Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-643(კ-25) 29 სექტემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ა.კ-ე; მესამე პირი - ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა.კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მიერ 2022 წლის 12 აპრილს გამოცემული N03-2095/ო ბრძანება; ბ) დაევალოს მოპასუხეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დაკმაყოფილდება ა.კ-ის განცხადება დევნილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ა.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 12 აპრილის №03-2095/ო ბრძანება. დაევალა მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დაკმაყოფილდება ა.კ-ის განცხადება დევნილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, სასამართლოებმა გამოიყენეს კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინათ, თუმცა არასწორად განმარტეს იგი. სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ ახალგორის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემულ ცნობას და მოწმის სახით დაკითხული პირის მიერ მიცემულ ჩვენებას. სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი ინფორმაციული ხასიათისაა, რომლის გაზიარების ვალდებულება სააგენტოს არ აქვს. გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული ორგანო იღებს დამოუკიდებლად და შესაბამისად, სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ სადავო საკითხზე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანო არის ახალგორის მუნიციპალიტეტი.

ძირითადი არგუმენტები და ფაქტობრივი გარემოებები, რასაც სააგენტო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო, იყო მოსარჩელის ბიოგრაფიული მონაცემები, რომელიც თავისუფალი თხრობით იქნა გადმოცემული მოსარჩელის მიერ მასთან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. ასევე გათვალისწინებულ იქნა საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის .... ის მთავარი სამმართველოს მიერ მოწოდებულ გასაუბრების ოქმი. როგორც მოსარჩელის მიერ გადმოცემული საკუთარი ბიოგრაფიიდან ნათლად, ცხადად და უტყუარად დგინდება, ის თავისი ყოველდღიური ყოფითი ცხოვრებით დაკავშირებული იყო 1994 წლიდან ქალაქ თბილისთან და შესაბამისად, მისი მუდმივი საცხოვრებელი ...ას მუნიციპალიტეტი, ... ... ვერ იქნებოდა. რაც შეეხება ახალგორის მუნიციპალიტეტის ... ...ის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2015 წელს გაცემულ №99 ცნობასა და ახალგორის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის დასკვნას, სადაც მითითებულია, რომ ა.კ-ე 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა ...ში, აღნიშნული გარემოება ქარწყლდება როგორც მოსარჩელის მიერ გასაუბრებისას დაფიქსირებული ინფორმაციის, ასევე შსს-ს მიერ გამოგზავნილი გასაუბრების ოქმით. ერთადერთი, რაც დგინდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არის ის, რომ მოსარჩელე იყო არა მუდმივი მაცხოვრებელი დღეს უკვე ოკუპირებული ტერიტორიის, არამედ პერიოდული მაცხოვრებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მუდმივად არ იყო დაკავშირებული ოკუპირებულ ტერიტორიასთან. მართალია, მოსარჩელე დასახელებულ ტერიტორიაზე ფლობდა საკუთრებას, თუმცა ის იყო მშენებარე და თვითონაც პერიოდულად, სეზონურად ჩადიოდა დედის სახლში. კანონი იმპერატიულად ადგენს, რომ პირი ოკუპირებულ ტერიტორიაზე უნდა ცხოვრობდეს მუდმივად და არა პერიოდულად. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2008 წლამდე ა.კ-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ... არ ყოფილა. შესაბამისად, მოსარჩელესთან მიმართები არ დასტურდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2008 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი, რასაც დევნილის სტატუსის მინიჭებისას არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

კასატორის განმარტებით, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ დევნილის სტატუსის მისანიჭებლად უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. აღნიშნული ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ პირს დევნილის სტატუსი ეკუთვნის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი, კანონში მითითებული გარემოებების გამო, იძულებული გახდა დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამავე კანონით განმარტებულია მუდმივი საცხოვრებლის დეფინიცია, კერძოდ, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე პირის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი მშობელი (მშობლები) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზების გამო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ ეს არის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი, ანუ პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელი. პირის მუდმივი საცხოვრებლის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს. ხსენებულ საცხოვრებელთან უნდა იყოს დაკავშირებული ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით, რომლის გამოც მას ამ ადგილზე უფრო ხშირად უწევს ყოფნა, ვიდრე სხვა ადგილზე, სადაც ასევე შეიძლება ჰქონდეს სხვა საცხოვრებელიც. მუდმივი საცხოვრებლის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. კონკრეტულ შემთხვევაში კი, საქმეში წარმოდგენილი მოსარჩელის ბიოგრაფიული მონაცემების გათვალისწინებით, რომელიც თავისუფალი თხრობით იქნა გადმოცემული მის მიერ, დასტურდება, რომ დეპარტამენტის მიერ კანონის სრული დაცვით არის მიღებული დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს (მუხ. 2).

აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

ამავე კანონის 8.1 მუხლის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ დანართი 1-ის 2.1 მუხლის თანახმად, პირი დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ წერილობითი განცხადებით პირადად მიმართავს სააგენტოს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, განცხადებას თან უნდა ერთოდეს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურის ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს და მათი შესაბამისი კომისიების მიერ გაცემული ცნობა/დასკვნა, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების იძულებით გადაადგილებამდე მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების ფაქტს და ოჯახის შემადგენლობას (ამ უკანასკნელის შესაძლებლობის შემთხვევაში); გ) დევნილის შეხედულებისამებრ ან/და სააგენტოს მოთხოვნის შესაბამისად საჭირო ის საბუთები და მტკიცებულებები, რომლებიც იწვევს საფუძვლიან ვარაუდს იმისა, რომ პირის მოთხოვნა დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ შეესაბამება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრულ გარემოებებს.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დანაწესზე მითითებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელმა კონკრეტულად განსაზღვრა და პირდაპირ მიუთითა იმ სავალდებულო პირობებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც პირი ჩაითვლება იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად, კერძოდ, კანონის დანაწესიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მივიჩნიოთ იძულებით გადაადგილებულად – დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება, ადგილის, სადაც იგი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწევა. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა აქვს მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილისა და მისი იძულებით დატოვების ფაქტის დადგენას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) 2022 წლის 18 თებერვალს ა.კ-ემ განცხადებით მიმართა სიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა (ს.ფ. 46). აღნიშნული განცხადების საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო და „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანების შესაბამისად, დევნილთა საკითხების დეპარტამენტში 2022 წლის 1 მარტს ა.კ-ესთან ჩატარდა გასაუბრება. გასაუბრებისას განმცხადებელმა აღნიშნა, რომ დაიბადა ... წელს თბილისში, 1974-85 წელებში სწავლობდა ...ის №... საშუალო სკოლაში, 1985-94 წლებში სწავლობდა ...ში ქ. თბილისში, დაუსწრებელ განყოფილებაზე, ჰქონდა აკადემიური სემესტრებიც აღებული. 1985-1992 წლებში მუშაობდა ...ის ...ში და ...ას №... საშუალო სკოლაში. 1992 წელს დაოჯახდა და 2004 წელს ქორწინება დარეგისტრირდა თბილისში, 1993 და 2004 წლებში შეეძინა შვილი ქ. თბილისში, 1992-1995 წლებში დაკავებული იყო მცირე ბიზნესით, კერძოდ, ... მიჰქონდა რუსეთის ფედერაციაში გასაყიდად. 1995-1999 წლებში მუშაობდა ქ. თბილისში, ...ად, 1999 წლიდან დღემდე აქვს ... (შპს) ქ. თბილისში. ...ში, ... შესახვევი №... -ში მდებარე სახლი იყო დედის საკუთრება, ხოლო ....ის ქ. .№...-ში მას გააჩნდა საკუთარი მშენებარე, დაუსრულებელი კერძო სახლი. მისმა შვილებმა საშუალო განათლება მიიღეს ქ. თბილისში, 1994 წლიდან დღემდე ცხოვრობს თბილისში, თავდაპირველად მეუღლის საკუთრებაში, მისამართზე ...ის დასახლება, ... კვარტ. კორპ. №... ბ. №... ხოლო, 2008 წელს თავადაც შეიძინა ბინა ქ. თბილისში. 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ ომამდე ა.კ-ე სამუშაო დღეებში ოჯახთან ერთად იყო თბილისში, ხოლო შაბათ-კვირას და დასვენების დღეებში იმყოფებოდა ...ში, სადაც ცხოვრობდა დედა - ლ.ო-ი (დევნილი). 2015 წელს სამინისტროს დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართა, თუმცა სამინისტროს გადაწყვეტილება მისთვის უცნობია (ს.ფ. 46, 124-127, 120-122); ბ) სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2022 წლის 1 მარტს №03/4686 წერილით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ა.კ-ის შესახებ ინფორმაციის მოძიება მოითხოვა, კერძოდ, 2008 წლამდე ა.კ-ე მუდმივად ცხოვრობდა თუ არა მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის დასახლება, მე-... კვარტალი, კორპ. №... ბ. №... (ს.ფ. 59-60). სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საქართველოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ის სამმართველოს მიერ გაეგზავნა 2022 წლის 17 მარტის ოქმი მისამართზე გამოცხადების შესახებ. აღნიშნული ოქმის თანახმად, მართლწესრიგი ოფიცერი გამოცხადდა მისამართზე - ქ. თბილისი, ... მე-... კვარტალი, კორპუსი №....-ში, სადაც გასაუბრება ჩატარდა ა.კ-ის მეზობელთან, რომელმაც განმარტა, რომ იცნობს ა.კ-ეს, არის მისი მეზობლის ნათესავი, ა.კ-ესთან არაერთხელ ჰქონია კონტაქტი. ა.კ-ეს არ ჰქონდა საკუთარი სახლი, რის გამოც იგი სტუმრის სტატუსით რჩებოდა ნათესავთან, რადგან მუშაობდა თბილისში. 2008 წელს მან შეიძინა საკუთარი საცხოვრებელი სახლი, იგი აღარ სტუმრობდა ზემოაღნიშნულ მისამართზე (ს.ფ. 61, 62); გ) ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის 25 სექტემბრის ცნობის თანახმად, ა.კ-ე და მისი ოჯახი (მეუღლე და შვილები) ცნობის გაცემის თარიღის მდგომარეობით, ნამდვილად იმყოფებოდნენ ფულადი კომპენსაციის მიმღებთა სიაში (ს.ფ. 54); დ) ახალგორის მუნიციპალიტეტის ...ის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2015 წლის 29 აპრილს გაიცა №99 ცნობა, რომლის თანახმად, ა.კ-ე 2008 წლის 4 აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა ... ...ში, ... ის №... -ში. აღნიშნული ცნობის გაცემის საფუძველია ...ის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის 2015 წლის 1 აპრილის №948 დასკვნა. ახალგორის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის 2015 წლის 1 აპრილის №948 დასკვნის თანახმად კი, ა.კ-ე 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა ... ...ში (ს.ფ. 50, 49); ე) საქმეში წარმოდგენილია ახალგორის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიისადმი ა.კ-ის 20.04.2008 წლის განცხადება, სადაც უთითებს, რომ მას ... ...ში .... ქუჩაზე გააჩნია სახლი და მიწის ნაკვეთი, რომელზეც არ აქვს საკუთრების უფლება, შესაბამისად, ითხოვს მის დაკანონებას. განცხადებას თან ერთვის მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი, შენობის გეგმით (შედგენის თარიღია 10.04.2008 წელი) (ს.ფ. 97-107); ვ) 2015 წლის 3 ოქტომბერის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ერთი მხრივ, ქონების ეროვნული სააგენტო, წარმოდგენილი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სამინისტრო (გამყიდველი) მიერ და, მეორე მხრივ, ა.კ-ე, ვ.წ-ი და ლ.ო-ი (მყიდველი), დებენ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლითაც გამყიდველი უსასყიდლოდ გადასცემს ხოლო მყიდველი თანასაკუთრებაში იღებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავ ქონებას, მდებარე მცხეთა, ..., სახლი №..., საერთო ფართი 384 კვ.მ (ს/კ...). 2015 წლის 8 ოქტომბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე მცხეთა, ..., სახლი №... ს/კ..., რეგისტრირებულია ა.კ-ის, ვ.წ-ის და ლ.ო-ის თანასაკუთრებად (ს.ფ. 117-119, 146); ზ) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის თანახმად, კომისიამ დაასკვნა, რომ 2008 წლის აგვისტომდე ა.კ-ე აღარ იყო დაკავშირებული ... ...სთან ყოველდღიური ყოფით და შრომითი საქმიანობით, იგი დაოჯახდა, შვილები შეეძინა და მუშაობდა ქ. თბილისში 2008 წლის აგვისტოს ომამდე, ქ. თბილისში ცხოვრობდა მეუღლის საკუთრებაში, მისი შვილები სადავო პერიოდში სკოლაში დადიოდნენ თბილისში, ხოლო თავად მხოლოდ შაბათ-კვირას და დასვენების დღეებში იმყოფებოდა ...ში. შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ ... ... ვერ ჩაითვლებოდა ა.კ-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად და მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის მინიჭება მიზანშეწონილი არ იყო. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, სიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მიერ 2022 წლის 12 აპრილის მიღებულ იქნა №03-2095/ო ბრძანება, რომლითაც ა.კ-ეს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა (ს.ფ. 63-65, 68); თ) სამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე - ო.გ-ი, რომელმაც განმარტა, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი ცნობა, რომელიც ადასტურებს 2008 წლის ომამდე ...ში ა.კ-ის მუდმივი მაცხოვრებლის ფაქტს, მიღებულია უტყუარი ინფორმაციის საფუძველზე, კერძოდ, ო.გ-მა განმარტა, რომ მოსარჩელე ა.კ-ეს იცნობს ...დან, ასევე სწავლობდნენ და ერთად დაამთავრეს ...ის №... სკოლა. შესაბამისად, ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რას საქმიანობდა და სად იმყოფებოდა ა.კ-ე, მუდმივად გააჩნდა. მოწმემ ასევე განიმარტა, რომ ...ში მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსის კომისიური (რომელიც შედგებოდა 16 წევრისაგან - დეპუტატებისა და თემის რწმუნებულებისაგან) წესით განხილვისას ყველა ფაქტორი (მათ შორის, აღნიშნული პირის მშობლებისა და მათი წინაპრების შესახებ ინფორმაცია, თუ ვინ იყვნენ და სად ცხოვრობდნენ) მიიღება მხედველობაში და რაიმე ეჭვის შემთხვევაშიც კი, არ გაიცემა მუდმივი მაცხოვრებლის შესახებ ცნობა. კონკრეტულ შემთხვევაში, ა.კ-ის მუდმივი კავშირი ...სთან ცალსახა იყო და ეჭვს არ იწვევდა, რადგან ახალგორის მუნიციპალიტეტი არ არის დიდი ტერიტორია, შესაბამისად, ო.გ-ი იქ მყოფი მოსახლეობის 95 პროცენტს იცნობს, რომელთაც ასევე ძალიან მჭიდრო და ყოველდღიური კავშირი აქვთ ერთმანეთთან, რაც უფრო აადვილებს იქ მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადგენას. ო.გ-მა ასევე აღნიშნა, რომ ის და ა.კ-ე ერთმანეთის მახლობლად არსებულ მიწის ნაკვეთებზე აშენებდნენ სახლს ...ში, რომლის მშენებლობაც ბოლომდე ვერ დასრულდა, თუმცა ...ში ასევე ა.კ-ის მშობლებს გააჩნდათ სახლი. ამჟამად ისინი ...ის დევნილების დასახლებაში ცხოვრობენ. ა.კ-ეს მუდმივი კავშირი ჰქონდა ... სთან, ის მის საქმიანობიდან გამომდინარე, თბილისიდან შეძენილი მასალით ...ში ...ას ამზადებდა, ხოლო თბილისთან სიახლოვის გამო, როგორც ...ის უმეტესი მაცხოვრებელი, ა.კ-ეც სამსახურით იყო დაკავშირებული დედაქალაქთან. ო.გ-ის განმარტებით, ა.კ-ემ 2003 წელს და 2006 წელს დაუმზადა მას ... თავის სახლისთვის (ს.ფ. 186-202).

დევნილი პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დეფინიციასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილია დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის შესაბამისად, პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს.

საცხოვრებელი ადგილი უფრო ფართო მნიშვნელობისაა, რომლის კონკრეტულ სახეებს წარმოადგენს „რეგისტრაციის ადგილი“ და „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“. თუ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღმდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის სავალდებულოა პირის ნებას თან ახლდეს ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ მას სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება - დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი - უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს, მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს („მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ განმარტებასთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.06.2011წ. №ბს-1896-1849(კ-10) და 01.02.2012წ. №ბს-1227-1213(კ-11) განჩინებები).

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და მოწმის ჩვენებაზე, კერძოდ, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის 25 სექტემბრის ცნობის თანახმად, ა.კ-ე და მისი ოჯახი (მეუღლე და შვილები) ცნობის გაცემის თარიღის მდგომარეობით, ნამდვილად იმყოფებოდნენ ფულადი კომპენსაციის მიმღებთა სიაში. ახალგორის მუნიციპალიტეტის ... ...ის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2015 წლის 29 აპრილს გაცემული №99 ცნობის თანახმად, ა.კ-ე 2008 წლის 4 აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა ... ...ში, ... ის №... -ში. აღნიშნული ცნობის გაცემის საფუძველია ახალგორის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის 2015 წლის 1 აპრილის №948 დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ა.კ-ე 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა ... ...ში. ასევე საქმეში წარმოდგენილია ახალგორის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიისადმი ა.კ-ის 20.04.2008 წლის განცხადება, სადაც უთითებს, რომ მას ... ...ში .... ქუჩაზე გააჩნია სახლი და მიწის ნაკვეთი, რომელზეც არ აქვს საკუთრების უფლება, შესაბამისად, ითხოვს მის დაკანონებას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს 2015 წლის 3 ოქტომბერის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმად, ქონების ეროვნულმა სააგენტომ ა.კ-ეს, ვ.წ-ისა და ლ.ო-ის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მცხეთა, ..., სახლი №..., საერთო ფართი 384 კვ.მ (ს/კ ....). სამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე - ო.გ-ი, რომელმაც განმარტა, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი ცნობა, რომელიც ადასტურებს 2008 წლის ომამდე ...ში ა.კ-ის მუდმივი მაცხოვრებლის ფაქტს, მიღებულია უტყუარი ინფორმაციის საფუძველზე, კერძოდ, ო.გ-მა განმარტა, რომ მოსარჩელე ა.კ-ეს იცნობს ...დან, ასევე სწავლობდნენ და ერთად დაამთავრეს ...ის №... სკოლა. შესაბამისად, ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რას საქმიანობდა და სად იმყოფებოდა ა.კ-ე, მუდმივად გააჩნდა. ო.გ-მა ასევე აღნიშნა, რომ ის და ა.კ-ე ერთმანეთის მახლობლად არსებულ მიწის ნაკვეთებზე აშენებდნენ სახლს ... ში, რომლის მშენებლობაც ბოლომდე ვერ დასრულდა, თუმცა ...ში ასევე ა.კ-ის მშობლებს გააჩნდათ სახლი. ამჟამად ისინი ...ის დევნილების დასახლებაში ცხოვრობენ. ა.კ-ეს მუდმივი კავშირი ჰქონდა ...სთან, ის მის საქმიანობიდან გამომდინარე, თბილისიდან შეძენილი მასალით ...ში ...ას ამზადებდა, ხოლო თბილისთან სიახლოვის გამო, როგორც ...ის უმეტესი მაცხოვრებელი, ა.კ-ეც სამსახურით იყო დაკავშირებული დედაქალაქთან.

რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს მითითებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შედგენილ ადგილზე გამოცხადების ოქმზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმის დამადასტურებელ გარემოებად, რომ მოსარჩელე 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა ქ. თბილისში და არა ...ში. საკასაციო სასამართლო მითითებით, ის გარემოება, რომ მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრების, სამუშაო და სწავლების ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისი, ვერ დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელი ადგილს აუცილებლად წარმოადგენდა ქ. თბილისი და არა დღეის მდგომარეობით ოკუპირებული ტერიტორია. საქმეში წარმოდგენილი ზემოდასახელებული მტკიცებულებებით, მათ შორის, ახალგორის მუნიციპალიტეტის ... ...ის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2015 წლის 29 აპრილს გაცემული №99 ცნობით დგინდება, რომ ა.კ-ე 2008 წლის 4 აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა ... ...ში. აღნიშნული ცნობა კი, თავის მხრივ, ეფუძნება ...ის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის 2015 წლის 1 აპრილის №948 დასკვნას, რომლის მიხედვითაც, ა.კ-ე 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა ... ...ში. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემული სამართალურთიერთობის სპეციფიკის გათვალისწინებით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენისას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს ინფორმაციაზე, რომელიც უშუალოდ წარმოადგენს სადავო საკითხზე მონიტორინგის განმახორციელებელ სუბიექტს (იხ. საქმე №ბს-348(კ-22)). ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა და განსახილველი საქმისათვის მნიშვნელობა მიანიჭა შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემულ ცნობებს, რომლებიც ადასტურებენ საომარი მდგომარეობის დაწყებამდე, მოსარჩელის ... ს ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

ამდენად, საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ვერ იქნა დაძლეული მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი მოსარჩელის ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრებასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით საპირისპირო დასტურდება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მიზნებისათვის, წარმოადგენდა ... ... აღნიშნულის გათვალისწინებით კი, მართებულად იქნა დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნები სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია