Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-408(კ-25) 24 სექტემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - კ. კ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. კ. კ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 7 აგვისტოს IDP 4 23 00002563 ბრძანება; ბ) დაევალოს მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, კ. კ-ასთვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით კ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 07 აგვისტოს IDP 4 23 00002563 ბრძანება. დაევალა მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, კ. კ-ასთვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა ის. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღება გაამახვილა და დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად სრულიად საკმარისად ჩათვალა აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ცნობა და თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის მიერ 1994 წლის ...ს გაცემული ჩათვლის წიგნაკი, ასევე, მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც არ იყო სრული და თანმიმდევრული. საქმეზე წარმოდგენილი არც ერთი წერილობითი მტკიცებულება, ისევე როგორც მოწმეთა მიერ ზეპირად განმარტებული ჩვენება, არ არის ის წონადი მტკიცებულება, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადებითი გადაწყვეტილების მიღება.

ძირითადი არგუმენტები და ფაქტობრივი გარემოებები, რასაც სააგენტო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო იყო მოსარჩელის ბიოგრაფიული მონაცემები, რომელიც თავისუფალი თხრობით იქნა გადმოცემული მოსარჩელის მიერ მასთან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. გასაუბრებისას კ. კ-ამ განმარტა, რომ დაიბადა ... წელს გულრიფშში. 1957-1967 წლებში სწავლობდა გულრიფშის რაიონის სოფ. ...ს საშუალო სკოლაში. 1967-1974 წლებში მუშაობდა სოხუმში, საყოფაცხოვრებო სახლში, ...ად. 1973 წელს დაქორწინდა მარტვილში, შ. ს-აზე. 1974 წელს შეეძინა შვილი სანქტ-პეტერბურგში. რთული ორსულობის გამო წავიდა ძმასთან. მისი განმარტებით, შვილის დაბადების შემდეგ აღარ უმუშავია. შვილს ზრდიდა მარტო, ფინანსურად მშობლები ეხმარებოდნენ. მოსარჩელის მშობლებს - კ. და ვ. კ-აებს არ ჰქონდათ დევნილის სტატუსი. გარდაცვალებამდე ცხოვრობდნენ სანქტ-პეტერბურგში. მისი მშობლები ცხოვრობდნენ გულრიფშის რაიონის სოფელ ...ში. თავად რეგისტრირებული იყო მისამართზე, ქ. სოხუმი, ...ს ქ. №..., ახლობლის სახლში. ჩაწერის მიზეზი, მისი განმარტებით, დაკავშირებული იყო სამსახურთან. მისივე განმარტებით, სოხუმი დატოვა 1993 წლის სექტემბერში. 1993-1994 წლებში ცხოვრობდა ქ. თბილისში, სკოლის შენობაში. 1994 წელს წავიდა სანქტ-პეტერბურგში, ძმასთან. მოგვიანებით მისმა შვილმა შეიძინა ბინა, თუმცა ამჟამად აღნიშნული ბინა აღარ არის მათი საკუთრება. 2017 წელს გარდაეცვალა შვილი სანქტ-პეტერბურგში. 2023 წელს დაბრუნდა საქართველოში და სურს მიიღოს დევნილის სტატუსი. საქმეზე დართულია აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს მიერ 2023 წლის 27 ივნისს გაცემული №0000556 ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ კ. კ-ა 1993 წლამდე ცხოვრობდა ქ. სოხუმში, ...ს ქ. №...-ში, თუმცა მისი განმარტებით, აღნიშნული მისამართი იყო მხოლოდ რეგისტრაციის ადგილი და არა ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი.

ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის შეფასებისა და გარემოებების გათვალისწინებით სააგენტოს მიაჩნია, რომ კ. კ-ასთან მიმართებით არ დასტურდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა. აფხაზეთის ომის დროს მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ ყოფილა აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს მიერ 2023 წლის 27 ივნისს გაცემულ №0000556 ცნობაში აღნიშნული მისამართი. მოსარჩელის განმარტებით, ...ს ქუჩაზე მხოლოდ რეგისტრირებული იყო. კ. კ-ას 1974 წლის შემდეგ აფხაზეთში აღარ უმუშავია. იგი 1973 წელს დაოჯახდა მარტვილში, შვილი 1974 წელს შეეძინა სანქტ-პეტერბურგში. რაც შეეხება ზემოაღნიშნულ ცნობას, იგი ვერ იქნება განხილული, როგორც კ. კ-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რადგან იგი ასახავს მოსარჩელის რეგისტრაციის ადგილის შესახებ ინფორმაციას, სადაც მისივე განმარტებით, არ უცხოვრია. შესაბამისად, კ. კ-ასთვის დევნილის სტატუსის მინიჭება, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიზანშეუწონლად მიიჩნია.

კასატორის განმარტებით, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ დევნილის სტატუსის მისანიჭებლად უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. აღნიშნული ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ პირს დევნილის სტატუსი ეკუთვნის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი, კანონში მითითებული გარემოებების გამო, იძულებული გახდა დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამავე კანონით განმარტებულია მუდმივი საცხოვრებლის დეფინიცია, კერძოდ, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე პირის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი მშობელი (მშობლები) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზების გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ ეს არის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი, ანუ პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელი. პირის მუდმივი საცხოვრებლის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს. ხსენებულ საცხოვრებელთან უნდა იყოს დაკავშირებული ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით, რომლის გამოც მას ამ ადგილზე უფრო ხშირად უწევს ყოფნა, ვიდრე სხვა ადგილზე, სადაც ასევე შეიძლება ჰქონდეს სხვა საცხოვრებელიც. მუდმივი საცხოვრებლის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. კონკრეტულ შემთხვევაში კი, საქმეში წარმოდგენილი მოსარჩელის ბიოგრაფიული მონაცემების გათვალისწინებით, რომელიც თავისუფალი თხრობით იქნა გადმოცემული მის მიერ, დასტურდება, რომ დეპარტამენტის მიერ კანონის სრული დაცვით არის მიღებული დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება. საქმის მასალებით, კ. კ-ასთან მიმართებით ვერ იქნა დადასტურებული აფხაზეთში მუდმივად ცხოვრების ფაქტი და იმ პერიოდში მისი საცხოვრებელი ადგილის იძულებით დატოვება იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით, შეუძლებელი გახდა მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება, რაც „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად გადამწყვეტი ფაქტორია მისი იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად მიჩნევისათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია, შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის მიხედვით, მოსარჩელე 1993 წლამდე ცხოვრობდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თუმცა აღნიშნულს თავად მოსარჩელის მონათხრობი ეწინააღმდეგება. დგინდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოსარჩელე სამსახურის მიზნით იყო რეგისტრირებული ქ. სოხუმში, ...ს ქ. №...-ში. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება, რომ სააგენტომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება შეისწავლა და გამოიკვლია.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს (მუხ. 2).

აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

ამავე კანონის 8.1 მუხლის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ დანართი 1-ის 2.1 მუხლის თანახმად, პირი დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ წერილობითი განცხადებით პირადად მიმართავს სააგენტოს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, განცხადებას თან უნდა ერთოდეს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურის ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს და მათი შესაბამისი კომისიების მიერ გაცემული ცნობა/დასკვნა, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების იძულებით გადაადგილებამდე მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების ფაქტს და ოჯახის შემადგენლობას (ამ უკანასკნელის შესაძლებლობის შემთხვევაში); გ) დევნილის შეხედულებისამებრ ან/და სააგენტოს მოთხოვნის შესაბამისად საჭირო ის საბუთები და მტკიცებულებები, რომლებიც იწვევს საფუძვლიან ვარაუდს იმისა, რომ პირის მოთხოვნა დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ შეესაბამება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრულ გარემოებებს.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დანაწესზე მითითებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელმა კონკრეტულად განსაზღვრა და პირდაპირ მიუთითა იმ სავალდებულო პირობებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც პირი ჩაითვლება იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად, კერძოდ, კანონის დანაწესიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მივიჩნიოთ იძულებით გადაადგილებულად – დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება, ადგილის, სადაც იგი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწევა. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა აქვს მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილისა და მისი იძულებით დატოვების ფაქტის დადგენას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) კ. კ-ა დაიბადა ... წლის ...ს გულრიფში (ს.ფ. 19); ბ) კ. კ-ამ 2023 წლის 28 ივნისს დევნილის სტატუსის მინიჭების და ქ. თბილისში ...ს ... მ/რ, კორპუსი №19, ბინა №24-ში დამისამართების მოთხოვნით წერილობით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს. კ. კ-ამ განცხადებას დაურთო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს 2023 წლის 27 ივნისის №0000556 ცნობა, რომლის თანახმად, მოქალაქე კ. კ-ა (პ/ნ ...) 1993 წლამდე ცხოვრობდა ქალაქ სოხუმში, მისამართზე ...ს ქ. №.... კ. კ-ამ სააგენტოში ასევე წარადგინა ა. ც-ას ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, თავის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში - მისამართზე ქ. თბილისი, ...ს დასახლება ... მ/რ, კორპუსი №..., ბინა №...-ში დროებითი რეგისტრაციის თაობაზე (ს.ფ. 65, 67, 70-71, 68-69); გ) 2023 წლის 10 ივლისს კ. კ-ას სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო შესაბამისი კითხვარი. გასაუბრებისას კ. კ-ამ აღნიშნა, რომ დაიბადა ... წლის ...ს გულრიფში. 1957-1967 წლებში სწავლობდა გულრიფშის რაიონის სოფელი ...ის საშუალო სკოლაში. 1967-1974 წლებში მუშაობდა სოხუმში, ...ს ქუჩაზე მდებარე საყოფაცხოვრებო სახლში, ...ად. 1973 წელს შ. ს-აზე დაქორწინდა მარტვილში და 1974 წელს განქორწინდა მასთან, რადგან აზარტული თამაშების მოყვარული იყო (კითხვარის კომენტარში, კ. კ-ამ აღნიშნა, რომ მეუღლე იყო მარტვილის რაიონის სოფელ ...დან, თუმცა სერგიეთში არ უცხოვრია, სულ დაოჯახებული იყო 2 წელი და ცხოვრობდა მშობლებთან აფხაზეთში). 1974 წელს შეეძინა შვილი - ვ. ს-ა სანქტ-პეტერბურგში. კ. კ-ას განმარტებით, მას ჰქონდა რთული ორსულობა და სამშობიაროდ წავიდა სანქტ-პეტერბურგში ძმასთან. შვილის შეძენის შემდეგ აღარ უმუშავია არსად, შვილს ზრდიდა მარტო, ფინანსურად ეხმარებოდნენ მშობლები. თავად რეგისტრირებული იყო ქ. სოხუმში, ...ს ქ. №...-ში, ოჯახის ახლობლის სახლში, ამ მისამართზე ჩაწერილი იყო, რათა ემუშავა სოხუმში. ფაქტობრივად კი, შვილთან ერთად ცხოვრობდა ქ. სოხუმში, ...ს ქ. №...-ში, დაგირავებულ ბინაში, რომელიც დაანგრიეს, ააშენეს ახალი სახლი და თავადაც მიიღო ბინა, თუმცა ომის დაწყების გამო ვერ მოასწრო იქ ცხოვრება. აღნიშნავს, რომ მისმა შვილმა - ვ. ს-ამ დაამთავრა სოხუმის №... საშუალო სკოლა. სოხუმი დატოვა 1993 წლის სექტემბერში, გემით. 1993-1994 წლებში ცხოვრობდა თბილისში, სკოლის შენობაში. 1994 წელს წავიდა სანქტ-პეტერბურგში, ძმასთან. მოგვიანებით მისმა შვილმა შეიძინა ბინა, თუმცა ამჟამად ეს ბინა აღარ არის მათ საკუთრებაში. 2017 წელს გარდაეცვალა შვილი სანქტ-პეტერბურგში, გარდაცვლილი ჰყავს დედა და მამა და ამჟამად არის მარტო. კ. კ-ას განმარტებით, 2023 წელს დაბრუნდა საქართველოში საცხოვრებლად და სურს დევნილის სტატუსის მინიჭება, რათა მიიღოს შესაბამისი დახმარება (ს.ფ. 72-75); დ) ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, მომზადდა დასკვნა. დასკვნის თანახმად, დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ აფხაზეთის ომის დროს, კ. კ-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს 2023 წლის 27 ივნისის №0000556 ცნობაში აღნიშნული მისამართი არ ყოფილა. დასკვნაში ყურადღება გამახვილდა კ. კ-ას გასაუბრებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ ...ს ქ. №...-ში იყო რეგისტრირებული ახლობლის საკუთრებაში, მხოლოდ იმის გამო, რომ ემუშავა სოხუმში. კ. კ-ას აფხაზეთში 1974 წლიდან აღარ უმუშავია. იგი 1973 წელს დაოჯახდა მარტვილში. შვილი, 1974 წელს შეეძინა სანქტ-პეტერბურგში. დასკვნაში აღნიშნულია, რომ კ. კ-ას არ წარუდგენია რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ 1993 წლამდე იგი მუდმივად ცხოვრობდა აფხაზეთში. რაც შეეხება, ზემოაღნიშნულ ცნობას, იგი არ შეფასდა, როგორც კ. კ-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განმსაზღვრელი დოკუმენტი, რადგან როგორც დეპარტამენტმა მიუთითა, იგი ასახავს მხოლოდ კ. კ-ას რეგისტრაციის მისამართს, სადაც მისივე განმარტებით, კ. კ-ას არ უცხოვრია და არც საკუთრება არ ჰქონდა. შესაბამისად, კ. კ-ასთვის დევნილის სტატუსის მინიჭება, ყველა ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ იქნა მიზანშეწონილად მიჩნეული (ს.ფ. 76-78); ე) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 7 აგვისტოს IDP 4 23 00002563 ბრძანებით კ. კ-ას უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე (ს.ფ. 26-27); ვ) საქართველოს რესპუბლიკის სახალხო განათლების სამინისტროს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის 1994 წლის ...ს გაცემული ჩათვლის წიგნაკის თანახმად, ვ. ს-ა ჩაირიცხა ისტორია-იურიდიული ფაკულტეტის „...ის“ სპეციალობის ... კურსზე (დასწრებული) (ს.ფ. 110); ზ) საქმეში წარმოდგენილია განსახლების კომიტეტის მიერ 1993 წლის 4 ნოემბერს კ. კ-ას სახელზე გაცემული იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა №201341, რომლის თანახმად კ. კ-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის სოხუმი, სოფელი ..., ხოლო დროებითი საცხოვრებელი ადგილი - ფოთი, ... (ს.ფ. 111-112); თ) სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხული ა. ც-ას განმარტებით, არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი აფხაზეთიდან. კ. კ-ას იცნობს სოხუმიდან, ...დან. არიან ახლო ნათესავები და ხშირად დადიოდნენ მათთან. სანამ მოწმე აფხაზეთში ცხოვრობდა, კ. კ-აც აფხაზეთში ცხოვრობდა, რამდენადაც ახსოვს არსად გადასულა. თავად 1990 წელს დატოვა სოხუმი რადგან პატარა შვილები ჰყავდა და წამოვიდა. კ. კ-ას მშობლებსაც იცნობდა. მოსარჩელეს შვილი ჰყავდა, რომელიც დაეღუპა. კ. კ-ას მშობლები ცხოვრობდნენ ...ში, ხოლო თავად კ. კ-ა ცხოვრობდა ცალკე, შვილთან ერთად ქალაქში. თუ სწორად ახსოვს, ბავშვის დაბადებიდან ორი წლის შემდეგ აღარ ცხოვრობდა მეუღლესთან, მეუღლეს არ იცნობს. როგორც იცის კ. კ-ას შვილი სოხუმში სწავლობდა. მოწმის განმარტებით, მას ზუსტად არ ახსოვს როდის დატოვა კ. კ-ამ სოხუმი, იქ იყვნენ როცა წამოვიდა თვითონ, თუ კ. კ-ამ სოხუმი მის წამოსვლამდე დატოვა - არ ახსოვს. იცის, რომ კ. კ-ა სოხუმში ...ის სახლში მუშაობდა; რამდენადაც ახსოვს ...ში ცხოვრობდა. მოწმის ვარაუდით, კ. კ-ა და მისი ოჯახი 1991-1992 წლებში დატოვებდნენ აფხაზეთს, თუმცა არ ახსოვს ზუსტად თარიღი, თუ როდის დატოვა კ. კ-ამ სოხუმი; ი) სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხული ვენერა ჩიტაიას განმარტებით, არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი აფხაზეთიდან, სოფელი ...დან. დაიბადა აფხაზეთში, გათხოვდა სოფელ ...ში. კ. კ-ა იყო მათი მეზობელი ...ში და კარგად იცნობდა მისი ოჯახის ყველა წევრს. კ. კ-ა მუშაობდა სოხუმში, მოდელის სახლში. შვილსაც იცნობდა, მეუღლესაც. კ. კ-ა მარტო ცხოვრობდა შვილთან ერთად. საცხოვრებელის მისამართი არ ახსოვს, მაგრამ სოხუმში ცხოვრობდა და სოფელ ...ში მშობლებთან ხშირად მიდიოდა. მეტი არსად არ უცხოვრია. მოწმის განმარტებით, თავად აფხაზეთი 1993 წელს დატოვა, იმ პერიოდში ერთად წამოვიდნენ აფხაზეთიდან. კ. კ-ას მამა იქ დარჩა, ესენი მალე წავიდნენ. ზუსტად არ ახსოვს ვისთან ერთად წამოვიდა, მაგრამ მოწმემ დაადასტურა, რომ საომარი მდგომარეობის გამო, კ. კ-ამ და მან ერთ პერიოდში დატოვეს აფხაზეთი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სადავო ინდივიდუალური ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველზე, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე, კერძოდ, უარის თქმის თაობაზე მომზადებულ დასკვნაში მითითებულია, რომ კ. კ-ა 1993 წლამდე მუდმივად არ ცხოვრობდა ქ. სოხუმში. საყურადღებოა, რომ ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემულ ცნობას ადმინისტრაციულმა ორგანომ დაუპირისპირა თავად მოსარჩელის განმარტება, რომ ...ს ქ. №...-ში იყო რეგისტრირებული ახლობლის საკუთრებაში, მხოლოდ იმის გამო, რომ ემუშავა სოხუმში და ფაქტობრივად სხვა მისამართზე - ...ს ქ. №...-ში ცხოვრობდა.

დევნილი პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დეფინიციასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილია დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის შესაბამისად, პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს.

საცხოვრებელი ადგილი უფრო ფართო მნიშვნელობისაა, რომლის კონკრეტულ სახეებს წარმოადგენს „რეგისტრაციის ადგილი“ და „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“. თუ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღმდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის სავალდებულოა პირის ნებას თან ახლდეს ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ მას სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება - დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი - უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს, მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს („მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ განმარტებასთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.06.2011წ. №ბს-1896-1849(კ-10) და 01.02.2012წ. №ბს-1227-1213(კ-11) განჩინებები).

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ძირითად არგუმენტთან და, შესაბამისად, კ. კ-ას მუდმივ საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს 2023 წლის 27 ივნისის №0000556 ცნობაზე, რომლის თანახმად, მოქალაქე კ. კ-ა 1993 წლამდე ცხოვრობდა ქალაქ სოხუმში, მისამართზე ...ს ქ. №...-ში. ...ს ქ. №...-თან მიმართებით მოსარჩელემ განაცხადა, რომ დასახელებულ მისამართზე იყო რეგისტრირებული, ხოლო შვილთან ერთად ფაქტობრივად ცხოვრობდა იმავე ქალაქში - სოხუმში, თუმცა ...ს ქ. №...-ში. საკასაციო სასამართლოს მითითებით, აღნიშნული განმარტება არ გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ომამდე იყო დღეისათვის ოკუპირებულ ტერიტორია - ქ. სოხუმი, ვინაიდან მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გულისხმობს ფაქტობრივ და არა იურიდიულ (რეგისტრირებულ) მისამართს. მუდმივ საცხოვრებელ ადგილად კი, უნდა ჩაითვალოს ადგილი, რომელსაც პირი ირჩევს საცხოვრებლად და ის უნდა დადგინდეს პირის ცხოვრების საერთო მონაცემების - ფაქტობრივად უმეტესი დროით ყოფნის, ნათესაური კავშირებით, საქმიანობისა და სხვა გარემოებების, გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.

მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი დადგენასთან მიმართებით საყურადღებოა მოწმეთა ჩვენებები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ კ. კ-ას მშობლები ცხოვრობდნენ სოფელ ...ში, ხოლო თავად კ. კ-ა შვილთან ერთად ცხოვრობდა სოხუმში. საქმეში ასევე წარმოდგენილია განსახლების კომიტეტის მიერ 1993 წლის 4 ნოემბერს კ. კ-ას სახელზე გაცემული იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა №201341, რომლის თანახმად, კ. კ-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის სოხუმი, სოფელი ..., ხოლო დროებითი საცხოვრებელი ადგილი - ფოთი, ....

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

ამდენად, საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ვერ იქნა დაძლეული მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი მოსარჩელის ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრებასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით საპირისპირო დასტურდება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მიზნებისათვის, წარმოადგენდა დღეისათვის ოკუპირებული ტერიტორია. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, მართებულად იქნა დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნა სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2025 წლის 5 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია