საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-18(2კ-25) 24 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა. ვ-ი
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ვ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2022 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება Nბ37.01222841, ა. ვ-ისათვის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში (დანართი N2); ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 31 იანვრის N71 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას გამოსცეს ახალი აქტი ა. ვ-ისათვის 400 (ოთხასი) ლარის გაცემის შესახებ (დაზუსტებული სარჩელი).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2022 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №ბ37.01222841, ა. ვ-ისათვის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 31 იანვრის ბრძანება №71 საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ვ-იმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ვ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2022 წლის 11 ოქტომბრის №ბ37.01222841 ბრძანება (ა. ვ-ისათვის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში) და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 31 იანვრის №71 ბრძანება (საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე); მოპასუხეს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას დაევალა გამოსცეს ახალი აქტი ა. ვ-ისთვის 400 (ოთხასი) ლარის გაცემის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტის - ა. ვ-ის (მოსარჩელე) სააპელაციო საჩივრის პირობებში, სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოთხოვნის საფუძვლიანობა წარმოადგენდა, რამდენადაც გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილის მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, წარდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა არსებობდა თუ არა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი და მართებულად იხელმძღვანელა თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე. ამასთან დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2022 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №ბ37.01222841 და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 31 იანვრის ბრძანება №71, ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს და არსებობს აღნიშნული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი. ვინაიდან, როგორც პალატამ განმარტა, საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნები და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული საქმის არსებითად სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, აპელანტმა გაიზიარა, ხოლო მოპასუხეებს (მოწინააღმდეგე მხარეები) აღნიშნული ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება სადავოდ არ გაუხდიათ.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 29 დეკემბრის №21.1881.2088 განკარგულებით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სხვა სოციალური (დახმარების) ღონისძიებები რაიონებში“ ქვეპროგრამის (კოდი: ...) განხორციელების წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე, მე-2, მე-3, მე-6 მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და 96-ე, 208-ე მუხლებზე, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ სადავო აქტებთან მიმართებით არ არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. ვინაიდან, არსებული მდგომარეობით ფაქტობრივად შეუძლებელია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სადავო საკითხზე დადებითი გადაწყვეტილების მიღება და მისი აღსრულება. კერძოდ, პალატის განმარტებით, ფულადი დახმარების გაცემის საკითხი განიხილება კონკრეტული საბიუჯეტო წლის ფარგლებში, ამავე წლის მონაცემების გათვალისწინებით, ხოლო სადავო საკითხი შეეხება 2022 წლის საბიუჯეტო წლის განმავლობაში 1500 ლარზე მეტი ოდენობით დახმარების გაცემას, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებული მდგომარეობით, ადმინისტრაციული ორგანო ფაქტობრივად მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს 2022 წლის საბიუჯეტო წლის განმავლობაში მოთხოვნილ ლიმიტზე მეტი ოდენობის დახმარების გაცემის საკითხზე.
სააპელაციო სასამართლომ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შეაფასა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობისთვის კანონსაწინააღმდეგო აქტის გამოცემის შედეგად ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი და აღნიშნა, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი ნორმები მიუთითებენ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისთვის მიყენებულ ზიანზე, რაც გამოიხატა ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებაში. კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეაფასა - აკმაყოფილებდა თუ არა ა. ვ-ის განცხადება ერთჯერადი ფულადი დახმარების ლიმიტზე მეტი თანხის გაცემაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობის მიღებისათვის გადაგზავნის და განხილვის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს. ამასთან, პალატის განმარტებით, ვინაიდან დადგენილად იქნა მიჩნეული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2022 წლის 11 ოქტომბრის №ბ37.01222841 (ა. ვ-ისათვის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში) და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 31 იანვრის №71 (საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე) ბრძანებების კანონშეუსაბამობა, მოსარჩელის (აპელანტი) კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებას მიყენებული ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი აქტი ა. ვ-ისთვის 400 (ოთხასი) ლარის გაცემის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტა, რომ გამგებელი, თავისი გადაწყვეტილებით, საბიუჯეტო წლის განმავლობაში უფლებამოსილია ერთი და იმავე განმცხადებლის მიმართ გასცეს ფულადი დახმარება, რომლის ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1500 ლარს, ხოლო 1500 ლარზე მეტი ოდენობის დახმარებას გამგებელი გასცემს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობის საფუძველზე. განსახილველი სამართალურთიერთობა ეხება №21.1881.2088 განკარგულებით გათვალისწინებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისავის მიზნობრივი ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევის წესს, რა დროსაც შესაბამისი საკონსულტაციო საბჭო განიხილავს გამგეობაში წარდგენილ განცხადებებს და ამზადებს რეკომენდაციას, რის შემდგომ, რაიონის გამგებლის მიერ გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. პირისათვის მიზნობრივი ფინანსური დახმარების გაცემის პროგრამის ფარგლებში გამგებელს მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თითოეულ განმცხადებელთან მიმართებით, მისი მოთხოვნის გათვალისწინებით და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდგომ, აღნიშნული ფინანსური დახმარებისათვის განსაზღვრული წლიური ბიუჯეტის გათვალისწინებით, განსაზღვროს მიზნობრივი ფულადი დახმარების გაცემის მიზანშეწონილობის საკითხი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
იმის გათვალისწინებით, რომ ა. ვ-ის და მის ოჯახში შემავალ პირებს 2022 წლის განმავლობაში სხვადასხვა დროს მიღებული ჰქონდათ მიზნობრივი ფინანსური დახმარებები (თითოეულს ჯამში 1500 ლარის ოდენობით), სამგორის რაიონის გამგებლის 2022 წლის 11 ოქტომბრის Nბ37.01222841 ბრძანებით არ იქნა დაკმაყოფილებული ა. ვ-ის განცხადება მისთვის მიზნობრივი ფინანსურის დახმარების გაცემასთან დაკავშირებით, რაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შეფასებით, განხორციელდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ სამგორის რაიონის გამგებლის 2022 წლის 11 ოქტომბრის Nბ37.01222841 ბრძანება ა. ვ-ისთვის მიზნობრივი ფინანსური დახმარების გაცემაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
კასატორი სამგორის რაიონის გამგეობა უთითებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის უარი არის კანონიერი, ვინაიდან მიმართვიანობა დახმარების თაობაზე არის ძალიან მაღალი და შესაბამისად, სოციალური პროექტების განყოფილებას მიკუთვნებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, გამგებლის საკონსულტაციო-სათათბირო ორგანო (საბჭო) ცდილობს მაქსიმალურად თანაბრად გადაანაწილოს სამგორის რაიონის გამგეობის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ან შეჭირვებულ მოქალაქეებისთვის წლიური ბიუჯეტით გამოყოფილი თანხები. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ბიუჯეტით ფინანსდება სხვა სოციალური პროექტებიც, მათ შორის უფრო პრიორიტეტული, როგორიცაა სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, მედიკამენტების დაფინანსება და სხვა. სასამართლოს დასაბუთება, რომ სამგორის რაიონის გამგეობამ კარგად არ გამოიკვლია მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, არ შეესაბამება სიმართლეს, რასაც ადასტურებს გამგეობის მიერ გაწეული არაერთი დახმარება, რომელსაც ყოველწლიურად იღებს ა. ვ-ი ოჯახის თითოეულ წევრზე. გასათვალისწინებელის ის გარემოებაც, რომ ა. ვ-ის გამონაკლისის წესით, სწორედ მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2019 წელს მიღებული აქვს 7000 ლარის ოდენობით დახმარება (სამშენებლო მასალების შესაძენად). შესაბამისად, კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის და 2025 წლის 17 თებერვლის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა. ვ-ის სარჩელი, მოპასუხეებს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ, ხოლო მოსარჩელე ა. ვ-ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის სახით თანხის დაკისრების კანონიერების შეფასება.
განსახილველი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მიუთითოს საქმესთან დაკავშირებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2022 წლის 30 სექტემბერს ა. ვ-იმა განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას და განმარტა, რომ მისი ოჯახის მძიმე მატერიალური მდგომარეობისა და შშმ შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ოჯახი საჭიროებდა ფინანსურ დახმარებას, შესაბამისად, ერთჯერადი მიზნობრივი ფულადი დახმარების სახით 400 ლარის გაცემა მოითხოვა.
სამგორის რაიონის გამგეობის 2022 წლის 11 ოქტომბრის №37-01222842374 მოხსენებითი ბარათით, სამგორის რაიონის გამგებელს ეცნობა, რომ სამგორის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის სოციალური პროექტების განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით გამგებლის საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოს (საბჭო) (შემდგომში - „საბჭო) მიერ, სხვა სოციალური დახმარების გაცემის მიზნით 2022 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე განხილული იქნა 668 მოქალაქის განცხადება (სამედიცინო მომსახურება, მედიკამენტების დაფინანსება და სხვა), საიდანაც 49 მოქალაქეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამავე მოხსენებითი ბარათით სამგორის რაიონის გამგებელს ეთხოვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოეცა ბრძანება სოციალურად დაუცველი ან/და შეჭირვებული 49 მოქალაქის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2022 წლის 17 ოქტომბრის №37-01222901170 წერილით ა. ვ-ის განემარტა, რომ სამგორის რაიონის 2022 წლის 11 ოქტომბრის №ბ37.01222841 ბრძანებით მას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ასევე განემარტა, რომ 2022 წლის 11 თებერვლის №ბ37.01220423, 2022 წლის 17 მაისის №ბ37.01221373 და 2022 წლის 4 ივლისის №ბ37.012218518 ბრძანებებით ა. ვ-ის ოჯახს გაეწია ერთჯერადი მიზნობრივი ფინანსური დახმარება ჯამში 1500 ლარის ოდენობით, შესაბამისად, ა. ვ-ის ოჯახს გამოყენებული ჰქონდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 29 დეკემბრის №21.1881.2088 განკარგულებით განსაზღვრული საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთჯერადად გასაცემი თანხის ლიმიტი - 1500 ლარის ოდენობით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2022 წლის 11 ოქტომბრის №ბ37.01222841 ბრძანება მოსარჩელე მხარის მიერ გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 31 იანვრის №71 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ა. ვ-ის №19/012232222509-01 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა გასაჩივრებული ბრძანება.
საკასაციო პალატა მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 29 დეკემბრის №21.1881.2088 განკარგულებით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სხვა სოციალური (დახმარების) ღონისძიებები რაიონებში“ ქვეპროგრამის (კოდი: ...) განხორციელების წესზე (შემდგომში წესი). აღნიშნული წესის პირველი მუხლი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობების (შემდგომში - გამგეობა) მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების მიღების მიზნით ფინანსური დახმარების, ასევე უმწეო და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების საარსებო პირობების გაუმჯობესების, სტიქიური მოვლენებისა და უბედური შემთხვევების შედეგების ლიკვიდაციის მიზნით ფინანსური დახმარების გაცემის წესს. აღნიშნული მუხლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირისათვის დახმარების გაწევა შეიძლება მოხდეს მიზნობრივი ფულადი დახმარების გაცემის, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების, მედიკამენტების ღირებულების დაფინანსების, სარიტუალო მომსახურების დაფინანსებისა ან/და პირისათვის დახმარების გაწევის მიზნით შეძენილი საქონლის გადაცემის გზით.
მითითებული წესის მე-2 მუხლი ადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი რაიონის გამგეობაში განცხადების წარდგენის წესს, განცხადებაში მითითებულ სავალდებულო ინფორმაციასა და განცხადებასთან ერთად წარსადგენ დოკუმენტთა ჩამონათვალს, ხოლო მე-3 მუხლით დეტალურად იქნა განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღებისა და დახმარების გაცემის პროცედურა. კერძოდ, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გამგეობა დახმარების გაცემის თაობაზე განიხილავს მხოლოდ იმ განცხადებას, რომელიც წარდგენილია წესის მოთხოვნების დაცვით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემის ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებლის (შემდგომში - გამგებელი) ბრძანებით იქმნება საკონსულტაციო საბჭო, რომელიც განიხილავს დახმარების მიღების თაობაზე შემოსულ განცხადებებს, ამზადებს და გამგებელს წარუდგენს შესაბამის რეკომენდაციებს. მე-3 პუნქტის მიხედვით კი, საბჭოს მიერ მომზადებული რეკომენდაციის წარდგენის შემდგომ, გამგებელი იღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
ამასთან, აღნიშნული წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილია, რომ საბიუჯეტო წლის განმავლობაში 1500 ლარის ფარგლებში დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამგებელი და გამოსცემს შესაბამის ბრძანებას. საბიუჯეტო წლის განმავლობაში 1500 ლარზე მეტი ოდენობის დახმარებას გამგებელი გასცემს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობის საფუძველზე. ქალაქ თბილისის თანხმობის შემთხვევაში გამგებელი გამოსცემს ბრძანებას დახმარების გაცემის შესახებ. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საბიუჯეტო წლის მანძილზე ბენეფიციარზე გაცემული, წესით განსაზღვრული ყველა კატეგორიის დახმარების ღირებულება ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ თანხობრივ ზღვარს. აღნიშნულ თანხაში არ იანგარიშება სარიტუალო მომსახურებისა და პირისათვის დახმარების მიზნით შეძენილი, გადასაცემი საქონლის ღირებულება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის მიხედვით, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით (2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №2/3/630 „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“), „კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის (ამჟამად მოქმედი რედაქციის 18.4 მუხლი) უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.“
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას უკავშირდება სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი (სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის)). 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების პრინციპი 992-ე მუხლის ზოგადი დანაწესიდან გამომდინარეობს და მოიაზრებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების შესაძლებლობას მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების არსებობის პირობებში, ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენით. გარდა ამისა, ზიანის გამომწვევი ქმედება კავშირში უნდა იყოს საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან და ყურადღება უნდა გამახვილდეს არა ქმედების ჩამდენ პირზე, არამედ ფუნქციაზე, რომლის შესრულებასაც შეიძლება ემსახურებოდეს სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2022 წლის 11 ოქტომბრის №ბ37.01222841 და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 31 იანვრის №71 ბრძანებების) უკანონობა, რაც გამოიხატა ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებაში, რომელმაც არ შეაფასა - ა. ვ-ის განცხადება აკმაყოფილებდა თუ არა ერთჯერადი ფულადი დახმარების ლიმიტზე მეტი თანხის გაცემაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობის მიღებისათვის გადაგზავნის და განხილვის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ სადავო საკითხი შეეხება 2022 წლის საბიუჯეტო წლის განმავლობაში 1500 ლარზე მეტი ოდენობით დახმარების გაცემას და ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს 2022 წლის საბიუჯეტო წლის განმავლობაში მოთხოვნილ ლიმიტზე მეტი ოდენობის დახმარების გაცემის საკითხზე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებას მიყენებული ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს .
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ბ. შონია
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. მაკარიძე