საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-675(2კ-25) 18 სექტემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
კასატორი (ასკ-ის 16.2) - სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) –შპს „კ...“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი–ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 19 ნოემბერს შპს „კ...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და მესამე პირის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის 4.06.2008წ. N228 ბრძანებით ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა დ. კ-ეის სახელზე. 2013 წლის 1 ნოემბრიდან აღნიშნული მშენებლობის ნებართვის მფლობელად განისაზღვრა შპს “კ...“. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2021 წლის 21 ოქტომბრის წერილით მოსარჩელეს უარი ეთქვა საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის უფლების მქონე პირთა ჩამონათვალში შეყვანაზე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ შპს “კ...ს” საკუთრებაში არსებული ობიექტი სრულად აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე მუხლით განსაზღვრულ წინაპირობებს, რის გამოც არ არსებობდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
2023 წლის 27 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნები. მოსარჩელემ საბოლოოდ მოითხოვა შპს "კ...სათვის“ საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის მიზნით დღგ-საგან გათავისუფლების ნუსხაში შეყვანის მოთხოვნაზე, უარის თქმის შესახებ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2021 წლის 21 ოქტომბრის №06-1421294391 წერილის ბათილად ცნობა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისთვის შპს „კ...ს“ (ს/ნ ...) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით დადგენილი შეღავათებით მოსარგებლე პირთა ნუსხაში შეყვანის დავალება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 სექტემბრის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება სსიპ შემოსავლების სამსახური.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა, განსახილველ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ჩაბმის შესახებ არ დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნული განჩინება სსიპ შემოსავლების სამსახურმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 ოქტომბრის საოქმო განჩინება; სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება სსიპ შემოსავლების სამსახური.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს “კ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის 2008 წლის 4 ივნისის N228 ბრძანებით ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა (ნებართვის მფლობელი - დ. კ-ეე).
დ. კ-ეემ 2012 წლის 7 სექტემბერს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა განცხადებით, რომლითაც მოითხოვა შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა. მუნიციპალიტეტის 2012 წლის 18 სექტემბრის ბრძანებით N1068 დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები და გაიცა მშენებლობის ნებართვა. 2013 წლის 1 ნოემბრის N02/2346 ბრძანებით, მშენებლობის ნებართვის მფლობელად განისაზღვრა შპს "კ...’’.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 27 აგვისტოს Nმ/421 ბრძანებით, შპს "კ...ს’’ 2014 წლის 20 აგვისტოს განცხადება, ქ. ბათუმში, დასახლება ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...), მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა. მშენებლობის მიზნით შპს "კ...ს’’ სახელზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის იანვრამდე. 2015 წლის 15 მაისს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შპს ,,კ...ს’’ სახელზე გაიცა N000429 მშენებლობის სანებართვო მოწმობა.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქ განვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2020 წლის 15 ივნისის N577 ბრძანებით, ცვლილება შევიდა 2015 წლის 15 მაისის Nმ/1160 ბრძანებაში და შპს ,,კ...ს’’ სახელზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 20 ივნისამდე.
2021 წლის 5 ოქტომბერს შპს ,,კ...მა’’ განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული, საგადასახადო შეღავათებით სარგებლობა მოითხოვა. ზემოაღნიშნულმა ორგანომ მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს. სსიპ შემოსავლების სამსახურის 10.05.2018წ. N21-03/60543 წერილობითი პასუხით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ეცნობა, რომ შპს ,,კ...ს’’ მიმართ ვერ გავრცელდებოდა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლით დადგენილი შეღავათები. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 21 ოქტომბრის წერილით, შპს ,,კ...ს’’ უარი ეთქვა საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის მიზნით დღგ-საგან გათავისუფლების ნუსხაში შეყვანის მოთხოვნაზე.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე-81-ე პუნქტებზე. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მტკიცება, იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, იძლევა ზემოაღნიშნული მუხლის გამოყენების სათანადო საფუძველს.
სასამართლომ ასევე მოიხმო საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისადაც, დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, თუ ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,კ...ს’’ უძრავი ქონება (მდებარე: ქ. ბათუმი, ...ის დასახლება, ს.კ. ...), განთავსებულია სამშენებლო ტერიტორიაზე, რომელიც დღეის მდგომარეობით ადმინისტრაციულად მოქცეულია ქალაქ ბათუმის ტერიტორიის საზღვრის იმ ზონაში, სადაც მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი, მათშორის ნაწილობრივ საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაუშვებლად არის მიჩნეული, რაც ასევე გამორიცხავს შპს ,,კ...ს’’ მიმართ საგადასახადო შეღავათის გამოყენებასა და მის დღგ-საგან გათავისუფლების შესაძლებლობას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს “კ...მა”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,კ...ს’’ წარმომადგენლის გ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს ,,კ...ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდა: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა, შპს ,,კ...ს’’ (ს/ნ ...) ობიექტის, მდებარე ქ. ბათუმში, ...ი, 1001 მ2 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდი: ..., საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით დადგენილი შეღავათებით გამოსაყენებელ ობიექტთა ნუსხაში შეყვანა.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში დაცულ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 22.06.2023წ. №004338223 დასკვნაზე, რომლის თანახმად, ქალაქ ბათუმში, ...ს გზატკეცილი ...-ში აშენებული შენობა-ნაგებობა წარმოადგენს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს. პალატამ ასევე საგულისხმოდ მიიჩნია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 20.09.2017წ. №25/15078 წერილი, რომლითაც შპს „კ...ს“ განცხადების პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი 2015 წლის 27 მარტის ცვლილებების თანახმად, ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა (შეთანხმებული დ. კ-ეის სახელზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის 2008 წლის 4 ივნისის №228 ბრძანებით) შესულია საგადასახადო შეღავათების სარგებლობის მქონე პირთა ჩამონათვალში. ამ ეტაპზე აღნიშნული მშენებლობის ნებართვის მფლობელია შპს „კ...“ (ს/ნ ...).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მეწარმე სუბიექტის მიმართ ხსენებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დასადგომად, აუცილებლად უნდა შესრულდეს შემდეგი პირობა: ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება მთლიანად ან ნაწილობრივ საცხოვრებლად უნდა იყოს განკუთვნილი. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული დოკუმენტაციით სამშენებლო ტერიტორია მოქცეულია იმ ზონაში, სადაც საცხოვრებელი, მათ შორის ნაწილობრივ საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაუშვებლად იქნა მიჩნეული, რის თაობაზეც მხარე ინფორმირებული იყო იმ დროისთვის, როდესაც მშენებლობის ნებართვაში ცვლილების შეტანის მოთხოვნით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, მოსარჩელის მიმართ ვერ გავრცელდება საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით დადგენილი საგადასახადო შეღავათი. სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა საქმეში დაცულ სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სანებართვო და საპროექტო დოკუმენტაციას.
კასატორი - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ შპს „კ...ს“ მიმართ ვერ გავრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე მუხლით გათვალისწინებული რეგულაცია, რამეთუ მითითებული მუხლი ითვალისწინებს შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომას თუ კუმულაციურად სახეზეა ამავე მუხლით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა. მითითებული მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა თუ ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება მთლიანად ან ნაწილობრივ საცხოვრებლადაა განკუთვნილი; ობიექტი, სადაც განთავსებულია უძრავი ქონება, ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი. ამავე მუხლის 81-ე ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათების გამოსაყენებლად იმ ობიექტების ნუსხას, რომლებიც აკმაყოფილებს ამ მუხლის 79-ე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. კასატორი ზემოხსენებული ნორმების საფუძველზე განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო საგადასახადო შეღავთის გავრცელების კანონისმიერი წინაპირობები.
კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური არ ეთანხმება ექსპერტიზის დასკვნას სამშენებლო ობიექტის ფუნქციურ მდგომარეობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული წერილობითი მტკიცებულება არ უნდა გაეთვალისწინებინა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს შპს „კ...ს“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე პუნქტით განსაზღვრულ, საგადასახადო შეღავათებით მოსარგებლე პირთა ნუსხაში შეყვანა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო აქტის გამოცემის დროს (21.10.2021წ.) მოქმედი რედაქციით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, მე-80 და 81-ე ნაწილების დანაწესების თანახმად: 79. დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა: ა)უძრავი ქონების მიწოდება და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა 2015 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა; ბ)მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია იმ ობიექტში, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ბ.ა) ობიექტი 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით არის გათვალისწინებული; ბ.ბ) ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა; ბ.გ) ამ ნაწილის „ბ.ა“ ან „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს შემდგომ პერიოდში შეიცვალა საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) ან განხორციელდა არსებული შენობის დემონტაჟი და გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა; გ) უძრავი ქონების მიმწოდებელი ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მფლობელია (იგი შეიძლება არ იყოს ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის/საპროექტო დოკუმენტაციის (არქიტექტურული პროექტის) მფლობელი); დ) იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2026 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს; ე) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, მთლიანად ან ნაწილობრივ საცხოვრებლადაა განკუთვნილი; ვ) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი. 80. ამ მუხლის 79-ე ნაწილის შესაბამისად დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული უძრავი ქონების მიწოდების განმახორციელებელი პირისათვის იმ ობიექტთან დაკავშირებით გაწეული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება, რომელიც ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი, გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით. 81-ე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათების გამოსაყენებლად იმ ობიექტების ნუსხას, რომლებიც აკმაყოფილებს ამ მუხლის 79-ე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის 2008 წლის 4 ივნისის N228 ბრძანებით ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და დ. კ-ეის სახელზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. 2012 წლის 7 სექტემბერს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მიმართა დ. კ-ეემ, რომელმაც მოითხოვა შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა და ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემა.
მუნიციპალიტეტის 2012 წლის 18 სექტემბრის ბრძანებით N1068 დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები და გაიცა მშენებლობის ნებართვა. 2013 წლის 1 ნოემბრის N02/2346 ბრძანებით, მშენებლობის ნებართვის მფლობელად განისაზღვრა შპს "კ...’’. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 27 აგვისტოს Nმ/421 ბრძანებით მშენებლობის მიზნით შპს "კ...ს’’ სახელზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის იანვრამდე. 2015 წლის 15 მაისს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შპს ,,კ...ს’’ სახელზე გაიცა N000429 მშენებლობის სანებართვოს მოწმობა. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2020 წლის 15 ივნისის N577 ბრძანებით, ცვლილება შევიდა 2015 წლის 15 მაისის Nმ/1160 ბრძანებაში და შპს ,,კ...ს’’ სახელზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 20 ივნისამდე.
2021 წლის 5 ოქტომბერს შპს ,,კ...მა’’ განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებული, საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის მოთხოვნით. აღმასრულებელმა ორგანომ წერილით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს, რომლის 10.05.2018 წლის N21-03/60543 წერილობითი პასუხით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ეცნობა, რომ შპს ,,კ...ს’’ მიმართ ვერ გავრცელდებოდა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლით დადგენილი შეღავათები. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 21 ოქტომბრის წერილით, შპს ,,კ...ს’’ უარი ეთქვა საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის მიზნით დღგ-საგან გათავისუფლების ნუსხაში შეყვანის მოთხოვნაზე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ შპს „კ...“ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ სამივე პირობას. კასატორის ძირითადი პრეტენზია მიემართება იმ საკითხს, რომ შპს „კ...ს“ მიერ აშენებული ობიექტი წარმოადგენს სასტუმროს და არა ნაწილობრივ ან მთლიანად საცხოვრებელ სახლს, რის გამოც იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის „ე“ პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას (ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, მთლიანად ან ნაწილობრივ საცხოვრებლადაა განკუთვნილი).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით 4.06.2008წ. ბრძანებით შეთანხმდა მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის პროექტი. მოგვიანებით შეიცვალა მშენებლობის ნებართვის მფლობელი სუბიექტი და ნებართვის მოქმედების ვადები. 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით სადავო უძრავ ქონებასთან მიმართებით სახეზე იყო ვადაში მყოფი შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაცია. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მტკიცებას მასზედ, რომ უფლებამოსილი პირების მიერ მოგვიანებით გაცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გაუქმდა თავდაპირველი მშენებლობის ნებართვა, რამეთუ მოგვიანებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში მითითებულია მხოლოდ სანებართვო მოწმობაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მნიშვნელოვანია, რომ მითითებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო ობიექტის ფუნქციური დანიშნულების შეცვლა განაპირობა ადმინისტრაციული ორგანოს მითითებამ ვინაიდან, სამშენებლო ტერიტორია მოექცა ბათუმის ტერიტორიის იმ საზღვრის ზონაში, სადაც დაუშვებელი გახდა საცხოვრებელი ან ნაწილობრივ საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შპს "კ...ს" წარმომადგენლის ახსნა-განმარტებაზე, რომლის თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთზე 2008 წელს დ. კ-ეემ მიიღო მშენებლობის ნებართვა, თუმცა მითითებულ წელს დაიწყო ომი, რის გამოც ნებართვის მფლობელს მშენებლობაში შეეშალა ხელი. ზემოაღნიშნულმა პირმა განმარტა, რომ ნებართვის გაგრძელებაზე მოთხოვნის წარდგენისას მუნიციპალურმა ორგანომ აცნობათ, რომ მიწის ნაკვეთის კონკრეტულ არეალში მოქცევის გამო მშენებლობის ვადას არ გაუგრძელებდნენ, თუ სასტუმროს არ მიუთითებდა, თუმცა რეალურად არაფერი შეცვლილა, ისინი აშენებდნენ და ააშენეს კიდეც მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლი, რომელშიც არსებული ბინების რეალიზაციასაც 2012 წლიდან ინდივიდუალურად ახდენდნენ მოქალაქეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მსგავსად ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ ფოტოსურათებზე, რომლიდანაც ცალსახად დგინდება, რომ ობიექტი წარმოადგენს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს, რომელსაც გააჩნია ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
საქმეში დაცული ი.ს. „რ...ის“ განმარტებითი ბარათის თანახმად, მშენებლობის დამტკიცებული პროექტი, თავდაპირველად იყო 6-7 სართულიანი, შემდგომში დამკვეთის შპს „კ...ს“ დირექციის თხოვნით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 15 მაისის №მ/1160 ბრძანებით, შეტანილი იქნა ცვლილებები, შენობა გახდა 9 (ცხრა) სართულიანი და გაიცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა სმ№00049. პროექტით I სართული განსაზღვრული იყო არასაცხოვრებელი დანიშნულების ფართებისათვის, ხოლო მე-2 სართულიდან მე-9 სართულის ჩათვლით, საცხოვრებელი ფართებისათვის, რაც შესაბამისად ასახულია ბინებისა (ოთახების) საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების ნაკრები ტექნიკური სპეციფიკაციით.
საქმეში დაცული საჯარო რეესტრის ამონაწერებით დასტურდება კონკრეტულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში აღრიცხვა.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას ექსპერტიზის დასკვნის გაზიარებაზე უარის თქმის თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 105-ე და 172-ე მუხლების საფუძველზე მართებულად გაიზიარა 22.06.2023წ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის თანახმად, ქალაქ ბათუმში, ...ს გზატკეცილი ...-ში აშენებული შენობა-ნაგებობა წარმოადგენს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გრუნტების მექანიკისა და ფუძე-საძირკვლების მიმართულების ხელმძღვანელის, ტექნ. მეცნ. დოქტორის, პროფესორის გ. ჭ-ეის საექსპერტო დასკვნის თანახმად, 2015 წლის აპრილში შემოწმდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში, 9 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისათვის გამოყოფილი მოედნის საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების ტექნიკური დოკუმენტაცია. ჩატარებული საინჟინრო - გეოლოგიური სამუშაოები ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში 9 სართულიანი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისათვის გამოყოფილ მოედანზე აკმაყოფილებს საქართველოში ამჟამად მოქმედი სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლო ზემოხსენებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ სადავო ობიექტი მიეკუთვნება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლში 2015 წლის 20 მარტს განხორციელებული ცვლილებების შედეგად მითითებულ მუხლს დაემატა 79-ე-81-ე მუხლები. მითითებული ცვლილების კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ირკვევა, რომ „2008 წლის აგვისტოს ომის და ფინანსური კრიზისის გამო არაერთი ობიექტის მშენებლობა არის შეჩერებული. კომპანიებს უძრავი ქონების მშენებლობისას და მიწოდებისას წარმოეშობათ დღგ-ს გადახდის ვალდებულება, რაც ართულებს მშენებლობის დასრულებას. კანონპროექტის მიღების მიზეზია, საგადასახადო შეღავათის დაწესების გზით, შეჩერებული მშენებლობების დასრულების ხელშეწყობის აუცილებლობა.“ ამდენად, მითითებული საკანონმდებლო რეგულაციის მიღების მიზანია, შეჩერებული მშენებლობების დასრულების ხელშეწყობა, დღგ-ში საგადასახადო შეღავათის დაწესების გზით, რაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კანონის დებულებათა განსახილველი საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან მისადაგებისას.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ „კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს კანონმდებლის ნამდვილი მიზნის, განზრახვის ადეკვატურად. სასამართლომ უნდა გამოიყენოს განმარტების ისეთი წესები, რომლის მიხედვით კანონი უნდა იყოს განმარტებული კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს, კერძოდ, ყოველი ნორმა განმარტებული უნდა იქნეს არა ფრაგმენტულად, არამედ სისტემური და ტელეოლოგიური მეთოდებით, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს - გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით. ნორმის, მისი ფაქტობრივი ელემენტებისა და სამართლებრივი შედეგის დაკონკრეტება ხორციელდება ნორმაში გამოყენებული ცნებების განმარტების გზით. ხსენებული განმარტების საშუალებით ხდება სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაცია და მისი შინაარსის განსაზღვრა“ (სუსგ №ბს-479-459(კ-10), 21.10.2010წ.).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლში 2015 წლის 20 მარტს განხორციელებული ცვლილებების მიზნის გაანალიზების შედეგად, იკვეთება კანონმდებლის პირდაპირი განზრახულობა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი გავრცელდეს იმ შემთხვევაში თუ აშენებული ობიექტი ნაწილობრივ ან სრულად არის საცხოვრებლად განკუთვნილი. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შპს "კ...ზე" საგადასახადო შეღავათების გავრცელება არსებითად დაკავშირებულია სადავო მიწის ნაკვეთზე დ. კ-ეის სახელზე 4.06.2008წ. გაცემულ მშენებლობის ნებართვასთან. მართალია მოგვიანებით შეიცვლა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის ტერიტორიული ქვემდებარეობა და იგი მოექცა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საზღვრებში, რის გამოც მასზე გავრცელდა ახალი სამართლებრივი რეგულაცია, თუმცა აღნიშნული გარემოება ვერ გააუარესებდა შპს "კ...ს" წინამორბედის მიერ მოპოვებულ უფლებას, რომლის რეალიზაცია უკვე დაწყებული იყო, კერძოდ, საცხოვრებელი ბინები 2012 წლიდან სამომავლო უფლებით ინდივიდუალურად უკვე გასხვისდა.
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული დღგ-სგან ჩათვლის უფლების მოსარჩელის მიმართ გავრცელების შეზღუდვის შესახებ კასატორი ასაბუთებს იმ არგუმენტაციით, რომ მოსარჩელე შეყვანილი არ ყოფილა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ობიექტთა ნუსხაში. ამ მხრივ, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 23.01.2025წ. წერილზე, რომლიდანაც ირკვევა, რომ ამავე სამსახურის 30.08.2017წ. წერილით შემოსავლების სამსახურს, ხოლო 20.09.2017წ. წერილით შპს „კ...ს“ დირექტორ დ. კ-ეს მიეწოდა ინფორმაცია ქ. ბათუმში, ...ში მდებარე 1001.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №...) ობიექტის საგადასახადო შეღავათების სარგებლობის მქონე პირთა ჩამონათვალში შეყვანის თაობაზე, რაც წარმოადგენდა ტექნიკურ შეუსაბამობას. აღნიშნულის აღმოფხვრის მიზნით, ინფორმაცია დაზუსტდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2018 წლის 12 აპრილის №25/6993 წერილით. საგულისხმოა, ტექნიკური ხარვეზის არსებობის თაობაზე შპს „კ...ს“ ინფორმირების შესახებ მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები, ხოლო არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. შეცდომების გასწორება უნდა გამოქვეყნდეს ან გადაეცეს ოფიციალური გაცნობისთვის იმავე წესით, რაც დადგენილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთვის ან გაცნობისთვის. მოცემულ შემთხვევაში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის წერილში მითითებული ტექნიკური ხარვეზი შინაარსობრივად არსებითი ხასიათის შესწორებაა, რაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით უნდა განხორციელებულიყო და მხარეს ოფიციალური წესით უნდა გასცნობოდა, თუმცა დადგენილია, რომ ასეთი აქტი არ გამოცემულა და მხარეს არ ჩაჰბარებია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „კ...“ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის „ბ“ პუნქტის, მათ შორის „ბ.ა.“; „ბ.ბ.“; „ბ.გ.“ ქვეპუნქტებისა და „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა