საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-133(კ-25) 1 სექტემბერი, 2025 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ვ. მ-ე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის გამო თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი აღძრა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ვ. მ-ეის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: მოპასუხე ვ. მ-ეისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართით არამარლთზომიერად სარგებლობის გამო, საფასურის გადახდის დაკისრება 2012 წლის 17 სექტემბრიდან თვეში 284 ლარის ოდენობით გადაწყვეტილების აღსრულებამდე; მოპასუხე ვ. მ-ეის მფლობელობიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ..., ...ის ქ.N..., ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე განთავსებული 29.71 კვ. მეტრი ფართი (ს/კ ...)) გამოთხოვა.
2023 წლის 28 ივნისს მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა მოპასუხე ვ. მ-ეისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობისათვის, 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2018 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით ჯამში - 21 101,2 ლარის ოდენობით თანხის დაკისრება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 ივნისის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნა ვ. მ-ეის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, დარჩა განუხილველი.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ვ. მ-ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობისათვის - 5112 (ხუთი ათას ას თორმეტი) ლარის გადახდა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. მ-ემ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 დეკემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ვ. მ-ეის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები, თუმცა არ დაეთანხმა მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივ შეფასებას.
პალატამ მიუთითა საქმის მასალებით დადასტურებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
20.03.2012 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ხულოს რაიონის, ...ში, ...ის ქუჩა, №...-ში მდებარე, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართით 144.00 კვ.მ, ფართი: 29.71 კვ.მ (ს.კ. ...) რეგისტრირებული იქნა სახელმწიფოს საკუთრებად. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მომართვა №01-10/876, დამოწმების თარიღი:15.02.2012წ.
17.01.2020 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ხულოს რაიონის, ...ში, ...ის ქუჩა, №...-ში მდებარე, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართით 131.00 კვ.მ, ფართი: 29.71 კვ.მ (ს.კ. ...) 2018 წლის 26 ნოემბერს აღირიცხა გ. ქ-ეის საკუთრებად.
საქმეში დაცული საქართველოს აჭარის ა/რ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 04.11.2015 წლის №09/4523 წერილით, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრს პასუხად ეცნობა, რომ ხულოს რაიონის, ...ში, ...ის ქუჩა, №...-ში მდებარე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 29.71 კვმ ფართით მოსარგებლე ვ. მ-ეის მიერ განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობის პერიოდის შესახებ გამგეობაში რაიმე დაცული დოკუმენტი არ მოიპოვება, ზეპირი გამოკითხვის შედეგად კი დგინდება, რომ აღნიშნული ფართით ვ. მ-ე სარგებლობდა 3-4 წელი.
საქართველოს შსს აჭარის არ მთავარი სამმართველოს ხულოს რაიონული სამმართველოს 29.10.2015 წლის MIA 3 15 02395265 წერილით სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრს პასუხად ეცნობა, რომ ხულოს რაიონის, ...ში, ...ის ქუჩა, №...-ში მდებარე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 29.71 კვმ ფართით მოსარგებლე ვ. მ-ე სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა 2010 წლიდან.
საქმეში წარმოდგენილი 24.09.2015 წლის ადგილზე დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ დათვალიერდა ხულოს რაიონის, ...ში, ...ის ქუჩა, №...-ში მდებარე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 29.71 კვმ ფართი. ოქმში აღნიშნულია, რომ ობიექტი დაკავებულია და მას იყენებენ სამეწარმეო საქმიანობისათვის, თუმცა არ არის დაკონკრეტებული თუ ვის მიერ არის იგი დაკავებული. ოქმს თანდართული აქვს სასურსათო მაღაზიის ფოტოსურათები, ასევე სალაროს ქვითარი/ჩეკი, რომელზეც მითითებულია ვ. მ-ე. ქვითარი ამობეჭდილია და ფოტოსურათები გადაღებულია 18.09.2015 წელს, ოქმი კი შედგენილია 24.09.2015 წელს.
საქმეში დაცული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 16.04.2018 წლის №002498318 დასკვნის თანახმად, ...ში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე, ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე განთავსებული 29.71 კვ.მ ფართის (ს.კ. ...) საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2012 წლის 17 სექტემბრიდან საორიენტაციოდ შეადგენს - 284 ლარს.
საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 17 ნოემბრის №12/67310, 2016 წლის 30 ივნისის №12/33290, 2018 წლის 26 თებერვლის №12/10993 და 2018 წლის 09 ივლისის №12/38563 წერილებით ვ. მ-ეს ეცნობა, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაეხადა სარგებლობის საფასური და განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად. მოპასუხეს ასევე მოეთხოვა ფართის გამოთავისუფლება.
ვ. მ-ეის განმარტებით ირკვევა, რომ მას ქონების ეროვნული სააგენტოსათვის დაკისრებული თანხა არ გადაუხდია, ვინაიდან იგი ფართს არამართლზომიერად არ ფლობდა, მას ფართი ქირით ჰქონდა აღებული გ. ქ-ეისაგან და უხდიდა ქირას. ამასთან, აღნიშნული ფართით სარგებლობდა გარკვეული პერიოდი. მანამდე კი, ნაქირავები ჰქონდა ამ ფართის გვერდით მდებარე ფართი იმავე შენობაში ნ. პ-ეისაგან.
პალატამ მიუთითა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრულ ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის წესზე და განმარტა, რომ სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა რეგულირდება კონკრეტული წესებით და მოითხოვს მოსარგებლისაგან სარგებლობის სანაცვლოდ გარკვეული საზღაურის გადახდას. კანონი ამავე ვალდებულებას აკისრებს ასევე იმ პირებს, რომლებიც სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე (მაგ.: იჯარის ხელშეკრულება) სამეწარმეო მიზნებისათვის სარგებლობენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმე არ იყო სათანადოდ შესწავლილი და გამოკვლეული. ვინაიდან, პირველი ინსტანციის სასამართლო ვ. მ-ეის მიერ სადავო ფართით სარგებლობის ვადის დადგენისას დაეყრდნო მხოლოდ მის განმარტებას, სადაც ვ. მ-ე უთითებდა, რომ 2015 წლიდან სარგებლობდა ფართით მხოლოდ წელიწადნახევარი. თუმცა, სასამართლოს მიერ არ ყოფილა დადგენილი კონკრეტული თვე და თარიღი, თუ როდიდან დაიწყო მან რეალურად ამ ფართით სარგებლობა.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ასევე ვ. მ-ეის განმარტებაზე, სადაც იგი უთითებდა, რომ სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ვინმე გ. ქ-ესთან და მას უხდიდა ფართის ქირას. პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლოს არ გამოუკვლევია არსებობდა თუ არა რაიმე სახის სამართლებრივი ურთიერთობა ვ. მ-ესა და გ. ქ-ეს შორის. საქმის განხილვისას არ მოუწვევია და საქმეში არ ჩაუბამს გ. ქ-ე, რომელიც ვ. მ-ეის განმარტებით წლების მანძილზე ფლობდა ამ ფართს და ბოლოს მოახდინა მისი პრივატიზება. ასევე, გაურკვეველი დარჩა ის ფაქტობრივი გარემოებაც, რა სამართლებრივი საფუძვლით ფლობდა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გ. ქ-ე სადავო ფართს მისი საკუთრებაში რეგისტრაციამდე.
პალატის მოსაზრებით, აღნიშნული საკითხების გამორკვევა, სასამართლოს მისცემდა საშუალებას, დაედგინა მოპასუხე ვ. მ-ე რეალურად სარგებლობდა თუ არა სადავო ფართით არამართლზომიერად, ხოლო სარგებლობის დადასტურების შემთხვევაში როდიდან ეწეოდა იგი ამ ფართში სამეწარმეო საქმიანობას. მოცემული გარემოებების დადგენის შესაბამისად, სასამართლოს უნდა ემსჯელა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. ხანდაზმულობის საკითხის დადგენის შემთხვევაში კი, სასამართლო შეძლებდა არამართლზომიერი სარგებლობისათვის დასაკისრებელი თანხის ზუსტი ოდენობის განსაზღვრას. საბოლოოდ, პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლო ვალდებულია იყო ზემოთ მითითებული საკითხების გამოკვლევისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეჯერების საფუძელზე იმსჯელოს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა/უსაფუძვლობის შესახებ და ამის შემდეგ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების/უარყოფის შესახებ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე ვ. მ-ე 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2018 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში სარგებლობდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით. აღნიშნულს ადასტურებდა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საქართველოს შსს აჭარის ავოტნომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ხულოს რაიონული სამმართველოს წერილები, 24.09.2015 წლის ადგილზე დათვალიერების ოქმი და ფოტომასალა. მოპასუხეს არ წარმოუდგენია შესაგებელი, არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე და ახსნა-განმარტებები არ მიუცია სასამართლოსთვის. ამ პირობებში, სასამართლომ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ფაქტებსა და მტკიცებულებებს დაუპირისპირა მხოლოდ მოპასუხის წერილი, რომელიც არ წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ მითითებული და შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული ფაქტობრივი გარემოებების საპირწონე იმავე ან უპირატესი ძალის მქონე მტკიცებულებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 თებერვლის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
20.03.2012 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ხულოს რაიონის, ...ში, ...ის ქუჩა, №...-ში მდებარე, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართით 144.00 კვ.მ, ფართი: 29.71 კვ.მ (ს.კ. ...) რეგისტრირებული იქნა სახელმწიფოს საკუთრებად. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მომართვა №01-10/876, დამოწმების თარიღი:15.02.2012წ.
17.01.2020 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ხულოს რაიონის, ...ში, ...ის ქუჩა, №...-ში მდებარე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართით 131.00 კვ.მ, ფართი:29.71 კვ.მ (ს.კ. ...), 2018 წლის 26 ნოემბერს აღირიცხა გ. ქ-ეის საკუთრებად.
საქმეში დაცული საქართველოს აჭარის ა/რ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 04.11.2015 წლის №09/4523 წერილით, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრს ეცნობა, რომ ხულოს რაიონის, ...ში, ...ის ქუჩა, №...-ში მდებარე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 29.71 კვმ ფართით მოსარგებლე ვ. მ-ეის მიერ განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობის პერიოდის შესახებ, გამგეობაში რაიმე დაცული დოკუმენტი არ მოიპოვება, ზეპირი გამოკითხვის შედეგად კი დგინდება, რომ აღნიშნული ფართით ვ. მ-ე სარგებლობდა 3-4 წელი.
საქართველოს შსს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს ხულოს რაიონული სამმართველოს 29.10.2015 წლის MIA 3 15 02395265 წერილით სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრს ეცნობა, რომ ხულოს რაიონის, ...ში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 29.71 კვმ ფართით მოსარგებლე ვ. მ-ე სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა 2010 წლიდან.
24.09.2015 წლის ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა ხულოს რაიონის, ...ში, ...ის ქუჩა, №...-ში მდებარე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 29.71 კვმ ფართი. ოქმში აღნიშნულია, რომ ობიექტი დაკავებულია და მას იყენებენ სამეწარმეო საქმიანობისათვის, თუმცა არ არის დაკონკრეტებული თუ ვის მიერ არის იგი დაკავებული. ოქმს თანდართული აქვს სასურსათო მაღაზიის ფოტოსურათები, ასევე სალაროს ქვითარი/ჩეკი, რომელზეც მითითებულია ვ. მ-ე. ქვითარი ამობეჭდილია და ფოტოსურათები გადაღებულია 18.09.2015 წელს, ოქმი კი შედგენილია 24.09.2015 წელს.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 16.04.2018 წლის №002498318 დასკვნის თანახმად, ...ში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე, ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე განთავსებული 29.71 კვ.მ ფართის (ს.კ. ...) საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2012 წლის 17 სექტემბრიდან საორიენტაციოდ შეადგენს - 284 ლარს.
2015 წლის 17 ნოემბრის №12/67310, 2016 წლის 30 ივნისის №12/33290, 2018 წლის 26 თებერვლის №12/10993 და 2018 წლის 09 ივლისის №12/38563 წერილებით ვ. მ-ეს ეცნობა, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაეხადა სარგებლობის საფასური და განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად. მოპასუხეს ასევე მოეთხოვა ფართის გამოთავისუფლება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 დეკემბრის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ვ. მ-ეის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიერ შესაფასებელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების, საქმის არსებითად გადაწყვეტის გარეშე ქვედა ინსტანციის სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლიანობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აპელაცია მიზნად ისახავს პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შეუსვლელი გადაწყვეტილების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების გზით მხარეთა უფლებების დაცვას. საკასაციო ინსტანციის სასამართლოსაგან განსხვავებით, რომელიც საკასაციო საჩივარს ამოწმებს მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო იკვლევს საქმის როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ საკითხებს. ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლო არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, იმთავითვე არ ქმნის საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების საფუძველს. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო საქმის გადასინჯვის დროს განიხილავს როგორც ფაქტის, ისე სამართლის საკითხებს, თუმცა არ ახდენს პირველი ინსტანციის სასამართლოს სრულ ჩანაცვლებას. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან არ იკვეთება რაიმე სახის ფაქტობრივი გარემოებების კვლევა, ხოლო დავის გადაწყვეტის მიმართ არსებული მიდგომა წმინდად ფორმალურია, გამონაკლის შემთხვევებში სააპელაციო პალატას არ ეზღუდება დავის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნების შესაძლებლობა, უკეთუ აღნიშნული დავის ობიექტურად სწორად გადაწყვეტის, დავის მონაწილე ყველა პირის ინტერესების უკეთ გათვალისწინების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების უკეთ გამოკვლევის საჭიროებით არის განპირობებული. ამასთანავე, დავის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სათანადოდ უნდა იყოს დასაბუთებული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის გარემოებათა არასათანადოდ გამოკვლევა ან მიღებული გადაწყვეტილების უსწორობა, იმთავითვე არ ქმნის დავის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველს. სააპელაციო პალატა იმ შემთხვევაშია საქმის საქალაქო (რაიონული) სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნებაზე უფლებამოსილი, უკეთუ პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის განხილვის მკვეთრად ფორმალური ხასიათის გამო, მხარეს ფაქტობრივად ერთმევა პირველი ინსტანციის სასამართლო წარმოება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის ბს-925(კ-19) განჩინება).
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის თანახმად, დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხე ვ. მ-ეისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობისათვის, 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2018 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით, 21 101.2 ლარის ოდენობით თანხის დაკისრება.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო თანხის დაკისრებას ვ. მ-ეისთვის ითხოვს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის საფუძველზე. დასახელებული ნორმის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. ამრიგად, აღნიშნული ნორმის საფუძველზე, თანხის გადახდა შეიძლება დაეკისროს პირს, რომელიც სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს სახელმწიფოსთან შეთანხმების გარეშე სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებისთვის - თანხის დაკისრებისთვის მნიშვნელოვანია ქონებით სარგებლობის საფუძვლის გამოკვლევა და უძრავი ნივთით სარგებლობის პერიოდის განსაზღვრა. ამასთანავე, ვინაიდან სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას, მის კომპეტენციას განეკუთვნება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევაზე რეაგირება, მანვე უნდა უზრუნველყოს მოთხოვნის საფუძვლიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენა. მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების გასაბათილებლად კი, მოპასუხემ საწინააღმდეგო მტკიცებულებები უნდა წარადგინოს. ამდენად, სამეწარმეო მიზნებისათვის სახელმწიფო ქონებით უკანონო სარგებლობის ფაქტის დადასტურება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, წარდგენილი მტკიცებულების სრულყოფილი და ყოველმხრივი შეფასების შედეგად უნდა განხორციელდეს.
საქმის მასალების, სარჩელისა და საკასაციო საჩივრის პრეტენზიების, ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებების გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საჭიროების შესახებ. მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ საქმის ობიექტური განხილვა, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად დადგენა და საქმის სწორად გადაწყვეტა მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული საქმეში მესამე პირად გ. ქ-ეის მოწვევაზე. ვინაიდან, მოპასუხე ვ. მ-ეის განმარტებით, იგი სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა გ. ქ-ესთან, რომელიც წლების მანძილზე ფლობდა სადავო ფართს და მას უხდიდა ფართის ქირას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს 17.01.2020 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერზე, რომლის თანახმად, ხულოს რაიონის, ...ში, ...ის ქუჩა, №...-ში მდებარე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართით 131.00 კვ.მ, ფართი: 29.71 კვ.მ (ს.კ. ...), 2018 წლის 26 ნოემბერს აღირიცხა გ. ქ-ეის საკუთრებად და განმარტავს, რომ პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას გაურკვეველი დარჩა ის ფაქტობრივი გარემოება, რა სამართლებრივი საფუძვლით ფლობდა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გ. ქ-ე სადავო ფართს საკუთრებაში რეგისტრაციამდე. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობდა საქმეში გ. ქ-ეის მესამე პირად ჩაბმის საფუძველი.
მართალია საქმეში მესამე პირის ჩართვის საჭიროება იმთავითვე არ ქმნის დავის პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველს, თუმცა საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დავაში მესამე პირის ჩართვა განსახილველი საკითხის კომპლექსურობის გათვალისწინებით, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით ჩაბმული პირი სარგებლობს მხარის უფლებებითა და მოვალეობებით, ვერ უზრუნველყოფდა დავის სათანადო განხილვას, საქმის გარემოებათა სრულყოფილ გამოკვლევას, მტკიცებულებათა სრულ მოძიებასა და შეფასებას, რის გამოც მიზანშეწონილი იყო დავის რაიონული სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
კასატორის მოთხოვნა, სასარჩელო მოთხოვნის საკასაციო პალატის მიერ დაკმაყოფილებაზე, მოკლებულია სათანადო დასაბუთებას, რადგან საქმეზე დადგენას საჭიროებს საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო საკასაციო პალატა ახდენს უკვე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას, იგი არ არის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლო, მისი მიზნებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აფასებს მხოლოდ დავის სამართლებრივ გარემოებებს.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ ზემოთმითითებული საკითხების გარკვევა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მისცემდა საშუალებას, დაედგინა რეალურად სარგებლობდა თუ არა სადავო ფართით არამართლზომიერად მოპასუხე ვ. მ-ე და როდიდან ეწეოდა ამ ფართში სამეწარმეო საქმიანობას. აღნიშნული გარემოებების დადგენა კი საშუალებას მისცემდა სასამართლოს ემსჯელა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და არამართლზომიერი სარგებლობისათვის დასაკისრებელი თანხის ზუსტი ოდენობის განსაზღვრაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 დეკემბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ.შონია
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ.მაკარიძე