნ. გ-ის 2023 წლის 10 მაისის №490005 დაზუსტებული ადმინისტრაციული საჩივრით არ იყო წარდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქმედების (უმოქმედობის) კანონმდებლობით დადგენილ ერთ თვიან ვადაში გასაჩივრების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ადმინისტრაციული ორგანო სადავოდ არ ხდიდა, რომ მოსარჩელე მხარეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილების 2022 წლის 13 აპრილის №4731-2-00478 გადაწყვეტილება ოფიციალურად და კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 2023 წლის 21 აპრილს. თუმცა, მოცემული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენის დაწყების მომენტს მოპასუხე უკავშირებდა არა მითითებულ თარიღს, არამედ მისი მხრიდან ქმედების განხორციელებას - 2022 წლის აპრილის თვიდან კომპენსაციის გაცემის (ჩარიცხვის) ფაქტს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ნ. გ-ის მიერ წარდგენილი მოთხოვნა, თავისი არსით, ეხებოდა საკუთრების უფლების შეზღუდვას (შემცირებას) მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოვლენილი იყო ფორმალური მიდგომა. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეაფასა საკუთრების უფლების ჭრილში საჩივრის წარდგენის ვადა. ერთი მხრივ, ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუსრულებია მისი კანონისმიერი ვალდებულება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მხარისათვის გაცნობის თვალსაზრისით.
აქტის ოფიციალურად გაცნობის დღიდან მოსარჩელის მიერ დაცული და გამოყენებული იყო ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის უფლება, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 15 მაისის №SSA12300501476 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი - დაინტერესებულ მხარეს უნდა მისცემოდა შესაძლებლობა ადმინისტრაციულ ორგანოსთვის მოეთხოვა საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ საკითხზე ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა. ამდენად, სახეზე იყო მოპასუხისათვის საჩივრის არსებითად განხილვის შედეგად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობა.
მოსარჩელის სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა, რომ ნ. გ-იმა გამოიყენა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილების 2022 წლის 13 აპრილის №4731-2-00478 გადაწყვეტილების ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრების უფლება და არა ალტერნატიულად, პირდაპირ სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა. გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება მოექცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კომპეტენციაში და არა სასამართლოს კონტროლს ქვეშ. ის გარემოება, რომ სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში და მხარეს წარდგენილი ჰქონდა სასარჩელო მოთხოვნა, უპირობოდ ვერ გახდებოდა მოთხოვნათა არსებითად განხილვის წინაპირობა. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელეს მიეცა შესაძლებლობა დაეზუსტებინა სასარჩელო მოთხოვნები, თუმცა დისპოზიციის ფარგლებში მან აღნიშნულზე უარი თქვა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჩივრის არსებითად განხილვამდე შეუძლებელი იყო სასამართლო უფლებამოსილი გამხდარიყო ემსჯელა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 13 მარტის სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადა იურიდიული ფაქტია, რომლის დადგომა ან გასვლა იწვევს უფლებისა და ვალდებულების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას. სასამართლოსთვის ხანდაზმულობის ვადის გაცდენით მიმართვა - სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური თვალსაზრისით და ქმნის სარჩელის უარყოფის საფუძველს.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს 2022 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. თუმცა არსებული ზოგადი წესიდან გამონაკლისია ისეთი შემთხვევა, როდესაც კონკრეტულ მოთხოვნაზე ხანდაზმულობის სპეციალური ვადა ვრცელდება. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა 3 წელია. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით პირისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების ერთ-ერთი სახეა, შესაბამისად, აღნიშნულ მოთხოვნასთან მიმართებით ვრცელდება ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, ამდენად უსაფუძვლოა მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ საპენსიო სამართლის ამ კონკრეტულ შემთხვევას ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როდესაც დაზარალებულმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, ამასთან ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს.
მხარეს შეეძლო, საკუთარი დარღვეული უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა და საკუთარი პოზიციის სათანადოდ ჩამოყალიბება. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს და მიუთითებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ჩაბარების ადრესატისთვის სავალდებულოობაზე, იმავდროულად განმარტავს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლისთვის აქტის მხარისთვის ჩაუბარებლობა ავტომატურად არ უნდა გახდეს ხანდაზმულობის ვადების დაცვისგან თავის არიდების საშუალება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ნ. გ-ის 2023 წლის 27 აპრილის №442659 ადმინისტრაციული საჩივრის არსებითად განხილვის შედეგად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ მოპასუხემ, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მხოლოდ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ნ. გ-ის საჩივრის განხილვისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების ნაწილში.
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა თანახმად, ნ. გ-იმა უფლებამოსილ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ხაშურის ტერიტორიულ ერთეულს) მის კომპეტენციაში შემავალი საკითხის (სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით) გადასაწყვეტად მიმართა 2022 წლის 30 მარტს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 13 აპრილის №4731-2-00479 გადაწყვეტილებით 2022 წლის პირველი აპრილიდან ნ. გ-ის დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია, თვეში 560 ლარის ოდენობით.
ნ. გ-იმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს №442659 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის დღიდან 1 (ერთი) თვის ვადაში - 2023 წლის 27 აპრილს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 13 აპრილის №4731-2-00479 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და მიუღებელი კომპენსაციის სხვაობის ანაზღაურება მოითხოვა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 3 მაისის №SSA 0 23 00470650 მიმართვით ნ. გ-ის მიეცა შესაძლებლობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, წერილის ოფიციალური წესით გაცნობიდან ორი კვირის ვადაში წარედგინა საკუთარი მოსაზრებები ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის საპატიო საფუძვლებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული იქნებოდა გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 3 მაისის №SSA 0 23 00470650 მიმართვის პასუხად, 2023 წლის 10 მაისს, ნ. გ-იმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარადგინა №490005 დაზუსტებული ადმინისტრაციული საჩივარი და მიუთითა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 13 აპრილის №4731-2-00479 გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო გადაწყვეტილებაში განმარტებული წესის შესაბამისად - მისთვის გადაცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის საფუძველზე. ამავე დაზუსტებულ საჩივარში ნ. გ-იმა ასევე მოითხოვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ‘’ ქვეპუნქტის შესაბამისად და 2022 წლის პირველი აპრილიდან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე მიუღებელი კომპენსაციის - სხვაობის ანაზღაურება.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 15 მაისის №SSA 1 23 00501476 გადაწყვეტილებით, ნ. გ-ის ეცნობა, რომ სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება მისი 2023 წლის 27 აპრილის №442659 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის თაობაზე, საჩივრის წარდგენისათვის დადგენილი ვადის დარღვევის საფუძვლით. გადაწყვეტილების თანახმად, ნ. გ-ის 2023 წლის 10 მაისის №490005 დაზუსტებული ადმინისტრაციული საჩივრით არ იყო წარდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქმედების (უმოქმედობის) კანონმდებლობით დადგენილ ერთ თვიან ვადაში სადავოდ ქცევის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ადმინისტრაციული ორგანო სადავოდ არ ხდიდა, რომ მოსარჩელე მხარეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილების 2022 წლის 13 აპრილის №4731-2-00478 გადაწყვეტილება ოფიციალურად და კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 2023 წლის 21 აპრილს. თუმცა, მოცემული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენის დაწყების მომენტს მოპასუხე უკავშირებდა არა მითითებულ თარიღს, არამედ მისი მხრიდან ქმედების განხორციელებას - 2022 წლის აპრილის თვიდან კომპენსაციის გაცემის (ჩარიცხვის) ფაქტს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო სამართალურთიერთობის შინაარსზე და აღნიშნავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა), რომელიც მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნა ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.
ამასთან, მითითებული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, თუ დაუმთავრდა სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობა არის უფლებამოსილებადამთავრებული/ უფლებამოსილებაშეწყვეტილი: ზ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლისათვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 30%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი.
მოცემულ საქმეზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სასამართლოს მიერ განსახილველ მთავარ საკითხს მოსარჩელე ნ. გ-ის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონით დადგენილ ვადაში მიმართვის საკითხის შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია სხვა პირის მიმართ არსებული მოთხოვნის იძულებითი განხორციელება. ზოგადი წესით, ყველა კანონისმიერი მოთხოვნის უფლება ექვემდებარება ხანდაზმულობას. კანონმდებელი მოთხოვნის უფლებათა რეალიზებადობას შემოფარგლავს დროის პერიოდით. უფლების განხორციელების შეზღუდვამ განსაზღვრული ვადებით უნდა უზრუნველყოს სამართლებრივი სტაბილურობა და სამართლებრივი მშვიდობა. კრედიტორმა დროულად უნდა იზრუნოს თავისი მოთხოვნის განხორციელებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი დაკარგავს ამის შესაძლებლობას. ვინაიდან ხანდაზმულობას მნიშვნელოვანი სამართლებრივი შედეგები უკავშირდება, აუცილებელია ზუსტად განისაზღვროს, თუ რა მომენტიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადის დენა (იხ. სუსგ საქმე 658-627(კ-07); ბს-322-311(კ-10); №ბს-931(2კ-24)). მოცემული დავის ფარგლებში აუცილებელია გაიმიჯნოს ხანდაზმულობის მატერიალური და უფლების დაცვის ადმინისტრაციულ-პროცესუალური ვადა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია მოსარჩელე ნ. გ-ის ერიცხებოდა სახელმწიფო კომპენსაცია 2022 წლის აპრილის თვიდან, თუმცა მან მიიჩნია რა, რომ მისთვის დანიშნული კომპენსაციის ოდენობა, ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას და საკუთარი უფლების დაცვის რეალიზაციის მიზნით კომპეტენტურ ორგანოს მიმართა 2023 წლის 27 აპრილს, როგორც წარსულში უკანონო ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების, ისე სამომავლოდ გაზრდილი ოდენობით კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით. საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას და მიუთითებს, რომ ერთი მხრივ, ნ. გ-ის გაშვებული არ აქვს სახელმწიფოსგან ზიანის ანაზღაურებისთვის დადგენილი ხანდაზმულობის მატერიალური ვადა (ბს-523 (კ-24); ბს-890(კ-23)), ხოლო მეორე მხრივ კი, ნ. გ-ის ასევე არ აქვს გაშვებული საკუთარი უფლების დაცვისთვის დადგენილი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული გასაჩივრების ვადა - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობიდან 1 თვე (მუხლი 180.1). ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ცალსახად სახეზე იყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 15 მაისის № SSA12300501476 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ნ. გ-ის 2023 წლის 27 აპრილის №442659 ადმინისტრაციული საჩივრის არსებითად განხილვის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ბ. შონია