Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-879(კ-25) 29 სექტემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ. ნ-ა-კ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ. ნ-ა-კ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 8 ნოემბერის IDP 522 00000945 ბრძანება; ბ) დაევალოს მოპასუხეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე მ. ნ-ა-კ-ასათვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ნ-ა-კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 8 ნოემბერს გამოცემული IDP 522 00000945 ბრძანება. დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე მ. ნ-ა-კ-ასათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივნისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, სასამართლოებმა გამოიყენეს კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინათ, თუმცა არასწორად განმარტეს იგი. სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2022 წლის 13 სექტემბრის №59-04 დასკვნას. ასევე, აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გაცემულ 2022 წლის 13 სექტემბრის №0000724 ცნობას, რომლის თანახმად, მ. ნ-ა-კ-ა 1993 წლის 27 სექტემბრამდე ცხოვრობდა ქ. ოჩამჩირეში, ...ის №...-ში, ბ. №...-ში.

კასატორის განმარტებით, მოსარჩელე 1990 წელს დაოჯახდა ვ. კ-აზე, რომელიც, ძირითადად, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, დაკავშირებული იყო რუსეთის ფედერაციასთან, ხშირად უწევდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება მეუღლესთან ერთად. აღნიშნულს მოწმობს ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის ორივე შვილი ეკატერინბურგშია დაბადებული. გაუგებარია კომისიის მიერ გაცემული ცნობის შინაარსი ვინაიდან, მოსარჩელე მეუღლის საცხოვრებელ ადგილს უთითებს ფაქტობრივ საცხოვრებლად, ხოლო ცნობის მიხედვით, 1993 წლამდე მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელს წარმოადგენდა ქ. ოჩამჩირე, ...ის №..., ბინა №.... სწორედ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის გამო კომისიის მიერ გაცემული ცნობა მუდმივ საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით ვერ იქნება გაზიარებული გადაწყვეტილების მიღებისას. ამასთან, საყურადღებოა, რომ შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობა ინფორმაციული ხასიათისაა, მისი გაზიარების ვალდებულება სააგენტოს არ აქვს, შესაბამისად, გადაწყვეტილებასაც ადმინისტრაციული ორგანო იღებს დამოუკიდებლად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელესთან მიმართებით არ დასტურდება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები. 1993 წლამდე მ. ნ-ა-კ-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ოჩამჩირე, ...ის ქ. №..., ბინა №... არ ყოფილა. შესაბამისად, მოსარჩელესთან მიმართებით არ დასტურდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე 1993 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი, რასაც დევნილის სტატუსის მინიჭებისას არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

კასატორის განმარტებით, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ დევნილის სტატუსის მისანიჭებლად უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. აღნიშნული ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ პირს დევნილის სტატუსი ეკუთვნის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი, კანონში მითითებული გარემოებების გამო, იძულებული გახდა დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამავე კანონით განმარტებულია მუდმივი საცხოვრებლის დეფინიცია, კერძოდ, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე პირის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი მშობელი (მშობლები) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზების გამო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ ეს არის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი, ანუ პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელი. პირის მუდმივი საცხოვრებლის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს. ხსენებულ საცხოვრებელთან უნდა იყოს დაკავშირებული ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით, რომლის გამოც მას ამ ადგილზე უფრო ხშირად უწევს ყოფნა, ვიდრე სხვა ადგილზე, სადაც ასევე შეიძლება ჰქონდეს სხვა საცხოვრებელიც. მუდმივი საცხოვრებლის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. კონკრეტულ შემთხვევაში კი, საქმეში წარმოდგენილი მოსარჩელის ბიოგრაფიული მონაცემების გათვალისწინებით, რომელიც თავისუფალი თხრობით იქნა გადმოცემული მის მიერ, დასტურდება, რომ დეპარტამენტის მიერ კანონის სრული დაცვით არის მიღებული დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს (მუხ. 2).

აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

ამავე კანონის 8.1 მუხლის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ დანართი 1-ის 2.1 მუხლის თანახმად, პირი დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ წერილობითი განცხადებით პირადად მიმართავს სააგენტოს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, განცხადებას თან უნდა ერთოდეს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურის ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს და მათი შესაბამისი კომისიების მიერ გაცემული ცნობა/დასკვნა, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების იძულებით გადაადგილებამდე მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების ფაქტს და ოჯახის შემადგენლობას (ამ უკანასკნელის შესაძლებლობის შემთხვევაში); გ) დევნილის შეხედულებისამებრ ან/და სააგენტოს მოთხოვნის შესაბამისად საჭირო ის საბუთები და მტკიცებულებები, რომლებიც იწვევს საფუძვლიან ვარაუდს იმისა, რომ პირის მოთხოვნა დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ შეესაბამება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრულ გარემოებებს.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დანაწესზე მითითებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელმა კონკრეტულად განსაზღვრა და პირდაპირ მიუთითა იმ სავალდებულო პირობებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც პირი ჩაითვლება იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად, კერძოდ, კანონის დანაწესიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მივიჩნიოთ იძულებით გადაადგილებულად – დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება, ადგილის, სადაც იგი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწევა. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა აქვს მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილისა და მისი იძულებით დატოვების ფაქტის დადგენას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) 2022 წლის 20 სექტემბერს მ. ნ-ა-კ-ამ (საქართველო - რუსეთის ორმაგი მოქალაქე) განცხადებით მიმართა სიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა (ს.ფ. 54, 17-23); ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილის სტატუსის მაძიებელი) ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებლის ადგილის დამდგენი კომისიის 2022 წლის 13 სექტემბრის №59-04 დასკვნით დადგინდა, რომ მ. ზ.-ს ასული ნ-ა-კ-ას მუდმივ საცხოვრებელს 1967 წლიდან - 1993 წლამდე წარმოადგენდა ქ. ოჩამჩირე, ...ის ქ. №..., ბ. №... (ს.ფ. 56). აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, 2022 წლის 13 სექტემბერს მ. ნ-ა-კ-აზე გაიცა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის №0000724 ცნობა, რომლის თანახმად, მ. ნ-ა-კ-ა 1993 წლის 27 სექტემბრამდე ცხოვრობდა ქ. ოჩამჩირეში, ...ის ქ. №...-ის ბ. №...-ში (ს.ფ. 55); გ) მ. ნ-ა-კ-ას 2022 წლის 20 სექტემბრის განცხადების საფუძველზე, სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და დევნილთა საკითხების დეპარტამენტში 2022 წლის 28 სექტემბერს მ. ნ-ა-კ-ასთან ჩატარდა გასაუბრება. გასაუბრებისას განმცხადებელმა აღნიშნა, რომ დაიბადა ... წელს ქალაქ ოჩამჩირეში, 1973-1984 წლებში სწავლობდა ქალაქ ...ს №... საშუალო სკოლაში, 1986-1991 წლებში სწავლობდა ...ის აკადემიაში, დაუსწრებელ განყოფილებაზე. 1990 წელს დაოჯახდა ქალაქ ოჩამჩირეში, ვ. კ-აზე. 1991 და 1993 წლებში შვილები შეეძინა ქალაქ ეკატერინბურგში. მეუღლეს - ვ. კ-ას ჰქონდა ფეხსაცმლის საამქრო ოჩამჩირეში, საამქროსთვის საჭირო ნედლეულს იგი ყიდულობდა ეკატერინბურგში, ამ ქალაქში ჰყავდა ჯარის მეგობრებიც. პირველი შვილის დაბადების დროს ქალაქ ეკატერინბურგში იყო სტუმრად და ნაადრევად იმშობიარა. მეორე შვილიც ამავე ქალაქში შეეძინა, ვინაიდან ოჩამჩირეში ომი იყო. დაოჯახებამდე ცხოვრობდა მამის ბინაში, მდებარე ქალაქი ოჩამჩირე, ...ის ქ. №..., ბ. №.... დაოჯახების შემდეგ ცხოვრობდა მეუღლის სახლში, მისამართზე ქალაქი ოჩამჩირე, ... №6. მეუღლის მშობლები და მეუღლის ძმა ცხოვრობდნენ ოჩამჩირეში, ...ს ქ. №9-ში, ხოლო თავად მუშაობდა ოჩამჩირეს ...ში ...ად, 1988-1993 წლებში. პირველი შვილის შეძენის შემდეგ იყო დეკრეტულ შვებულებაში. ოჩამჩირე დატოვა 1992 წლის სექტემბერში, ომის დაწყების დროს მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად წავიდა ეკატერინბურგში მეუღლის მეგობართან. ამ პერიოდში იყო ორსულად მეორე შვილზე და 1993 წლის მარტში მეორე შვილიც შეეძინა ეკატერინბურგში. ამის შემდეგ კვლავ დაბრუნდა ოჩამჩირეში და ოჩამჩირე საბოლოოდ დატოვა 1993 წლის სექტემბერში მეუღლესთან და შვილებთან ერთად. ოჩამჩირის დატოვების შემდეგ ერთი თვე გაჩერდნენ ქ. თბილისში, შორეულ ნათესავთან. შემდეგ წავიდნენ ეკატერინბურგში, სადაც ცხოვრობდნენ ქირით, 1999 წელს შეიძინეს ბინა, რომელიც ამჟამად გასხვისებულია. 2000 წლიდან დღემდე ცხოვრობს ქალაქ სანქტ-პეტერბურგში ქირით, 2021 წელს გარდაეცვალა მეუღლე და სურს საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსვლა, ხოლო შვილები ცხოვრობენ სანქტ-პეტერბურგში. მეუღლეს არ ჰქონია დევნილის სტატუსი, დევნილის სტატუსი და საქართველოს მოქალაქეობა არ აქვთ არც მის შვილებს, ხოლო თავად მ. ნ-ა-კ-ას აქვს ორმაგი მოქალაქეობა (რუსეთი-საქართველო) (ს.ფ. 58-61); დ) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის თანახმად, კომისიამ დაადგინა, რომ არ დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა, რადგან მ. ნ-ა-კ-ა 1990 წელს დაოჯახდა ვ. კ-აზე, რომელიც, დიდწილად იყო დაკავშირებული ქალაქ ეკატერინბურგთან, მათ ორივე შვილი, 1991 წელს და 1993 წლის მარტში შეეძინათ ეკატერინბურგში, აფხაზეთის დატოვების შემდეგ, 2000 წლამდეც ცხოვრობდნენ აღნიშნულ ქალაქში, ასევე, როგორც მ. ნ-ა-კ-ამ აღნიშნა, დაოჯახების შემდეგ, ოჩამჩირეში ცხოვრობდა ... №6-ში, მეუღლის სახლში. ასევე აღინიშნა, რომ განცხადებით წარმოდგენილ დოკუმენტების თანახმად, მ. ნ-ა-კ-ა 1993 წლამდე ცხოვრობდა ...ის ქუჩა №..., ბ. №...-ში (მშობლების ბინა). შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიჩნეულ იქნა, რომ განმცხადებელის მიერ წარდგენილი იყო ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, რის გამოც, განცხადებით წარმოდგენილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტები (ცნობა დევნილობის შესახებ) არ მიიჩნია სარწმუნოდ, ხოლო სხვა დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა განმცხადებლის ოჩამჩირეში მუდმივად ცხოვრების ფაქტს 1993 წლამდე, არ ყოფილა წარმოდგენილი. აღნიშნულის გათვალისწინებით, მ. ნ-ა-კ-ასათვის დევნილის სტატუსის მინიჭება მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული. აღნიშნულის საფუძველზე, სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 8 ნოემბრის №IDP 5 22 00000945 ბრძანებით, მ. ნ-ა-კ-ას იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა (ს.ფ. 62-64, 65, 67).

დევნილი პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დეფინიციასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილია დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის შესაბამისად, პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს.

საცხოვრებელი ადგილი უფრო ფართო მნიშვნელობისაა, რომლის კონკრეტულ სახეებს წარმოადგენს „რეგისტრაციის ადგილი“ და „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“. თუ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღმდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის სავალდებულოა პირის ნებას თან ახლდეს ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ მას სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება - დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი - უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს, მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს („მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ განმარტებასთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.06.2011წ. №ბს-1896-1849(კ-10) და 01.02.2012წ. №ბს-1227-1213(კ-11) განჩინებები).

განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ძირითად არგუმენტთან და, შესაბამისად, მ. ნ-ა-კ-ას მუდმივ საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილის სტატუსის მაძიებელი) ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებლის ადგილის დამდგენი კომისიის 2022 წლის 13 სექტემბრის №59-04 დასკვნაზე, რომლითაც დადგინდა, რომ მ. ზ.-ს ასული ნ-ა-კ-ას საცხოვრებელს 1967 წლიდან 1993 წლამდე წარმოადგენდა ქ. ოჩამჩირე, ...ის ქ. №..., ბ. №.... აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, 2022 წლის 13 სექტემბერს მ. ნ-ა-კ-აზე გაიცა №0000724 ცნობა, რომლის თანახმად, მ. ნ-ა-კ-ა 1993 წლის 27 სექტემბრამდე ცხოვრობდა ქ. ოჩამჩირეში, ...ის ქ. №...-ის ბინა №...-ში. დასახელებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ მ. ნ-ა-კ-ას საცხოვრებელს 1967 წლიდან 1993 წლამდე წარმოადგენდა ქ. ოჩამჩირე. საკასაციო სასამართლო, მსგავსად სააპელაციო პალატისა, ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას, იმის შესახებ რომ ცნობასა და გასაუბრების ეტაპზე განსხვავებული მისამართის მითითება გამორიცხავს პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებას იმ პირობებში, როდესაც ორივე შემთხვევაში პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად დასახელებულია დღეისათვის ოკუპირებული ტერიტორია - ქალაქი ოჩამჩირე. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემული სამართალურთიერთობის სპეციფიკის გათვალისწინებით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენისას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს ინფორმაციაზე, რომელიც უშუალოდ წარმოადგენს სადავო საკითხზე მონიტორინგის განმახორციელებელ სუბიექტს (იხ. საქმე №ბს-348(კ-22)). ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა და განსახილველი საქმისათვის მნიშვნელობა მიანიჭა შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემულ ცნობებს, რომლებიც ადასტურებენ საომარი მდგომარეობის დაწყებამდე, მოსარჩელის ქალაქ ოჩამჩირეში მუდმივად ცხოვრების ფაქტზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

ამდენად, საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ვერ იქნა დაძლეული მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი მოსარჩელის ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრებასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით საპირისპირო დასტურდება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მიზნებისათვის, წარმოადგენდა ქ. ოჩამჩირე. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, მართებულად იქნა დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნები სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივნისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია