საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-548(კ-25) 30 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - თ. მ-ე, მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ. მ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) დაევალოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას თ. მ-ეის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 3480 ლარის ოდენობით; ბ) დაევალოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას თ. მ-ეის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 15 000 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 მარტის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქმეში ჩაბმულ იქნა მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით თ. მ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს გენერალურ პროკურატურას თ. მ-ეის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. თ. მ-ეის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. საქართველოს გენერალურ პროკურატურას თ. მ-ეის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ.
კასატორის განმარტებით, ზიანის ანაზღაურების წინაპირობას წარმოადგენს, რომ პირს ზიანი მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით. ამასთან, მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი და უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში კი, საქართველოს პროკურატურის მხრიდან ამგვარ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტებს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არ შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც ვინმეს მხრიდან განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ქმედებით ზიანის მიყენებად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანხმად, განაჩენი არის პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ დანაშაულის ჩადენაში ან ამართლებს მას. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, სასამართლო სახელმწიფო ხელისუფლების ერთადერთი ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს მართლმსაჯულება, განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი. გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს კომპეტენციაა. მოცემულ შემთხვევაში, პროკურატურას წინასწარ ვერ ეცოდინებოდა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსათვის საკმარისი არ აღმოჩნდებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, მით უფრო მაშინ, როდესაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენის დადგენისას სხდომის თავმჯდომარე არ ასაბუთებს ვერდიქტს და უცნობი რჩება ის ძირითადი მიზეზები, რომლებმაც განაპირობა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ისიც, რომ გამამართლებელი განაჩენის გამოტანაში დიდი როლი შეასრულა დაზარალებულების მხრიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ’’ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლების გამოყენებამ და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმამ. შესაბამისად, პროკურატურას წინასწარ ვერ ეცოდინებოდა, რომ დაზარალებულები, იმ მორალური და ფსიქოლოგიური ტანჯვის მიუხედავად, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მათ მიადგათ, სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის სტადიაზე თავს შეიკავებდნენ ჩვენების მიცემისაგან და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები ნაფიც მსაჯულთათვის საკმარისი აღარ აღმოჩნდებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
დადგენილია, რომ 2021 წლის 17 მარტს თ. მ-ე დაკავებულ იქნა 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გამო, 2021 წლის 18 მარტს მას წარედგინა ბრალდება და 2021 წლის 19 მარტს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. 2021 წლის 9 ივლისს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ თ. მ-ე გაამართლა. თ. მ-ე პატიმრობაში იმყოფებოდა 3 თვე და 22 დღე.
კასატორის განმარტებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თუ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას ამ უკანასკნელის მიმართ გამოყენებულ იქნა კანონით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებები და გატარდა კანონშესაბამისი ღონისძიებანი, საბოლოოდ, პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მარეაბილიტირებელი საფუძვლით დამთავრების შემთხვევაშიც კი, არ არსებობს პროკურატურის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი. გასათვალისწინებელია, რომ თ. მ-ეის მიმართ გატარებულ ყველა ღონისძიებას გააჩნდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები, კერძოდ, პირისათვის ბრალდების წაყენებისა თუ სხვა იძულების ღონისძიების გამოყენების საფუძველია „დასაბუთებული ვარაუდის“ სტანდარტი. სწორედ აღნიშნულზე დაყრდნობით განხორციელდა თ. მ-ეის მიმართ სისხლისსამართლებრივი პროცედურები, თუმცა ის ფაქტი, რომ სისხლის სამართლის საქმემ შემდგომში ვერ დააკმაყოფილა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტი, აღნიშნული უკანონოდ ვერ გადააქცევს „დასაბუთებული ვარაუდის’’ სტანდარტზე დაყრდნობით შესრულებულ მოქმედებებს. ამას ისიც ცხადყოფს, რომ პროკურატურის მოქმედებები ყველა ეტაპზე გადიოდა სასამართლო კონტროლს და ამ უკანასკნელის მხრიდან კმაყოფილდებოდა როგორც აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, ისე წინასასამართლო სხდომიდან საქმის არსებითი განხილვისათვის გადაცემის შუამდგომლობები. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში პროკურატურის მხრიდან სახეზე არ გვაქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედებაც კი, რომელიც, სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1005-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეიძლებოდა მიზეზობრივ კავშირში ყოფილიყო დამდგარ შედეგთან. მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ სახეზე არ არის ზიანის ანაზღაურების წინაპირობების ერთობლიობა: ზიანი, მართლსაწინააღმდეგობა და პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი.
გარდა ზემოაღნიშნულისა, პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სახელმწიფოს ერთ-ერთ სპეციფიკურ ფუნქციას წარმოადგენს და მისი შედეგის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია, რადგან იგი დამოკიდებულია წინასწარ უცნობ ფაქტობრივ თუ სამართლებრივ გარემოებებზე. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველზე წარმოშობილი უარყოფითი ემოციების, განცდების თუ სხვა სამართლებრივი შედეგების გარკვეულწილად თმენის ვალდებულება აქვს ყველას, რაც არ გამორიცხავს შემდგომ გამართლებული პირისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, თუმცა გავლენას ახდენს მორალური ზიანის ოდენობაზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში თ. მ-ე პირველივე ინსტანციის სასამართლოში იქნა გამართლებული და მას პატიმრობაში ყოფნა მოუწია მხოლოდ 3 თვითა და რამდენიმე დღით აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში. ამასთანავე, მას არ ჰქონია ასაკი, გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა ან სხვა რაიმე ინდივიდუალური მახასიათებელი, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა განსაკუთრებულ მოპყრობასთან და განუზომელ ზიანს მიაყენებდა მოსარჩელეს ციხეში ყოფნის დროს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი ნორმების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება/გადაწყვეტილებებში ჩამოყალიბებული განმარტებების შესაბამისად, ასევე, მსგავს საქმეებზე საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მორალური ზიანის სახით - 3 000 ლარის დაკისრება უსაფუძვლოა, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების არაპროორციულია, არ ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.
სასამართლოს მიერ ასევე, უსაფუძვლოდ განხორციელდა ადმინისტრაციულ საქმეზე ადვოკატისათვის გადახდილი თანხის დაკისრება საქართველოს პროკურატურისათვის 500 ლარის ოდენობით. გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას უკავშირებს სარჩელის დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილებას. შესაბამისად, ვინაიდან სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო არცერთ ნაწილში, სასამართლოს მხრიდან საპროცესო ხარჯის მოპასუხისთვის დაკისრებაც საფუძველსმოკლებული და დაუსაბუთებელია. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს დაუკმაყოფილდა ჯამში 3 000 ლარის ანაზღაურება, ადმინისტრაციულ საქმეზე წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი კი, დაკისრებული ოდენობით (500 ლარი) სცილდება კანონით დადგენილ 4%-იან მაქსიმუმს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სასამართლო გადაწყვეტილების უსაფუძვლობას.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 19 მარტის განჩინებით, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; ბრალდებულ თ. მ-ეის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა. პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 111 ,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტი, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2021 წლის 23 მარტის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 19 მარტის განჩინებაზე ბრალდებულ თ. მ-ეის ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი (ს.ფ 24-31, 38-42); ბ) „პატიმრობაში მყოფი პირის გარე სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებლის 2021 წლის 22 მარტის დადგენილებით, სისხლის სამართლის №100160321001 საქმეზე ბრრალდებულს, თ. ა.-ს ძე მ-ეს (დაბ: ...წ., პ/ნ ...), შეეზღუდა პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება (ს.ფ 32-33); გ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის თავმჯდომარეობით, 2021 წლის 9 ივლისს მიიღო განაჩენი, რომლის თანახმად, თ. მ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში; თ. მ-ეის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. დადგინდა, რომ გამართლებულ თ. მ-ეს უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება (ს.ფ 38-42); დ) საქმის მასალებში წარმოდგენილია 2021 წლის 17 მარტის ბრალდებულის დაკავების ოქმი, რომლის თანახმად, თ. მ-ე არის დროებით უმუშევარი (ს.ფ 14-18).
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ თ. მ-ეს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება. შესაბამისად, მის მიერ არც საკასაციო საჩივარი არის წარმოდგენილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით. ამდენად, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლი ხაზს უსვამს ადამიანის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. კონსტიტუციის მე-13 მუხლთან კავშირშია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლი, რომლითაც აღიარებულია ადამიანის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება. აღნიშნული მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს, რომ ყველა მსხვერპლს, ვინც ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დააკავეს ან დააპატიმრეს, აქვს კომპენსაციის ქმედითი უფლება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ კერძო პირი რაიმე საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ დელეგირების ან დავალების საფუძველზე, ამ საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი. ამასთან, კოდექსის 207-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას უკავშირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი (სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის), რომლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების პრინციპი 992-ე მუხლის ზოგადი დანაწესიდან გამომდინარეობს და მოიაზრებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების შესაძლებლობას მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების არსებობის პირობებში, ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენით. გარდა ამისა, ზიანის გამომწვევი ქმედება კავშირში უნდა იყოს საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან და ყურადღება უნდა გამახვილდეს არა ქმედების ჩამდენ პირზე, არამედ ფუნქციაზე, რომლის შესრულებასაც შეიძლება ემსახურებოდეს სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი, თავის მხრივ, შეიცავს საგამონაკლისო შემთხვევას, დელიქტის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტის - ბრალის გათვალისწინების გარეშე ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის შესაძლებლობის თაობაზე, კერძოდ, 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. მნიშვნელოვანია, რომ 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობისათვის, დამდგარი ზიანის, მართლწინააღმდეგობისა და მიზეზობრივი კავშირის არსებობასთან ერთად, სახეზე უნდა იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განმარტებიდან გამომდინარე, „..პირის რეაბილიტაციის უმთავრესი იურიდიული საფუძველი გამამართლებელი განაჩენია, რომელიც პირის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს“.. (სუს 2019 წლის 7 თებერვლის №ბს-432-429(2კ-17) გადაწყვეტილება და სხვ.).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ზიანი ანაზღაურდება სისხლის სამართლის საქმეების მწარმოებელ ცალკეულ თანამდებობის პირთა ბრალეულობის დადგენის გარეშე. ამ მუხლის მიზნებისათვის, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისია პირის მარეაბილიტირებელი გარემოების არსებობა და შესაბამისი ქმედების უკანონობის დადგენა. ამ შემთხვევაში, რელევანტურია, დადგინდეს პირობა, ურომლისოდაც ზიანის გამომწვევი შედეგი არ დადგებოდა. შეფასების საგანს სცილდება ბრალეული მიზეზობრიობის (კონკრეტული პირის ბრალეული ქმედების არსებობის) დადგენა, რამაც გამოიწვია ზიანი. ბრალი არ წარმოადგენს უკანონო ბრალდების/მსჯავრდების ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების აუცილებელ წინაპირობას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის თავმჯდომარეობით, 2021 წლის 9 ივლისს მიიღო განაჩენი, რომლის თანახმად, თ. მ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომათა დარბაზიდან.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიმართ გამოტანილი, კანონიერ ძალაში არსებული გამამართლებელი განაჩენი წარმოადგენს მისი რეაბილიტაციის საფუძველს. სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მოსარჩელის მიმართ ფორმალურად კანონიერად გამოყენებული ზემოქმედების ღონისძიებები, მარეაბილიტირებელი გარემოების დადგენისთანავე, სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის, უნდა ჩაითვალოს უკანონოდ. თავის მხრივ, აღნიშნული ადასტურებს, რომ მოსარჩელეს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შემზღუდავი ზემოქმედების ატანა მოუწია შესაბამისი თმენის ვალდებულების დაკისრების დასაბუთებული სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემამ, შესაბამისი საპროცესო ღონისძიებების გამოყენებამ, შესაძლოა წარმოშვას ნეგატიური განცდები, სტრესული მდგომარეობა, რეპუტაციის შელახვის საფრთხე. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ამგვარი განცდებით გამოწვეული მორალური ზიანის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ზოგადი პრინციპიდან გამომდინარე, ასანაზღაურებელი მორალური ზიანის მოცულობა სასამართლომ უნდა განსაზღვროს გონივრულად და სამართლიანად. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას, წარმოიშობა შესაბამისი პირის მიმართ გამოყენებული სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების შინაარსის, მისი ხასიათის და სიმძიმის კვლევის ვალდებულება, იმ მიზნით, რომ არაქონებრივი ზიანის მოცულობასთან დაკავშირებული დასკვნა არ გასცდეს გონივრულობის ფარგლებს. მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო კოდექსი არამატერიალური ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას ადგენს კანონით მხოლოდ პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით (413-ე მუხლი). თავის მხრივ, კანონით გათვალისწინებული შემთხვევები შეიძლება უკავშირდებოდეს პატივს, ღირსებას, საქმიან რეპუტაციას, სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და სხვა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ. მ-ე დააკავეს 2021 წლის 17 მარტს და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან 2021 წლის 9 ივლისს. მოსარჩელის მიმართ წარდგენილი ბრალდებისა და საქმის გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მორალური ზიანის განსაზღვრა 3 000 ლარის ოდენობით შესაბამისობაშია გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების პრინციპთან.
რაც შეეხება საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ საპროცესო ხარჯის სახით 500 ლარის ოდენობით საადვოკატო მომსახურების საფასურის დაკისრებას, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, აგრეთვე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავალი და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრული ფარგლების დადგენას განაპირობებს. იმ პირობებშიც, როდესაც არ არის წარმოდგენილი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა ადვოკატის მომსახურება სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, სასამართლო, გონივრულ ფარგლებში, განსაზღვრავს გაწეული ხარჯის ოდენობას.
განსახილველ შემთხვევაში, თ. მ-ეის სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა საადვოკატო მომსახურების თანხა - 500 ლარის ოდენობით, რაც, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ სტანდარტს და უნდა დარჩეს უცვლელად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. შონია