Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1048(კ-23) 3 სექტემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 აპრილის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია, მოსარჩელეები - ვ. ტ-ე, ზ. ტ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ვ. ტ-ემ, ზ. ტ-ემ და დ. მ-იმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია, მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 03 ნოემბერის №... დადგენილების ძალაში დარჩენილი ნაწილი; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 19 აპრილის №417 ბრძანება, ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 03 ნოემბრის №... დადგენილების ძალაში დატოვების ნაწილში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. ტ-ეის, ზ. ტ-ეისა და დ. მ-ის სარჩელი, არ დაკმაყოფილდა; ვ. ტ-ე და ზ. ტ-ე გათავისუფლდნენ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 03 ნოემბერის №... დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის გადახდისგან;

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა დ. მ-ის მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 აპრილის განჩინებით, დ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განმარტებით, სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილია მხოლოდ დ. მ-ის მიერ, რომელიც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სადავოდ ხდის მის ნაწილში. ვ. ტ-ესა და ზ. ტ-ეს სააპელაციო ეტაპზე სადავოდ არ გაუხდიათ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 03 ნოემბერის №... დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 19 აპრილის №417 ბრძანება დემონტაჟის ნაწილში, რის გამოც პალატა მათზე მსჯელობას აღარ იქონიებს. გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება ვ. ტ-ეისა და ზ. ტ-ეის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 03 ნოემბერის №... დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის გადახდისგან განთავისუფლების ნაწილში სადავოდ არ გაუხდია არც ადმინისტრაციულ ორგანოს. შესაბამისად, ხსენებული პირების ჯარიმის გადახდისაგან განთავისუფლების კანონიერების საკითხს სააპელაციო სასამართლო არ შეაფასებს.

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, 36-ე მუხლის პირველი პუნქტზე, მე-3 მუხლის 74-ე პუნქტზე მითითებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მშენებლობის განხორციელებამდე პირმა კანონით დადგენილი წესით უნდა მოიპოვოს უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა, რაც გამოიხატება მშენებლობისას ნებართვის მოპოვებაში. ამდენად, თუკი მშენებლობა საჭიროებს ნებართვას, შესაბამისი წესების დაუცველობა წარმოადგენს სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველსა და პასუხისმგებელი პირისათვის სათანადო სანქციის შეფარდების წინაპირობას. ადმინისტრაციულმა ორგანომ, პირველ ყოვლისა, უნდა განსაზღვროს, თუ რა სახის სამშენებლო სამუშაო არის ნაწარმოები, საჭიროებდა თუ არა იგი ნებართვას და რამდენად არის ასეთი ნებართვა შესაბამისი წესით მოპოვებული. თუკი მშენებლობა ამ პირობებს არ აკმაყოფილებს, მაშინ უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენა წარმოშობს კანონით დადგენილ ვადაში სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელი პირის გამოვლენისა და სანქციის დაკისრების მოვალეობას.

,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-15 მუხლის „რ“ ქვეპუნქტზე, 25-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებზე, 44-ე მუხლის სადავო

პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქ. თბილისში, ...ს ქ. №..., საკ. კოდი №...-ში უნებართვოდ განხორციელებული იყო სამშენებლო სამუშაოები (,,ლიტ ა’’ შენობის ეზოს მხარეს მდებარე ფასადებზე მოწყობილია მიშენება და დაშენება. ტერიტორიაზე მოწყობილია ერთი და ორსართულიანი ორი კაპიტალური შენობა, დამატებით მოწყობილია ლითონის კონსტრუქციები). აღნიშნული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 03 ნოემბრის №... დადგენილებით 8 000 (რვა ათასი) ლარით დაჯარიმდნენ №... საკ. კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების თანამესაკუთრეები დ. მ-ი, ვ. ტ-ე და ზ. ტ-ე და მათ დაევალათ უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 ივლისის №4079658 ბრძანებით ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში (ნაკვეთის საკადასტრო კოდი №... მიწის ნაკვეთზე) უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობები საკადასტრო ნუმერაციის მიხედვით №5 და №6. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული ბრძანება გახდა საფუძველი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 19 აპრილის №417 ბრძანებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 3 ნოემბრის №... დადგენილების მე-2 პუნქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა, კერძოდ, ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ აშენებული ერთსართულიანი კაპიტალური შენობის დემონტაჟის დავალების ნაწილში.

სააპელაციო პალატის განმარტებით, უნებართვო სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ფაქტს აპელანტი სააპელაციო საჩივარშიც ეთანხმება, თუმცა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ქ. თბილისში, ...ს ქ. №..., საკ. კოდი №...-ში მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს თანასაკუთრებას და მისი საკუთრება ფაქტობრივად გამიჯნულია სხვა თანამესაკუთრების ქონებისგან და ადმინისტრაციული ორგანოს გასაჩივრებული აქტები ეხება დანარჩენ ორის ფაქტობრივად საკუთრებაში არსებულ ქონებაზე განხორციელებულ უნებართვო სარეკონსტრუქციო სამუშაოებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საყურადღებოა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 954-ე მუხლი და 956-ე მუხლის პირველ ნაწილი, რომლის მიხედვით, თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, საზიარო საგანთან მიმართებაში თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი; საზიარო საგანს მოწილენი ერთობლივად მართავენ. აღნიშნული ნორმათა განმარტებიდან გამომდინარე, საზიარო საგნის მართვა/განკარგვა მხოლოდ თანამონაწილეთა ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს. კანონმდებლის ამგვარი ნება გამომდინარეობს საკუთრების უფლების ბუნებიდან, და არ შეიძლება, პირს, მისი ნება-სურვილის გარეშე, ჩამოერთვას/შეეზღუდოს კანონით გარანტირებული უფლებები. საქმეში დაცული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 ივლისის ამონაწერით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში, №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 565.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: ..., შენობა - ნაგებობის ჩამონათვალი: N1, N2, N3, N4, N5 და N6), 2014 წლის 28 ოქტომბრიდან ირიცხება დ. მ-ის, ვ. ტ-ეისა და ზ. ტ-ეის თანასაკუთრებაში. ამდენად, ვინაიდან დოკუმენტალურად და მხარეთა შეთანხმებითაც კონკრეტული თანამესაკუთრეთა წილი არ არის გამოსახული ფართში და არ ფიქსირდება წილში გამოსახული უძრავი ნივთის კონკრეტული მდებარეობა, ივარაუდება, რომ უძრავ ნივთს მართავენ საზიარო საგნის მესაკუთრეები და მათი პასუხისმგებლობაც საზიარო საგანთან დაკავშირებით სოლიდარულად უნდა განისაზღვროს. აღნიშნული ფაქტობრივი მოცემულობიდან გამომდინარე, მოპასუხეთა მიერ მართებულად იქნა ნაწარმოები სამშენებლო სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული წარმოება უძრავი ქონების თანასამეკუთრეთა მიმართ. ამდენად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უფლებამოსილი იყო, ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში, №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები განეხილა, როგორც ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. №57 დადგენილებით გათვალისწინებული უნებართვო მშენებლობა და შესაბამისი პროცედურის დაცვით, მიეღო გადაწყვეტილება თანამესაკუთრეთა სოლიდარული პასუხისმგებლობის თაობაზე უძრავი ქონების თანასაკუთრების ბუნებიდან გამომდინარე.

,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 14.2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამართალდარღვევაზე პასუხს აგებს ნაგებობის მესაკუთრე/მოსარგებლე, უკეთუ არ დგინდება უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი. მესაკუთრესა და მოსარგებლეზე სამშენებლო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც არ არის დადგენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი კონკრეტული პირი, არ ადასტურებს პასუხისმგებლობის დაკისრებას სხვისი ბრალისათვის, ასეთ შემთხვევაში მესაკუთრე/მოსარგებლე პასუხს აგებს არა სხვისი, არამედ თავისი ბრალისათვის, რომელიც გამოვლინებას პოულობს მის უმოქმედობაში. მესაკუთრეს ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოს სათანადო სამშენებლო ნორმების დაცვა, მის სარგებლობაში არსებული ნაგებობის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა და შემდგომში კანონშესაბამისი ექსპლუატაცია. დ. მ-ისათვის სახდელის შეფარდება არ მომხდარა მყისიერად, მას მიეცა მითითება, რომლითაც დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა სამშენებლო სამუშაოების შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტის დემონტაჟი უსაფრთხოების ნორმების დაცვით. დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 25 (ოცდახუთი) კალენდარული დღე. ამის შემდგომ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვადასხვა პერიოდში გადამოწმებულ იქნა რამდენად იყო შესრულებული მითითებით გათვალისწინებული პირობები, თუმცა ვ. ტ-ეის, ზ. ტ-ეისა და დ. მ-ის მიერ სანებართვო დოკუმენტაციის მოძიება ან ობიექტის დემონტაჟი უსაფრთხოების ნორმათა დაცვით არ განხორციელებულა, ამდენად, არასწორია აპელანტის მოსაზრება, რომ იგი პასუხს აგებს სხვისი ბრალისათვის. სააპელაციო საჩივრის ავტორმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებითაც დაადასტურებდა სხვა პირების მიერ უკანონო სამშენებლო სამუშაოების წარმოების ფაქტს, მისი პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებების არსებობას და ადმინისტრაციული წარმოების არამართლზომიერად ჩატარებას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ ხეივანი, მიშენება/დაშენება მის მიერ არ განხორციელებულა, რაც გაკეთებულია ეს არის მამამისის და ბიძამისის აშენებული, შესაბამისად ის ამისთვის არ უნდა დაისაჯოს.

სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმეში დაცული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში საქმის ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად იქნა შესწავლილი და შემდგომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული. სააპელაციო საჩივრის ავტორს არც ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე და არც სასამართლოში საქმის განხილვის დროს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა მიწის ნაკვეთზე ს/კ ..., N1, N2, N3 და N4 შენობების კანონიერად არსებობის ფაქტი. ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ გასაჩივრებული სადავო აქტები მიღებული იყო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. მ-იმა.

კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ხელახლა განსახილველად, საქმის ქვედა ინსტანციაში დაბრუნება მოითხოვა. მისი განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ კასატორი წარმოადგენს ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ...) თანამესაკუთრეს, რომელიც დანარჩენი მესაკუთრეების ქონებისგან გამიჯნულია. ზედამხედველობის სამსახურის გასაჩივრებული აქტი დანარჩენი ორი თანამესაკუთრის ფაქტობრივ საკუთრებაში არსებულ ქონებაზე განხორციელებულ უნებართვო სამუშაოებს შეეხება, რის გამოც, შეუძლებელია დადგეს დ. მ-ის პასუხისმგებლობის საკითხი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. მ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საგულისხმოა, რომ მითითებული საკანონმდებლო ნორმის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ საკასაციო საჩივრის ფარგლებში და ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, უფლებამოსილია, შეცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 ივლისის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქ. №..., საკადასტრო კოდი №..., ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 565.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი ..., შენობა - ნაგებობის ჩამონათვალი: N1, N2, N3, N4, N5 და N6, აღრიცხულია დ. მ-ის, ვ. ტ-ეისა და ზ. ტ-ეის თანასაკუთრებაში. მათ შორის: 1. ვ. ტ-ეის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შენობა N3-ში: საერთო ფართი 128.6 კვ. მ (მათ შორის: I სართული 71,6 კვ.მ, ნახევარსარდაფი 57 კვ.მ), შენობა N4-ში - ფართი 1,8 კვ.მ, შენობა N5-ში ფართი 15,4 კვ.მ; 2. ზ. ტ-ეის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შენობა N3-ში: საერთო ფართი 98,6 კვ.მ (მათ შორის: I სართული 57.8 კვ.მ, ნახევარსარდაფი 40,8 კვ.მ), შენობა N4-ში: საერთო ფართი 63.8 კვ.მ (მათ შორის: ღია ფარდული 34,4 კვ.მ), შენობა N5-ში ფართი 15,4 კვ.მ; 3. დ. მ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შენობა N1 საერთო ფართით 146,6 კვ.მ (მათ შორის: I სართული 83 კვ.მ, ნახევარსარდაფი 63,6 კვ.მ), შენობა N2 საერთო ფართით 64,2 კვ.მ (I სართული 29,3 კვ.მ, II სართული 34,9 კვ.მ), შენობა N6 საერთო ფართით 33,5 კვ.მ. უფლების რეგისტრაციის თარიღი 2014 წლის 28 ოქტომბერი (ს.ფ. 121); ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 06 აგვისტოს შედგენილ №4-6/ო-806-17 დათვალიერების ოქმში აღნიშნულია, რომ მისამართზე ქ. თბილისი, ...ს №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს ჰყავს სამი მესაკუთრე: დ. მ-ი, ვ. ტ-ე და ზ. ტ-ე. მიმდინარეობდა საკითხის შესწავლა (ს.ფ. 151-152); გ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 07 აგვისტოს დ. მ-ის, ვ. ტ-ეისა და ზ. ტ-ეის მიმართ შედგა №... მითითება, სადაც აღნიშნულია, რომ ქ. თბილისში, ...ს №...-ში მდებარე დ. მ-ის, ვ. ტ-ეისა და ზ. ტ-ეის კუთვნილ საკადასტრო ერთეულზე (საკადასტრო კოდი №...), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებულია სამშენებლო სარეკონსტრუქციო სამუშაოები, კერძოდ, ,,ლიტ ა” შენობის ეზოს მხარეს მდებარე ფასადზე მოწყობილია მიშენება და დაშენება, ტერიტორიაზე მოწყობილია ერთი და ორსართულიანი ორი კაპიტალური შენობა, დამატებით მოწყობილია ლითონის კონსტრუქციები. დარღვევის გამოსწორების მიზნით მესაკუთრეებს დაევალათ სამშენებლო სამუშაოების შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტის დემონტაჟი უსაფრთხოების ნორმების დაცვით. დარღვევის გამოსასწორებლად განისაზღვრა 25 (ოცდახუთი) კალენდარული დღე (ს.ფ. 149-150); დ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 4 სექტემბერს შედგენილ იქნა №... შემოწმების აქტი, რომლითაც დადგინდა, რომ 2017 წლის 7 აგვისტოს გაცემული №... მითითებით გათვალისწინებული პირობები არ შესრულდა (ს.ფ. 143-144). ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 25 სექტემბერს შედგენილ იქნა №... შემოწმების აქტი, რომლითაც დადგინდა, რომ 2017 წლის 7 აგვისტოს გაცემული №... მითითებით გათვალისწინებული პირობები არ შესრულდა (ს.ფ. 153-154); ე) ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელებული უნებართვო სამშენებლო - სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის (,,ლიტ ა’’ შენობის ეზოს მხარეს მდებარე ფასადებზე მოწყობილია მიშენება და დაშენება. ტერიტორიაზე მოწყობილია ერთი და ორსართულიანი ორი კაპიტალური შენობა, დამატებით მოწყობილია ლითონის კონსტრუქციები), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 03 ნოემბრის №... დადგენილებით, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დ. მ-ი, ვ. ტ-ე და ზ. ტ-ე დაჯარიმდნენ 8 000 (რვა ათასი) ლარით. ამასთან, დ. მ-ის, ვ. ტ-ესა და ზ. ტ-ეს დაევალათ უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო - სარეკონსტრუქციო სამუშაოების დემონტაჟი) (ს.ფ. 89-91); ვ) 2017 წლის 28 ნოემბერს, დ. მ-ის, ზ. ტ-ეისა და ვ. ტ-ეის წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 03 ნოემბრის №... დადგენილების ბათილად ცნობა (ს.ფ. 87-88); ზ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 ივლისის №4079658 ბრძანებით ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში (ნაკვეთის საკადასტრო კოდი №...) უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობები, საკადასტრო ნუმერაციის მიხედვით N5 და N6 (ს.ფ. 180-181); თ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 19 აპრილის №417 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ. მ-ის, ზ. ტ-ეისა და ვ. ტ-ეის წარმომადგენლის ირაკლი ხაჩიძის 2017 წლის 28 ნოემბრის №19/01173321423-10 ადმინისტრაციული საჩივარი. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 3 ნოემბრის №... დადგენილების მე-2 პუნქტი, კერძოდ, ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ აშენებული ერთსართულიანი კაპიტალური შენობის დემონტაჟის დავალების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში ზედამხედველობის სამსახურის 03.11.2017 წლის №... დადგენილება ძალაში დარჩა (ს.ფ. 77-86); ი) ვ. ტ-ე ,,ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დორისთვის, იყო ასაკით პენსიონერი, დაბადებული ... წელს. ზ. ტ-ე ,,ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დორისთვის, იყო ასაკით პენსიონერი, დაბადებული - 15.02.1950 წელს (ს.ფ. 26).

საკასაციო პალატა მიუთითებს, სადავო პერიოდში მოქმედ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის №139 დადგენილებით), რომელიც არეგულირებდა საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებს. მითითებული დადგენილების 36-ე მუხლის მიხედვით, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე), ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე, გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე, დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას. მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა კი, მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ, დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, წარმოადგენს უნებართვო მშენებლობას. შესაბამისად, ახალი მშენებლობის (მათ შორის მონტაჟის) დაწყებამდე, პირი ვალდებულია, მიმართოს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით და მშენებლობა დაიწყოს მხოლოდ ნებართვის მოპოვების შემდეგ.

სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები მოწესრიგებულია აგრეთვე „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“, რომლის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე გამოიწვევს დაჯარიმებას 8 000 ლარით.

დასახელებული კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზეც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად სრულდება. 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. ამასთანავე, სამართალდარღვევა გამოსწორებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ მითითებით განსაზღვრული ვადის ამოწურვის მიუხედავად, სახდელის დაკისრების შესახებ დადგენილების გამოცემამდე დამრღვევი აღმოფხვრის სამართალდარღვევას (25.7 მუხ.).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 07 აგვისტოს დ. მ-ის, ვ. ტ-ეისა და ზ. ტ-ეის მიმართ შედგა №... მითითება, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ს №...-ში მდებარე დ. მ-ის, ვ. ტ-ეისა და ზ. ტ-ეის კუთვნილ საკადასტრო ერთეულზე (საკადასტრო კოდი №...), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებულია სამშენებლო სარეკონსტრუქციო სამუშაოები, კერძოდ, ,,ლიტ ა” შენობის ეზოს მხარეს მდებარე ფასადზე მოწყობილია მიშენება და დაშენება, ტერიტორიაზე მოწყობილია ერთი და ორსართულიანი ორი კაპიტალური შენობა, დამატებით მოწყობილია ლითონის კონსტრუქციები.

აღნიშნული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 03 ნოემბრის №... დადგენილებით 8 000 (რვა ათასი) ლარით დაჯარიმდნენ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების თანამესაკუთრეები: დ. მ-ი, ვ. ტ-ე და ზ. ტ-ე. მათვე დაევალათ უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. ასევე დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 ივლისის №4079658 ბრძანებით ლეგალიზებულად ჩაითვალა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო შენობა-ნაგებობები ნუმერაციის მიხედვით N5 და N6. შედეგად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 19 აპრილის №417 ბრძანებით ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 3 ნოემბრის №... დადგენილება და იგი ძალაში დარჩა მხოლოდ 8000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრების ნაწილში. მოცემულ საქმეში, ვ. ტ-ე და ზ. ტ-ე ადმინისტრაციული სახდელის (8000 ლარის) გადახდისგან გათავისუფლდნენ იმ საფუძვლით, რომ „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დროისათვის ასაკით პენსიონრები იყვნენ. კასატორი, ზემოხსენებული ჯარიმის მისთვის დაკისრების უსაფუძვლობას იმ არგუმენტზე ამყარებს, რომ თანასაკუთრებაში არსებული ქონება გამიჯნულია და უკანონო მშენებლობა ორი თანამესაკუთრის ფაქტობრივ საკუთრებაში არსებულ ქონებაზე განხორციელდა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (1); ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (2); საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით (3). ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები (1); თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი (2). ამდენად, ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მტკიცების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა. რა თქმა უნდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა სადავო აქტი და ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული ამტკიცოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და წარუდგინოს სასამართლოს ამის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება, თუმცა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება არ უნდა განიმარტოს არასწორად, ისე როგორც მისი პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარის - მოსარჩელის გათავისუფლება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სარჩელის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორი მიუთითებს, რომ ზედამხედველობის სამსახურის გასაჩივრებული აქტი დანარჩენი ორი თანამესაკუთრის ფაქტობრივ საკუთრებაში არსებულ ქონებაზე განხორციელებულ უნებართვო სამუშაოებს შეეხება, რის გამოც, შეუძლებელია დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება კასატორის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 ივლისის ამონაწერის თანახმად, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავ ნივთზე განლაგებულია N1, N2, N3, N4, N5 და N6 შენობა - ნაგებობა, მათ შორის, დ. მ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შენობა N1 საერთო ფართით 146,6 კვ.მ (მათ შორის: I სართული 83 კვ.მ, ნახევარსარდაფი 63,6 კვ.მ), შენობა N2 საერთო ფართით 64,2 კვ.მ (I სართული 29,3 კვ.მ, II სართული 34,9 კვ.მ), შენობა N6 საერთო ფართით 33,5 კვ.მ. საყურადღებოა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 ივლისის №4079658 ბრძანებით ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში (ნაკვეთის საკადასტრო კოდი №...) უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობები ნუმერაციის მიხედვით N5 და N6, ხოლო ამავე მისამართზე მდებარე N1, N2, N3 და N4 შენობა-ნაგებობების ლეგალიზაციის თაობაზე წარდგენილი განცხადებები არქიტექტურის სამსახურის ბრძანებებით დარჩა განუხილველი ხარვეზის აღმოუფხვრელობის გამო (ს.ფ. 189-190, 203-205, 77-(79)- 86). არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 ივლისის №4079658 ბრძანებაზე თანდართული გეგმის თანახმად, შენობა N6, ფართით 31,9 კვ. მეტრი, არის დ. მ-ის საკუთრება. მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორი, როგორც მესაკუთრე, მართებულად იქნა უკანონო მშენებლობის განხორციელებაზე პასუხისმგებელ სუბიექტად მიჩნეული. უკანონოდ აშენებული შენობის ლეგალიზება, რომლის მესაკუთრეც, ამონაწერის მიხედვით კასატორია, სადავო დადგენილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის კასატორისათვის დაკისრებას მართებულს ხდის, რამეთუ საქმეში არსებული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ უკანონო მშენებლობა თანასაკუთრების იმ ნაწილზე განხორციელდა, რომელიც დ. მ-ის სახელზე ირიცხებოდა. შესაბამისად, მის მიმართ სწორად იქნა სადავო დადგენილება გაცემული.

საკასაციო პალატა მიუთითებს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ კოდექსის 14.2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო მიწის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე კოდექსის მოქმედება ვრცელდება არა უპირობოდ, არამედ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი (ანალოგიურ დებულებას შეიცავს ამჟამად მოქმედი საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 122-ე მუხ.). უკეთუ ცნობილია სამშენებლო სამართალდარღვევის ჩამდენი კონკრეტული პირი, პასუხისმგებლობა ნაგებობის მესაკუთრეს არ ეკისრება. ამასთანავე, დარღვევის ჩამდენი სუბიექტის დადგენა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაა იმ შემთხვევაში, როდესაც მესაკუთრის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ქმნის სამართალდამრღვევ პირად მისი მიჩნევის გამომრიცხავ გონივრულ ვარაუდს. განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ კასატორს სადავო დადგენილებით გათვალისწინებული სახდელი მყისიერად არ დაკისრებია. მას მიეცა მითითება და განესაზღვრა ვადა შესაბამისი დარღვევის გამოსასწორებლად. მიუხედავად ამისა, კასატორმა ვერც სამშენებლო სამუშაოების სანებართვო დოკუმენტები წარადგინა და არც ობიექტის დემონტაჟი განუხორციელებია. შესაბამისად, კასატორის, როგორც თანამესაკუთრის მიმართ, რომელიც პასუხისმგებელი იყო მის საკუთრებაში არსებულ შენობაზე განხორციელებულ უკანონო მშენებლობაზე, მართებულად იქნა სადავო დადგენილება გამოცემული.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 აპრილის განჩინება;

3. დ. მ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 07.12.2023წ. №35863199 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია