გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ა-1843-გან-7-06 9 ნოემბერი, 2006 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძედავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ი. დ-ინგმა, მ. და ა. ა-ძეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ჯ. და ვ. ს-შვილების, ლ. ხ-ძის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 15 მარტის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, ჯ. ს-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ 2001წ. 13 ივლისს ი.დ-ინგის მეუღლის _ ი. ა-ძის მკვლელობაში. სამოქალაქო სარჩელის ნაწილში დავა დარჩა ღიად. მოსარჩელე ი. დ-ინგმა მოითხოვა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება და, მოპასუხის მხრიდან სადავო თანხის გადახდის პასუხისმგებლობისათვის თავის არიდების მიზნით, ჯ.ს-შვილის კუთვნილ ბინაზე ამ უკანასკნელსა და ლ. ხ-ძეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. ლ.ხ-ძის განმარტებით, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის. ამდენად, მისი ბათილად ცნობის იურიდიული საფუძველი არ არსებობდა.
ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 2 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი. ჯ.ს-შვილს დაეკისრა ი.დ-ინგის სასარგებლოდ დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის _ 2 790 ლარისა და მორალური ზიანის _ 5000 ლარის, ხოლო მ. და ა. ა-ძეების სასარგებლოდ ერთჯერადი გადასახადის _ 12000 ლარის გადახდა.
რაიონული სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 თებერვლის განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჯ.ს-შვილმა და ლ.ხ-ძემ გაასაჩივრეს საკასაციო წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 29 ივლისის განჩინებით ჯ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, ამავე წლის 7 დეკემბრის განჩინებით კი ლ.ხ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
2006წ. 26 ოქტომბერს ი. დ-ინგმა განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 7 დეკემბრის განჩინების განმარტების შესახებ. განმცხადებელმა მითითებული განჩინების განმარტება მოითხოვა იმდაგვარად, რომ ზუსტად მითითებულიყო‚ საკასაციო პალატამ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მთლიანად გააუქმა, თუ მხოლოდ ლ. ხ-ძის მიერ საკასაციო საჩივრით გასაჩივრებულ ნაწილში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 2 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ჯ.ს-შვილსა და ლ.ხ-ძეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი, ჯ.ს-შვილს დაეკისრა ი.დ-ინგის სასარგებლოდ დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის _ 2 790 ლარისა და მორალური ზიანის _ 5000 ლარის, ხოლო მ. და ა. ა-ძეების სასარგებლოდ ერთჯერადი გადასახადის _ 12000 ლარის გადახდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 თებერვლის განჩინებით ზემოხსენებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, რაც ჯ.ს-შვილმა მთლიანად, ხოლო ლ. ხ-ძემ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში გაასაჩივრა საკასაციო წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 29 ივლისის განჩინებით ჯ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, ამავე წლის 7 დეკემბრის განჩინებით კი ლ.ხ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს‚ მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია‚ გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების განმარტების ამ ნორმით გათვალისწინებული შემაფერხებელი გარემოებები არ არსებობს და ი.დ-ინგის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 7 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების შესახებ განხილულ უნდა იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.
სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ 2004წ. 7 დეკემბრის განჩინებით იმსჯელა რა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების იურიდიულ დასაბუთებაზე ლ.ხ-ძის საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში გააუქმა და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი. დ-ინგის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო სასამართლოს 2004წ. 7 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე აბზაცი განიმარტოს იმდაგვარად, რომ მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 თებერვლის განჩინება გაუქმდა მხოლოდ ლ.ხ-ძესა და ჯ.ს-შვილს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის სადავო გარიგების ბათილად ცნობაზე რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 284-ე, 262-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. დ-ინგის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 7 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების შესახებ დაკმაყოფილდეს და ამ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე აბზაცი განიმარტოს იმდაგვარად, რომ მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 თებერვლის განჩინება გაუქმდა მხოლოდ ლ.ხ-ძესა და ჯ.ს-შვილს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის სადავო გარიგების ბათილად ცნობაზე რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.