საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-875(კ-25) 11 სექტემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა თ. ზ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის დადგენილებაზე.
2025 წლის 08 აგვისტოს საკასაციო სასამართლოს მიერ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს ეთხოვა, საკასაციო საჩივრის განხილვის მიზნით, მოქალაქე თ. ზ-ეის (...) მიმართ არსებული N4/184 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა.
საერთო სასამართლოების არქივის უფროსის 2025 წლის 19 აგვისტოს Nბ-1134-25 მომართვით საკასაციო პალატას ეცნობა, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის N4/184 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე სრულად განადგურებულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 2 აგვისტოს N91 გადაწყვეტილების შესაბამისად, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი საექსპერტო კომისიის 2023 წლის 17 ივლისის N1 სხდომის ოქმისა და N65 აქტის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ზ-ეის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში, ამასთან, სასამართლო, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, აქტის კანონიერებას ამოწმებს არა სასარჩელო სამართალწარმოების, არამედ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ და „ბ1“ პუნქტების თანახმად, მაგისტრი მოსამართლეები პირველი ინსტანციით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განიხილავენ საქმეებს: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე; სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებების გასაჩივრების წესი მოწესრიგებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის XXII თავით, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევათა გასაჩივრების წესსა და ვადებს. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება, გარდა ამ კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მხარეებმა შეიძლება ამავე კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო დადგენილება. ამავე კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოოა და არ საჩივრდება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდართვევის საქმეზე მითებული დადგენილებების საქმის წარმოება სასამართლო სისტემაში არის ორსაფეხურიანი. მოცემული საქმის წარმოება მიმდინარეობს მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლოში და საჩივრის წარდგენის შემთხვევაში, სრულდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვით. სააპელაციო პალატის მიერ მსგავს დავებზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვას არ ექვემდებარება.
განსახილველ შემთხვევაში, სადავოდ არის გამხდარი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების მიერ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 512 და 571 მუხლების საფუძველზე, თ. ზ-ეის მიმართ შედგენილი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N026468 ოქმის კანონიერება. აღნიშნული ოქმის საფუძველზე, თ. ზ-ე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და მასვე დაეკისრა სახდელის გადახდა.
ამდენად, სადავო აქტის შემოწმებაზე უფლებამოსილ ორგანოს არ წარმოადგენს საკასაციო სასამართლო. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თაობაზე მიღებული აქტების საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას. მსგავსი კატეგორიის დავის ფარგლებში მიღებული ნებისმიერი აქტის კანონიერების შემოწმება სრულდება სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვის ეტაპზე (მხარის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დგინდება, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის დადგენილება თ. ზ-ეის მიერ გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში. მხარე საკასაციო საჩივრით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის დადგენილების გაუქმებას ითხოვს).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ზ-ეის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ზ-ეის საკასაციო საჩივარი, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის დადგენილებაზე, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე