Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-575(კ-25) 18 სექტემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე)- ქ. ვ-ე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 თებერვლის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2024 წლის 13 სექტემბერს ქ. ვ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი 2019 წლის 15 ივლისიდან დღემდე დასაქმებულია სსიპ ნიკო-ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში ...ის პოზიციაზე. მოსარჩელემ საპენსიო ასაკის მიღწევისთანავე, 23.06.2024წ. განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის სერვისცენტრს პენსიის დანიშვნის მოთხოვნით. მოსარჩელის მიმართ მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის მომსახურების ცენტრის 25.06.2024წ. გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, რომელიც არ დაკმაყოფილდა.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა: ქ. ვ-ეისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის შესახებ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრის 2024 წლის 25 ივნისის N659869-2024/1 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ქ. ვ-ეის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 5 აგვისტოს SSA92400831486 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრისთვის ქ. ვ-ეის მიმართ სახელმწიფო პენსიის გაცემის (დანიშვნა) დავალება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დღიდან; საჯარო სამართლის იურიდიულ პირ - სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრისთვის ქ. ვ-ეის სასარგებლოდ, 2024 წლის 1 ივლისიდან, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე მიუღებელი პენსიის ანაზღაურების დაკისრება.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ. ვ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრის 2024 წლის 25 ივნისის №659869-2024/1 გადაწყვეტილება, ქ. ვ-ეისათვის ასაკობრივი პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 5 აგვისტოს SSA 9 24 00831486 გადაწყვეტილება, ქ. ვ-ეის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ქ. ვ-ეს, დაენიშნება სახელმწიფო პენსია, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დღიდან. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრს დაევალა ქ. ვ-ეისთვის საპენსიო ასაკის მიღწევიდან, ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვადიდან, 2024 წლის 1 ივლისიდან, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება, კანონით დადგენილი წესით და ოდენობით.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სოციალური მომსახურების სერვისცენტრმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ვ-ე 15.07.2019 წლიდან დასაქმებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში ...ის თანამდებობაზე. ქ. ვ-ეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრის 2024 წლის 25 ივნისის №659869-2024/1 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა პენსიის დანიშვნაზე. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 5 აგვისტოს SSA 9 24 00831486 გადაწყვეტილებით. ქ. ვ-ეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიეთითა, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო გასაცემლის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, შესაბამისად, ვინაიდან იგი დასაქმებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, სახელმწიფო პენსიის დანიშვნის კანონიერი საფუძველი მას არ წარმოეშობოდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის “გ” ქვეპუნქტზე, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის “გ” ქვეპუნქტზე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტზე, 8.1 და მე-9 მუხლებზე. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ მოსარჩელის დამსაქმებელია ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი, რომელიც წარმოადგენს სამუზეუმო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებას. ამრიგად, მოსარჩელის სამუშაო ადგილი და განხორციელებული საქმიანობის მახასიათებლები სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის დასახელებულ ნორმებს, რომელთა მიხედვითაც კულტურულ სფეროში საქმიანობა საჯარო საქმიანობის განხორციელებად არ მიიჩნევა. შესაბამისად, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში ...ის თანამდებობაზე მუშაობა არ განიხილება საჯარო საქმიანობად. ამდენად, მოსარჩელეს კანონის შესაბამისად არ ეზღუდება სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორები მიუთითებენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის N05/05 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის- საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულებაზე, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირების: სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის, დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, სამშვილდის და კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ქსნის ხეობის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე და წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმისა და დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის უფლებამონაცვლეს.

ზემოაღნიშნული დებულების მე-8 მუხლის თანახმად სააგენტოს მმართველობის სფეროში შემავალი მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები, სხვა სამსახურებთან ერთად, წარმოადგენენ სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს. კასატორები მიიჩნევენ, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს სამუზეუმო სტატუსის მქონე სუბიექტს, რომელზეც შესაძლებელია გავრცელდეს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მ-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საშეღავათო პირობა. კასატორები აღნიშნავენ, რომ ქ. ვ-ე დასაქმებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნიკო-ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულს და არა ცალკე არსებულ, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული სტატუსის მქონე დაწესებულებას. კასატორები მიიჩნევენ, რომ საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი პენსიის დანიშვნაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქ. ვ-ეისათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე გამოცემული აქტების: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრის 2024 წლის 25 ივნისის №659869-2024/1 გადაწყვეტილების და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 5 აგვისტოს SSA 9 24 00831486 გადაწყვეტილების კანონიერება. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა მოპასუხისთვის მის სასარგებლოდ სახელმწიფო პენსიის დანიშვნის თაობაზე, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და მოსარჩელის საპენსიო ასაკის მიღწევიდან, სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვადიდან, 2024 წლის 1 ივლისიდან, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. ვ-ე 2019 წლის 20 ივნისიდან დღემდე დასაქმებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში. მისი პოზიცია 2019 წლის ივლისიდან დღემდე არის ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის ...ი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრის 2024 წლის 25 ივნისის №659869-2024/1 გადაწყვეტილებით ქ. ვ-ეს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე. ზემოაღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. ვ-ემ გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 5 აგვისტოს SSA 9 24 00831486 გადაწყვეტილებით ქ. ვ-ეის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმა განაპირობა მისმა საქმიანობამ, კერძოდ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნიკო-ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს ქ. ვ-ე ახორციელებდა თუ არა საჯარო საქმიანობას, რაც “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე შესაძლოა გამხდარიყო მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნის უარმყოფელი კანონისმიერი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო, უპირველესად, აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, სოციალური სახელმწიფოს მიზანია სამართლიანი სოციალური წესრიგის დამკვიდრება, საერთო ეკონომიკური წონასწორობის შენარჩუნება, მოსახლეობის შეძლებისდაგვარად თანაბარზომიერი უზრუნველყოფა, ქვეყნის მასშტაბით ცხოვრების მაქსიმალურად თანაბარი პირობების შექმნა. ეს მიზნები, ობიექტური გარემოებების გამო, არ არის სრულად მიღწევადი და უწინარესად, წარმოადგენს მუდმივ ამოცანას და ზრუნვის საგანს სახელმწიფოსათვის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის N2/9/810,927 გადაწყვეტილება საქმეზე „სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი და ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-28). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ახელმწიფო პენსიის მიღების უფლება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით გარანტირებულ საკუთრებად მიიჩნევა. საქმეში „სპორონგი და ლონორთი შვედეთის წინააღმდეგ“ (SPORRONG AND LÖNNROTH v. SWEDEN, no. 7151/75) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განიმარტა, რომ „პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი მოიცავს სამ წესს. პირველი წესი, რომელიც ზოგადი ხასიათისაა, აცხადებს საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის პრინციპს; ის გათვალისწინებულია პირველი ნაწილის პირველი წინადადებით. მეორე წესი მოიცავს ქონების ჩამორთმევას და ამ უკანასკნელს გარკვეულ პირობებს უქვემდებარებს; ის მოიპოვება იმავე ნაწილის მეორე წინადადებაში. მესამე წესი აღიარებს, რომ სახელმწიფოს უფლება აქვს, სხვა ზომების გარდა, გააკონტროლოს ქონების გამოყენება ზოგადი ინტერესის შესაბამისად, ისეთი კანონების მიღებით, რომელთაც ის აუცილებლად ჩათვლის ამ მიზნით; ეს წესი გათვალისწინებულია პირველი მუხლის მეორე ნაწილით“. ევროსასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით, პენსიის შემცირება ან შეწყვეტა შესაძლოა წარმოადგენდეს საკუთრების უფლებაში ჩარევას. თუმცა, როგორც წესი, სასამართლო ამგვარ ჩარევებს აფასებს არა საკუთრების ან მის გამოყენებაზე კონტროლის წართმევის კუთხით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის პირველი წინადადების ჭრილში. შედეგად, ის ამ სახის ქმედებებს პირის მიერ მისი საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის უფლებაში ჩარევად მოიაზრებს. ერთ-ერთი გადაწყვეტილებით, საქმეზე ვიეცზორეკი პოლონეთის წინააღმდეგ (Wieczorek v. Poland, § 57), ევროსასამართლომ დაადგინა, რომ „როცა სარგებლის მოცულობა მცირდება ან მისი გაცემა წყდება, ეს შესაძლოა წარმოადგენდეს ჩარევას საკუთრებაში, რაც გამართლებას საჭიროებს“.

საკასაციო სასამართლო მითითებს, რომ "სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, ხოლო ამავე კანონის მე-17 მუხლით რეგლამენტირებული პენსიის შეწყვეტის საფუძვლებიდან ერთ-ერთს წარმოადგენს სწორედ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდი, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსია შეწყდება საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, აღნიშნული საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნული კანონის მიზნებისათვის საჯარო საქმიანობა განმარტებულია, როგორც სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მუზეუმი განმარტებულია, როგორც კანონით დადგენილი წესით შექმნილი (დაფუძნებული) ან/და რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია. დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო სამსახურად ერთმნიშვნელოვნად არ მიიჩნევა კულტურულ, საგანმანათლებლო და კვლევით სფეროში განხორციელებული საქმიანობა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად დადგენილია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირების: სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის, დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, სამშვილდის და კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ქსნის ხეობის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე და წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუზეუმებისა და მუზეუმნაკრძალების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ნიკო ნიკოლაძის სახლმუზეუმისა და დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის უფლებამონაცვლეს. ამავე დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს სტრუქტურა შედგება მუზეუმების, მუზეუმ-ნაკრძალებისა და სამსახურებისაგან (სტრუქტურული ერთეულები), ხოლო მეორე პუნქტის “ს” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალია ნიკო-ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი. ზემოაღნიშნული დებულების მე-9 მუხლის თანახმად, მუზეუმებისა და მუზეუმნაკრძალების ძირითადი ამოცანებია: ა) მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მართვაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის მართვა, დაცვა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; ბ) კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; გ) კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; დ) სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება; ე) სამეცნიერო კვლევების საფუძველზე, ახალი და განახლებული მუზეუმების ან/და მუზეუმ-ნაკრძალებისათვის სამუზეუმო ექსპოზიციათა კონცეფციების შემუშავება; ვ) სამუზეუმო სფეროს ექსპერტებთან თანამშრომლობა და კვლევითი, საკონსულტაციო, საექსპერტო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა; ზ) მუზეუმებთან და მუზეუმ-ნაკრძალებთან დაკავშირებული შემეცნებითი, სამეცნიერო, სამეცნიეროპოპულარული, საინფორმაციო ხასიათის გამოცემებისა და ღონისძიებების მომზადებაგანხორციელება; თ) ამ მუხლის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების მიზნით, შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ი) მუზეუმის/მუზეუმ-ნაკრძალის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროსგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში არის აღნიშნული, კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს კანონმდებლის ნამდვილი მიზნის, განზრახვის ადეკვატურად. სასამართლომ უნდა გამოიყენოს განმარტების ისეთი წესები, რომლის მიხედვით, კანონი უნდა იყოს განმარტებული კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს, კერძოდ, ყოველი ნორმა განმარტებული უნდა იქნეს არა ფრაგმენტულად, არამედ სისტემური და ტელეოლოგიური მეთოდებით, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს - გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით. ნორმის, მისი ფაქტობრივი ელემენტებისა და სამართლებრივი შედეგის დაკონკრეტება ხორციელდება ნორმაში გამოყენებული ცნებების განმარტების გზით. ხსენებული განმარტების საშუალებით ხდება სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაცია და მისი შინაარსის განსაზღვრა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო პენსიის მიღების განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, არ უნდა იქნას დაშვებული „სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონით გარანტირებული უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო საამართლოს განმარტებას მასზედ, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, შექმნილია რა მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ბაზაზე და წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების უფლებამონაცვლეს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულებით პირდაპირ განსაზღვრულია და გამიჯნულია როგორც მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების, ასევე, კონკრეტული სამსახურების სახეობები და მათი საქმიანობა და ფუნქციები. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მუზეუმების საქმიანობის მიზნებიდან და დაკისრებული ფუნქციებიდან გამომდინარე, ნიკო-ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში განხორციელებული საქმიანობა არ განეკუთვნება საჯარო საქმიანობას, ხოლო მასში დასაქმებული პირი წარმოადგენს, სააგენტოს შემადგენლობაში, როგორც მუზეუმში (მუზეუმ-ნაკრძალში) დასაქმებულ პირს და არა საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტს. მოსარჩელე მისი დასაქმებელი (ნიკო-ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი) საქმიანობის სპეციფიკიდან და ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე ექცევა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ საგამონაკლისო შემთხვევათა ნუსხაში, რომელში განხორციელებული საქმიანობაც არ მიიჩნევა საჯარო სამსახურად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. ვ-ე არ ახორციელებდა საჯარო საქმიანობას, შესაბამისად, სახეზე არ იყო მისთვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველი. ამდენად, მართებულად იქნა ბათილად ცნობილი სადავო აქტები, რომელთა არაკანონიერად მიჩნევის პირობებში, ასევე არსებობდა მოპასუხისთვის ქ. ვ-ეის მიმართ სახელმწიფო პენსიის დანიშვნის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. საკასაციო პალატა ასევე მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2024 წლის 1 ივლისიდან, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე მიუღებელი სახელმწიფო პენსიის დაკისრებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა