საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-130(კ-25) 3 სექტემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა რ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რ. ს-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი „მიწის ნაკვეთზე რ. ს-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 19 აგვისტოს №1072 განკარგულება; ბ) დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მიწის ნაკვეთზე (მისამართი ქ. თბილისი, ... მიმდებარედ საერთო ფართობი 28399 კვ.მ.) აღიარებული იქნება მოსარჩელე რ. ს-ის საკუთრების უფლება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი „მიწის ნაკვეთზე რ. ს-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 19 აგვისტოს №1072 განკარგულება. დაევალა მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელესთან დაკავშირებით კანონით დადგენილ ვადაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. რ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ს-იმა.
საკასაციო საჩივრის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რადგან სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით მ. ს-ემ, დ. ი-ემ და გ. რ-იმა დაადასტურეს, რომ ქ. თბილისში, ...ს მიმდებარედ, 2300 კვ.მ ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას 1980 წლიდან დღემდე ნამდვილად ფლობდა და სარგებლობდა გ. ა-ი, რომელიც გარდაცვლილია, მისი მეუღლე და პირველი რიგის მემკვიდრე კი, რ. ს-ია. მიმდებარედ მოწყობილი სასაფლაო და მასზე არსებული შენობა თვითნებურად დაკავებული მიწის მხოლოდ ნაწილს ფარავს, მასთან მისასვლელი გზა კი, სასაფლაოს ნაწილადაა მითითებული.
კასატორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე და მე-19 მუხლებზე და ხაზს უსვამს საკუთრების უფლების მნიშვნელობას. ასევე მიუთითებს, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებულ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესზე“ და აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით ეთქვა უარი, რომ მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სასაფლაოს. ზემოხსენებული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომელიც წარმოადგენს სასაფლაოს. ამასთან, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-103 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაფლაო არის მიწის ნაკვეთი თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც განკუთვნილია და გამოიყენება ადამიანის ნეშტის დასაკრძალად. განსახილველ შემთხვევაში, თვითნებურად დაკავებული მიწის მხოლოდ ნაწილს ფარავს მიმდებარედ მოწყობილი სასაფლაო და მასზე არსებული შენობა, მასთან მისასვლელი გზა კი, სასაფლაოს ნაწილადაა მითითებული. შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელზეც შენობა დგას, ასევე მასთან მისასვლელი გზა, ვერ იქნება სასაფლაოდ მიჩნეული, რადგან იქ შეუძლებელია ადამიანის ნეშტის დაკრძალვა. ამდენად, მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, რომელიც არ არის მოქცეული სასაფლაოს სტატუსის მქონე დაფარვის ზონაში, არ არსებობს საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელი გარემოება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. ს-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულმა საქმეთა პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 4 სექტემბრის №... წერილობითი მიმართვით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გაეგზავნა რ. ს-ის განცხადება მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთზე (მისამართი ქ. თბილისი, ...ს მიმდებარედ, საერთო ფართობი 2839 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე (ს.ფ. 78); ბ) სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით მ. ს-ე, დ. ი-ე და გ. ჩ-ი ადასტურებენ, რომ ქ. თბილისში, ...ს მიმდებარედ, 2300 კვ.მ ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას, 1980 წლიდან დღემდე ნამდვილად ფლობს და სარგებლობს გ. ა-ი (ს.ფ. 98-99); გ) რ. ს-ი არის გარდაცვლილი გ. ა-ის მეუღლე და პირველი რიგის მემკვიდრე (ს.ფ. 95-97); დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2021 წლის 1 ივლისის სხდომაზე (ოქმი №31) განიხილა რ. ს-ის განცხადება და 2021 წლის 19 აგვისტოს №1072 განკარგულებით უარი უთხრა რ. ს-ის მიწის ნაკვეთზე (მისამართი ქ. თბილისი, ...ს მიმდებარედ, საერთო ფართობი 2839 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სასაფლაოს და დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით მოქცეულია სასაფლაოების შეზღუდვის არეალში (ს.ფ. 159-165, 12-13);
განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 19 აგვისტოს №1072 განკარგულების კანონიერება და მოპასუხისთვის, რ. ს-ის მიმართ, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებს, წესსა და პირობებს, აგრეთვე იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს. ზემოაღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. პალატა განმარტავს, რომ ზემოხსენებული კანონი ადგენს საკუთრების უფლების აღიარების ორ განსხვავებულ რეჟიმს - მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწასა და თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზემოხსენებული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის - ამ კანონის ამოქმედებამდე, ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი კი, განსაზღვრავს, რომ საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.
ზემოხსენებული კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. ხოლო, ამავე კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის, სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა. ამავე მუხლის მე-7 პუნქტი კი ადგენს, რომ თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების უარის თქმის საფუძველი იყო ის გარემოება, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა მოქმედ სასაფლაოს, რაზეც საკუთრების უფლების აღიარება ეწინააღმდეგება დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომელიც წარმოადგენს სასაფლაოს.
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-103 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაფლაო არის მიწის ნაკვეთი თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც განკუთვნილია და გამოიყენება ადამიანის ნეშტის დასაკრძალად. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, ახალი სასაფლაო უნდა განლაგდეს ქალაქის გარეუბანში, სულ ცოტა 300 მეტრის დაშორებით საცხოვრებელი შენობებიდან და დასასვენებელი ადგილებიდან, ხოლო არსებული სასაფლაოს მიმდებარედ სასაფლაოს მოწყობისას, თუ ეს მანძილი უკვე არსებულ სასაფლაოსთან მიმართებაში დარღვეულია, დაშორება განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასაფლაოს მოწყობის პროექტის შეთანხმებისას. სასაფლაოების მოწყობის პროექტები, სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა, მოქმედი სასაფლაოების გაფართოება და რეკონსტრუქცია საჭიროებს თბილისის მთავრობასთან სავალდებულო შეთანხმებას.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არის სასაფლაო და აღნიშნული მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია სასაფლაოების შეზღუდვის არეალში, აღნიშნული გარემოება დადასტურებული იყო საქმის პირველი ინსტანციით განხილვისას.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის განმარტებას, რომ მის მიერ დაკავებული მიწის მხოლოდ ნაწილს ფარავს სასაფლაო, მისასვლელი გზა კი ვერ მიიჩნევა სასაფლაოდ, რადგან იქ შეუძლებელია ნეშტის დაკრძალვა. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის იმ განმარტებასაც, რომ მიწის ნაკვეთის ნაწილზე, რომელიც არ არის მოქცეული სასაფლაოს სტატუსის მქონე დაფარვის ზონაში, არ არსებობს საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელი გარემოება. პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება თბილისის არქიტექტურის სამსახურის ოფიციალური ვებგვერდზე განთავსებულ ინტერაქტიული რუკაზე, რომლითაც ცალსახად დასტურდება, რომ მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი, დღეის მდგომარეობით, სრულად არის დაფარული საფლავებით. შესაბამისად, შეუძლებელია მოსარჩელის საკუთრების უფლების იმ ტერიტორიაზე იქნეს აღიარება, რომელიც წარმოადგენს სასაფლაოს. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ დღეის მდგომარეობით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი საკუთრება ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი, გარდა სასაფლაოებისა, მოიცავს მისასვლელ გზასაც. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი;
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. რ. ს-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 21.03.2025წ. №8791 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. შონია