Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-205(2კ-25) 3 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, გ. ო-ას და ქ. ო-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ. ო-ამ და ქ. ო-ამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 22 დეკემბრის №IDP 5 23 01375498 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს ახალი აქტის გამოცემა, რომლითაც გ. ო-ა და ქ. ო-ა დაკმაყოფილებული იქნებიან გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით;.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ო-ას და არასრულწლოვანი ქ. ო-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 22 დეკემბრის №IDP 5 23 01375498 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაევალა მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე გ. ო-ასა და ქ. ო-ას მოთხოვნასთან დაკავშირებით;

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მხარეთა მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გ. ო-ას და ქ. ო-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მხარეთა მიერ.

4.1. კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ მოსარჩელეების მამას - პ. ო-ას, მამიდასთან - ც. ო-ასთან ერთად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 31.02.2017წ. №86 ბრძანების საფუძველზე თანხმობა ეთქვათ კერძო საკუთრებაში არსებული ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კერძო საკუთრებაში გადაეცათ ქ. ზუგდიდი, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა (ს.კ. ...). შესაბამისად, მოსარჩელეები, გ. ო-ა და ქ. ო-ა მიჩნეულ იქნენ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილ პირებად მამის მხრიდან, როგორც დამავალი შტო. დევნილთა მონაცემთა ბაზაში მოსარჩელეები აღინიშნენ, როგორც „პრივატიზებული“.

საყურადღებოა, რომ მოსარჩელეების დედას - ფ. გ-ას, თ. ზ-ითან და ჯ. ჭ-ასთან ერთად 2021 წელის 24 ნოემბერს გადაეცათ 2 (ორ) ოთახიანი საცხოვრებელი ბინა (ქალაქ ზუგდიდი, ...ს ქუჩა №..., კორპუსი №..., სადარბაზო I, მე-4 სართული ბინა №...), რაც შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა -დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

კასატორის განმარტებით, სასამართლოთა მიერ არ იქნა გაზიარებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოხდა ოჯახის ხელოვნური გაყოფა. ამასთან, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მოსარჩელე მხარეს ფაქტობრივი საცხოვრებელი აქვს და აღნიშნული ობიექტი არ არის ნგრევადი, ასევე სახეზე არ არის სხვა კრიტერიუმი, რომელმაც შეიძლება არსებითად დაამძიმოს დევნილის სოციალური მდგომარეობა. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების დროს დაიცვა კანონის ყველა მოთხოვნა და შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

4.2. კასატორების - გ. ო-ას და ქ. ო-ას განმარტებით, მშობლების განქორწინების შემდგომ, მათ საცხოვრებლად განისაზღვრა დედის - ფ. გ-ას საცხოვრებელი ადგილი, მდებარე გალის რაიონი სოფელი .... 2017 წელს მათ დატოვეს აფხაზეთის ტერიტორია და საცხოვრებლად ზუგდიდში გადმოვიდნენ, რა დროსაც გაიგეს, რომ 2017 წელს მამა - პ. ო-ა, მამიდასთან - ც. ო-ასთან ერთად საცხოვრებელი ფართის შესყიდვის პროექტის ფარგლებში დაკმაყოფილდნენ ორ სულზე და 17 000 ლარად შეძენილ იქნა საცხოვრებელი ფართი. 2018 წელს კომისიის მიერ მოსარჩელეები დედასთან ერთად იყვნენ წარდგენილნი კონკრეტულ სიაში და მიეცათ ვადა ბინის მოსაძიებლად, რათა შესყიდვა განხორციელებულიყო 21 000 ლარად. აღნიშნული ფართი მათ მიერ ვერ იქნა მოძიებული და იძულებულნი გახდნენ საცხოვრებლით ჩანაცვლებაზე სამინისტროსათვის მიემართათ. მოგვიანებით, მოსარჩელეთა ოჯახს შეემატათ ახალი წევრები, კერძოდ, და - თ. ზ-იი და ბებია - ჯ. ჭ-ა. შესაბამისად ოჯახი 5 წევრისგან შედგებოდა. 2021 წლის 17 ნოემბრის კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2022 წლის 16 თებერვალს სააგენტოს დირექტორმა გამოსცა ბრძანება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე, ისე რომ მოსარჩელეები არ იქნენ გათვალისწინებულნი ოჯახის შემადგენლობაში. შესაბამისად, ისინი, არც დედის და არც მამის მხრიდან საცხოვრებლით არ დაკმაყოფილებულან. ამასთან, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ისინი ითვლებიან დაკმაყოფილებულ პირებად, როგორც მშობლის პირდაპირი დამავალი შტო. შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილება, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, გ. ო-ას და ქ. ო-ას საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, გ. ო-ას და ქ. ო-ას საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარებით ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის მიხედვით მოსარჩელეები გ. ო-ა და ქ. ო-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები -დევნილები 1992-1993 წლიდან. მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე იყო აფხაზეთი, გალი, სოფელი .... გ. ო-ასა და ქ. ო-ას დროებითი საცხოვრებელი მისამართია ზუგდიდი, სოფელი .... გ. ო-ასა და ქ. ო-ას სარეგისტრაციო ნომერია - 032-01938 (ს.ფ. 80-81); ბ) გ. ო-ას და ქ. ო-ას დედა - ფ. გ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე იყო აფხაზეთი, გალი, სოფელი .... დროებით საცხოვრებელი მისამართია წალენჯიხა, .... ფ. გ-ას სარეგისტრაციო ნომერია - 069-07077 (ს.ფ. 83, 19-20, 21); გ) 2016 წლის 4 აპრილს გ. ო-ას და ქ. ო-ას მამას - პ. ო-ას შევსებული აქვს კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თანხმობაზე განაცხადი. განმცხადებლის ოჯახის შემადგენლობაში მითითებულია მხოლოდ ც. ო-ა (მამიდა) (ს.ფ. 21, 101-102). დევნილთა შემსწავლელი კომისიის 2016 წლის 6 დეკემბრის №124 ოქმით, პ. ო-ას, თანხმობა ეთქვა 17 000 ლარის ფარგლებში ქალაქ ზუგდიდში ფართის შესყიდვაზე (ს.ფ. 94-100); დ) 2017 წლის 15 თებერვალს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის №... ხელშეკრულებით, პ. ო-ას და ც. ო-ას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტროს მიერ საკუთრებაში გადაეცათ უძრავი ქონება მდებარე ზუგდიდი, ...ს ქუჩა №..., სართული 1, საკადასტრო კოდი ..., ფართი 70 კვ. მეტრი (ს.ფ. 87-89, 91-92); ე) დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 15 მაისის №18 სხდომის ოქმის მიხედვით, ფ. გ-ას (სარეგისტრაციო ნომერი 069-07077), გ. ო-ასა და ქ. ო-ას (სარეგისტრაციო ნომერი 032-01938) გამოეყო თანხა 21 000 ლარის ფარგლებში (ს.ფ. 25-29); ვ) დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 8 ოქტომბრის №40 სხდომის ოქმის მიხედვით, ფ. გ-ას (სარეგისტრაციო ნომერი 069-07077), გ. ო-ასა და ქ. ო-ას (სარეგისტრაციო ნომერი 032-01938) საცხოვრებლის შესაძენად გამოეყო თანხა 21 000 ლარი (ს.ფ. 30-34); ზ) 2020 წლის 3 თებერვალს ფ. გ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მითხოვა, მისი განაცხადი, რომლითაც იგი ითხოვდა სახლის/ბინის შესყიდვის თანხის გადაცემას, გადატანილი ყოფილიყო გძელვადიანი საცხოვრებელი ფართის გადაცემაზე, რადგან აღნიშნული თანხით ბინის შეძენას ვერ ახდენდა. ასევე მიუთითა, რომ მასთან ერთად ცხოვრობდა დედა - ჯ. ჭ-ა, რომლის ჩამატებასაც ითხოვდა განაცხადში (ს.ფ. 159); თ) 2021 წლის 24 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ გადასცა ფ. გ-ას (სარეგისტრაციო ნომერი 009-43615), თ. ზ-ის (ფ. გ-ას შვილი, დაბ:...წ) და ჯ. ჭ-ას (სარეგისტრაციო ნომერი 069-07077) ორ ოთახიანი საცხოვრებელი ფართი მდებარე, ზუგდიდი, ...ს ქუჩა №..., კორპუსი ..., მე-... სართული, №... (ს.ფ. 35, 38); ი) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 16 თებერვლის №03-1086/ო ბრძანების მიხედვით, დევნილთა შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით (ქ. ზუგდიდი, ...ს ქუჩა №..., კორპუსი ..., მე-... სართული, №...) დაკმაყოფილდა ფ. გ-ა (სარეგისტრაციო ნომერი 009-43615), თ. ზ-იი და ჯ. ჭ-ა (სარეგისტრაციო ნომერი 069-07077) (ს.ფ. 36-37, 125-132); კ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, 2024 წლის 11 იანვრის მდგომარეობით ფ. გ-ას ოჯახის სარეიტინგო ქულა არის - 1000. ოჯახი შედგება 6 წევრისაგან - ფ. გ-ა, ს. ზ-ი, გ. ო-ა, ქ. ო-ა, თ. ზ-იი, ღ. ზ-ი. ოჯახი იღებს შემწეობას (ს.ფ. 49); კ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს №IDP 5 23 01375498 წერილით, ფ. გ-ას ეცნობა, რომ ვინაიდან მისი შვილების გ. ო-ასა და ქ. ო-ას მამას - პ. ო-ას, მამიდასთან - ც. ო-ასთან ერთად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 30 იანვრის №86 ბრძანების საფუძველზე, თანხმობა ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კერძო საკუთრებაში გადაეცა ქ. ზუგდიდი, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა (ს.კ. ...) მისი არასრულწლოვანი შვილები - გ. ო-ა და ქ. ო-ა მიჩნეული იქნენ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილ პირებად მამის მხრიდან, როგორც დამავალი შტო. ამასთან, თ. ზ-ითან და ჯ. ჭ-ასთან ერთად 2021 წლის 24 ნოემბრიდან ფ. გ-ას გადაეცა 2 ოთახიანი საცხოვრებელი ბინა მისამართზე ზუგდიდი, ...ს ქუჩა №..., კორპუსი ..., სადარბაზო №..., სართული ..., ბინა №..., რაც დასტურდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით (ს.ფ. 48);

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების მთავარი საგანი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 22 დეკემბრის №IDP 5 23 01375498 აქტის კანონიერების შეფასებას და მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების წინაპირობების შემოწმებას შეეხება. მოსარჩლეები გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას მოითხოვენ, სადავო აქტით უარის თქმის საფუძველი კი, მოსარჩელეთა მამის ფართით დაკმაყოფილება გახდა, რამაც შვილების, როგორც დამავალი შტოს დაკმაყოფილება გამოიწვია. შესაბამისად, შესამოწმებელია, თუ რამდენად იქნა სადავო აქტით მოსარჩელეთა ინტერესები გათვალისწინებული.

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, რა პროცესშიც მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს. ზემოხსენებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება.

დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (შემდგომში - წესი) შესაბამისად, რომლის მე-6 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილ ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია, ერთი მხრივ, დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ, კი დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილი ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი დევნილ ოჯახს განმარტავს, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრეს, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი); ოჯახის განსაზღვრებასთან დაკავშირებით მსგავს შინაარსს ითვალისწინებს ზემოხსენებული „წესის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან სათანადო ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ როგორც წესი, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებები ეფუძნება დევნილების გადაწყვეტილების ნებაყოფლობისა და თავისუფალი არჩევანის პრინციპს, რომლის გათვალისწინებით დევნილები საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში ნებაყოფლობით და ზეგავლენის გარეშე იღებენ ძირითად გადაწყვეტილებებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თუ დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებლით ან საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კერძო ინვესტორის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარებით ან რომელიმე უზრუნველყოფის ალტერნატიული ვარიანტით, იგი ჩაითვლება სახელმწიფოს მხრიდან დაკმაყოფილებულად და მისი კვლავ საცხოვრებლით უზრუნველყოფა დაუშვებელია, თუმცა ამისათვის მნიშვნელოვანი კომპონენტია დევნილთა ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტის დადგენა. ამდენად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით უნდა შეფასდეს ოჯახის შემადგენლობა, რადგანაც ამ ფაქტის უტყუარად დადგენას არსებითი მნიშვნელობა გააჩნია სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიზნებისთვის.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძველი მათი მამის - პ. ო-ასთვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის შესყიდვაზე თანხმობა იყო, რომელსაც მამიდასთან - ც. ო-ასთან ერთად, კერძო საკუთრებაში გადაეცა ქ. ზუგდიდში, ...ს ქ.№...-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, შესაბამისად, მოსარჩელეებიც მამასთან ერთად მიჩნეულ იქნენ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილ პირებად, როგორც დამავალი შტო.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელეთა მშობლების 2010 წელს განქორწინების (არარეგისტრირებული ქორწინება) ფაქტს და პ. ო-ას (მამა) ფართით დაკმაყოფილების შესახებ განაცხადს, სადაც მიუთითა, რომ ჰყავს შვილები, თუმცა ისინი დედასთან ერთად ცხოვრობენ აფხაზეთში. იგივე ინფორმაცია არის მითითებული პ. ო-ას ოჯახში 2016 წლის 17 სექტემბერს განხორციელებული მონიტორინგის ფორმაში (ს.ფ. 117-123). 2016 წლის 6 დეკემბრის დევნილთა შემსწავლელი კომისიის №124 ოქმის მიხედვით, ქალაქ ზუგდიდში, შევსებული განაცხადების საფუძველზე მინიჭებული ქულების შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის შესყიდვაზე თანხმობა ეთქვა პ. ო-ას 17 000 ლარის ფარგლებში. განცხადების დაკმაყოფილების შემდგომ, მას და ც. ო-ას, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქ. ზუგდიდში, ...ს ქ.№...-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა კერძო საკუთრებაში გადაეცათ. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების დანართს, რომელიც ითვალისწინებს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესს. კერძოდ, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ნასყიდობის ღირებულების მაქსიმალური ოდენობა ერთ საცხოვრებელ ფართზე განისაზღვრება არაუმეტეს 17 000 ლარისა − ოჯახზე, რომელიც შედგება 1-2 წევრისაგან. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის იმ განმარტებას, რომ თანხის ოდენობა დამოკიდებულია ბენეფიციარი ოჯახის სულადობაზე. მოცემულ შემთხვევაში, ის უდაო ფაქტობრივი გარემოება, რომ პ. ო-ას 17 000 ლარი გამოეყო, თავის მხრივ, ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მისი განცხადების განხილვის პროცესში არ ყოფილან მოსარჩელეები გათვალისწინებულნი, რაც გამორიცხავს მათ როგორც მამის დამავალი შტოს დაკმაყოფილებას.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომლითაც განიმარტა, თუ რამდენად ითვლებოდნენ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილ პირებად მოსარჩელეები როგორც დედის დამავალი შტო. კერძოდ, მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ მოსარჩელეებს დედასთან ერთად საცხოვრებლის შესაძენად თანხა - 21 000 ლარის ოდენობით, ჯერ კიდევ 2018 წელს გამოეყოთ, თუმცა იმის გამო, რომ ვერ მოახერხეს აღნიშნული თანხით სათანადო საცხოვრებელის პოვნა, ფართის გადაცემა მოითხოვეს. შედეგად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 16 თებერვლის №03-1086/ო ბრძანების მიხედვით, დევნილთა შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა ფ. გ-ა (სარეგისტრაციო ნომერი 009-43615), თ. ზ-იი და ჯ. ჭ-ა (სარეგისტრაციო ნომერი 069-07077). აღნიშნულ პირებს ზემოხსენებული ბრძანებით ორ ოთახიანი ბინა გადაეცათ და სწორედ მათ მოაწერეს ხელი მხარეთა შორის გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-9 დანართზე, რომელიც გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტებს ადგენს, დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით. აღნიშნული სტანდარტის მიხედვით, დევნილი ოჯახი, რომელიც შედგება 3-4 მოსახლისგან, შესაძლოა გადაეცეს ორ ოთახიანი ბინა, 5-6 წევრიანი ოჯახის შემთხვევაში კი, საცხოვრებელი ფართი სამ ოთახს უნდა ითვლიდეს. მოცემულ შემთხვევაში, ფ. გ-ას ხუთ სულიანი ოჯახი სამ წევრზე გათვლილი საცხოვრებლით დაკმაყოფილდა ისე, რომ მასში არ ყოფილა მოსარჩელეთა ინტერესი გათვალისწინებული. იმის გამო, რომ თავდაპირველად გამოყოფილი თანხის შემდგომ ფ. გ-ას ოჯახი თ. ზ-იის და ჯ. ჭ-ას შემატებით გაიზარდა, სააგენტომ ისე განსაზღვრა გადასაცემი საცხოვრებლის მოცულობა, რომ მოსარჩელეთა ინტერესი არ გაუთვალისწინებია. შესაბამისად, იმ პირობებში როდესაც მოსარჩელეები არიან იძულებით გადაადგილებული პირები, საცხოვრებელი ფართის შესაძენად სააგენტომ მათ გამოუყო თანხა 21000 ლარის ფარგლებში, საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროცესში კი, მათი ინტერესები არ გაითვალისწინა, საკმარის საფუძველს ქმნის იმისათვის, რათა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების თავიდან გამოკვლევა და მოსარჩელეებთან მიმართებით ახალი აქტის გამოცემა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რამდენადაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორების - გ. და ქ. ო-აების შედავებას წინამდებარე საქმეზე სასამართლოს მიერ საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობაზე და განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. „..საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება..“ (სუს 13.12.2018წ. №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება). საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ევალება კონკრეტული შინაარსის ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, ასეთ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი უქმდება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, შესაბამისად გამოსაცემი აქტის შინაარსი დამოკიდებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგებზე. ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორთა მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არცერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. გ. ო-ას და ქ. ო-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განჩინება;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ბ. შონია