საქმე №85აგ-14 18 თებერვალი, 2015 წელი
დ-ი შ., 85აგ-14 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. დ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 26 აგვისტოს განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენით შ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – 11 წლით, ხოლო 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 25 ნოემბრიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შ. დ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ შ. დ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 ივლისის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 11 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
2014 წლის 12 აგვისტოს მსჯავრდებულმა შ. დ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის განაჩენის გადასინჯვა იმ საფუძვლით, რომ მას არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული; დაკავების დროს მას ჯიბეში ჩაუდეს ფოლგაში გახვეული ნარკოტიკული საშუალება, რისი მოწმეც ზ. ბ-ი, რომელმაც, მაშინ არსებული ხელისუფლების პირობებში, ვერ შეძლო სიმართლის თქმა; ახლა, როდესაც შეიცვალა პოლიტიკური ვითარება, მოწმე ზ. ბ-ს შეუძლია თქვას სიმართლე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 26 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებული შ. დ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მოწმე ზ. ბ-მა ნოტარიულად დაამოწმა თავისი ჩვენება, რომლის მიხედვითაც, შ. დ-ს ჯიბეში ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება „სუბოტექსი“. აღნიშნულის გათვალისწინებით იგი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 26 აგვისტოს განჩინების გაუქმებას და შუამდგომლობის განხილვას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საფუძველს არ აკმაყოფილებს. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ შ. დ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ შ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 26 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ შ. დ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე