Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-845(კ-25) 30 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ლ. კ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ. კ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 19 ივნისის №IDP 7 23 00000784 ბრძანება „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“; ბ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით ლ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 19 ივნისის №IDP 7 23 00000784 ბრძანება „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ. კ-ის განცხადებასთან დაკავშირებით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 06 მარტის გადაწყვეტილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ არ გაითვალისწინა მთელი რიგი გარემოებები, რაც ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიკვლია და შეაფასა. კერძოდ, 2023 წლის 3 მაისს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, განიხილა ქ. ქუთაისში მდებარე ახალაშენებულ კორპუსებში, იმერეთში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით გასანაწილებელი ბინების საკითხი. მონიტორინგის სამმართველომ განახორციელა მონიტორინგს დაქვემდებარებული განაცხადების მოკვლევა, შესაბამისი ოქმების შედგენა და ფოტომასალის მომზადება. ერთოთახიანი ბინით დაკმაყოფილდა ის დევნილი ოჯახები, რომელთა განაცხადს მინიჭებული ჰქონდა მინიმუმ 6.5 და მეტი ქულა.

კომისიას განსახილველად გადაეცა მოსარჩელის განაცხადი, რომელშიც იგი უთითებდა, რომ ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ...ს ქ. №...-ში. განაცხადი გააკეთა მარტომ. მხარის მიერ განაცხადში მითითებულ მისამართზე 2022 წლის 2 მარტს განხორციელდა მონიტორინგი. მისამართზე მოპასუხე არ იმყოფებოდა. სახლის მესაკუთრის - მ. გ-ეის განმარტებით, მოსარჩელე წასული იყო ნათესავთან. მოსარჩელე დროგამოშვებით მასთან იყო და დროგამოშვებით კი, ნათესავთან. ნათესავის მისამართი არ იცოდა. 2022 წლის 30 მარტს მონიტორინგი კვლავ განხორციელდა სადავო მისამართზე. სახლში იმყოფებოდა თავად მოსარჩელე, რომელმაც განმარტა, რომ მითითებულ მისამართზე ცხოვრობდა 2015 წლიდან ქირის გარეშე. განმარტა, რომ ბინა ეკუთვნის ი. კ-ეს, მისი მეგობრის შვილს. 2023 წლის 8 თებერვალს განაცხადში მითითებულ მისამართზე კვლავ განხორციელდა მონიტორინგი. მისამართზე კვლავ მ. გ-ე იმყოფებოდა, რომელმაც განმარტა, რომ არის მოსარჩელის კურსელი და მეგობარი. მოსარჩელე იმყოფება ნათესავთან სტუმრად უკვე მესამე დღეა. მოსარჩელე ცხოვრობდა ქირის გარეშე 2016 წლიდან მესაკუთრის ოჯახთან ერთად. ზაფხულის პერიოდში ცხოვრობდა იმავე ეზოში არსებულ სახლში. მ. გ-ემ არ იცოდა, სად იმყოფებოდა მოსარჩელე, სავარაუდოდ იყო ქუთაისში. 2023 წლის 25 მარტს მონიტორინგი განხორციელდა ქუთაისში, ...ს ... შეს. კორპ. №..., ბინა №...-ში. მისამართზე იმყოფებოდა თავად მოსარჩელე. განმარტა, რომ აღნიშნული ბინა ეკუთვნოდა მას, თუმცა მოცემული პერიოდისთვის ბინა ეკუთვნოდა მ. გ-ეს, რომელიც იმყოფება საზღვარგარეთ და თავად კი, აქცევდა ბინას ყურადღებას. ასევე განმარტა, რომ მ. გ-ე მისი შორეული ნათესავია.

მონიტორინგის სამსახურის მიერ მოპოვებული მასალები წარედგინა დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას. კომისიამ იმსჯელა მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხზე და გადაწყვიტა, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნაზე უარი ეთქვა - საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო. დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2023 წლის 3 მაისის №30 ოქმით, ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, კანონმდებლობის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით 1.0 ქულა დააკლდა კრიტერიუმში - „მარტოხელა პენსიონერი“. 2023 წლის 03 მაისის სხდომის №30 ოქმში დაშვებულია ტექნიკური ხარვეზი და 4.0 ქულის ნაცვლად უნდა იყოს 4.5 ქულა. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გამყარებულია წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რისი საპირწონე მტკიცებულებაც საქმეში არ წარმოდგენილა მოსარჩელე მხარის მიერ. სასამართლო მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებას დაეყრდნო და არ გამოუკვლევია საქმეში არსებული მტკიცებულებები.

კასატორის განმარტებით, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის (№01-30/ნ ბრძანება) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის დანაწესის გათვალისწინებით, მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა გადაინაცვლებს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე. მოქმედი კანონმდებლობა, გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილთა შორის აწესებს გარკვეულ რიგითობას, პრიორიტეტულობას, რაც დადგენილია იმპერატიულად, კერძოდ, პირველ რიგში და საკითხის განხილვის ეტაპზე ხდება იმ დევნილი ოჯახების დაკმაყოფილება, რომლებიც უპირატესად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას. ცხადია, ეს ნორმა არ უარყოფს და ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებას - საცხოვრებლით უზრუნველყოს ყველა დევნილი ოჯახი, მათ შორის, ის ოჯახები, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ალტერნატიულ საცხოვრებელზე ან გააჩნიათ საკუთარი საცხოვრებელი, თუმცა შესაბამისი რიგითობის დაცვით. დევნილი ოჯახის სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება გულისხმობს დევნილი ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებების საფუძვლიანად გამოკვლევას, მათ შორის კი, დევნილი ოჯახის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ფაქტობრივად ცხოვრების ადგილის გათვალისწინებით საცხოვრებლით უზრუნველყოფას. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სასამართლოს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სააგენტოს მიერ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება არ ჩატარებულა და არ გამოკვლეულა სადავო საკითხი. გაუგებარია, თავად სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ მოსარჩელის განმარტებით რატომ იხელმძღვანელა და არ გაითვალისწინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მთელი რიგი მტკიცებულებები. სააგენტო გადაწყვეტილებს საცხოვრებელი ფართის მიღებასთან დაკავშირებით იღებს მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №1-30/ნ ბრძანების შესაბამისად, კანონმდებლობით დაკისრებული ყველა მოთხოვნათა ზედმიწევნით შესრულებით, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული წარმოებისას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასებას, ფაქტების დეტალურ შესწავლას. ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის გადამოწმება კი, უნდა განახორციელოს დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველომ, შესაბამისად, არამართებულია სააგენტოსათვის იმის მითითება, რომ მან გადაწყვეტილება მონიტორინგის სამმართველოს მიერ გადამოწმებული და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე არ მიიღოს.

სახელმწიფოს ათასობით დევნილი ოჯახი ჰყავს საცხოვრებლით დასაკმაყოფილებელი. ამ ოჯახების უმეტესობას არა აქვს საკუთრება. ყველა ოჯახს სურს, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ბინა, რაც ასევე სახელმწიფოს ინტერესიცაა, თუმცა სახელმწიფო თავისი რესურსის გათვალისწინებით, ეტაპობრივად აკმაყოფილებს საცხოვრებლით და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფისას ითვალისწინებს სასწრაფოდ განსახლების საჭიროებას. სწორედ ამ მიზნით გამოყოფს იმ ოჯახებს, ვისაც მითითებული აქვს განაცხადში სწორი ინფორმაცია, არა აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და პრიორიტეტულად მიიჩნევს მას. ამავე მიზნით განისაზღვრა საკითხის მომწესრიგებელი აქტებით რიგითობისა და ოჯახების საჭიროების პრიორიტეტულობა, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნებოდა ისეთი ქაოსური სურათი, რაც ხდებოდა ამ საკითხის მომწესრიგებელი აქტების მიღებამდე. ის გარემოება, რომ დევნილი ოჯახი სახელმწოფოს არ ჰყავს საცხოვრებლით უზრუნველყოფილი, არ დგას ეჭვის ქვეშ, თუმცა ბენეფიციარებსაც აქვთ თმენის ვალდებულება დაელოდონ თავიანთ რიგს. ამდენად, სასამართლო თუ ამგვარად მიუდგება საკითხს და მიმდინარე ეტაპზე იმ პირების მოთხოვნას დააკმაყოფილებს, რომელთა მოთხოვნის დაკმაყოფილების ჯერიც იმპერატიული დანაწესის გათვალისწინებით ბოლო ეტაპია, სასამართლო არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს დევნილ ოჯახებს და ხელოვნურად გამოიწვევს მათთვის მინიჭებული უფლებების უხეშ დარღვევას.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 6.1 მუხლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან სათანადო ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ლ. კ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, აფხაზეთიდან, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი (ს.ფ. 80, 81); ბ) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის თანახმად, ლ. კ-ის ოჯახს მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი №061-05772. ოჯახის დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილი) მითითებულია - ქ. ქუთაისი, ...ს ქ. №..., ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად ფიქსირდება - ქ. ქუთაისი, ...ს ქ. ..., ბინა ... (ს.ფ.71); გ) 2021 წლის 24 სექტემბერს ლ. კ-იმა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებით მიმართა სამინისტროს, შეავსო გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარი. განმცხადებელმა ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა ქ. ქუთაისი, ...ს ქ. №... (ს.ფ. 73-74, 75- 79); დ) ლ. კ-ის ოჯახის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით დგინდება, რომ ოჯახს მიენიჭა - 5.50 ქულა, კერძოდ: 1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი - 1 წევრი - 1.50 ქულა; საცხოვრებლის ფინანსური პირობები: ნათხოვარი - 1,5 ქულა; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან - 1.00 ქულა; ომში მონაწილე, ომის ვეტერანი - 1.50 ქულა. სარეგისტრაციო ნომერზე ლ. კ-ი არის მარტო, განცხადებას აკეთებს თავად (ს.ფ. 72); ე) საჯარო რეესტრიდან ამონაწერით (მომზადების თარიღი - 16.10.2017 წ.) დგინდება, რომ მისამართზე ქ. ქუთაისი, ...ს ქ. №..., საკადასტრო კოდი ..., მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეებს წარმოადგენენ ი. ჩ-ე და მ. ჩ-ე (ს.ფ. 88); ვ) 2007 წლის 1 ოქტომბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი, ...ს ქუჩა №..., ბინა №... (სარეგისტრაციო ზონა - ქუთაისი ..., სექტორი - ... ..., კვარტალი - ..., ნაკვეთი №..., ფართობი 1080 კვ.მ, უფლება: საერთო საკუთრება), აღრიცხული იყო ლ. კ-ის სახელზე (ს.ფ. 90). 2015 წლის 14 მაისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი, ...ს ქუჩა №... (ზონა - ქუთაისი ..., სექტორი - ... ..., კვარტალი - ..., ნაკვეთი №..., დაუზუსტებელი ფართობი 1080 კვ.მ, ბინა №..., ფართი 59,72 კვ. მეტრი), ს/კ №..., რეგისტრირებულია მ. გ-ეის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 08.05.2015, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (ს.ფ. 91); ზ) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ლ. კ-ის განცხადებასთან დაკავშირებით, 2022 წლის 2 მარტს განხორციელდა ადგილზე დათვალიერება და შედგა შესაბამისი ოქმი, რომლის თანახმად, მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა მისამართზე ქ. ქუთაისი, ...ს ქ. №.... მისამართზე იმყოფებოდა სახლის მესაკუთრე მ. გ-ე, რომლის განმარტებით ლ. კ-ი პერიოდულად არის მასთან, ხან დადის ნათესავებთან. ამჟამად რა მისამართზეა წასული მისთვის უცნობია (ს.ფ. 92); თ) 2022 წლის 4 მარტს, ლ. კ-იმა №... განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და განმარტა, რომ 2022 წლის 3 მარტს იმყოფებოდა ნათესავთან ქუთაისში, ...ში, შესაბამისად, მონიტორინგის ჯგუფს არ დახვდა მისამართზე. ამავე განცხადებით ითხოვა ხელახალი გადამოწმება (ს.ფ. 83); ი) 2022 წლის 15 მარტს ლ. კ-იმა №... განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და განმარტა, რომ 2022 წლის 6 მარტს, მონიტორინგის დროს ბინაში იმყოფებოდა კოვიდინფიცირებული, რის გამოც შემოწმება ვერ განხორციელდა. აღნიშნულის დამადასტურებლად სააგენტოში წარადგინა სამედიცინო ცნობა და ითხოვა განმეორებით მონიტორინგის განხორციელება. შპს ,,მ...ს’’ მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ლ. კ-ის SARS-COV-2 ახალი კორონა ვირუსის სადეტექციო სწრაფი ტესტის ანტიგენის პასუხად ფიქსირდება დამაკმაყოფილებელი (ს.ფ. 85, 86); კ) 2022 წლის 30 მარტს განხორციელდა ლ. კ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგი, მისამართზე ქ. ქუთაისი, ...ს ქ. №.... მონიტორინგის ფორმაში აღნიშნულია, რომ მითითებულ მისამართზე ლ. კ-ი ცხოვრობს 2015 წლიდან ქირის გარეშე. ლ. კ-ი მონიტორინგის დროს იმყოფებოდა მისამართზე (ს.ფ. 93-121); ლ) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ლ. კ-ის განცხადებასთან დაკავშირებით, 2023 წლის 8 თებერვალს განხორციელდა ადგილზე დათვალიერება და შედგა შესაბამისი ოქმი, რომლის თანახმად, მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა მისამართზე ქ. ქუთაისი, ...ს ქ. №.... მისამართზე იმყოფებოდა სახლის მესაკუთრე მ. გ-ე, რომლის განმარტებითაც, ლ. კ-ი ამჟამად არ იმყოფება მისამართზე, სამი დღეა იმყოფება ნათესავთან სტუმრად. მისამართზე ლ. კ-ი ცხოვრობს ქირის გარეშე 2015 წლიდან, აღნიშნულ სახლში ასევე ცხოვრობს მ. გ-ე და მისი 2 შვილი. მ. გ-ეის განმარტებით, ლ. კ-ი ამჟამად, სად იმყოფება არ იცის. დამატებით მიუთითა, რომ ზაფხულობით განმცხადებელი ცხოვრობს ამავე სახლის ეზოში პატარა შენობაში (დასურათებულია), ხოლო ზამთრის პერიოდში ცხოვრობს მასთან ერთად სახლში (ს.ფ. 122); მ) 2023 წლის 25 მარტს, განხორციელდა ადგილზე დათვალიერება და შედგა შესაბამისი ოქმი, რომლის თანახმად, მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა მისამართზე ქ. ქუთაისი, ...ს ... შესახვევი, კორპ. ... ბინა .... მისამართზე იმყოფებოდა ლ. კ-ი, რომელმაც განმარტა, რომ სახლის მესაკუთრე მ. გ-ე იმყოფებოდა საზღვარგარეთ და თავად აქცევდა სახლს ყურადღებას. მ. გ-ე არის მისი შორეული ნათესავი (ს.ფ. 123); ნ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 3 მაისის ოქმით დგინდება, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, კომისიამ განიხილა ქ. ქუთაისში, იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი. ლ. კ-ის ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის წარდგენის გამო (ს.ფ. 137-148); ო) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 19 ივნისის №IDP 7 23 00000784 ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №30), ლ. კ-ის უარი ეთქვა ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო (ს.ფ. 149-150); პ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 25 ოქტომბრის IDP 1 23 01134699 წერილის თანახმად, ლ. კ-ის დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით დააკლდა 1 ქულა კრიტერიუმში - „მარტოხელა პენსიონერი“. 2023 წლის 3 მაისის №30 სხდომის ოქმში დაშვებულია ტექნიკური ხარვეზი და 4.0 ქულის ნაცვლად მითითებულ უნდა იქნეს 4.5 ქულა (ს.ფ. 164); ჟ) საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ფოსტის უკუგზავნილით დგინდება, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გაგზავნილი წერილობითი კორესპონდენცია ლ. კ-ის ჩაბარდა პირადად 2023 წლის 26 ივნისს, ადრესატის მისამართად ფიქსირდება - ქ. ქუთაისი, ...ს ქ. ... (ს.ფ. 152).

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის, სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ამ მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1), რომლის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.

ამავე „წესის“ მე-6 მუხლით კი, დადგენილია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები, რომლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების საფუძველზე კომისიის მიერ დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილებისათვის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილ ოჯახს შეეთავაზება საცხოვრებელი ფართი ამ ბრძანების მე-7 პუნქტით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ – №9 დანართის შესაბამისად. საყურადღებოა, რომ №9 დანართი ადგენს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტებს დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით. „წესის“ მე-6 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემული ან სააგენტოს მიერ შესყიდული/რეაბილიტირებული საცხოვრებელი ფართების არსებული რესურსის ფარგლებში დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების შეთავაზებისას, კომისიამ, შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა გაითვალისწინოს დევნილთა ადგილობრივი განსახლების აუცილებლობა, რათა მოხდეს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა დევნილი ოჯახის ფაქტობრივ საცხოვრებელთან იმ მანძილზე, რომელიც უზრუნველყოფს უკვე არსებული სოციალური კავშირებისა და შემოსავლის წყაროების შენარჩუნებას.

„წესის“ თანახმად, თუ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, მონიტორინგის სამმართველოს მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, საცხოვრებელ მისამართზე, ოჯახის შემადგენლობაზე და/ან გადასაცემ საცხოვრებელ ფართზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით („წესის“ მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველზე, კერძოდ, ლ. კ-ის უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე იმ დასაბუთებით, რომ საცხოვრებელთან დაკავშირებით მხარის მიერ არსებითად მცდარი ინფორმაცია იქნა წარდგენილი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი, აღნიშნული გარემოება ცალსახად არ დასტურდება. საქმის მასალები დასტურდება, რომ მოსარჩელესთან მიმართებით მონიტორინგი განხორციელდა ორ მისამართზე - ქ. ქუთაისი, ...ს ქ. №... და ქ. ქუთაისი, ...ს ... შესახვევი, კორპ. №..., ბინა №.... ორივე უძრავ ქონებას ჰყავს მესაკუთრეები, ხოლო მოსარჩელის ორივე მისამართზე ყოფნის ფაქტი ახსნილი იქნა ლ. კ-ის მიერ. კერძოდ, - ა) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე 2022 წლის 2 მარტის ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად, მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა მისამართზე: ქ. ქუთაისი, ...ს ქ. №.... მისამართზე იმყოფებოდა სახლის მესაკუთრე - მ. გ-ე, რომლის განმარტებითაც, ლ. კ-ი პერიოდულად არის მასთან, ხან დადის ნათესავებთან. ამჟამად რა მისამართზეა წასული მისთვის უცნობია. 2022 წლის 4 მარტს, ლ. კ-იმა №... განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და განმარტა, რომ 2022 წლის 3 მარტს იმყოფებოდა ნათესავთან ქუთაისში, ...ში, შესაბამისად, მონიტორინგის ჯგუფს არ დახვდა მისამართზე. ამავე განცხადებით ითხოვა ხელახალი გადამოწმება; ბ) ქ. ქუთაისი, ...ს ქ. №...-ში 2022 წლის 30 მარტს განხორციელებული მონიტორინგის შესაბამისად, აღნიშნულ მისამართზე ლ. კ-ი ცხოვრობს 2015 წლიდან ქირის გარეშე. ლ. კ-ი მონიტორინგის დროს იმყოფებოდა მისამართზე; გ) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე 2023 წლის 8 თებერვლის ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად, მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა მისამართზე ქ. ქუთაისი, ...ს ქ. №.... მისამართზე იმყოფებოდა სახლის მესაკუთრე - მ. გ-ე, რომლის განმარტებითაც, ლ. კ-ი ამჟამად არ იმყოფება მისამართზე, სამი დღეა იმყოფება ნათესავთან სტუმრად. მისამართზე ლ. კ-ი ცხოვრობს ქირის გარეშე 2015 წლიდან, აღნიშნულ სახლში ასევე ცხოვრობს მ. გ-ე და მისი 2 შვილი. მ. გ-ეის განმარტებით, ლ. კ-ი ამჟამად სად იმყოფება, არ იცის, დამატებით მიუთითა, რომ ზაფხულობით განმცხადებელი ცხოვრობს ამავე სახლის ეზოში პატარა შენობაში (დასურათებულია), ხოლო ზამთრის პერიოდში ცხოვრობს მასთან ერთად; დ) ქ. ქუთაისში, ...ს ... შესახვევის ...-ე კორპუსის ... ბინაში 2023 წლის 25 მარტის ადგილზე დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ მისამართზე იმყოფებოდა ლ. კ-ი, რომელმაც განმარტა, რომ სახლის მესაკუთრე - მ. გ-ე იმყოფებოდა საზღვარგარეთ და თავად აქცევდა სახლს ყურადღებას. მ. გ-ე არის მისი შორეული ნათესავი; ე) ასევე საყურადღებოა საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ფოსტის უკუგზავნილი, რომლითაც დგინდება, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გაგზავნილი წერილობითი კორესპონდენცია ლ. კ-ის ჩაბარდა პირადად 2023 წლის 26 ივნისს, ადრესატის მისამართად ფიქსირდება - ქ. ქუთაისი, ...ს ქ. №....

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე დაადგინა სადაო ფაქტობრივი გარემოება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნებს.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო პალატის მითითებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს, რაც ქმნის სადავო აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია