საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-746 (კს-25) 17 სექტემბერი, 2025 წელი,
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,
თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. კ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტი (მოპასუხეები)
მესამე პირები – კასპის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.05.2025 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ა. კ-იმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი წარადგინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი მეორე მოპასუხის 21.11.2023 წლის №... გადაწყვეტილება კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, №... პირობითი საკადასტრო კოდით მონიშნული 630 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნეს ცნობილი პირველი მოპასუხის 22.01.2024 წლის №12872 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის დავალება.
2. გორის რაიონული სასამართლოს 28.11.2024 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.05.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი და განცხადება დარჩა განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.02.2025 წლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად, აპელანტს დაევალა აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში, ხარვეზის შევსების მიზნით, სააპელაციო სასამართლოში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, ან სახელმწიფო ბაჟის გადავადების ან/და გათავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ხარვეზის შევსების ვადაში აპელანტმა სასამართლოში წარადგინა სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი.
4.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2025 წლის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 07 დღით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარსადგენად.
4.3. ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება აპელანტის წარმომადგენელს ზაზა მათოშვილს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 11.04.2025 წელს ჩაჰბარდა პირადად.
4.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.03.2025 წლის განჩინების შესაბამისად, აპელანტს ხარვეზის შევსებისათვის ვადა ჰქონდა 22.04.2025 წლის 24:00 საათამდე (უქმე დღეების გათვალისწინებით). აპელანტმა სასამართლოში განცხადება წარადგინა 01.05.2025 წელს. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, რაც სსსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრისა და განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.05.2025 წლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
8. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. სსსკ-ის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
9. სსსკ-ის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
10. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად მასზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
11. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.02.2025 წლის განჩინებით აპელანტს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში, ხარვეზის შევსების მიზნით, სააპელაციო სასამართლოში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, ან სახელმწიფო ბაჟის გადავადების ან/და გათავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ხარვეზის შევსების ვადაში აპელანტმა სასამართლოში წარადგინა სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2025 წლის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 07 დღით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარსადგენად. სააპელაციო პალატამ აპელანტს მიუთითა სსსკ-ის 178-ე მუხლის მე-21 ნაწილი, რომლის თანახმად, სარჩელს/სააპელაციო საჩივარს უნდა ერთვოდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. პალატამ აპელანტს იქვე განუმარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ (ტ.3, ს.ფ.11-14).
13. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
14. განჩინება აპელანტის წარმომადგენელს ჩაჰბარდა 11.04.2025 წელს პირადად (იხ.: ჩაბარების დასტური, ტ.3, ს.ფ.17). გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე აღნიშნულია როგორც გზავნილის მიმღების ხელმოწერა, ისე მისი პირადი ნომერი (იხ. მინდობილობა, ტ.1, ს.ფ.13). შესაბამისად, ხარვეზის შევსების 07-დღიანი ვადის დენა დაიწყო 12.04.2025 წელს და ამოიწურა 22.04.2025 წელს, რამეთუ ხარვეზის შევსების ბოლო დღე (18 აპრილი) იყო საქართველოს შრომის კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის "ზ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დიდი პარასკევი, რომელსაც მოსდევდა ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრული სხვა სააღდგომო დღეები. შესაბამისად, აპელანტს ხარვეზის შევსებისათვის ვადა ჰქონდა 22.04.2025 წლის 24:00 საათამდე, თუმცა მას დაკისრებული საპროცესო მოვალეობა ამ პერიოდში არ შეუსრულებია. აპელანტმა სასამართლოს ხარვეზის შევსების მიზნით მიმართა მხოლოდ 01.05.2025 წელს, ანუ დადგენილი ვადის დარღვევით.
15. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას სახელმწიფო ბაჟის ქვითრის დედნის წარუდგენლობის საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უკანონობის შესახებ და აქვე უთითებს საკასაციო პალატის პრაქტიკას იმავე საფუძვლით კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე (სუსგ №ბს-93-92(კს-16), 25.04.2016წ.).
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად. სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.05.2025 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ოქროპირიძე