საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-42(კ-25) 1 სექტემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ.ლ-ე
მესამე პირი - თ.ს-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ.ლ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 25 აპრილის №777 განკარგულება და მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე 560 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ:...) გ.ლ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ (დაზუსტებული მოთხოვნა).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 მარტის საოქმო განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო თ.ს-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ.ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 25 აპრილის №777 განკარგულება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ.ლ-ის მოთხოვნასთან მიმართებით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-51 მუხლებზე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე. სასამართლოს მსჯელობით, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულია არასრულყოფილად, არ არის გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და განმცხადებლის განმარტებები. სადავო აქტით არ არის დასაბუთებული, რა გარემოებებზე დაყრდნობით არ მიიჩნია კომისიამ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე გ.ლ-ის მიერ კომისიაში წარდგენილი განცხადება და მასზე თანდართული მტკიცებულებები „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საკუთრების უფლების აღიარების საკმარის საფუძვლად.
სასამართლოს მითითებით, სადავოდ ქცეული განკარგულებით, მოსარჩელე გ.ლ-ეს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე წარმოადგენდა ფიზიკური პირის - ჩ.ს-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელზეც სახელმწიფოს საკუთრების უფლება რეგისტრირებულ იქნა ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ (2007 წლის 30 ნოემბერს). სასამართლომ განმარტა, რომ მიწის ნაკვეთს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიენიჭოს თვითნებურად დაკვებულის კატეგორია, თუ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი დასტურდება 2007 წლის 27 ივლისამდე, ანუ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ გ.ლ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე წარმოადგენდა ფიზიკური პირის - ჩ.ს-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კანონის ამოქმედებამდე (2007 წლის 27 ივლისამდე), 2005 წლის 1 სექტემბერს, სახელმწიფომ თ.ს-ის მამკვიდრებლის - ჩ.ს-ის მიმართ განახორციელა ღონისძიება, რომლითაც გამოხატა 1800 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების ჩამორთმევისა და სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების ნება. სასამართლომ, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 სექტემბრის №3/73-13 გადაწყვეტილებაზე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 აპრილის №3ბ/3407-06 გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით მიუთითა რომ სახელმწიფოს, სადავო მიწის ნაკვეთის ჩ.ს-ზე გასასხვისებლად ნება არც არასდროს გამოუხატავს.
ამდენად, სასამართლო შეფასებით, განსახილველი საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა გააჩნია იმ გარემოებას, მოსარჩელე ფაქტობრივად ფლობდა/სარგებლობდა თუ არა მის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთს. სასამართლოს მითითებით, იმ შემთხვევაში, თუკი გ.ლ-ე რეალურად ფლობდა ამ მიწის ნაკვეთს, კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებებლი გარემოებების არარსებობის პირობებში, აღნიშნული მიწის ნაკვეთი აღიარებას ექვემდებარება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2, მე-51 მუხლებზე და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, გ.ლ-ის განცხადება კომისიის მიერ განხილული იქნა განმეორებით, კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ადმინისტრაციულ ორგანოს განემარტა, რომ უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის დამაბრკოლებელ გარემოებას და თუ პირი აკმაყოფილებს სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შესაბამისი წესითა და პროცედურების დაცვით, უნდა განხორციელდეს მისთვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გადაცემა. სასამართლოს მითითებით, განმეორებითი განხილვის შედეგად, სადავო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 25 აპრილის №777 განკარგულებით, გ.ლ-ეს კვლავ უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მის.: ქ. თბილისი, ... საერთო ფართობი - 560 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ გ.ლ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე წარმოადგენდა ფიზიკური პირის - ჩ.ს-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელზეც სახელმწიფოს საკუთრების უფლება რეგისტრირებულ იქნა ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ (2007 წლის 30 ნოემბერს). მითითებული გარემოება არ იძლეოდა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ გ.ლ-ე ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე დაუფლებული იყო მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს და იყენებდა მას, როგორც საკუთარს.
სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ განსახილველი საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა გააჩნია მოსარჩელე ფაქტობრივად ფლობდა/სარგებლობდა თუ არა მის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთს და იმ შემთხვევაში, თუკი გ.ლ-ე რეალურად ფლობდა ამ მიწის ნაკვეთს, კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის პირობებში, აღიარებას ექვემდებარება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 თებერვლის განჩინება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. თ.ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რომ არ დასტურდება მესამე პირის - თ.ს-ის (არც მისი მამკვიდრებლის) მიერ სადავო უძრავი ქონების ფლობა-სარგებლობა კანონის ამოქმედებამდე და მის შემდეგ და შესაბამისად, ამ საფუძვლით მოპასუხის უარი მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა დღეის მდგომარეობით წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. მოსარჩელის განმარტების საფუძველზე კი დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნული შენობა ააშენა მოსარჩელემ. პალატის მსჯელობით, მესამე პირის მამკვიდრებლის სახელზე ისე განხორციელდა უძრავი ქონების საკუთრებაში აღრიცხვა, რომ მასზე არსებული შენობა-ნაგებობები არ წარმოადგენდა დამაბრკოლებელ გარემოებას და ამ საკუთრების გაუქმებით, როგორც მიწის ნაკვეთი, ასევე შენობა-ნაგებობები დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად. შესაბამისად, თუ დადგინდა, რომ აღნიშნული ქონება მოსარჩელის მიერ არის აშენებული, ის ვერ გაუთანაბრდება სახელმწიფო ობიექტებს და შესაძლებელია მასზე განხორციელდეს მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ განმეორებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, დაინტერესებული პირების ჩართულობით დამატებით უნდა გამოიკვლიოს უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მოსარჩელის მიერ ფლობა-სარგებლობის ფაქტი კანონის ამოქმედებამდე და ასევე ის გარემოება, თუ ვის მიერ და როდის მოხდა უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე შენობის განთავსება. ადგილზე დათვალიერებით - დეტალურად უნდა გამოიკვლიოს გ.ლ-ის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთისა და მოსარჩელის სააბონენტო №...- ის კვანძის, მრიცხველი №..., რომელიც დამონტაჟებულია მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №..., ს/კ: №... - 2 მეტრში, ურთიერთკავშირი; მიმდებარედ ხომ არ აქვს გ.ლ-ეს მფლობელობასა თუ საკუთრებაში სხვა უძრავი ნივთი - და მიიღოს გადაწყვეტილება, შესაბამისი დასაბუთებით, გ.ლ-ის მოთხოვნასთან მიმართებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით გ.ლ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაკანონების უფლებაში მოიაზრება პირის ფაქტობრივი დამოკიდებულება მოთხოვნილი ნივთისადმი, რომელიც გამოვლინდება ნივთის მფლობელობასა და სარგებლობაში იმ განსხვავებით, რომ აღნიშნული არ ემყარება სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, დაუშვებელია, ე.წ. „ლეგალიზაციას“ დაექვემდებაროს მიწის ის ნაკვეთები, რომლის დაკანონებაზე პრეტენზიას აცხადებს პირი, მაგრამ ვერ ადასტურებს ამ ნივთზე საკუთარი ბატონობის ფაქტს.
კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი გარემოებები: საქართველოს რესპუბლიკის მიწის ნაკვეთის 1992 წლის 6 ოქტომბრის N48 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, სადავო მიწის ნაკვეთის (ქ. თბილისი, ...) მესაკუთრეს წარმოადგენდა ჩ.ს-ი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით, მოპასუხეებს, მათ შორის ჩ.ს-ის, ჩამოერთვა უკანონო და დაუსაბუთებელი ზემოაღნიშნული უძრავი ქონება და დაუბრუნდა სახელმწიფოს (მცხეთის რაიონი, ... საერთო ფართობი - 2500.00 კვ.მ). ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 30 ნოემბრის N... გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება (ს/კ...), ხოლო 2017 წლის 16 ივნისის N... გადაწყვეტილებით, უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე, მიწის ნაკვეთებზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება (ს/კ ...; ...). კომისიის მიერ, ასევე დადგენილ იქნა, რომ გ.ლ-ის მიერ მოთხოვნილი (ქ. თბილისი, ...; საერთო ფართობი - 560.00 კვ.მ) და საჯარო რეესტრში სახელმწიფოს უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (ს/კ:...) წარმოადგენს ერთი და იგივე უძრავ ქონებას. კასატორის მითითებით, მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში, თ.ს-ი ჩართული იქნა დაინტერესებულ მხარედ, კომისიის 2019 წლის 14 თებერვლის ზეპირი მოსმენის სხდომაზე (ოქმი N5) გამოცხადდნენ: გ.ლ-ე და თ.ს-ის წარმომადგენელი, ნ.ფ-ი. კომისიის სხდომაზე გ.ლ-ემ განმარტა, რომ მითითებული მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაიკავა 1998 წელს, სადაც, 2000 წელს მის მიერ აშენებულ იქნა საცხოვრებელი სახლი. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას. თ.ს-ის წარმომადგენელმა, ნ.ფ-იმა ზეპირი მოსმენის სხდომაზე განმარტა, რომ მითითებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა მისი მეუღლის, აწ გარდაცვლილი ჩ.ს-ის საკუთრებას და მასზე განთავსებული შენობებიც სწორედ მის მიერ არის აშენებული.
კომისია არ დაეთანხმა სასამართლოს მსჯელობას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების გამოუკვლევლობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ კომისიის მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული ფაქტები და დადგენილ იქნა, რომ გ.ლ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე წარმოადგენდა ფიზიკური პირის - ჩ.ს-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელზეც სახელმწიფოს საკუთრების უფლება რეგისტრირებულ იქნა ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ (2007 წლის 30 ნოემბერს). გამომდინარე აქედან, კომისიის მიერ მიჩნეულ იქნა, რომ მითითებული გარემოება არ იძლეოდა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ გ.ლ-ე ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე დაუფლებული იყო მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს და იყენებდა მას როგორც საკუთარს. შესაბამისად, არსებობდა განსახილველი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი
კასატორმა მიუთითა ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებაზე (Nბს-411(კ-25)), სადაც კასატორს წარმოადგენდა თ.ს-ი და მესამე პირი გ.ლ-ე. აღნიშნულ საქმეში უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი, კანონმდებლობის თანახმად, საკუთრების უფლებიის აღიარებას არ ექვემდებარება. შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარების კომისია მიიჩნევს, რომ ამ საფუძვლით მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება დაუშვებელია სხვა პირზეც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივნისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1992 წლის 6 ოქტომბრის №48 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით ჩ.ს-ის სარგებლობაში გამოეყო 1800 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბილისი, ...„ ...“.
მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ 2005 წლის 1 სექტემბერს სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს და ყოფილი თანამდებობის პირისთვის - ნ.ლ-ისთვის, მისი ახლო ნათესავებსა და მასთან დაკავშირებული პირებისთვის, მათ შორის, ჩ.ს-ისთვის, მათ საკუთრებაში არსებული სადავო მიწის ნაკვეთების უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 216 მუხლის შესაბამისად, ამ ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა მოითხოვა. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 სექტემბრის №3/73 გადაწყვეტილებით, მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად; მოპასუხეებს, მათ შორის, ჩ.ს-ის ჩამოერთვა და სახელმწიფოს დაუბრუნდა შემდეგი უკანონო და დაუსაბუთებელი ქონება: ჩ.ს-ი - ა) მიწის ნაკვეთი - მცხეთის რაიონის ...ში, ფართობი 0,25 ჰა, სარეგისტრაციო №...; ბ) მიწის ნაკვეთი - მცხეთის რაიონის ...ში, ფართობი 0,18 ჰა, სარეგისტრაციო №...
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 აპრილის №3ბ/3407-06 გადაწყვეტილებით, უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 სექტემბრის №3/73 გადაწყვეტილება ჩ.ს-ის ნაწილში. 2007 წლის 19 აპრილის №3ბ/3407-06 გადაწყვეტილებაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2017 წლის 31 ივლისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2017 წლის 13 სექტემბრის №01/20 წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და სააღსრულებო მოქმედებებში მონაწილეობისთვის და ჩამორთმეული სახელმწიფო ქონების ჩაბარების მიზნით სამინისტროს წარმომადგენლის გამოყოფა მოითხოვა. მითითებული მიმართვის საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2007 წლის 26 სექტემბრის №15/842 (რეგ. №1/176, თარიღი: 28.09.2007წ.) წერილით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია ეთხოვა.
2014 წლის 12 სექტემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ... ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1800.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა №... გაშენების ფართით 191 კვ.მ., შენობა №... გაშენების ფართით 49 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №..., საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე 2008 წლის 6 დეკემბრიდან.
დადგენილია, რომ №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი გაყოფილი იქნა ორ ნაწილად, რის შედეგადაც უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. თბილისი, ... ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1240.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი:..., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №... გაშენების ფართით 49 კვ.მ., მიენიჭა მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №... და უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. თბილისი, ... ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 560.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი:.., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №... გაშენების ფართით 191 კვ.მ., მიენიჭა მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №...
2015 წლის 6 ივლისს გ.ლ-ემ №14/12464 განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და 900 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 1 თებერვლის №478 საოქმო გადაწყვეტილებით (დღის წესრიგის 45-ე საკითხი), გ.ლ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია სახელმწიფოზე.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 1 თებერვლის №478 საოქმო გადაწყვეტილება (დღის წესრიგის 45-ე საკითხი) გ.ლ-ემ გაასაჩივრა სასამართლოში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით (საქმე №3/2901-16), გ.ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 1 თებერვლის №478 საოქმო გადაწყვეტილება გ.ლ-ისთვის 900 კვ/მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში (დღის წესრიგის 45-ე საკითხი); ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ.ლ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით. სასამართლომ განმარტა, რომ უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის დამაბრკოლებელ გარემოებას და თუ პირი აკმაყოფილებს სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შესაბამისი წესითა და პროცედურების დაცვით, უნდა განხორციელდეს მისთვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გადაცემა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 იანვრის განჩინებით (საქმე №3ბ/2334-17), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება, გასაჩივრებულ ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის განჩინებით (საქმე №ბს-319-319 (კ-18)), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 იანვრის განჩინება.
კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილების (საქმე №2901-16) აღსრულების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გ.ლ-ის 2015 წლის 06 ივლისის №14/12464 განცხადებაზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.
დადგენილია, რომ კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე გ.ლ-ის მიერ დაზუსტებულ იქნა მოთხოვნა, კერძოდ მოსარჩელემ მოითხოვა 560.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...) საკუთრების უფლების აღიარება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 25 აპრილის №777 განკარგულებით, გ.ლ-ეს (პ/ნ...) უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მის: ქ. თბილისი, ... საერთო ფართობი - 560 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ გ.ლ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე წარმოადგენდა ფიზიკური პირის - ჩ.ს-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელზეც სახელმწიფოს საკუთრების უფლება რეგისტრირებულ იქნა ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ (2007 წლის 30 ნოემბერს). გამომდინარე აქედან, კომისიამ მიიჩნია, რომ მითითებული გარემოება არ იძლეოდა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ გ.ლ-ე ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე დაუფლებული იყო მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს და იყენებდა მას, როგორც საკუთარს. შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით არსებობდა განსახილველი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი, რამდენადაც იგი არ აკმაყოფილებდა კანონით გათვალისწინებულ საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნებს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს გ.ლ-ისთვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს განსაზღვრავს. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობანაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
ამავე კანონის მე-51 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტების მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. ამავე მუხლის მე-7 პუნქტი კი ადგენს, რომ თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე-3 მუხლით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწის ნაკვეთები: ა) მართლზომიერ მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებული; ბ)თვითნებურად დაკავებული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა: ა) პირუტყვის გადასარეკი ტრასა; ბ) წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; გ) სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც დაკავებულია ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის მიერ, რომელთა საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის შესაბამისად და რომელთა სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვა ხელს არ შეუშლის სახელმწიფო ტყის ფონდის მართვისა და დაცვის განხორციელებას; დ) დაცული ტერიტორია, გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა; ე) რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე- პარკი, სკვერი და სხვა, გარდა „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სარეკრეაციო ტერიტორიებისა; ვ) ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლები; ზ) საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი; თ) თუ მასზე განთავსებულია წყალსაცავი, ჰიდროტექნიკური ნაგებობა და ამ ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი ზონები; ი)თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის(სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, წყალარინების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები; კ) სპეციალური დანიშნულების (თავდაცვისა და მობილიზაციისათვის განკუთვნილი) მიწის ნაკვეთები; ლ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ ექვემდებარება პრივატიზებას; მ) სასაფლაო და პანთეონი; ნ) სანიტარიული და დაცვითი ზონები; ო) თუ იგი განკუთვნილია ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი და აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ განეკუთვნება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთების კატეგორიას.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს რესპუბლიკის მიწის ნაკვეთის 1992 წლის 6 ოქტომბრის N48 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, სადავო მიწის ნაკვეთის (ქ. თბილისი, ...) მესაკუთრეს წარმოადგენდა ჩ.ს-ი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით, მოპასუხეებს, მათ შორის ჩ.ს-ის, ჩამოერთვა უკანონო და დაუსაბუთებელი ზემოაღნიშნული უძრავი ქონება და დაუბრუნდა სახელმწიფოს (მცხეთის რაიონი, ... საერთო ფართობი - 2500.00 კვ.მ).
საჯარო რეესტრიდან 16.06.2017წ. ამონაწერების თანახმად, N... საკადასტრო ერთეული დაიყო ორ საკადასტრო ერთეულად: ... ს/კ მქონე 1240 კვ.მ მიწის ნაკვეთად, რომელზედაც განთავსებულია 49 კვ.მ-ის შენობა და ... ს/კ მქონე 560 კვ.მ მიწის ნაკვეთად, რომელზედაც განთავსებულია 191 კვ.მ-ის შენობა. მოგვიანებით, საჯარო რეესტრიდან 14.05.2019წ. გაცემული ამონაწერების მიხედვით, N... ს/კ-ის მქონე 1245 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ N..., N... და N... შენობა-ნაგებობებზე, ასევე N... ს/კ-ის მქონე 560 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე მდებარე N..., N..., N... და N... შენობა-ნაგებობაზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრება.
დადგენილია, რომ თ.ს-იმა (განსახილველ საქმეზე მესამე პირმა), როგორც ჩ.ს-ის კანონისმიერმა მემკვიდრემ, 05.02.2018წ. განცხადებით მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარება 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 12.06.2019წ. N1541 განკარგულებით თ.ს-ის უარი ეთქვა 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
2019 წლის 3 ივნისს თ.ს-იმა (განსახილველ საქმეზე მესამე პირმა), სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა „საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ 2019 წლის 12 ივნისის №1541 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მოსარჩელის სახელზე ახალი აქტის (560 კვ.მ და 1245 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე) გამოცემის დავალება. ამავე სარჩელით მოსარჩელემ იშუამდგომლა 560 კვ.მ და 1245 კვ.მ ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდები: №... და №...) სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ.ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „თ-ს-ისთვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 12 ივნისის №1541 განკარგულება; ამავე კომისიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში, მიწის ნაკვეთზე თ.ს-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ.ს-იმა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით (Nბს-411(კ-21)) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 თებერვლის განჩინება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ.ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ თ.ს-ის მოთხოვნა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე იყო უსაფუძვლო. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე (2007 წლის 27 ივლისამდე) სახელმწიფომ თ.ს-ის მამკვიდრებლის ჩ.ს-ის მიმართ განახორციელა ღონისძიება, რომლითაც გამოხატა 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების ჩამორთმევისა და სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების ნება, კერძოდ: სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ 01.09.2005წ. სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხეებისთვის, მათ შორის ჩ.ს-ისთვის საკუთრების უფლების ჩამორთმევა. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე (2007 წლის 27 ივლისამდე) რამდენიმე თვით ადრე, მცხეთის რაიონული სასამართლოს 28.09.2006წ. გადაწყვეტილებით ჩ.ს-ის ჩამოერთვა 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19.04.2007წ. გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა პროკურატურის დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნა თ.ს-ის მამკვიდრებლის ჩ.ს-ის მიმართ. თ.ს-ის მამკვიდრებლის ჩ.ს-ისთვის, მასზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების ჩამორთმევისა და უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნების პროცესი დაიწყო (01.09.2005წ.) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე (27.07.2007წ.), გაგრძელდა მითითებული კანონის ამოქმედების შემდგომაც და დასრულდა იმით, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, მოსარჩელის მამკვიდრებელს ჩამოერთვა საკუთრების უფლება და 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ასევე მასზე განლაგებულ შენობებზეც დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება. საკასაციო სასამართლოს მითითებით, სახელმწიფოს მიერ თ.ს-ის მამკვიდრებლის ჩ.ს-ის მიმართ განხორციელებული ღონისძიებები გამორიცხავდნენ მითითებული კანონით მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების თაობაზე მოსარჩელის მოლოდინის კანონიერებას. მემკვიდრეს ვერ ექნებოდა იმის კანონიერი მოლოდინი, რომ სახელმწიფო, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის საფუძველზე, დაუბრუნებდა უძრავ ქონებას, რომელიც სწორედ მითითებული კანონის მიღება-ამოქმედების პარალელურად მის მამკვიდრებელს ჩამოართვა. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ დასტურდებოდა მითითებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების თაობაზე მოსარჩელისა და მისი მამკვიდრებლის მოლოდინის კანონიერება და თ.ს-ის სასარჩელო მოთხოვნა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის საფუძველზე 1800 კვ.მ უძრავ ქონებაზე - როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება იყო უსაფუძვლო.
ამავე გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ თ.ს-ის მიერ მოთხოვნილი უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არ ექვემდებარებოდა საკუთრების უფლების აღიარებას „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 3.2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე. ვინაიდან, მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობდა იმ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოპასუხისთვის დავალებაში, რომელზედაც განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, სახელმწიფოს საკუთრება არის რეგისტრირებული. საქმის მასალებით კი არ დასტურდებოდა შენობა-ნაგებობებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ.ლ-ის მიერ მოთხოვნილი 560.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ქ. თბილისი, ...) და საჯარო რეესტრში სახელმწიფოს უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (ს/კ:...) წარმოადგენს ერთი და იგივე უძრავ ქონებას. ამასთან აღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენს თ.ს-ის მიერ 05.02.2018წ განცხადებით მოთხოვნილი 1800 კვ.მ უძრავი ქონების ნაწილს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 11.07.2007წ. მიღებული კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიულის პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ ადგენს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას. მითითებული კანონი მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას ითვალისწინებს ამავე კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. ერთ-ერთ პირობას შეადგენს პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის მართლზომიერად დაუფლება ან თვითნებურად დაკავება (მე-2 მუხ., „ა“, „გ“ ქვ.პ.).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით (Nბს-411(კ-21)) დადგენილ გარემოებაზე იმის შესახებ, რომ რომ სადავო მიწის ნაკვეთი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე (2007 წლის 27 ივლისამდე) წარმოადგენდა ჩ.ს-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელზეც ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ რეგისტრირებული იქნა სახელმწიფოს საკუთრების უფლება და განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოება გამორიცხავს გ.ლ-ის მიერ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე (27.07.2007წ), სადავო უძრავი ქონების თვითნებურად დაკავების ფაქტს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების (Nბს-411(კ-21)) შესაბამისად, მოთხოვნილი უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 3.2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, გ.ლ-ე ვალდებული იყო დაესაბუთებინა თავისი მოთხოვნა და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. საკასაციო პალატა თვლის, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 25 აპრილის №777 განკარგულება კანონიერია, შესაბამისად, სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ოქტომბრის განჩინების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, იგი შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. იმავე კოდექსის 37-ე მუხლიდან გამომდინარე კი, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. სახელმწიფო ბაჟი კი მიეკუთვნება სასამართლო ხარჯებს.
სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, გ.ლ-ის მიერ სარჩელზე გადახდილი 100 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გ.ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. გ.ლ-ის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. შონია
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. მაკარიძე