Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-273(კ-25) 24 სექტემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. ე-ი

მესამე პირი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 21 ნოემბერს ლ. ე-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ, სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 19 ოქტომბრის №3086 განკარგულება „მიწის ნაკვეთზე ლ. ე-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“; მოპასუხეს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს საკითხის ხელახლა განხილვა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ე-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023წლის 19 ოქტომბრის №3086 განკარგულება „მიწის ნაკვეთზე ლ. ე-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. თბილისში, ...ის ... №...-ის მიმდებარედ, 125კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე ლ. ე-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 19 ოქტომბრის №3086 განკარგულებით ლ. ე-ის უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ.თბილისი, ...ის ... №...-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 101.00 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მოქცეულია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული მიწის ნაკვეთის საზღვრებში. შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ ექცეოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დეფინიციაში. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, კომისიამ მიიჩნია, რომ არსებობდა ლ. ე-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2, მე-51 მუხლებზე, ასევე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტზე.

პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში დაცულ მტკიცებულებებზე, კერძოდ: საჯარო რეესტრის ამონაწერებზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული, მიწის ნაკვეთისა და მასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობების 2005 წლის 03 ივნისის საინვენტარიზაციო გეგმაზე, რომლის მიხედვით, უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი თბილისი, ...ის ... №..., აღრიცხულია ე. ბ-ეის სახელზე. ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2020 წლის 17 დეკემბერს მომზადებულ ცნობა-დახასიათებაზე, რომლის მიხედვით, მითითებული უძრავი ქონება აღრიცხულია ე. ბ-ეის სახელზე. პალატამ მიუთითა საჯარო რეესტრის მიერ 2021 წლის 15 აპრილს მომზადებულ საკადასტრო აზომვითი ნახაზზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის ნაწილი მოქცეულია საინვენტარიზაციო გეგმაზე ასახული მიწის ნაკვეთის ფარგლებში, რის გამოც, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 07 სექტემბრის N... გადაწყვეტილების საფუძველზე, ლ. ე-ის განცხადება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე გადაეგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. მარეგისტრირებელმა ორგანომ მიუთითა, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, თუ სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად.

სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა სააპელაციო სასამართლოში ზეპირი მოსმენის სხდომაზე მესამე პირის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებაზე, რომელმაც მიუთითა, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლზე და განმარტა, რომ თუ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი მაინც სცდება მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთის ფარგლებს, საჯარო რეესტრი ვალდებულია განცხადება გადაუგზავნოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, თავისუფალი მიწის ნაკვეთის ნაწილში საკუთრების უფლების აღიარებაზე გადაწყვეტილების მიღებად. შესაბამისად, მარეგისტრირებელმა ორგანომ მოსარჩელის განცხადება გადაუგზავნა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მათ მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საინვენტარიზაციო გეგმაში მოქცეული მიწის ნაკვეთის საზღვრებში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მართლზომიერებაზე გადაწყვეტილება უნდა მიეღო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს.

პალატის მითითებით, დგინდება და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ნაწილობრივ მოქცეულია საინვენტარიზაციო გეგმაზე ასახული მიწის ნაკვეთის ფარგლებში და ნაწილობრივ წარმოადგენს თავისუფალ ტერიტორიას, რომელიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი სრულად არ ექცევა ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული მიწის ნაკვეთის საზღვრებში, არამედ ცდება საინვენტარიზაციო გეგმის საზღვარს. შესაბამისად, იმის ნაცვლად, რომ საჭიროების შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალებინა განმცხადებლისთვის მოთხოვნის დაზუსტება და კორექტირებული საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზის წარდგენა, ხოლო მტკიცებულებების წარდგენის შემდგომ მოეხდინა საკითხის არსებითად განხილვა და შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, კომისიამ ყოველგვარი განხილვის, დასაბუთებისა და გამოკვლევის გარეშე, ისე უთხრა უარი მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომ მისთვის გაუგებარია, 1980-იანი წლებიდან მის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი რატომ არ ხვდება არც მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის და არც თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დეფინიციაში.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, სრულყოფილად არ არის შესწავლილი და შეფასებული უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის რეალური მდგომარეობა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულ გარემოებას, კერძოდ იმ ფაქტს, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მთლიანად მოქცეულია საინვენტარიზაციო გეგმების საზღვრებში, რაც საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება იყოს.

ამდენად პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ განმეორებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, დაინტერესებული პირების ჩართულობით დამატებით უნდა გამოიკვლიოს არსებობს თუ არა ქალაქ თბილისში, ...ის ... №3-ის მიმდებარედ, ლ. ე-ის განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მხოლოდ ნაწილზე, როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

კასატორის განმარტებით, მოცემულ საქმეზე დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 05 ნოემბრის N... წერილობითი მიმართვით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადმოგზავნილ იქნა ლ. ე-ის განცხადება, რომლითაც მოითხოვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის ... N...-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 125.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარება. მოგვიანებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 07 სექტემბრის N... წერილობითი მიმართვით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადმოგზავნილ იქნა ლ. ე-ის დაზუსტებული განცხადება და კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე მოითხოვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის ... N...-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი-101.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარება.

კასატორმა მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-5 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებზე და განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რომელთა ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული მონაცემებით დადგინდა, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მოქცეულია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული მიწის ნაკვეთის საზღვრებში. შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ ექცევა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დეფინიციაში. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით კომისიამ მიიჩნია, რომ არსებობს ლ. ე-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.

კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს შეფასებას საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც კომისიას უნდა დაევალებინა მოსარჩელისათვის ახალი აზომვითი ნახაზის წარმოდგენა და წარმოდგენილი ნახაზის ფარგლებში ემსჯელა მიწის ნაკვეთის აღიარებასთან დაკავშირებით.

კასატორი საკასაციო სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს საქალაქო და სააპელაციო ეტაპის სასამართლო სხდომის ოქმზე, მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ ახსნა-განმარტების ეტაპზე დაფიქსირებულ პოზიციაზე, სადაც წარმომადგენელი აფიქსირებს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიას უნდა ემსჯელა წარდგენილი ნახაზის ფარგლებში. წარმომადგენლის განმარტებით, აღიარების კომისიას უნდა ემსჯელა მიწის ნაკვეთის სრული კვადრატულობის საკუთრების უფლების აღიარებაზე მაშინაც, თუ ნაწილი ექცეოდა ტექ-ინვენტარიზაციის არქივში. თუმცა სხვა საკითხია კომისიას როგორ უნდა განეხორციელებინა აღნიშნული, როდესაც აღნიშნულს კანონი პირდაპირ კრძალავს. აგრეთვე გაუგებარია რის საფუძველზე აკეთებს დასკვნას სასამართლო, რომ კომისიის მიერ მხარეს არ შეეთავაზა კორექტირება, მაშინ როდესაც სასამართლო სხდომის ეტაპზეც კი, მხარე აღნიშნულის წინააღმდეგი იყო და მისი განმარტებით კომისიას უნდა ემსჯელა ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე მთლიანად.

კასატორის განმარტებით, ცალკე აღნიშვნის ღირსია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების ფაქტი. კერძოდ, სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათილად ცნო გასაჩვირებული გადაწყვეტილება, ამასთან არ მიუთითებია კონკრეტულად რომელი გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რასაც არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა საკითხის გადაწყვეტისათვის. კომისია მიიჩნევს, რომ არ არსებობს მტკიცებულება და გარემოება, რომელიც შეიძლება დამატებით გამოიკვეთოს ან/და წარმოიქმნას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული კანონი და საქმეზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომელიც იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთებულობა იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. აღნიშნული კი წარმოადგენს გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის გაუქმების და შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც არსებობს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი, გაურკვეველია რა დამატებითი გარემოებები უნდა გამოეკვლია ადმინისტრაციულ ორგანოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე ლ. ე-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 19 ოქტომბრის №3086 განკარგულების კანონიერების შემოწმება.

საკასაციო პალატა, მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს განსაზღვრავს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად, საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება. ამავე კანონის მე-51 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტების მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის" მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი. ამავე კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან. აღნიშნული კანონი ასევე შეიცავს იმ კატეგორიის თვითნებურად დაკავებული სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ჩამონათვალს, რომელიც ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას, კერძოდ, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 03.06.2016წ. მიღებული იქნა კანონი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“, რომლითაც განისაზღვრა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესი, დადგინდა ამ რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძვლები და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობები (1.1 მუხ.). მითითებული კანონის თავდაპირველი რედაქციის მე-9 მუხლის თანახმად, თუ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ იყო მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრი ვალდებული იყო, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიემართა აღიარების კომისიისთვის კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად, მარეგისტრირებელ ორგანოს შუამდგომლობასთან ერთად უნდა გადაეგზავნა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, სარეგისტრაციო და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ: საჯარო რეეტრის ამონაწერის მიხედვით უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილისი, ...ის ... №... (ნაკვ. ..., მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 592.00კვ.მეტრი; ნაკვეთის წინა ნომერი: 5, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 114.92, საცხოვრებელი ფართი: 77.50, სამეურნეო ფართი: 70.74, 2011 წლის 20 მაისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ლ. ე-ის სახელზე.

2020 წლის 24 ოქტომბერს, ლ. ე-იმა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ...ის ... №...-ის მიმდებარედ(ფართი 125კვ.მეტრი).

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 05 ნოემბრის №... წერილობითი მიმართვით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში განსახილველად გადაეგზავნა ლ. ე-ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი განცხადება, საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის თაობაზე, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ.თბილისი, ...ის ... №...-ის მიმდებარედ.

2021 წლის 07 სექტემბრის №... წერილობითი მიმართვით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნილი იქნა ლ. ე-ის დაზუსტებული განცხადება, რომლითაც კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომითი ნახაზის საფუძველზე მოთხოვნილი იყო 100კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის ... №...-ის მიმდებარედ) საკუთრების უფლების აღიარება.

დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2023 წლის 19 ოქტომბრის №3086 განკარგულებით ლ. ე-ის უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის ... №...-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 101.00 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე. კომისიის მიერ ლ. ე-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველად მითითებულია ის გარემოება, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მოქცეულია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული მიწის ნაკვეთის საზღვრებში, რის გამოც, აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ ექცეოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დეფინიციაში. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, კომისიამ მიიჩნია, რომ არსებობდა ლ. ე-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

კომისიის მიერ ლ. ე-ის უარის ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძველით, რომ მის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მოქცეულია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული მიწის ნაკვეთის საზღვრებში.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს 2021 წლის 15 აპრილის უძრავი ქონების სიტუაციურ ნახაზზე, საიდანაც იკვეთება, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი სრულად არ ექცევა ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული მიწის ნაკვეთის საზღვრებში და ცდება საინვენტარიზაციო გეგმის საზღვარს. პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე, სააპელაციო სასამართლოში ზეპირი მოსმენის სხდომაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელის მიერ გაკეთებულ განმარტებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიას განსახილველად გადაეცა საკითხი მიწის ნაკვეთის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც არ არის საინვენტარიზაციო გეგმაზე ასახული და მათ მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საინვენტარიზაციო გეგმაში მოქცეული მიწის ნაკვეთის საზღვრებში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მართლზომიერებაზე გადაწყვეტილება უნდა მიეღო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს.

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა, მიიჩნევს, რომ საკუთრების უფლების აღიარების შესახებ განცხადების განხილვისას კომისია ვალდებული იყო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონით, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონით, ამ კანონების საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტებით, აგრეთვე სზაკ-ით (მათ შორის 97-ე მუხ.) გათვალისწინებული უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების გზით ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ყველა გარემოება და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია.

მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლევას საჭიროებს უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის რეალური მდგომარეობა. საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ უნდა იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება საინვენტარიზაციო გეგმის ფარგლებს გარეთ არსებული ტერიტორიის ნაწილზე, როგორც მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებულ ტერიტორიაზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ, დაინტერესებული პირების ჩართულობით დამატებით უნდა გამოიკვლიოს არსებობს თუ არა ქალაქ თბილისში, ...ის ... №...-ის მიმდებარედ, ლ. ე-ის განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მხოლოდ ნაწილზე, როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლოს არ დაუკონკრეტებია, რომელი გარემოება არ იქნა შესწავლილი ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს მიერ კონკრეტულად არის მითითებული გარემოებები, გამოკვლევისა და სათანადო მტკიცებულების გარეშე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გასაჩივრებული განკარგულების) მიღებასთან დაკავშირებით, რასაც ასევე ეთანხმება საკასაციო სასამართლო.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 96-ე მუხ.). კომისია ვალდებულია უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. კონკრეტული გარემოებების გამოკვლევა და შეფასება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას უნდა წარმოადგენდეს. „..საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება..“ (სუსგ №ბს-681-681(კ-18), 13.12.2018წ.).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები, ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, სათანადოდ შეაფასოს ლ. ე-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და შეფასების შედეგად მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარსს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ბ. შონია

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. მაკარიძე