საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-658 (კს-25) 29 სექტემბერი, 2025 წელი,
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,
თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ტ. ჩ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.06.2025 წლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ტ. ჩ-ამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი წარადგინა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის 06.08.2024 წლის №1000814916/5 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.03.2025 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მან ასევე იშუამდგომლა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.06.2025 წლის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შეჩერდა მოპასუხის 06.08.2024 წლის №1000814916/5 გადაწყვეტილების მოქმედება მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.2025 წლის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
6. მოსარჩელემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 25.07.2025 წელს წარადგინა განცხადება, რომლითაც უარი განაცხადა სააპელაციო საჩივარზე.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.08.2025 წლის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ადმინისტრაციულ საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.03.2025 წლის გადაწყვეტილება; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.06.2025 წლის განჩინებით გამოყენებული ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა მოპასუხის 06.08.2024 წლის №1000814916/5 გადაწყვეტილების მოქმედება, მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
10. სასკ-ის 29-ე და 31-ე მუხლებით გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში უფლების დროებითი დაცვის სამართლებრივი საშუალებები, ამავე კოდექსით განსაზღვრული სარჩელის სახეების მიხედვით. სასკ-ის 29-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების დროებითი დაცვის ღონისძიება გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე, ამავე კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას წარმოადგენს, ხოლო სასკ-ის 31-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი განჩინება, როგორც უფლების დროებითი დაცვის საშუალება, გამოიყენება ყველა სხვა სახის სარჩელთან მიმართებაში. აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებები ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველყოფას ემსახურება და მხარეთა შორის დავის დასრულებამდე ახდენს მოსარჩელის უფლებებისა და ინტერესების დროებით დაცვას, უზრუნველყოფს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებების თავიდან აცილებას (სუსგ №ბს-542(3კს-21), 28.06.2022წ.).
11. სასკ-ის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მსჯელობისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება დავის განხილვის სამართლებრივი შედეგის - გადაწყვეტილების აღსრულება. უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად არის გამართლებული მისი გამოყენება და გადაწყვიტოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასა და აღსრულების შეუძლებლობას შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობის საკითხი (სუსგ №ბს-935-927(კს-16), 09.03.2017წ.). სასკ-ის 29-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ სასამართლო განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივარი.
12. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრით გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.06.2025 წლის განჩინება, რომლითაც, სასკ-ის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეჩერდა მოპასუხის 06.08.2024 წლის №1000814916/5 გადაწყვეტილების მოქმედება (ს.ფ. 261-265).
13. შესაბამისად, სასკ-ის 29-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების დროებითი დაცვის ღონისძიება გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე, ამავე კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას წარმოადგენს (შდრ. სუსგ №ბს-542(3კს-21), 28.06.2022წ; №ბს-513 (კს-25), 14.07.2025წ., პუნ. 10).
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე წარდგენილი კერძო საჩივრის დასაშვებად მიჩნევის თუ განხილვის ერთ-ერთი კრიტერიუმი არის ის, რომ არსებობდეს გასაჩივრებული განჩინებით გამოყენებული სადავო ღონისძიება. თუ ასეთი ღონისძიება არ არსებობს/შემდგომში გაუქმდა, არ არსებობს კერძო საჩივრის უმთავრესი წანამძღვარი, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია (შდრ. სუსგ №ას-327-2024, 11.04.2024წ., პუნ. 14).
15. სასკ-ის 30-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის შეჩერების თაობაზე ძალას კარგავს: ა) მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას; ბ) სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულების შემთხვევაში.
16. მოცემულ საქმეში, მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.08.2025 წლის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება და გაუქმდა ამავე პალატის 09.06.2025 წლის განჩინებით გამოყენებული ღონისძიება (ს.ფ. 329-332). 04.08.2025 წლის განჩინება შესულია კანონიერ ძალაში. ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით პალატას მიაჩნია, რომ აღარ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.06.2025 წლის განჩინებაზე წარდგენილი კერძო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების წინაპირობა, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსსკ-ის 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.06.2025 წლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 202307404) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი (საგადახდო მოთხოვნა №11066, გადახდის თარიღი 16.06.2025წ.) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ოქროპირიძე