Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-543(კ-25) 23 სექტემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - გ. რ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2024 წლის 12 აპრილს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე - გ. რ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ზედმეტად გადახდილი სახელფასო თანხის - 54,35 ლარის დაკისრება.

სარჩელის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2023 წლის 5 ივნისის №865 ბრძანებით, გ. რ-ი გაწვეული იქნა სავალდებულო სამხედრო სამსახურში და ჩაირიცხა წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ... ...ის ცენტრში, ახალწვეულთა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსზე. სამხედრო ფიცის მიღების შემდეგ, სამხედრო სამსახურის გაგრძელების მიზნით, 2023 წლის 9 ივნისიდან გ. რ-ი ჩაირიცხა თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნების და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კ...ში“. მოსარჩელის მითითებით, 2023 წლის 23 ნოემბრიდან გ. რ-ი ავადმყოფობის გამო დათხოვნილ იქნა თავდაცვის ძალების რიგებიდან, თუმცა მას არ დაუბრუნებია ზედმეტად დარიცხული 54,35 ლარი.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრი „კ...ის“ მეთაურის 2023 წლის 22 ნოემბრის №1749 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრი „კ...ის“ ...ის ... რიგითი - გ. რ-ი, 2023 წლის 23 ნოემბრიდან, ავადმყოფობის გამო, დათხოვნილ იქნა თავდაცვის ძალების რიგებიდან. გ. რ-ის 2023 წლის ნოემბრის ხელფასი ჩაერიცხა სრულად, საიდანაც ზედმეტად ჩარიცხულმა თანხამ შეადგინა 54,35 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 24-ე მუხლზე, „ყოველწლიანი ფასიანი შვებულების შესახებ კონვენციის“ მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 მუხლებზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივლისის განჩინებაზე (საქმე №ბს-1020(კ-19) მითითებით არ გაიზიარა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მითითება, რომ სასამართლომ არ გამოიკვლია გ. რ-ის ნასარგებლები ჰქონდა თუ არა შვებულებით და აღნიშნა, რომ თავად ადმინისტრაციულ ორგანოს არც რუსთავის საქალაქო სასამართლოში და არც თბილისის სააპელაციო სასამართლოში არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმისა, რომ გ. რ-ის ნასარგებლები ჰქონდა ანაზღაურებადი შვებულებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოები სადავოდ არ ხდიდნენ იმ ფაქტს, რომ გ. რ-ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან ზედმეტად ჩარიცხული ჰქონდა 54,35 ლარი, რაც მას უკან არ დაუბრუნებია. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ დასახელებული თანხა არამართებულად მიიჩნია შვებულების თანხად და გაათავისუფლა მოპასუხე პასუხისმგებლობისგან.

სამინისტრო მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ და თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაარღვიეს ინკვიზიციურობის პრინციპი, კერძოდ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები და არ გამოიკვლიეს გ. რ-ის ნასარგებლები ჰქონდა თუ არა შვებულების დღეებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს გ. რ-ისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ, ზედმეტად გადახდილი სახელფასო თანხის სახით, 54,35 ლარის დაკისრების წინაპირობების არსებობა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის 2023 წლის 5 ივნისის №MOD82300000865 ბრძანებით, 2023 წლის 9 ივნისიდან გ. რ-ი ჩაირიცხა თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნების და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კ...ში“. წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრი „კ...ის“ მეთაურის 2023 წლის 22 ნოემბრის №1749 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრი „კ...ის“ ...ის ... რიგითი - გ. რ-ი, 2023 წლის 23 ნოემბრიდან, ავადმყოფობის გამო, დათხოვნილია თავდაცვის ძალების რიგებიდან.

ასევე დადგენილია, რომ გ. რ-ის 2023 წლის ნოემბრის ხელფასი ჩაერიცხა სრულად, საიდანაც კასატორის მოსაზრებით, ზედმეტად ჩარიცხულმა თანხამ შეადგინა 54,35 ლარი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, მოხელისთვის დადგენილია ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღის ოდენობით. მოხელეს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა თანამდებობაზე დანიშვნიდან 11 თვის გასვლის შემდეგ. უფლებამოსილი პირის თანხმობით მოხელეს შვებულება შეიძლება ამ ვადის გასვლამდეც მიეცეს. თანამდებობაზე დანიშვნიდან 1 წლის გასვლის შემდეგ მოხელეს შვებულება კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს მიეცემა.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივლისის განჩინებაში მოცემულ შემდეგ სამართლებრივ მსჯელობაზე: „დასაქმების პერიოდში - სამსახურში მიღების მომენტიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე, მათ შორის, შვებულებით სარგებლობის პერიოდში, პირი იღებს შესაბამის თანამდებობრივ სარგოს. შვებულების დროს პირის სამსახურებრივი უფლებამოსილება ჩერდება, თუმცა მას შესაბამისი თანამდებობრივი სარგო უნარჩუნდება. დასაქმებულის უფლება ყოველწლიურად ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით რეალიზდება დამსაქმებლის ვალდებულებით უზრუნველყოს დასაქმებულის ფასიანი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა. ამდენად, შრომითი ურთიერთობის არსებობისას გამოყენებული საშვებულებო დღეების ანაზღაურება შრომის ანაზღაურების დეფინიციაში ექცევა, თუმცა ვითარება იცვლება იმ შემთხვევაში, როდესაც შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილია, პირი სამსახურიდან გათავისუფლებულია და მოთხოვნილია იმ შვებულების დღეების ანაზღაურება, რომლის გამოყენებაც დასაქმების პერიოდში მოსამსახურის მიერ ვერ განხორციელდა. ასეთ შემთხვევაში, სათანადო ნორმატიული წინაპირობების არსებობისას, გათავისუფლებული პირი კვლავ იღებს შვებულების დღეების ანაზღაურებას, რომელიც რაოდენობრივად დასაქმების პერიოდში მიღებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობას ემთხვევა, მაგრამ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სრულად იცვლება გასაცემი თანხის სამართლებრივი ბუნება. გამოუყენებელი შვებულების დღეების ანაზღაურებას ასეთ შემთხვევაში საკომპენსაციო დანიშნულება აქვს, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ამ თანხის გაცემით დამსაქმებელი ახდენს არა თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურებას, რომელიც იგულისხმება, რომ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში პირს უკვე მიღებული აქვს, არამედ გასცემს ერთგვარ კომპენსაციას შრომითი ურთიერთობის დამსაქმებლის მიერ შეწყვეტის შედეგად დასაქმებულის მხრიდან შვებულების გამოყენების შესაძლებლობის მოსპობის სანაცვლოდ. სწორედ დამსაქმებლის მიერ პირის გათავისუფლების შესახებ ნების გამოვლენა გამორიცხავს დასაქმებულის მიერ მიმდინარე წლის ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობას, რაც განაპირობებს დამსაქმებლის მიერ გამოუყენებელი შვებულების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურების ვალდებულებას. ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება წარმოადგენს დასაქმებულის დასვენების დროს, რომელიც ეძლევა დასაქმებულს ყოველწლიურად სამუშაო ადგილისა და ხელფასის შენარჩუნებით, დასაქმების პერიოდში შვებულების გამოუყენებლობის შემთხვევაში დასაქმებული ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და იღებს შესაბამის ანაზღაურებას, ამიტომ დასაქმების პერიოდში წლის მანძილზე გამოუყენებელი შვებულების ფულადი ანაზღაურებით შეცვლა არ ხდება, თუმცა ვინაიდან დათხოვნილი მუშაკისათვის შვებულების მიცემა უკვე შეუძლებელია, ხდება გამოუყენებელი შვებულებისათვის კომპენსაციის ანაზღაურება...“ (სუსგ №ბს-1020(კ-19), 21.07.2022წ.)

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მხედველობაში უნდა მიეღო შვებულების კომპენსაციის საკითხი. ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ სასამართლომ არ გამოიკვლია გ. რ-ის ნასარგებლები ჰქონდა თუ არა შვებულებით და ხაზს უსვამს, რომ თავად ადმინისტრაციულ ორგანოს სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე არ წარუდგენია იმის მტკიცებულება, რომ გ. რ-ის გამოყენებული ჰქონდა ანაზღაურებადი შვებულება. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობა.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა