Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე № ბს-1195(კ-24) 1 სექტემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ე. კ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მესამე პირები - ო. მ-ი, ი. მ-ი, ვ. მ-ი, ვლ. მ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 29 იანვარს ე. კ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 1993 წლიდან 2004 წლამდე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ხოლო 1998 წლიდან 2004 წლამდე იყო მიმართულება „...ის“ სარდალი, ვინაიდან, თბილისში საცხოვრებელი სახლი არ გააჩნდა, 2000 წლის პირველ თებერვალს განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ში თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული 0,7 ჰა უძრავი ქონებისა და მასზე განლაგებული ამორტიზებული შენობების გამოყოფა. აღმოსავლეთ რეგიონის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის უფროსის 2000 წლის 20 მარტის N105 წერილის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თანხმობა განაცხადა აღნიშნული ტერიტორიის მოსარჩელის ხარჯებით მოწყობაზე. 2000 წლის 22 მარტს, გენერალ-მაიორ თ.ლ-ას მიერ მომზადდა წერილი, თავდაცვის მინისტრის სახელზე, განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე. 2002 წლის 12 სექტემბერს შედგა აქტი, რომლის საფუძველზეც ...ის ოპერატიულ მიმართულებას სარგებლობაში გადაეცა ქ.თბილისში, ...ში არსებული შენობა-ნაგებობები და 0,7 ჰა მიწის ნაკვეთი და გაიცა უძრავი ქონების პასპორტი. მოსარჩელის განმარტებით, 2003 წლის 25 დეკემბერს განცხადებით მიმართა ტექნიკური აღრიცხვის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ს ქ. ... ჩიხი N...-ში არსებული უძრავი ქონების საკუთრებაში აღრიცხვა. იგი წლების განმავლობაში ცხოვრობდა აღნიშნულ ფართში ოჯახთან ერთად. მისთვის მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ორდერი გასცა ო. მ-ის სახელზე. მოსარჩელის განმარტებით, ორდერი გაცემულია კანონის დარღვევით არაუფლებამოსილი პირის მიერ.

მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2019 წლის 8 იანვრის ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონალური საბინაო საექსპლუატაციო ნაწილის მიერ გაცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის - N0040/2 ორდერის, გამოცემისთანავე არარად აღიარება და მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება - ქ.თბილისში, ...ს ქუჩის ... N...-ში მდებარე 0.7 ჰა უძრავი ქონების მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხვის შესახებ. ასევე, ქ. თბილისში, ...ს ქუჩის ..., N...-ში მდებარე შენობის ე. კ-ისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

2019 წლის 25 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას დაზუსტებული სარჩელით მიმართა ე. კ-იმა და მოითხოვა: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არარად ეცნო ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი - ო.მ-ის სახელზე 2006 წლის 8 ნოემბერს გაცემული N0040/2 ორდერი; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში აღერიცხა ქ.თბილისში, ...ს ქუჩის ... N...-ში მდებარე უძრავი ქონება 0,7ჰა და გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. თბილისში, ...ს ქუჩის ... N...-ში მდებარე 177,79 კვ.მ უძრავი ქონების მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

2019 წლის 31 ივლისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს წარმოებაში არსებულ სასარჩელო მოთხოვნებთან ერთად მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2019 წლის 19 მარტის NMOD01900275697 წერილის ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განჩინებით ე. კ-ის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო. მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. კ-იმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 თებერვლის განჩინებით ე. კ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განჩინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონალური საბინაო საექსპლუატაციო ნაწილის მიერ 2006 წლის 08 ნოემბერს ო. მ-ის სახელზე გაცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - N0040/2 ორდერის არარად ცნობის დავალების თაობაზე მოთხოვნის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განჩინება დარჩა უცვლელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 მარტის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირებად ჩაებნენ ო. მ-ი, ი. მ-ი, ვ. მ-ი და ვლ. მ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2023 წლის 11 იანვარს წარდგენილი დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონალური საბინაო-საექპლოატაციო ნაწილის 2006 წლის 08 ნოემბერს ო. მ-ის, ი. მ-ის, ვლ. მ-ის და ვ. მ-ის სახელზე გაცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - N0040/2 ორდერის ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ე. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონალური საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის 2006 წლის 08 ნოემბერს ო. მ-ის, ი. მ-ის, ვლ. მ-ის და ვ. მ-ის სახელზე გაცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი - N0040/2 ორდერი. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ო. მ-იმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ო. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტაცია სადავო 2006 წლის 8 ნოემბრის №0040/2 ორდერით განკარგულ ქონებაზე მისი საკუთრების უფლების არსებობის თაობაზე და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ საქმეში ვერ იქნა წარმოდგენილი მითითებული გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ამგვარ მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული 2000 წლის 18 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტი, ვინაიდან მითითებული აქტით ...ში თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი 0.7ჰა-ს ოდენობით, გაცემულ იქნა საექსპლუატაციოდ. ამასთან, უძრავი ქონება საექსპლუატაციოდ გადაეცა არა უშუალოდ ფ/პ ე. კ-ის, არამედ ოპერატიულ მიმართულება „...ას“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. კ-იმა.

კასატორის განმარტებით, სასამართლოს უნდა გამოეკვლია და დაედგინა ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტის გამოცემისას გამოიკვლია თუ არა სრულად ფაქტები, მოიწვია თუ არა სადავო აქტის გამოცემისას დაინტერესებული მხარეები, ე. კ-ი და მისი ოჯახი. კასატორის მითითებით ერთი და იმავე ქონებაზე გამოცემულია სხვადასხვა აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სხვადასხვა პირზე. ე. კ-ითან გაფორმებულია პირობადადებული ხელშეკრულება, კერძოდ, მასთან შეთანხმებით სამინისტრომ გამოსცა თანხმობა ქონების გადაცემაზე, თუ ე. კ-ი პირადი სახსრებით ააგებდა შენობა-ნაგებობებს და კეთილმოაწყობდა გარემოს. კასატორმა პირადი სახსრებით მნიშვნელოვნად გაზარდა ქონების ღირებულება, რაც ცნობილი იყო სამინისტროსთვის. კასატორი, როგორც სამხედრო მოხელე და წოდების მქონე, უფლებამოსილი იყო საცხოვრებელი ფართის მიღებაზე და ასევე სახელმწიფოც ვალდებული იყო გადაეცა საკუთრებაში მიწის ნაკვეთი, ვინაიდან ვერ აკმაყოფილებდა საცხოვრებელი ფართით.

კასატორის განმარტებით, საქმეში არ მოიპოვება სადავო ორდერის გაცემის საფუძველი - ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება. ორდერი გაცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ, ორდერის ბლანკზე მითითებულია სხვა დანაყოფი. კასატორის განმარტებით, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს №603 დადგენილებით ორდერის გაცემის უფლება იმ დროს ჰქონდა ქ.თბილისის მერიას. ამასთან, ო. მ-ი არ მუშაობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და მას უნდა გაეთავისუფლებინა ბინა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, სადავო ორდერი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს კასატორს, ვინაიდან, ის გაცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონის უხეში დარღვევით და ლახავს კასატორის საკუთრების უფლებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული ე. კ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონალური საბინაო-საექსპლოატაციო ნაწილის 2006 წლის 8 ნოემბერს გაცემული №0040/2 ორდერის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1997 წლის 8 იანვრის N4 ბრძანებით, ... ე. კ-ი ჩაირიცხა სამხედრო ძალებში და დაინიშნა სახმელეთო ჯარების სარდლის განსაკუთრებული დავალებების შემსრულებელ ოფიცრად (შტატი №...). საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1998 წლის 29 ივლისის №276 ბრძანებით კი, ... ე. კ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დაინიშნა მიმართულება „...ის“ სარდლად (შტატი №...), ხოლო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის - თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის 1999 წლის 19 ნოემბრის №1150 ბრძანებით, ... ე. კ-ი - „...ის“ სარდალი, დაინიშნა მიმართულება „...ის“ უფროსად.

2000 წლის 1 თებერვალს, ოპერატიული მიმართულება „...ის“ უფროსმა ...მა - ე. კ-იმა განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრს და მიუთითა, რომ თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება ...ში არსებული ტერიტორია 0,7 ჰა, რომელიც გადაქცეულია ნაგავსაყრელად. ტერიტორიაზე არსებობს დანგრეული და ამორტიზებული შენობები. განცხადებაში ასევე მიუთითა, რომ მინისტრის თანხმობის შემთხვევაში, მათი ძალებით აღდგენილ იქნებოდა შენობები, სადაც შესაძლებელი იქნებოდა „...ის“ უბინაო ოფიცრებისათვის ფართის გამოყოფა.

აღმოსავლეთ რეგიონის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის უფროსის 2000 წლის 20 მარტის №105 წერილის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ზურგის მთავარი სამმართველოს უფროსს „...ის“ ოპერატიული მიმართულების უფროსის 2000 წლის 1 თებერვლის №28 წერილის პასუხად ეცნობა, რომ მინისტრის ბრძანების საფუძველზე შესაძლებელია ...ში არსებული შენობა-ნაგებობების საცხოვრებელ ფართად გადაყვანა. ამასთან, დამატებით ეცნობა, რომ ... ე. კ-ი შეთანხმების საფუძველზე იღებდა ვალდებულებას საკუთარი სახსრებით გაერემონტებია შენობები და კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია.

დადგენილია, რომ 2000 წლის 18 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტით, ოპერატიულ მიმართულება „...ას“ საექსპლუატაციოდ გადაეცა ...ში თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი 0.7 ჰა-ს ოდენობით, ხოლო 2003 წლის 25 დეკემბერს, „...ის“ უფროსმა ...მა, ე. კ-იმა №448 განცხადებით მიმართა ტექნიკური აღრიცხვის სამსახურს, ...ს პირველი ქუჩა №...-ში მდებარე ქონების „...ის“ ბალანსზე აღრიცხვის მოთხოვნით.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი აღმოსავლეთ საქართველოს საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის ბალანსზე რიცხული სამხედრო ქალაქ №221-ის ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს №1 რეგიონალური ბაზის ბალანსზე გადაცემის და შესაბამისად ,,...ის“ ოპერატიულ მიმართულებაზე დამაგრების თაობაზე 2002 წლის 12 სექტემბრის აქტის თანახმად, ყოფილი აღმოსავლეთ საქართველოს საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის უფროსის ... ნ. რ-ის და ,,...ის“ მიმართულების წარმომადგენლების მონაწილეობით, თავდაცვის მინისტრის 14.01.02 წლის №8 ბრძანების საფუძველზე, მოახდინეს ყოფილი აღმოსავლეთ საქართველოს საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის ბალანსზე რიცხული ს/ქ №221-ის ტერიტორიის, შენობა-ნაგებობების, კომუნიკაციების და კეთილმოწყობის ობიექტების გადაცემა ინფრასტრუქტურის რეგიონალური ბაზა №1-ის ბალანსზე და აღნიშნული ბაზის მომსახურეობის ზონაში დისლოცირებული ,,...ის“ ოპერატიულ მიმართულების სარგებლობაში დამაგრება, რაზედაც შეადგინეს წინამდებარე აქტი და განახორციელეს შესაბამისი ცვლილებები საბუღალტრო დოკუმენტაციასა და საქმის წარმოებაზე. ქვეკომისიამ ყოფილი აღმოსავლეთ საქართველოს საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის ბალანსიდან ინფრასტრუქტურის რეგიონალური ბაზა №1-ის ბალანსზე გადააბარა და ...ის ოპერატიულ მიმართულებას სარგებლობაში დაუმაგრა. შენობა-ნაგებობები ფაქტიური მდგომარეობისა და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ჩვენებით: საცხოვრებელი შენობა, შენობის მოცულობა - 430.5; საერთო ფართი 123, საცხოვრებელი - 91, მუშა - 32.

2003 წლის 25 დეკემბერს, „...ის“ უფროსმა ...მა, ე. კ-იმა №448 განცხადებით მიმართა ტექნიკური აღრიცხვის სამსახურს, ...ს ... ქუჩა №...-ში მდებარე ქონების „...ის“ ბალანსზე აღრიცხვის მოთხოვნით.

2004 წლის 25 თებერვალს შედგა ქ. თბილისი ...ს ... ქუჩა №...-ში მდებარე უძრავი ქონების საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების ფონდის, სახელმწიფო საზოგადოებრივ საბინაო საცხოვრებელი ფონდის ტექნიკური პასპორტი, სადაც საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტის საფუძვლად მითითებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2001 წლის 18 მაისის №110 ბრძანება, ხოლო მესაკუთრის გრაფაში მითითებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს პირველი რეგიონალური ბაზა. ტექნიკური პასპორტის საერთო მონაცემებში მითითებულია შემდეგი: სართულების ოდენობა - 1, განაშენიანების ფართობი 73 მ3, შენობის მოცულობა - 325 მ3, საერთო ფართობი - 84,24, არასაცხოვრებელი სათავსოს ფართი - 84,24 მ2, კედლების მასალა -აგური, აშენების პერიოდი - 2004 წელი. აღნიშნულ ტექპასპორტზე დასმულია თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ბეჭედი. ტექპასპორტს ერთვის შენობა-ნაგებობების გენ-გეგმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 22 მარტის №857 ბრძანებით, მიმართულება „...ის“ ... ე. კ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან და ჩაირიცხა რეზერვში (შტატი №...).

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2004 წლის 19 ივლისის №179 ბრძანების თანახმად, 2004 წლის 25 ივლისიდან გაუქმდა საშტატო სტრუქტურები, მათ შორის ოპერატიული მიმართულება „...ა“ მმართველობა, შტატი №..., 58 სამხედრო მოსამსახურის რიცხოვნობით, დისლოკაციის ადგილი ...ა ს. .... გაუქმებული საშტატო სტრუქტურების ბაზაზე ჩამოყალიბდა ...„მ...“.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2004 წლის 29 დეკემბრის №403 ბრძანების თანახმად, 2004 წლის 28 დეკემბრიდან გაუქმდა სამთო-მსროლელი რაზმი „მ...“, ჩამოყალიბდა ქვეითი ბატალიონი „მ...“, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2005 წლის 27 მაისის №180 ბრძანებით 2005 წლის 1 ივნისიდან გაუქმებულ იქნა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექინვენტარიზაციის ბიუროს არქივის უფროსმა 2006 წლის 11 აგვისტოს წერილის პასუხად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაცო სამსახურს აცნობა, რომ ტექინვენტარიზაციის ბიუროს არქივის მონაცემების თანხმად, ქ. თბილისი, ...ს ... ქუჩა №..., 2003 წლის 24 დეკემბრის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული მიმართულება „...ა“-ს №448 მიწერილობის საფუძველზე აღრიცხულია, 3160 კვ.მ. ფართი, შენობის საერთო ფართი 177,79 კვ.მ.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ თავდაცვის სამინისტროს ოპერატიულ მიმართულება „...ის “ გაუქმების შემდეგ ზემოაღნიშნული უძრავი ქონება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე აღარ აღრიცხულა.

მოსარჩელე - ე. კ-ი დავისადმი კანონიერ ინტერესს ასაბუთებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ აღმოსავლეთ რეგიონის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის უფროსის 2000 წლის 20 მარტის №105 წერილის, თავდაცვის სამინისტროს ზურგის მთავარი სამმართველოს „...ის“ ოპერატიული მიმართულების უფროსის 2000 წლის 1 თებერვლის №28 წერილისა და 2000 წლის 18 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტით, ოპერატიულ მიმართულება „...ას“ საექსპლუატაციოდ გადაეცა ქ. თბილისში, ...ს ... ქუჩა №...-ში მდებარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი. სადავო ორდერით კი, მოხდა ამ შენობა-ნაგეობაში არსებული ბინის ო. მ-ის, ი. მ-ის, ვლ. მ-ის და ვ. მ-ისათვის გადაცემა.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს №603 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანისა და საცხოვრებელი ფართობის უზრუნველყოფის შესახებ“ დებულებაზე, რომლის 1-ელი თავის მე-2 პუნქტისა და მე-3 თავის მე-14 პუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო უწყებების საბინაო ფონდში, აგრეთვე სახელმწიფო საბინაო ფონდში სამხედრო უწყებათა სარგებლობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართობიდან ბინებით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან: გენერლები, ადმირალები, ოფიცრები და ზემდეგები თავიანთი ოჯახებით, ამასთან გენერლებს და ადმირალებს ბინები ეძლევათ უვადო სარგებლობის (დამქირავებლის) უფლებით, ხოლო დანარჩენ ოფიცერთა შემადგენლობას ბინები ეძლევათ სამსახურებრივი დანიშნულებით. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დროებით დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფი და ყოფილი სსრ კავშირის სამხედრო უწყებები თავიანთ საუწყებო საბინაო ფონდში სამხედრო მოსამსახურეებს ბინებს აძლევენ დროებითი სარგებლობისათვის, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მათი სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდის ვადით. ამავე დებულების მე-13 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს ბინები ეძლევათ საბინაო კომისიის გადაწყვეტილებით. სამხედრო მოსამსახურეების სიას, რომლებსაც ეძლევათ ბინები (დანართი №2) სათანადო დამადასტურებელი დოკუმენტაციით სამხედრო ნაწილის მეთაური შესათანხმებლად აგზავნის საბინაო - საექსპლუატაციო ნაწილში, რომლის წარდგინებითაც მას ამტკიცებს ზემდგომი სამხედრო უწყება. ამავე დებულების მე-15 და მე-16 პუნქტების მიხედვით, მმართველობის ადგილობრივი ორგანო იხილავს სამხედრო უწყებიდან გადაცემულ დოკუმენტაციას და ორი კვირის ვადაში გასცემს ორდერებს, რომლის საფუძველზედაც ხორციელდება ბინაში შესახლება. ორდერში იწერება სამხედრო მოსამსახურის გვარი, სახელი, მამის სახელი, წოდება, მისი ოჯახის წევრების შემადგენლობა, ნათესაური კავშირი და დაბადების წელი, ბინის მისამართი, საცხოვრებელი ოთახების რაოდენობა და მათი ფართობი, ორდერში იწერება აგრეთვე, რომ ბინა ეძლევა უვადო ან დროებითი სარგებლობისათვის. მითითებულ პუნქტებს ერთვის შენიშვნა, რომ დახურულ სამხედრო ქალაქებში ორდერები გაიცემა საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის მიერ.

საქმის მასალებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ე. კ-ის, საკუთრების უფლება ქ.თბილისში, ...ს ... ქუჩა №...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე არ წარმოშობია. ,,...ას“ მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობა გადაეცა საექსპულატაციოდ, სადაც შესაძლებელი იქნებოდა „...ის“ უბინაო ოფიცრებისათვის ფართის გამოყოფა. ხოლო, მოსარჩელეს, როგორც ფიზიკურ პირს, სადავო ორდერში მითითებულ ქონებაზე უფლების დამდგენი დოკუმენტი არ გააჩნია. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება. საკუთრების უფლების დამდგენ მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული 2000 წლის 18 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტი, ვინაიდან მითითებული აქტით ქ. თბილისში, ...ში თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი 0.7ჰა-ს ოდენობით, გაცემულ იქნა საექსპლუატაციოდ. ამასთან, უძრავი ქონება საექსპლუატაციოდ გადაეცა არა უშუალოდ ფიზიკურ პირს - ე. კ-ის, არამედ ოპერატიულ მიმართულება „...ას“. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2000 წლის 22 მარტის №3/6-65 და ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზურგის მთავარი სამმართველოს უფროსის 2000 წლის 22 მარტის №3-8/110 წერილებში ცალსახად არის მითითებული, რომ ტერიტორია და მასზე განლაგებული ამორტიზირებული შენობები სწორედ „...ის“ ოპერატიული მიმართულების სარდლობას უნდა გადასცემოდა. თავის მხრივ, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ოპერატიული მიმართულება „...ის“ ... - ე. კ-ი 2000 წლის პირველი თებერვლის განცხადებით სადავო უძრავი ქონების გადაცემას ითხოვდა „...ის“ უბინაო ოფიცრებისათვის ფართის გამოყოფის მიზნით.

რაც შეეხება კასატორის აპელირებას 2006 წლის 8 ნოემბრის №0040/2 ორდერის გამომცემი ორგანოს არაუფლებამოსილებაზე, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია ოდერი ამოწერილია აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონალური საბინაო - საექსპლოატაციო ნაწილის ბლანკზე, მაგრამ დატანილია მის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს - თავდაცვის სამინისტროს სტაციონალური ლოგისტიკური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველო №1 რეგიონული ბაზის ბეჭედი და ხელმოწერილია უფლებამოსილი პირის მიერ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, იმავე ნორმის საფუძველზე და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ე. კ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ე. კ-ის (პ/ნ ...) საკასაციო საჩივარზე ო. თ-ეს (პ/ნ ...) 16.11.2024წ. №7151 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ო. თ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს ე. კ-ის (პ/ნ ...) საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება;

3. ო. თ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ე. კ-ის (პ/ნ ...) საკასაციო საჩივარზე 16.11.2024წ. №7151 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე