Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-155(კს-25) 17 სექტემბერი , 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე; ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) - კ.კ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 იანვრის განჩინება

დავის საგანი - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2014 წლის 25 ივნისს კ.კ-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა ქ. ქუთაისის მერის 2014 წლის 9 ივნისის Nკ-3702 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №...-ში მდებარე ბინის მოსარჩელისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით კ.კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით კ.კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; კ.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისის მერის 2014 წლის 9 ივნისის Nკ-3702 წერილი, ქ, ქუთაისის მერიას დაევალა ქ. ქუთაისში, ...ას ქ. N...-ში მდებარე ბინის ნაწილის - ქ. ქუთაისის მერიის საბინაო ფონდზე რიცხული 58.58 კვ.მ. ფართის კ.კ-ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 დეკემბერის განჩინებით ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება.

2016 წლის 11 ნოემბერს მ.ნ-მა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. მ.ნ-მა აგრეთვე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებისა და მიმდინარე სააღსრულებო წარმოების შეჩერება მოითხოვა.

განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ქ. ქუთაისის ...ის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 20.02.1985წ. N4/23-148 გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული ორდერით მისმა ოჯახმა მიიღო ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №...-ში სახლის გამოყოფილი ნაწილი - 30.76 კვ.მ. ფართობი. 2016 წლის 2 ნოემბერს განცხადებით მიმართა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას სახლის გამოყოფილი ნაწილის პრივატიზებისა და საკუთრების მოწმობის გაცემის თაობაზე. 2016 წლის 10 ნოემბერს მიიღო მერის წერილი, რომლითაც უარი ეთქვა საკუთრების მოწმობის გაცემაზე იმ მიზეზით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებითა და სააღსრულებო ფურცლით მერიას დაევალა აქტის გამოცემა და 58,58 კვ.მ. ფართის მოქ. კ.კ-ესათვის გადაცემა. ამ წერილით განმცხადებლისათვის ცნობილი გახდა სასამართლო გადაწყვეტილების არსებობის შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინებით მ.ნ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შეჩერდა ქ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულება, ამავე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე მ.ნ-ის 2016 წლის 11 ნოემბრის განცხადებასთან დაკავშირებით მიღებული განჩინების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 თებერვლის განჩინებით მ.ნ-ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №...-ში მდებარე ბინის ნაწილის-ქ. ქუთაისის მერიის საბინაო ფონდზე რიცხული 30.76 კვ.მ. ფართის კ.კ-ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ნაწილში და ამ ნაწილში განახლდა საქმის წარმოება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა როგორც კ.კ-ის, ასევე მ.ნ-ის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის განჩინებით კ.კ-ის და მ.ნ-ის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 თებერვლის განჩინება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით კ.კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ტექ. ბიუროს მონაცემების მიხედვით ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №...-ში მდებარე სახლი აღრიცხული იყო კ.კ-ის ოჯახის წევრების სახელზე, თუმცა 1950 წლიდან პირველ სართულზე მდებარე 58 კვ.მ. ფართი აღირიცხა საბინაო სამმართველოზე. ამასთანავე, მ.ნ-ის მიერ სააპელაციო პალატაში წარდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ 1987 წელს მ.ნ-ის ოჯახზე გაიცა საბინაო ორდერი და მათ გამოეყოთ 30,76 კვ.მ. ფართი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ.კ-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 მაისის განჩინებით კ.კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინება.

2025 წლის 13 იანვარს კ.კ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 თებერვლის განჩინების გაუქმება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.

განმცხადებლის მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საქმეში მ.ნ-ის მიერ წარმოდგენილი უძრავ ქონებაზე გაცემული ბინის ორდერისა და ამავე მისამართზე რეგისტრაციის დამადასტურებელი მტკიცებულების ანალიზით დაადგინა, რომ მ.ნ-ის გააჩნდა იურიდიული ინტერესი და მას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით შეეზღუდა სასამართლო პროცესში მონაწილეობის კანონით გარანტირებული უფლება. რის შედეგადაც, მ.ნ-ის განცხადება ნაწილობრივ დააკმაყოფილა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 24 მაისის განჩინებით უცვლელად დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 თებერვლის განჩინება. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ იმსჯელა ორდერის და საარქივო ცნობის თაობაზე, რადგან საქმეში არსებობდა მისი გამომრიცხავი დოკუმენტიც, არ მიიჩნია საეჭვოდ ამგვარი ფაქტის არსებობა და მტკიცებულებად მიიღო მ.ნ-ის მიერ წარდგენილი 1987 წლით დათარიღებული ორდერი 30,76 კვ.მ. ფართზე სარგებლობის უფლების თაობაზე, თუმცა საქმეში იყო უდავო მტკიცებულებაც, რომ სახლი კ.კ-ის ოჯახის საკუთრება იყო მისი პირველადი აღრიცხვის დღიდან, ხოლო 1950 წლიდან, პირველ სართულზე მდებარე ფართი 58 კვ. მ. აღირიცხა საბინაო სამმართველოს ბალანსზე (ცხოვრებას აგრძელებდა განმცხადებლის ოჯახი).

კ.კ-ის მითითებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარდგენილი ...ის რაიაღმასკომის 1985 წლის გადაწყვეტილებასა და 1987 წლის ორდერში სიყალბე, არანამდვილობა, არამართლზომიერება არ დასტურდებოდა საქმის მასალებით. გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლომ არ გადაგზავნა საქმე საგამოძიებო სტრუქტურებში დოკუმენტის სიყალბის დადგენისა და საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენით მიზნით, კ.კ-ემ თავად მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. შინაგან საქმთა სამინისტროს 2022 წლის 30 მარტს გაცემული ცნობით დადასტურდა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს პოლიციის მეორე განყოფილებაში მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის No041061118008 საქმეზე, ქ. ქუთაისი, ...ას ქუჩა №...-ში მდებარე, 30,73 კვ. მ. სადავო ფართთან დაკავშირებით ყალბი დოკუმენტების დამზადება გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.

განმცხადებლის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ საქმე მისი განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, იგი არ იყო ჩართული საპროცესო ღონისძიებებში, თუმცა გააჩნდა ინფორმაცია, რომ მ.ნ-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურდა და საქმე გადაიგზავნა სასამართლოში.

2025 წლის 13 იანვრის No13/28-316 წერილით კ.კ-ეს ეცნობა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას 2024 წლის 04 ნოემბერს, განსასჯელმა მ.ნ-მა ითხოვა, რომ მის მიმართ გავრცელებულიყო 2024 წლის 17 სექტემბრის ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის დათქმა, რაც სასამართლოს შესაბამისი განჩინებით იქნა დადასტურებული.

კ.კ-ემ აღნიშნა, რომ ზემოთაღნიშნული გარემოებებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის პირობებში მოპოვებული უდავო მტკიცებულებებით დადასტურებული იყო, რომ მ.ნ-მა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, საქმეზე No3/ბ- 581-2016 წარუდგინა ყალბი დოკუმენტები, რომლებზე დაყრდნობით სასამართლომ გამოიტანა 2017 წლის 22 თებერვლის განჩინება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმთა პალატის 2025 წლის 22 იანვრის განჩინებით კ.კ-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.

პალატამ მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 თებერვლის განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის განჩინებით დარჩა უცვლელად, ე.ი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 თებერვლის განჩინება (რომლის გაუქმებასაც ითხოვს განმცხადებელი ახლადაღმოჩენილი გარემოებათა გამო) კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 24 მაისს, როცა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მასზე საბოლოო განჩინება მიიღო, რომელიც არ საჩივრდება და იმავე დღეს შედის კანონიერ ძალაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 თებერვლის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასული იყო 6 წელზე მეტი. პალატამ მიუთითა სსსკ-ის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ დანაწესზე, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა (კანონის მიერ დადგენილი აღნიშნული გამონაკლისები მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო). ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, გასული იყო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების შეტანისათვის კანონით დადგენილი ხუთწლიანი ვადა, შესაბამისად, კ.კ-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებლობის გამო უნდა დარჩენილიყო განუხილველად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმთა პალატის 2025 წლის 22 იანვრის განჩინება კ.კ-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სადავო განჩინება არ არის დასაბუთებული საქმეში წარდგენილი და სასამართლოს მიერ გამოთხოვილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე. ამდენად, დაასკვნა, რომ კანონით დადგენილი ხუთწლიანი ვადის გასვლის მოტივით განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო, არ ეფუძნება საქმის მასალებში მიმითებულ გარემოებებს.

კ.კ-ის მითითებით, ადმინისტრაციულ ორგანოებსა თუ სასამართლოში მიმდინარე წარმოებების ფარგლებში მას ვადები არ დაურღვევია, არამედ ქართულმა მართლმსაჯულებამ, შსს საექსპერტო–კრიმინალისტიკური ექსპერტის 2019 წლის 06 მარტის №370/დტ დასკვნისა და 2022 წლის 21 მარტის დადგენილების არსებობის მიუხედავად, ვერ უზრუნველყო მ.ნ-ის მიერ ჩადენილი ქმედების - გამოყენების მიზნით ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისათვის, მისი ბრალდების, სასამართლოში საქმის წარმართვისა და განხილვის პერიოდებში კანონმდებლობით გაწერილი საპროცესო ვადების იმგვარად დაცვა, რომ კ.კ-ეს არ შეზღუდვოდა საპროცესო უფლებები და არ დამდგარიყო კონკრეტული მატერიალური, უფლებრივი და მორალური ზიანი. ამასთან, კ.კ-ის მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში საქმის განხილვისას კატეგორიულად იქნა დაფიქსირებული მ.ნ-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის სიყალბის თაობაზე პოზიცია. მიუხედავად ამისა, სასამართლომ შემოწმებისა და ექსპერტიზის დანიშვნის გარეშე დაასრულა საქმის წარმოება, რის გამოც კ.კ-ემ თავად მიმართა შესაბამის ორგანოებს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით. საბოლოოდ კი დადგინდა, რომ მ.ნ-იმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატას წარუდგინა ყალბი დოკუმენტი, რომელსაც ემყარება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 თებერვლის განჩინება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 თებერვლის განჩინებით კ.კ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ კ.კ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე კ.კ-ის განცხადების დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს; თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა მხარის მიერ მითითებული ნებისმიერი საფუძვლით, არამედ მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლითა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს. მან უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ მითითებული გარემოებები თუ მტკიცებულებები არსებობდნენ გადაწყვეტილების გამოტანამდე და არ წარმოშობილან შემდგომში. ასევე დადასტურებას საჭიროებს ის გარემოებაც, რომ ახალი ფაქტების თუ მტკიცებულებების შესახებ მხარისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მას დავის განხილვის მიმდინარეობისას არ ჰქონდა აღნიშნულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითების შესაძლებლობა.

კონკრეტულ შემთხვევაში, განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას ითხოვს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია. კერძოდ, კ.კ-ის მითითებით, მ.ნ-ის მიერ სასამართლოში წარდგენილი ...ის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 20.02.1985წ. N4/23-148 გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული 1987 წლით დათარიღებული ორდერის სიყალბე დადასტურებულია მ.ნ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებით.

საქმეში წარმოდგენილია დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორის - ვ.ჭ-ის 2025 წლის 13 იანვრის №13/28-316 წერილი, რომლითაც კ.კ-ეს ეცნობა, რომ მისი განცხადებისა და მასზე დართული დოკუმენტების საფუძველზე ქუთაისის შინაგან საქმეთა საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-... განყოფილებაში, 2018 წლის 06 ნოემბერს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N041061118008 საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმეზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები და აღნიშნული კვალიფიკაციით, საქმე არსებითად განსახილველად წარიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. საქმის არსებითად განხილვისას, სასამართლოში გამოკვლეულ იქნა დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება (მათ შორის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რაც ჩატარდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის სხდომაზე წარდგენილ დოკუმენტებზე - ქალაქ ქუთაისის ...ის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1985 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებაზე და საარქივო ცნობაზე). 2024 წლის 04 ნოემბერს, დაკმაყოფილდა ბრალდებულის შუამდგომლობა და მის მიმართ გავრცელდა 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის საფუძველზე იგი გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან.

სააპელაციო სასამართლოს სადავო განჩინებით ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე კ.კ-ის განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული იმ საფუძვლით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასული იყო ხუთ წელზე მეტი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსისს 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანას გამორიცხავდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, „სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1), ამავდროულად, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებით, „ეს უფლება არ გულისხმობს სასამართლოსადმი მიმართვას საპროცესოსამართლებრივი წესების დაცვის გარეშე. ...სასამართლოსადმი მიმართვის უფლება ვერ იქნება გაგებული აბსოლუტური სახით, პროცესუალურსამართლებრივი წესრიგის გარეშე, რაც უფლების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს“ (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება #1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, IV). ამდენად, სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა შესაძლოა დამოკიდებული იყოს წინასწარ დადგენილ ვადებზე. საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები „მიზნად ისახავს სამართლებრივი უსაფრთხოებისა და განსაზღვრულობის, ისევე, როგორც მოწესრიგებული და სტაბილური სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფას. სტაბილური სამართლებრივი წესრიგი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოობაზე. სასამართლოს მიერ პირისათვის განსაზღვრული/მინიჭებული უფლებები არ შეიძლება მუდმივად საეჭვოობის (საცილოობის) ხასიათს ატარებდეს. სასამართლოს გადაწყვეტილების, როგორც ქვეყნის სახელით გამოტანილი მართლმსაჯულების აქტის ფუნქციური დატვირთვა მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი კონფლიქტის საბოლოოდ დასრულება და სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის რეალურად აღსრულებაა. აღნიშნული ფუნქცია კი მიუღწეველი დარჩება იმ შემთხვევაში, თუკი მხარეებს მუდმივად ექნებათ შესაძლებლობა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამგვარი წესრიგი აზრს დაუკარგავს, მათ შორის, თავად იმ უფლებათა არსებობასაც, რომლის დაცვასაც ცდილობს პირი სასამართლოს მეშვეობით (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები ‒ თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-27).

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ზოგადი 5-წლიანი ვადის დაწესება არ ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნებს, შესაბამისად, ვადის გაშვების შემთხვევაში სასამართლოს უარი პროცესის მონაწილე პირის უფლების რეალიზაციაზე ან/და კონკრეტული საპროცესო ღონისძიების განხორციელებაზე სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შელახვას არ იწვევს.

ამავდროულად, განსახილველ საქმესთან მიმართებაში, მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მხრიდან სახეზე არ არის ხანდაზმულობის 5 წლიანი ვადის დარღვევა. საკასაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღება გამახვილდეს იმ ფაქტზე, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება, განმცხადებლის - კ.კ-ეს განცხადების საფუძველზე, ქუთაისის შინაგან საქმეთა საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-... განყოფილებაში 2018 წლის 06 ნოემბერს დაიწყო, ხოლო ბრალი მ.ნ-ის 2022 წლის 21 მარტს წარედგინა და საქმე გადაიგზავნა სასამართლოს განსახილველად, საბოლოოდ კი 2025 წლის 13 იანვრის No13/28-316 წერილით კ.კ-ეს ეცნობა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას 2024 წლის 04 ნოემბერს, განსასჯელმა მ.ნ-იმა ითხოვა, რომ მის მიმართ გავრცელებულიყო 2024 წლის 17 სექტემბრის ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის დათქმა, რაც სასამართლოს შესაბამისი განჩინებით იქნა დადასტურებული.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კ.კ-ემ მისი სავარაუდოდ დარღვეული უფლების დაცვის მიზნით, შესაბამისი დოკუმენტების სიყალბის დადგენისათვის - 2018 წელს მიმართა სწორედ იმ სახელმწიფო ორგანოს (საგამოძიებო ორგანოებს), რომელსაც ხელეწიფებოდა ამ უფლების აღდგენა (სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე წინადადება - „ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ან/და შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. აქვე გამოიყენება სსკ-ის 139-ე და 140-ე მუხლებიც“), ხოლო შემდგომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორის - წერილის ჩაბარებისთანავე 2025 წლის 13 იანვარს მან მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს - საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

ამდენად, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას განმცხადებლის მიერ სსსკ-ის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის დარღვევასთან დაკავშირებით. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სადავო განჩინებით ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე კ.კ-ის განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული მხოლოდ ხანდაზმულობის 5 წლიანი ვადის დარღვევაზე მითითებით, ამდენად, სააპელაციო პალატას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე კ.კ-ის განცხადების დასაშვებობის სხვა საფუძვლებთან დაკავშირებით არ უმსჯელია, რის გამოც, კ.კ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე კ.კ-ის განცხადების დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 419-ე, 420-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ.კ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 იანვრის განჩინება და საქმე კ.კ-ის განცხადების დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ბ. შონია