საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-199(კ-25) 11 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი. ი-ი
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 8 ნოემბერს ი. ი-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების 2021 წლის 13 ივლისის N04-10-04/395 წერილობითი აქტის, ,,სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების და მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების 2021 წლის 12 ივლისის N42-2021/1 გადაწყვეტილების და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 12 ოქტომბრის N04/10302 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით, მოსარჩელის სასარგებლოდ 2016 წლის მარტიდან (საპენსიო ასაკის მიღწევიდან) - 2022 წლის ივნისამდე (პენსიის დანიშვნამდე) მიუღებელი პენსიის ანაზღაურების დავალება (დაზუსტებული სარჩელი).
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების 2021 წლის 12 ივლისის N42-2021/1 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 12 ოქტომბრის N04/10302 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რითაც მოსარჩელე ი. ი-ის 2021 წლის 1 თებერვლიდან - 2022 წლის მაისამდე აუნაზღაურდება მიუღებელი სახელმწიფო პენსია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის სერვის ცენტრმა და ი. ი-იმა.
აპელანტებმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის სერვის ცენტრმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. ხოლო აპელანტმა ი. ი-იმა მოითხოვა მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონულ განყოფილებისთვის ი. ი-ის სასარგებლოდ 2016 წლის მარტიდან (საპენსიო ასაკის მიღწევიდან) - 2021 წლის 01 თებერვლამდე მიუღებელი პენსიის ანაზღაურების დავალება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ი. ი-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. პალატის მითითებით, მოცემული კანონის მე-13 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, პენსიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, საპენსიო დოკუმენტაციის წარმოების, აგრეთვე პენსიის დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით (შემდგომ №46/ნ ბრძანება) დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება წარედგინება სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოს, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა. №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა, დამატებით უნდა წარადგინოს ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქედაც იგი ითვლება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ი. ი-იმა 65 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, 2016 წლის 12 აპრილს, მიმართა სააგენტოს გურჯაანის რაიონულ განყოფილებას, სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ მოთხოვნით, რაც დარჩა განუხილველი. ი. ი-იმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონულ განყოფილებას მეორედ მიმართა 2021 წლის 12 იანვარს, (განცხადება N42). მას კვლავ დაუდგინდა ხარვეზი 6 (ექვსი) თვე - (11.07.2021 წლამდე) და როგორც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს (საქართველო-რუსეთი) მოეთხოვა მეორე ქვეყანაში პენსიის მიუღებლობის შესახებ ცნობის წარმოდგენა; სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში - 2021 წლის 6 ივლისს, ი. ი-იმა N1939 განცხადებით მიმართა სააგენტოს გურჯაანის რაიონულ განყოფილებას და ხარვეზის შევსების მიზნით დამატებით წარადგინა ,,სახელმწიფო დაწესებულების კომისია- რუსეთის ფედერაციის N13 საპენსიო ფონდის სამმართველოს 2011 წლის 24 ივნისის ცნობა (ამონაწერი), კომისიის 2011 წლის 23 ივნისის N512 გადაწყვეტილებიდან, რითაც მას უარი ეთქვა ხანდაზმულობის პენსიის დანიშვნაზე. ასევე წარადგინა მოსკოვის ოლქის ...ის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება, რითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი, რუსეთის #13 საპენსიო ფონდის სამმართველოს უარის გაუქმების და ხანდაზმულობის პენსიის დანიშვნის თაობაზე" და მოსკოვის სააპელაციო სასამართლომ 2014 წლის 12 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რითაც ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება.
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებზე მითითებით პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება იმის თაობაზე, რომ ი. ი-იმა 2021 წლის 6 ივლისს, სააგენტოს წარუდგინა პენსიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტები, ამიტომ მისთვის მეორე ქვეყანაში პენსიის დანიშვნა/არდანიშვნის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის გამო სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმა არ შეესაბამებოდა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების 2021 წლის 12 ივლისის N42-2021/1 გადაწყვეტილება, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე კანონიერად იქნა ბათილად ცნობილი. პალატამ ასევე კანონიერად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 12 ოქტომბრის N04/10302 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილშიც.
ი. ი-ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, რომელიც სადავოდ ხდიდა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა 2016 წლის მარტიდან (საპენსიო ასაკის მიღწევიდან) - 2021 წლის 01 თებერვლამდე მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლზე, რომლის შესაბამისად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა. კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს.
პალატის მითითებით, ი. ი-იმა როგორც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა (საქართველო-რუსეთი), მეორე ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული და დამოწმებული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ პირი არ იღებს პენსიას მეორე ქვეყანაში, სააგენტოს წარუდგინა 2021 წლის 6 ივლისს, მის მიერ 2021 წლის 12 იანვარს წარდგენილ განცხადებაზე (N42) სააგენტოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსების ვადაში (ხარვეზის ვადა დადგენილი იყო 11.07.2021 წლამდე). შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოთხოვნა - მიუღებელი სახელმწიფო პენსიის 2016 წლის იანვრიდან ანაზღაურების თაობაზე, იყო უსაფუძვლო და მართებულად ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე. ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონიერად დაევალა მოსარჩელე ი. ი-ის მიუღებელი პენსია აუნაზღაუროს 2021 წლის 1 თებერვლიდან (N42 განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან) - 2022 წლის ივნისამდე (პენსიის დანიშვნამდე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრმა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორები მიუთითებენ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის 46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა, დამატებით უნდა წარადგინოს ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქედაც იგი ითვლება. კასატორიების განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ ის გარემოება, რომ ი. ი-იმა 2021 წლის 6 ივლისს N1939 განცხადებით არ წარადგინა ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქედაც იგი ითვლება. სასამართლოს არანაირი ღონისძიება არ გაუტარებია დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მითითებული ბუნდოვანი გარემოებების აღმოფხვრის მიზნით, როცა შეეძლო თავადვე დაევალებინა მოსარჩელისათვის აღნიშნული ცნობის წარმოდგენა შესაბამისი წლების ინფორმაციის მოთხოვნით რუსეთის ფედერაციის საპენსიო ორგანოდან, რაც იქნებოდა უტყუარი მტკიცებულება სასამართლოსათვის. ასევე არ გაითვალისწინა მოსკოვის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებაში დადგენილი გარემოება, რომ მოსარჩელეს რუსეთის ფედერაციაში დანიშნული ჰქონდა ხანდაზმულობის პენსია 2013 წლის 4 დეკემბრიდან. სასამართლომ არასწორად მიიჩნია ცნობად მოსარჩელის მიერ 2021 წელს წარმოდგენილი მოსკოვის ოლქის ...ის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 ნოემბრის არასრულად ნათარგმნი გადაწყვეტილება და რუსეთის ფედერაციის საპენსიო ფონდის სამმართველოს 2011 წლის 24 ივნისის ამონაწერი 2011 წლის 23 ივნისის N512 კომისიის გადაწყვეტილების ოქმიდან.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე ძირითად სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების 2021 წლის 12 ივლისის N42-2021/1 გადაწყვეტილების (სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების და მასზე უარის თქმის შესახებ) და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 12 ოქტომბრის N04/10302 გადაწყვეტილების (საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი თქმის შესახებ) კანონიერება.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად: მოსარჩელე ი. ი-ი დაიბადა ... წლის ...ს.
2007 წლის 16 აგვისტოს მოსარჩელე საცხოვრებლად გაემგზავრა რუსეთის ფედერაციაში, 2008 წლის 25 მარტს მან მიიღო რუსეთის მოქალაქეობა, თუმცა არ დაუკარგავს საქართველოს მოქალაქეობა.
60 წლის ასაკის მიღწევისთანავე, 2011 წლის 23 მარტს, მოსარჩელემ მიმართა რუსეთის ფედერაციის N13 საპენსიო ფონდის სამმართველოს და ხანდაზმულობით პენსიის დანიშვნა მოითხოვა, რაზეც საპენსიო ფონდის კომისიის გადაწყვეტილებით ეთქვა უარი. ხანდაზმულობის შრომითი პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის მიზეზი რუსეთის ფედერაციაში საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაციის მოწმობის არარსებობა იყო.
მოსარჩელემ N13 საპენსიო ფონდის სამმართველოს გადაწყვეტილება, პენსიის დანიშვნაზე უარის შესახებ გაასაჩივრა მოსკოვის ოლქის ...ის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც 2013 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი უთხრა ხანდაზმულობის შრომითი პენსიის დანიშვნაზე, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მუდმივი რეგისტრაციის არარსებობის გამო. მოსკოვის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა 2013 წლის 19 ნოემბრის გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს არ აქვს ხანდაზმულობის შრომითი პენსიის მინიჭების საფუძველი, რადგან მას არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი რუსეთის ფედერაციაში. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
ი. ი-იმა 65 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, 2016 წლის 12 აპრილს, მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონულ განყოფილებას, წარუდგინა პირადობის მოწმობა და ასაკის გამო სახელმწიფო პენსიის დანიშვნა მოითხოვა.
ი. ი-ის, როგორც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს (საქართველო-რუსეთი), მოეთხოვა რუსეთის ფედერაციაში პენსიის მიუღებლობის შესახებ ცნობის წარდგენა, რისთვისაც განესაზღვრა გონივრული ვადა - 6 (ექვსი) თვე- 2016 წლის 12 ოქტომბრამდე. ი. ი-ის სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების მიერ განსაზღვრულ ვადაში მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტი არ წარუდგენია, რის გამოც ი. ი-ის განცხადება დარჩა განუხილველი.
ი. ი-იმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონულ განყოფილებას მეორედ მიმართა 2021 წლის 12 იანვარს (განცხადება N42). მას კვლავ დაუდგინდა ხარვეზი 6 (ექვსი) თვე- (11.07.2021 წლამდე) და როგორც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს (საქართველო-რუსეთი) მოეთხოვა რუსეთის ფედერაციაში პენსიის მიუღებლობის შესახებ ცნობის წარდგენა.
დადგენილია, რომ ი. ი-იმა 2021 წლის 6 ივლისს, ანუ სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ხარვეზის ვადაში სააგენტოს გურჯაანის რაიონულ განყოფილებაში წარადგინა სახელმწიფო დაწესებულების კომისია-რუსეთის ფედერაციის N13 საპენსიო ფონდის სამმართველოს გადაწყვეტილება, რითაც უარი ეთქვა ხანდაზმულობით პენსიის დანიშვნაზე და რუსეთის ფედერაციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რუსეთის საპენსიო სამმართველოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების და პენსიის დანიშვნაზე უარის შესახებ, სულ 18 ფურცლად და კვლავ მოითხოვა საქართველოში ასაკით პენსიის დანიშვნა.
ი. ი-ის 2021 წლის 6 ივლისის N1939 განცხადებაზე სააგენტოს გურჯაანის რაიონულმა განყოფილებამ 2021 წლის 12 ივლისს მიიღო N42-2021/1 გადაწყვეტილება, პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ, რაც მოსარჩელეს აცნობა 2021 წლის 13 ივლისის N04-10-04/395 წერილით. გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელეს უარი ეთქვა სახელმწიფო გასაცემელის (პენსია) დანიშვნაზე, იმ საფუძვლით, რომ მან, როგორც ორმაგმა მოქალაქემ, (საქართველო-რუსეთი) ვერ წარმოადგინა რუსეთის ფედერაციაში პენსიის მიუღებლობის შესახებ დოკუმენტი.
მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების 2021 წლის 12 ივლისის N42-202/1 გადაწყვეტილება გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომლითაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და პენსიის დანიშვნა მოითხოვა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 12 ოქტომბრის N04/10302 გადაწყვეტილებით, ი. ი-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააგენტომ დაადგინა, რომ ი. ი-ის მიერ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტები - რუსეთის ფედერაციის სასამართლოს გადაწყვეტილებები პენსიის დანიშვნაზე უარის შესახებ, ვერ იქნება გათვალისწინებული საქართველოში სახელმწიფო გასაცემლის დასანიშნად, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა იმპერატიულად მოითხოვს მეორე ქვეყნიდან პენსიის მიუღებლობის შესახებ ცნობის წარმოდგენას, რომელსაც გასცემს იმავე ქვეყნის საპენსიო ორგანო.
დადგენილია, რომ ი. ი-ის, კანონში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, ასაკით პენსია დაენიშნა 2022 წლის ივნისიდან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულ პირთა სოციალური უფლებების მიმართ სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, არა მხოლოდ აღიაროს აღნიშნულ პირთა სოციალური უფლებების არსებობა, არამედ საპენსიო სისტემასთან დაკავშირებული ქმედითი ეროვნული კანონმდებლობის შექმნისა და არსებულის დახვეწის გზით, აგრეთვე, უზრუნველყოს ხსენებულ უფლებათა რეალიზებისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი გარანტიების შექმნა. პოზიტიურ ჭრილში, სახელმწიფო, ასევე, ვალდებულია, დასახელებული ვალდებულებების ზედმიწევნითი განხორციელებით დაიცვას ხანდაზმულ პირთა სოციალური უფლებები და შეამციროს მათი ხელყოფის რისკები. ამასთან, პენსიის მიღების უფლების საჯარო-სამართლებრივი შინაარსის გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას სახელმწიფოს მიერ პენსიის გაცემის შემხვედრი ვალდებულებით აღჭურვით, სახელმწიფოს სოციალურ უფლებათა მიმართ წარმოეშობა ნეგატიური ვალდებულებაც - საპენსიო სისტემის ფორმირების შედეგად ნაკისრი ვალდებულებების განუხორციელებლობით თავად არ ხელყოს ხანდაზმულ პირთა სოციალური გარანტიები.
პალატა აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის (შემდგომ – პენსია) დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში. ეს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. დასახელებული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონით სახელმწიფომ შექმნა საპენსიო ასაკს მიღწეული პირისათვის მატერიალური სარგებლის მიღების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პენსიის წარმოშობის ნორმატიულად დადგენილი პირობების დადგომისას (განსაზღვრული ასაკის მიღწევა), კანონით გათვალისწინებულ პირებს ექმნებათ მისი მიღების მოლოდინი. ამასთან, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების წარდგენისას სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა დამატებითი დოკუმენტის - ცნობის წარდგენის ვალდებულებას იმის დასადასტურებლად, რომ პირი არ იღებდა პენსიას იმ ქვეყნიდან, რომლის მოქალაქედაც იგი ითვლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პენსია არ დაინიშნებოდა. კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესზე“, რომელიც განსაზღვრავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს. მითითებული წესის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა, დამატებით უნდა წარადგინოს ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქადაც იგი ითვლება.
ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას სააგენტო იხილავს და გადაწყვეტილებას პენსიის დანიშვნის/არდანიშვნის თაობაზე იღებს განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ თუ განცხადებას თან ახლავს ყველა საჭირო დოკუმენტი და პირი აკმაყოფილებს პენსიის დანიშვნის პირობებს სააგენტოს მიერ მიიღება გადაწყვეტილება პენსიის დანიშვნის თაობაზე, სხვა შემთხვევაში მიიღება გადაწყვეტილება პენსიის არდანიშვნის თაობაზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, პენსია ინიშნება: ა) განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეს ან ამ საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს; ბ) პენსიაზე უფლების წარმოშობის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობამდე არა უმეტეს 10 კალენდარული დღით ადრე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ: ი. ი-იმა 65 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, 2016 წლის 12 აპრილს მიმართა სააგენტოს გურჯაანის რაიონულ განყოფილებას, სახელმწიფო პენსიის დანიშვნის მოთხოვნით, რაც დარჩა განუხილველი, ვინაიდან დადგენილია, რომ მან, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში (2016 წლის 12 ოქტომბრამდე) შესაბამისი ცნობა, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ რუსეთის ფედერაციაში პენსიის მიუღებლობას, ვერ წარადგინა.
ი. ი-იმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონულ განყოფილებას მეორედ მიმართა 2021 წლის 12 იანვარს, (განცხადება N42). მას კვლავ დაუდგინდა ხარვეზი 6 თვე - (11.07.2021 წლამდე) და როგორც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს (საქართველო-რუსეთი) მოეთხოვა მეორე ქვეყანაში პენსიის მიუღებლობის შესახებ ცნობის წარმოდგენა; სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში - 2021 წლის 6 ივლისს, ი. ი-იმა N1939 განცხადებით მიმართა სააგენტოს გურჯაანის რაიონულ განყოფილებას და ხარვეზის შევსების მიზნით დამატებით წარადგინა ,,სახელმწიფო დაწესებულების კომისია - რუსეთის ფედერაციის N13 საპენსიო ფონდის სამმართველოს 2011 წლის 24 ივნისის ცნობა (ამონაწერი), კომისიის 2011 წლის 23 ივნისის N512 გადაწყვეტილებიდან, რითაც მას უარი ეთქვა ხანდაზმულობის პენსიის დანიშვნაზე. ასევე წარადგინა მოსკოვის ოლქის ...ის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება, რითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი, რუსეთის #13 საპენსიო ფონდის სამმართველოს უარის გაუქმების და ხანდაზმულობის პენსიის დანიშვნის თაობაზე" და მოსკოვის სააპელაციო სასამართლომ 2014 წლის 12 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რითაც ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმის შესახებ, რომ ი. ი-ის მიერ სააგენტოსთვის დამატებით წარდგენილი დოკუმენტები (რუსეთის ფედერაციის N13 საპენსიო ფონდის სამმართველოს 2011 წლის 24 ივნისის ცნობა (ამონაწერი) კომისიის 2011 წლის 23 ივნისის N512 გადაწყვეტილებიდან, მოსკოვის ოლქის ...ის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება და მოსკოვის სააპელაციო სასამართლომ 2014 წლის 12 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება) ცალსახად და გარკვევით ადასტურებს ფაქტს, ი. ი-ის მიერ მეორე ქვეყანაში პენსიის მიუღებლობის შესახებ.
საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, ასევე მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც. შესაბამისი ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალდებოდა. სასკ-ის 17.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც ევალება დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული აქტის კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება და გამოცემა. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ გააქარწყლა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი გარემოება, მეორე ქვეყნიდან პენსიის მიუღებლობის შესახებ, აღნიშნული გარემოება კი პენსიის დანიშვნის მიზნებისთვის სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენდა. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი, კასატორს არ წარმოუდგენია ისეთი სახის მტკიცებულება და არ მიუთითებია ისეთი სახის გარემოებაზე, რომელიც ასაკის გამო კანონით გათვალისწინებულ პენსიის დანიშვნის საფუძვლებს გამორიცხავდა.
რაც შეეხება მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების საკითხს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პენსიის ადმინისტრირების/კომპეტენტური ორგანო პენსიის შეჩერება/შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებს სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, კანონით გათვალისწინებული პირობების დაუცველად, პენსიის მიღების უფლების რეალიზაციის შეზღუდვით მიყენებული ზიანი მიმყენებლის მხრიდან ექვემდებარება ანაზღაურებას. საკასაციო პალატა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის და 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით საფუძვლიანად მიიჩნევს მოპასუხისათვის ი. ი-ის სასარგებლოდ 2021 წლის 1 თებერვლიდან - 2022 წლის მაისამდე მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხის ანაზღაურების დაკისრებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ბ. შონია
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. მაკარიძე