საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-606(კ-25) 18 სექტემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – მ. ა. ნ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმნისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 იანვრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2024 წლის 25 ივნისს მ. ა. ნ. მ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2024 წლის 26 აპრილს მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, თუმცა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 23 მაისის #1000947244 გადაწყვეტილებით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე მითითებით, მიზანშეუწონლობის მოტივით, მ. ა. ნ. მ-ის უარი ეთქვა განაცხადის დაკმაყოფილებაზე.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოში ოჯახთან ერთად ცხოვრობს 7 წელზე მეტია. მ. ა. ნ. მ-ი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაუსაბუთებელია და გამოცემულია შესაბამისი გამოკვლევის გარეშე;
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 23 მაისის #1000947244 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის მ. ა. ნ. მ-ის მიმართ ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ა. ნ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ა. ნ. მ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 იანვრის განჩინებით მ. ა. ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ა. ნ. მ-ი ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 16 დეკემბრის #1000729227 გადაწყვეტილებით მ. ა. ნ. მ-ის ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე უარი ეთქვა ოჯახის გაერთიანების მიზნით საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე N3/8197-20) მ. ა. ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 16 დეკემბრის #1000729227 გადაწყვეტილება; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა - ოჯახის გაერთიანების მიზნით მ. ა. ნ. მ-ისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მიერ 2024 წლის 15 აპრილს გაცემული #1511/7/32289 ოჯახური ურთიერთკავშირის შესახებ ცნობის თანახმად, ა. ნ. მ-ის (პასპორტის ნომერი ...) მშობლები არიან დედა - ა. ხ-ე (პასპორტის ნომერი ...), მამა - მ. ა. ნ. მ-ი (პასპორტის ნომერი ...). სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ა. ხ-ეს სახელზე გაცემულია დროებითი ბინადრობის მოწმობა, რომლის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 2026 წლის 30 ივნისამდე, ხოლო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 29 მარტის #1000939825 გადაწყვეტილებით ა. ნ. მ-ის სახელზე საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა გაცემულია 2026 წლის 1 ივლისამდე. ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს 2024 წლის 24 აპრილის #1511/7/116947 ნასამართლობის ცნობის თანახმად, მ. ა. ნ. მ-ი ცნობის გაცემის თარიღამდე არ იყო ნასამართლევი ირანში.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ 2024 წლის 26 აპრილს, მ. ა. ნ. მ-იმა #1000947244 განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემა. საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 2024 წლის 29 აპრილის ინფორმაციის თანახმად, იმ პერიოდისთვის მ. ა. ნ. მ-იზე ინფორმაცია არ მოიპოვებოდა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2024 წლის 29 აპრილს #1000947244/1 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და მოითხოვა ეცნობებინა არსებობდა თუ არა მ. ა. ნ. მ-ისთვის საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მაისის SSG7 24 00109167 წერილით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, მიზანშეუწონლად მიაჩნია მ. ა. ნ. მ-ისათვის საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 23 მაისის #1000947244 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. ა. ნ. მ-ის 2024 წლის 26 აპრილის N1000947244 განცხადება და უარი ეთქვა საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.
სააპელაციო სასამართლომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან დამატებით გამოთხოვილი საიდუმლო ინფორმაციის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელესთან მიმართებით ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი სრულად იყო დაცული, ადმინისტრაციული ორგანოსადმი მინიჭებული დისკრეციის ბოროტად გამოყენებისგან დასაცავად სასამართლოს მხრიდან განხორციელდა „ადეკვატური და ქმედითი“ პროცედურები საქმის „ეფექტიანი განხილვის“ მიზნით (08.06.2006წ. „Lupsa v. Romania“ (§34)). პალატამ მიუთითა, რომ მართალია უშუალოდ მხარე ვერ გაეცნო სადავო აქტის საფუძვლად არსებულ მონაცემებს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია შესწავლილი, შეფასებული და გაზიარებული იქნა სასამართლოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ა. ნ. მ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას არ იხელმძღვანელა რელევანტური კანონმდებლობით და შესაბამისად მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. კასატორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოში ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი და მას ბინადრობის ნებართვა სწორედ ოჯახის გაერთიანების მიზნით სჭირდებოდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ა. ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ა. ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 23 მაისის #1000947244 გადაწყვეტილების კანონიერება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის მ. ა. ნ. მ-ისთვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე.
ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი კი უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის #520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად, ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე. საქმეში წარმოდგენილი მასალებეით დასტურდება, რომ მ. ა. ნ. მ-ის ჰყავს ცოლი და ერთი შვილი, რომელთაც გააჩნიათ საქართველოში ბინადრობის ნებართვები. ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ცნობის თანახმად მოსარჩელე ცნობის გაცემამდე არ ყოფილა ნასამართლევი ირანში. საქართველოს შსს საინფორმაციო - ანალიტიკური დეპარტამენტის მიმართვით კი ირკვევა, მოსარჩელის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდათ.
საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2024 წლის 26 აპრილს განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე. სააგენტომ, თავის მხრივ მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და ითხოვა ეცნობებინა არსებობდა თუ არა მოსარჩელისათვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მაისის SSG 7 24 00109167 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა მ. ა. ნ. მ-ისთვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 23 მაისის №1000947244 გადაწყვეტილებით, მ. ა. ნ. მ-ის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, უარი ეთქვა საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.
2025 წლის 3 სექტემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მიმართა. მიმართვაში აღნიშნულია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 23.05.2024წლის №1000947244 გადაწყვეტილებით მ. ა. ნ. მ-ის (M. A. N. M-M დაბ.: ...; ირანში, პასპორტის ნომერი: ...) „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, უარი ეთქვა საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 21.05.2024წ. №SSG 7 24 00109167 წერილი, რომლითაც სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა მ. ა. ნ. მ-ისათვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 3 სექტემბერის მიმართვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ეთხოვა, საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის წარმოედგინა ინფორმაცია/მასალები (მათ შორის, საიდუმლო), რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 21.05.2024წ. №SSG 7 24 00109167 წერილს მოსარჩელისათვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. აღნიშნული ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად კი, სააგენტო უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. თუმცა, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ფაქტობრივი გარემოებები, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და ამის საფუძველზე, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არსებითია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხები, თუმცა მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ, ზოგადად, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციას დაეყრდნოს და მხოლოდ მის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება. ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ, მასში მითითებული ცნობები გარკვეულ შემთხვევებში არის კონკრეტული და პირდაპირ მიუთითებს ისეთი გარემოებებზე, რომელიც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების რისკის არსებობაზე დასაბუთებულ ეჭვს იწვევს და აბსოლუტურად საკმარისი არის პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისათვის, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა საიდუმლო მასალებში მითითებული ინფორმაცია იყოს ზოგადი, შეიცავდეს საფრთხის მხოლოდ აბსტრაქტულ ფორმულირებას, არ ქმნიდეს ზემოხსენებული ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების საფუძვლიან ეჭვს და მოითხოვდეს დამატებით სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებასა და ერთობლივ გამოკვლევას.
განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციის გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ წარმოდგენილი დოკუმენტები შეიცავს ისეთი შინაარსის ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს მოსარჩელის მიმართ ოჯახის გაერთიანების მიზნით საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობას სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ფ. კ-ას (პ/ნ...) მ. ა. ნ. მ-ის საკასაციო საჩივარზე 14/07/2025წ. #4277 საგადასახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ფ. კ-ას (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ა. ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 იანვრის განჩინება;
3. ფ. კ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მ. ა. ნ. მ-ის საკასაციო საჩივარზე 14.07.2025წ. #4277 საგადასახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა