Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-889(კ-25) 19 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ.ლ-ე, მესამე პირი - გ.ბ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 3 ნოემბერს თ.ლ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 18 მარტის №03-570/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა გ.ბ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით, თ.ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელე მხარის და მესამე პირის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თ.ლ-ისა და გ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ.ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 18 მარტის №03-570/ო ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-13 მუხლის მე-3 პუნქტზე, სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების (ძალადაკარგულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 04/08/2021 №01-30/ნ ბრძანებით), №1 დანართის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-6 მუხლის მე-8, მე-10 პუნქტებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის ის ფაქტი, რომ მოსარჩელე შვილთან ერთად წარმოდგენს იძულებით გადაადგილებული პირს - დევნილს, მათ მინიჭებული აქვთ დევნილის სტატუსი და სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში არ არიან დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით. ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 თებერვლის №8 ოქმით დგინდება, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, კომისიამ განიხილა ქ. გორში და ქ. ხაშურში მდებარე ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი. თ.ლ-ეს უარი ეთქვა - მისი განაცხადი განუხილველი დარჩა სახელმწიფოს მიერ დახურულ ობიექტში ცხოვრების გამო. სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 18 მარტის №03-570/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების (№8 ოქმი) საფუძველზე, თ.ლ-ეს (განცხადებით გათვალისწინებულ პირებს) სახელმწიფოს მიერ გამოთავისუფლებულ ფართში ცხოვრების გამო, უარი ეთქვა ქ. გორში და ქ. ხაშურში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფაზე. ამდენად, დავის არსებითად გადაწყვეტის მიზნით უნდა დადგინდეს თ.ლ-ე არამართლზომიერად/თვითნებურად იკავებდა თუ არა დევნილთა ყოფილ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ფართს, რომლიდანაც კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდა დევნილთა გამოყვანისა და განსახლების ღონისძიებები.

სააპელაციო პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე მოტივირებულია იმ გარემოებით, რომ სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ქ. გორში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ობიექტში (შპს „...“) აღწერის დროს თ.ლ-ე არ იყო დაფიქსირებული ზემოაღნიშნული ობიექტის ფაქტობრივ მაცხოვრებლად (თ.ლ-ის დედის განმარტებით, ცხოვრობდა ქ. გორში, ...ის ქ. №...-ში; თ.ლ-ე მონიტორინგის სამსახურს ადგილზე არ დახვდა). ამასთან, თ.ლ-ის დედის ი.ტ-ის ოჯახი, როგორც ქ. გორში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ობიექტში (შპს „...“) ფაქტობრივად მაცხოვრებელი, დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი დასტურდება, რომ ობიექტი დახურულია 2017 წელს.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2013 წლის 14 დეკემბერს გაცემული იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის თანახმად, თ.ლ-ის და გ.ბ-ის დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილად) მითითებულია - საქართველო, შიდა ქართლი, გორი, ...ის ქ. №..., შპს „...“. 2019 წლის 13 ნოემბერს, თ.ლ-ემ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებით მიმართა სამინისტროს, შეავსო გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარი. განმცხადებელმა ოჯახის შემადგენლობაში მიუთითა შვილი - გ.ბ-ი. ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა: შიდა ქართლი, გორი, ...ის ქ. №... გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის მიხედვით, თ.ლ-ის მონიტორინგი განხორციელდა 2020 წლის 8 თებერვალს, გორში, ...ის ქ. №..., სართული ..., ბინა ..., ყოფილი ... „...“ (მესაკუთრე შპს „...“). განმცხადებელი მისამართზე ცხოვრობს 1991 წლიდან, ქირის გარეშე. ამავე მონიტორინგის შესაბამისად, განმცხადებელთან ერთად ცხოვრობს დედა (იმყოფებოდა მისამართზე) და ძმა (არ იმყოფებოდა ადგილზე). დედას, ძმას და და ხ.ლ-ეს გადაცემული აქვთ საცხოვრებელი ფართი ქ. გორში, ...ის ქ. №..., კორპუსი №..., ბინა ...-ში. თ.ლ-ის განცხადებით, მის დას ხ.ლ-ეს შეტანილი აქვს ცალკე განაცხადი საცხოვრებელი ფართის მიღებასთან დაკავშირებით. ამასთან, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 14 თებერვლის №IDP 5 23 00163089 წერილის თანახმად, ქ. გორში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე შპს „...“ დაიხურა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის (სხდომის ოქმი №99) გადაწყვეტილების საფუძველზე. ზემოაღნიშნულ პერიოდში განხორციელებული დევნილი ოჯახების აღწერის მასალებში თ.ლ-ე არ ფიქსირდება, როგორც ობიექტის ფაქტობრივი მაცხოვრებელი. ამავე წერილის მიხედვით, მოკვლევის საფუძველზე, ობიექტში ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილ ოჯახთა რეესტრში ფიქსირდება თ.ლ-ის დედა - ი.ტ-ი, და - ხა.ლ-ე და ძმა - ხ.ლ-ე, რომლებიც ზემოაღნიშნული კომისიის სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე, დაკმაყოფილდნენ საცხოვრებელი ფართით ქ. გორში, ...ის ქ. №...-ში. მონიტორინგის სამსახურის მიერ შედგენილ ოჯახის აღწერის ფორმაში მითითებულია, რომ ი.ტ-ის ერთ-ერთი შვილი - თ.ლ-ე, ცხოვრობს ქ. გორში, ...ის №...-ში.

სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა აპელანტის მიერ გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, 2017 წელს წარმოებული განსახლების დროს მან უარი განაცხადა ფართის მიღებაზე, ვინაიდან სამი ოჯახი იყო და არ სურდა ოჯახის წევრებთან შეცილება, ხოლო მისამართის - ქ. გორი, ...ის №...-ის განცხადებებში მითითებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ცოტა ხნით იყო გადასული საცხოვრებლად. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი თ.ლ-ის 2022 წლის 12 მაისის განცხადების თანახმად, თ.ლ-ე 1991 წლიდან 2017 წლამდე ცხოვრობდა ქ. გორში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში „...ში“. 2017 წლიდან თ.ლ-ე ცხოვრობს დის ქ.ლ-ის ბინაში. მართალია 2017 წელს ფართი ირიცხებოდა შპს „...ას“ საკუთრებაში, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ქ.ლ-ესა და შპს „...ას“ შორის უკვე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ბინის ნასყიდობასთან დაკავშირებით, არც შპს იყო წინააღმდეგი ფართში თ.ლ-ეს ეცხოვრა. სააპელაციო საჩივარზე თანდართული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერებით დასტურდება, რომ ქ. გორში, ...ის ქუჩა N.., ...ის ქუჩა N...-ში, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება 2019 წლის მდგომარეობით წარმოადგენდა შპს „...ას“ საკუთრებას, 2021 წლის 10 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა მოსარჩელის დის - ქ.ლ-ის საკუთრებად, ხოლო 2022 წლის 18 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ე.ლ-ის საკუთრებად. უძრავი ნივთის ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილია, რომ აღნიშნული უძრავი ქონების დამქირავებელს 2 წლის ვადით, ყოველთვიური 200 ლარის ქირის სანაცვლოდ, წარმოადგენს თ.ლ-ე.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გასაჩივრებული აქტი დაფუძნებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 თებერვლის №8 ოქმზე, რომლითაც თ.ლ-ეს უარი ეთქვა - მისი განაცხადი განუხილველი დარჩა სახელმწიფოს მიერ დახურულ ობიექტში ცხოვრების გამო. თავის მხრივ, სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 18 მარტის №03-570/ო ბრძანება სხვა რაიმე დამატებით დასაბუთებას არ შეიცავს. აღნიშნული კი მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საკითხის არასრულყოფილ შესწავლაზე და იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას შემოიფარგლა მხოლოდ კანონის ჩანაწერზე ფორმალური, ზოგადი მითითებით. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ ემყარება განსახილველ საკითხზე არსებულ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს. სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული გარემოებები. შესაბამისად, სახეზეა სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობები. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გასაბათილებლად ვერ უზრუნველყო მის მიერ გამოცემული აქტის კანონიერების მტკიცება შესაბამისი უტყუარი მტკიცებულებებითა და დასაბუთებული არგუმენტაციით. ფორმალური საფუძვლით (დახურული ობიექტის გამო) დევნილი პირის ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე განაცხადის განუხილველად დატოვების მოტივით უარის თქმა კი მაშინ, როდესაც დევნილი ოჯახი არ არის უზრუნველყოფილი გრძელვადიანი საცხოვრებლით, ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ გარანტიებს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე.

ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 18 მარტის №03-570/ო ბრძანება და ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არსებითად უნდა იქნას შეფასებული და გამოკვლეული მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გათვალისწინებული უნდა იქნას ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ დადასტურებულია 2021 წლიდან ...ის ქუჩა N...-ში მდებარე უძრავი ქონების ქ.ლ-ის (მოსარჩელის დის) საკუთრებად რეგისტრაციის, აღნიშნული ქონების გასხვისებისა და გასხვისების შემდგომ, მოსარჩელის მიერ უძრავი ქონების ქირით სარგებლობის ფაქტი. შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია ის გარემოება, რომ 2021 წლიდან თ.ლ-ე არამართლზომიერად/თვითნებურად არ იკავებდა „დახურულ ობიექტს“. მართალია, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია 2020 წელს, თუმცა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი, შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურებული, მოვლენათა ქრონოლოგიური განვითარება იძლევა გონივრულ საფუძველს, რომ სარწმუნოდ იქნას მიჩნეული მოსარჩელის მტკიცება, რომლის თანახმადაც, 2017 წლიდან შპს „...“ თანახმა იყო მოსარჩელეს ეცხოვრა მითითებულ ფართში. ამდენად, სააპელაციო პალატის განმარტებით, თუ ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევს, რომ გორში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე ობიექტის დახურვის შემდგომ თ.ლ-ემ ფართი არამართლზომიერად/თვითნებურად დაიკავა, ვალდებულია მოიპოვოს შესაბამისი უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 18 მარტის №03-570/ო ბრძანება და საკითხი არსებითად შესაფასებელია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, არ არსებობს მითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ თ.ლ-ემ თვითნებურად დაიკავა სახელმწიფოს მიერ ერთხელ უკვე გამოთავისუფლებული ფართი მას შემდეგ, რაც მისი ოჯახი სააგენტომ დააკმაყოფილა. შესაბამისად, თ.ლ-ის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი სააგენტოს მიერ განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იგი დაკავებულ ფართს გამოათავისუფლებს. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გასაჩივრებული ბრძანება მიღებულია კანონის სრული დაცვით. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოსარჩელე მხარეს სრულად უნდა ეთქვას უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2013 წლის 14 დეკემბერს გაცემული, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობების თანახმად, თ.ლ-ე და გ.ბ-ი წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებული პირებს - დევნილებს. აღნიშნულ მოწმობებში მათ დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილად) მითითებულია: გორი, ...ის ქ. №..., შპს „...“.

ასევე დადგენილია, რომ 2019 წლის 13 ნოემბერს თ.ლ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მისი და მისი ოჯახის წევრის (შვილი) - გ.ბ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მოითხოვა. განმცხადებელმა შეავსო გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარი, სადაც ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა: გორი, ...ის ქ. №...

დადგენილია, რომ 2020 წლის 8 თებერვალს განხორციელდა მონიტორინგი მისამართზე: ქ. გორი, ...ის ქ. №..., სართული …, ბინა …, ყოფილი ... „...“, რის შესახებაც შევსებული იქნა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმა. მონიტორინგის ფორმაში მითითებულია, რომ თ.ლ-ე აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 1991 წლიდან, ქირის გარეშე. მასთან ერთად ცხოვრობენ დედა (იმყოფებოდა მისამართზე) და ძმა (არ იმყოფებოდა ადგილზე). დედას, ძმას და დას გადაცემული აქვთ საცხოვრებელი ფართი ქ. გორში, ...ის ქ. №..., კორპუსი №..., ბინა №...

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 თებერვლის №8 სხდომის ოქმით დგინდება, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, კომისიამ განიხილა ქ. გორში და ქ. ხაშურში მდებარე ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი და კომისიის გადაწყვეტილებით, თ.ლ-ეს ეთქვა უარი - მისი განაცხადი დარჩა განუხილველი, სახელმწიფოს მიერ დახურულ ობიექტში ცხოვრების გამო. ამასთან, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 18 მარტის №03-570/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების (№8 ოქმი) საფუძველზე, თ.ლ-ეს (განცხადებით გათვალისწინებულ პირებს) სახელმწიფოს მიერ გამოთავისუფლებულ ფართში ცხოვრების გამო, უარი ეთქვა ქ. გორში და ქ. ხაშურში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფაზე.

საქმის მასალებში წარმოდგენილია სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 14 თებერვლის №IDP 5 23 00163089 წერილი, რომლის თანახმად, ქ. გორში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე შპს „...“ დაიხურა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების (სხდომის ოქმი №99) საფუძველზე. ზემოაღნიშნულ პერიოდში განხორციელებული დევნილი ოჯახების აღწერის მასალებში თ.ლ-ე არ ფიქსირდება, როგორც ობიექტის ფაქტობრივი მაცხოვრებელი. ამავე წერილის მიხედვით, მოკვლევის საფუძველზე, ობიექტში ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილ ოჯახთა რეესტრში ფიქსირდება თ.ლ-ის დედა - ი.ტ-ი, და - ხა.ლ-ე და ძმა - ხ.ლ-ე, რომლებიც ზემოაღნიშნული კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, დაკმაყოფილდნენ საცხოვრებელი ფართით ქ. გორში, ...ის ქ. №…-ში. მონიტორინგის სამსახურის მიერ შედგენილ ოჯახის აღწერის ფორმაში მითითებულია, რომ ი.ტ-ის ერთ-ერთი შვილი - თ.ლ-ე, ცხოვრობს ქ. გორში, ...ის №...-ში.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სწორედ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 18 მარტის №03-570/ო ბრძანების კანონიერებას. ასევე, მის თანმდევ მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სახელმწიფოს მხრიდან სოციალური პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს პირისათვის ცხოვრების სტანდარტების შენარჩუნებაზე და უზრუნველყოფდეს, შესაბამისი უფლების სათანადოდ რეალიზებით, პირის საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილ მონაწილეობას. საქართველოს კონსტიტუცია ხაზს უსვამს სოციალური უფლებებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებას. კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. ამდენად, „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ განსაზღვრულ სუბიექტთა განსაკუთრებული საჭიროებებიდან გამომდინარე, საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ნორმების სისრულეში მოყვანა უნდა პასუხობდეს სახელმწიფოს წინაშე მდგარ ამოცანებს. „..უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სათანადო კვლევის შედეგად უნდა უზრუნველყოს საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტა..“ (სუსგ Nბს-438(2კ-22), 09.09.2022წ.).

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №...20 ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში − წესი) ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2566 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2019-2020 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში – სამოქმედო გეგმა) შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს. მითითებული წესის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებები არ განხორციელდება იმ დევნილი ოჯახების მიმართ, რომლებიც არამართლზომიერად/ თვითნებურად იკავებენ დევნილთა იმ ყოფილ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ფართს, რომლიდანაც კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდა დევნილთა გამოყვანისა და განსახლების ღონისძიებები. ასეთი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი განიხილება, ამგვარად დაკავებული საცხოვრებელი ფართების გამოთავისუფლების შემდგომ.

მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თანახმად, თ.ლ-ეს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა სწორედ ზემოაღნიშნული წესის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოს მიერ გამოთავისუფლებულ ფართში ცხოვრების გამო. ამდენად, დავის არსებითად გადაწყვეტის მიზნით მნიშვნელოვანია დადგინდეს თ.ლ-ე არამართლზომიერად/თვითნებურად იკავებდა თუ არა დევნილთა ყოფილ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ფართს, საიდანაც კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდა დევნილთა გამოყვანისა და განსახლების ღონისძიებები.

საკასაციო პალატა სააპელაციო პალატის მსგავსად ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ საქმეში წარმოდგენილი, 2013 წლის 14 დეკემბერს გაცემული, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობების თანახმად, თ.ლ-ისა და გ.ბ-ის დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილს) წარმოადგენს გორი, ...ის ქ. №..., შპს „...“. ანალოგიური მისამართი აქვს მითითებული თ.ლ-ეს მის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში 2019 წლის 13 ნოემბერს წარდგენილ განცხადებაში. საქმეში წარმოდგენილი თ.ლ-ის 2022 წლის 10 მაისის განცხადების თანახმად, იგი 1991 წლიდან 2017 წლამდე ცხოვრობდა ქ. გორში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში „...ში“. 2017 წლიდან კი ცხოვრობს დის ქ.ლ-ის ბინაში. ამასთან, მართალია 2017 წელს ფართი ირიცხებოდა შპს „...ას“ საკუთრებაში, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ ქ.ლ-ესა და შპს „...ას“ შორის უკვე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ბინის ნასყიდობასთან დაკავშირებით, არც შპს იყო წინააღმდეგი ფართში თ.ლ-ეს ეცხოვრა. საქმეში წარმოდგენილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერებით დასტურდება, რომ ქ. გორში, ...ის ქუჩა N..., ...ის ქუჩა N…-ში, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება 2019 წლის მდგომარეობით წარმოადგენდა შპს „...ას“ საკუთრებას, 2021 წლის 10 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე იგი აღირიცხა მოსარჩელის დის, ქ.ლ-ის საკუთრებად, ხოლო 2022 წლის 18 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კი ე.ლ-ის საკუთრებად. ამასთან, უძრავი ნივთის ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილია, რომ აღნიშნული უძრავი ქონების დამქირავებელს 2 წლის ვადით, ყოველთვიური 200 ლარის ქირის სანაცვლოდ, წარმოადგენს თ.ლ-ე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 18 მარტის №03-570/ო ბრძანება გამოცემული იქნა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების (№8 ოქმი) საფუძველზე, რომლის თანახმად, თ.ლ-ეს ეთქვა უარი - მისი განაცხადი დარჩა განუხილველი, სახელმწიფოს მიერ დახურულ ობიექტში ცხოვრების გამო. თავის მხრივ, სადავო ბრძანება სხვა რაიმე დამატებით დასაბუთებას არ შეიცავს. აღნიშნული კი მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საკითხის არასრულყოფილად შესწავლაზე და იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას შემოიფარგლა მხოლოდ კანონის ჩანაწერზე ფორმალური, ზოგადი მითითებით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ფორმალური საფუძვლით (დახურული ობიექტის გამო) დევნილი პირის ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მაშინ, როდესაც დევნილი ოჯახი არ არის უზრუნველყოფილი გრძელვადიანი საცხოვრებლით, ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ გარანტიებს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა სააპელაციო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, გასაჩივრებული ბრძანების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გათვალისწინებული უნდა იქნას ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ დადასტურებულია 2021 წლიდან ქ. გორში, ...ის ქუჩა N…-ში მდებარე უძრავი ქონების ქ.ლ-ის (მოსარჩელის დის) საკუთრებად რეგისტრაციის, აღნიშნული ქონების გასხვისებისა და გასხვისების შემდგომ, მოსარჩელის მიერ უძრავი ქონების ქირით სარგებლობის ფაქტი. შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია ის გარემოება, რომ 2021 წლიდან თ.ლ-ე არამართლზომიერად/თვითნებურად არ იკავებდა „დახურულ ობიექტს“. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი, შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურებული, მოვლენათა ქრონოლოგიური განვითარება იძლევა გონივრულ საფუძველს, რომ სარწმუნოდ იქნას მიჩნეული მოსარჩელის მტკიცება, რომლის თანახმადაც, 2017 წლიდან შპს „...“ თანახმა იყო მოსარჩელეს ეცხოვრა მითითებულ ფართში. ამდენად, თუ ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევს, რომ გორში, ...ის ქუჩა N…-ში მდებარე ობიექტის დახურვის შემდგომ თ.ლ-ემ ფართი არამართლზომიერად/თვითნებურად დაიკავა, ვალდებულია მოიპოვოს შესაბამისი უტყუარი მტკიცებულებები. აღნიშნული კი წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე სააგენტოს მიერ სადავო საკითხის ხელახალი განხილვის, ზემოაღნიშნული გარემოებებისა და მტკიცებულებების შეფასებისა და საჭიროების შემთხვევაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა სხვა გარემოების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და აღნიშნულის შედეგად, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე