Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-766(კ-25) 18 სექტემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – გ. ფ-ა (ჯ. კ-ას უფლებამონაცვლე, ასევე ასკ-ის 16.2 მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე)-სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

მესამე პირები (ასკ-ის 16.2) - თ. გ-ა, მ. ფ-ა, შპს „ფ...“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი–ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 19 სექტემბერს ჯ. კ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მას სს „კ...თან“ გააჩნდა სასესხო ურთიერთობა. საბანკო დაწესებულებას მის მიმართ აქვს 1389.64 ლარის მოთხოვნა. მოსარჩელემ 5.05.2020წ. მიიღო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 30.04.2020წ. ბრძანება დავალიანების გადახდის შესახებ. ჯ. კ-ა აღნიშნავს, რომ მას არ ჩაბარებია შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე, რაც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ წესს ეწინააღმდეგება.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა დავალიანების გადახდევინების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2020 წლის 30 აპრილის Nსპ200275345/75580 ბრძანების ბათილად ცნობა. ამავე სასარჩელო განცხადებით, მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა სადავოდ გამხდარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 მაისის განჩინებით ჯ. კ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა აღსრულების ეროვნული ბიუროს 2020 წლის 30 აპრილის დავალიანების გადახდევინების შესახებ Nსპ200275345/75580 ბრძანების მოქმედება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 მაისის განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ გ. ფ-ა, თ. გ-ა, მ. ფ-ა და სს „კ...ი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 აპრილის განჩინებით ჯ. კ-ას უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა გ. ფ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 თებერვლის განჩინებით სს „კ...ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; სს „კ...ის“ უფლებამონაცვლედ განისაზღვრა შპს „ფ...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით ჯ. კ-ას უფლებამონაცვლის გ. ფ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2020 წლის 30 აპრილის NSP200275345/75580 ბრძანება.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს „კ...მა“ 2.07.2020წ. განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების დაწყება, რესპოდენტების - გ. ფ-ას, თ. გ-ას, მ. ფ-ასა და ჯ. კ-ას მიმართ. განმცხადებლის მოთხოვნა რესპოდენტების მიმართ შეადგენდა 1389.64 ლარს. განცხადებაში ასევე მიეთითა რესპოდენტების მისამართები. თანდართული სესხის ხელშეკრულების თანახმად, 2018 წლის 10 დეკემბერს ჯ. კ-ასა და სს „კ...ს“ შორის დაიდო 24 თვის ვადით სესხის ხელშეკრულება 1030 ლარზე. მითითებული სესხის თავდებ პირებს წარმოადგენდნენ: გ. ფ-ა, მ. ფ-ა და თ. გ-ა, რომელთაც სოლიდარულად იკისრეს პასუხისმგებლობა თანხის გადახდაზე ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, ძირითადი მოვალის მიერ სესხის გადახდის ვადის გადაცილების, უშედეგო გაფრთხილებისა და აშკარა გადახდისუუნარობის არსებობის პირობებში. დადგენილია, რომ 10.02.2020წ. სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინებები, რომლებიც დაეგზავნათ რესპოდენტებს. შპს „ს...ს“ საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურის თანახმად, ჯ. კ-ასთვის განკუთვნილი გზავნილი 2020 წლის 15 თებერვალს ჩაბარდა მის მეუღლეს გ. ფ-ას, უკუგზავნილზე დატანილია მიმღები პირის ხელმოწერა. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული წარმოების შესახებ 10.02.2020წ. შეტყობინება გაეგზავნა მ. ფ-ას და გზავნილი ჩაბარდა მის მეუღლეს 2020 წლის 26 მარტს. დასტურზე ხელმოწერის ნაცვლად დატანილია შენიშვნა - ჩაბარებულია. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 10.02.2020წ. შეტყობინება თ. გ-ას ჩაბარდა პირადად 2020 წლის 15 თებერვალს, საფოსტო დასტურზე დატანილია მისი მიმღების ხელმოწერა. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 10.02.2020წ. შეტყობინება გ. ფ-ას ჩაბარდა 2020 წლის 15 თებერვალს პირადად, უკუგზავნილზე დატანილია მისი ხელმოწერაც. დავალიანების გადახდევინების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 30.04.2020წ. ბრძანების თანახმად, რესპოდენტებს - გ. ფ-ას, ჯ. კ-ას, თ. გ-ას და მ. ფ-ას აპლიკანტის სასარგებლოდ დაეკისრათ დავალიანების გადახდა 1389.64 ლარის ოდენობით.

საქალაქო სასამართლომ მოიხმო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 912, 913, 914 , 917 მუხლები, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლები. საქალაქო სასამართლომ მიმღების ხელმოწერის ნაცვლად კურიერის მიერ დატანილი შენიშვნა „ჩაბარებულია“ არ მიიჩნია გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, უკუგზავნილზე მიმღების ვინაობის და პირადი მონაცემების მითითება ვერ ჩაანაცვლებს კანონით განსაზღვრულ იმპერატიულ რეკვიზიტს - მიმღები პირის ხელმოწერას. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ რესპოდენტ - მ. ფ-ას კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 10.02.2020წ. შეტყობინება, შესაბამისად, მისთვის უცნობი იყო ადმინისტრაციულ ორგანოში წარმოებული სამართლებრივი ღონისძიებების შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ფ-ას, ჯ. კ-ას, თ. გ-ას და მ. ფ-ას მიმართ მიმდინარე გამარტივებული წარმოების პროცესში სახეზე იყო არსებითი ხასიათის პროცედურული დარღვევა, ამდენად, მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი გამოეცა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ჯ. კ-ას უფლებამონაცვლის გ. ფ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის N164 დადგენილებაზე, ასევე საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ იმ დროისთვის, როდესაც მ. ფ-ას ოჯახის წევრს 2020 წლის 26 მარტს და უშუალოდ მ. ფ-ას იმავე წლის 14 აპრილს საფოსტო გზავნილის ჩაბარდათ სახელმწიფო ორგანოები, მათ შორის კერძო კომპანიები მოქმედებდნენ მკაცრი რეგულაციების ფარგლებში, რაც შესატყვისი იყო პანდემიის მდგომარეობასთან. აღნიშნულმა მოცემულობამ იმოქმედა შპს „ს...ს“ მუშაობაზე, რადგან იგი სრულად ადაპტირდა კანონით დადგენილ შეზღუდვებთან. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა შპს „ს...ს“ ელექტრონული გვერდიდან ამონარიდზე, რომელიც შეეხება პანდემიის პერიოდში გზავნილების ჩაბარების წესის ცვლილებას 2020 წლის 23 მარტიდან. ახალი წესის მიხედვით, ყველა ის გზავნილი, რომელიც შპს „ს...ს“ რეგულაციების მიხედვით ადრესატს ბარდებოდა ხელმოწერით, ზემოაღნიშნული თარიღიდან ჩაბარდება ხელმოწერის გარეშე. კურიერი, გზავნილის ჩაბარებისას, ადრესატის/მიმღების იდენტიფიცირებას ახდენს რეკომენდირებული დისტანციის დაცვით, ხოლო ხელმოწერის ველში, გზავნილის ადრესატის/მიმღებისთვის ჩაბარების დასტურად თავად აკეთებს ჩანაწერს „ჩაბარებული“. სააპელაციო სასამართლომ არასარწმუნოდ მიიჩნია მოსარჩელის განმარტებანი მასზედ, რომ არც მასთან და არც მის მეუღლესთან კორესპოდენციის ჩასაბარებლად კურიერი არ გამოცხადებულა. აღნიშნულის საპირისპიროდ, სააპელაციო პალატამ მიუთითა ის ფაქტობრივი მოცემულობა, რომ 26.03.2020წ. ჩაბარების დასტურზე მითითებულია იმგვარი შინაარსის პერსონალური მონაცემები (ადრესატთან ნათესაური კავშირი, პირადი ნომერი), რაც თავად ადრესატის უშუალო მითითების გარეშე, ობიექტურად შეუძლებელია სცოდნოდა მისამართზე გამოცხადებულ კურიერს.

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. ფ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი სადავოდ ხდის სააღსრულებო ბიუროს მიერ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების შემცველი გზავნილის მ. ფ-აზე და მისი მეუღლისთვის ჩაბარების საკითხს. კასატორი აღნიშნავს, რომ საფოსტო გზავნილებზე დატანილია შენიშვნა ჩაბარებულია, ადრესატების პირადი ხელმოწერის გარეშე, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილ კანონისმიერ მოწესრიგებას. კასატორი მიუთითებს, რომ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოში 2020 წლის 22 მარტიდან იმავე წლის 15 მაისის ჩათვლით გამოცხადებული იყო საყოველთაო ლოქდაუნი, საგანგებო მდგომარეობა, რა დროსაც აიკრძალა სატრანსპორტო მოძრაობა, ს...ა ონლაინ მუშობის რეჟიმზე გადავიდა, რაც საეჭვოს ხდის ადრესატისთვის გზავნილის ჩაბარების რეალურობას. კასატორი აღნიშნავს, რომ ჯ. კ-ასთვის განკუთვნილი გზავნილი ჩაბარდა მის მეუღლეს გ. ფ-ას, რომელიც საქმეში დაცული სამედიცინო დოკუმენტაციით არის მე-2 ჯგუფის ინვალიდი, ასევე მას აქვს მსუბუქი დებილიზმის სინდრომი, შესაბამისად, მას ვერავინ მოსთხოვს გააზრებული ქმედების ჩადენას. კურიერისთვის შესამჩნევი უნდა ყოფილიყო გ. ფ-ას ჯანმრთელობის მდგომარეობა. კურიერს საკუთარი მოვალეობა ფორმალურად არ უნდა შეესრულებინა და გ. ფ-ასთვის გზავნილი არ უნდა ჩაებარებინა. კასატორმა ასევე იშუამდგომლა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ფ-ას (ჯ. კ-ას უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ გ. ფ-ას შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე განხილული იქნებოდა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ფ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს დავალიანების გადახდევინების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2020 წლის 30 აპრილის №SP200275345/735580 ბრძანების კანონიერება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2020 წლის 2 ივლისს სს „კ...მა“ მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს განცხადებით, რომლითაც მოითხოვა დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების დაწყება, რესპონდენტების - გ. ფ-ას, თ. გ-ას, მ. ფ-ას და ჯ. კ-ას მიმართ. განცხადების თანახმად, განცხადების შეტანის დღისათვის აპლიკანტის - სს „კ...ის“ მოთხოვნა, რესპონდენტების მიმართ შეადგენდა 1389.64 ლარს. ამასთან, აპლიკანტმა განცხადებაში მიუთითა რესპონდენტების კონკრეტული მისამართები. განცხადებაზე თანდართული 10.12.2018წ. სესხის ხელშეკრულების თანახმად, იგი დაიდო 24 თვის ვადით 1 030 ლარის მოცულობაზე. სესხის ხელშეკრულების თავდებ პირებს წარმოადგენდნენ გ. ფ-ა, მ. ფ-ა და თ. გ-ა. თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად, ზემოაღნიშნულმა პირებმა სოლიდარულად იკისრეს პასუხისმგებლობა მის მიერ სს „კ...“-თან სამომავლოდ ამ განცხადების 3 ხელმოწერიდან 2 (ორი) თვის ვადაში გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე აღებული სესხის (მისი ძირითადი თანხის, პროცენტების, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიისა და გადაუხდელობის გამო დარიცხული ჯარიმების ჩათვლით) გადახდაზე ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც. თუ ეს უკანასკნელი გადააცილებდა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნებოდა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარა იქნებოდა.

სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ 10.02.2020წ. შეტყობინება, რომლითაც რესპონდენტებს - გ. ფ-ას, მ. ფ-ას, თ. გ-ას და ჯ. კ-ას განემარტათ, რომ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში შეეძლოთ განეხორციელებინათ შეტყობინებაში მითითებული ერთ-ერთი მოქმედება: სრულად დაეფარათ აპლიკანტის მიმართ არსებული დავალიანება; დაეფარათ დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევდნენ; განეცხადებინათ წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმებოდნენ მოთხოვნას; წერილობით ეღიარებინათ მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევდნენ; წერილობით ეღიარებინათ მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევდნენ; წარედგინათ განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ, თუ სურდათ აპლიკანტთან გადახდის პირობებზე შეთანხმება. რესპონდენტებს ასევე განემარტათ, რომ შეტყობინებაში მითითებული მოქმედებების განუხორციელებლობის შემთხვევაში გამოიცემოდა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.

დადგენილია, რომ გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 10.02.2020წ. შეტყობინებები გაეგზავნათ გამარტივებული წარმოების რესპოდენტებს საქმეში მითითებულ მისამართებზე. ჯ. კ-ასთვის გაგზავნილი უწყებები, 2020 წლის 15 თებერვალს ჩაჰბარდა მის მეუღლეს - გ. ფ-ას, რომლის ხელმოწერაც დატანილია საფოსტო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელ გზავნილზე. მ. ფ-ას სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 10.02.2020წ. შეტყობინება გაეგზავნა ორჯერ, 2020 წლის 26 მარტს ჩაჰბარდა მის მეუღლეს - დ. ჯ-ას. საფოსტო დასტურზე ხელმოწერის ნაცვლად დატანილია შენიშვნა - „ჩაბარებულია“. იმავე ადრესატისთვის გაგზავნილი შეტყობინება 2020 წლის 14 აპრილს ჩაჰბარდა პირადად მ. ფ-ას. საფოსტო დასტურზე ხელმოწერის ნაცვლად დატანილია შენიშვნა - „ჩაბარებულია“. სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიუროს გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ 10.02.2020წ. შეტყობინება თ. გ-ას 2020 წლის 15 თებერვალს ჩაჰბარდა პირადად. საფოსტო დასტურზე დატანილია ხელმოწერა: „თ. გ-ა“. რესპოდენტ - გ. ფ-ასადმი გაგზავნილი შეტყობინება 2020 წლის 15 თებერვალს ჩაჰბარდა პირადად ადრესატს, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით.

დავალიანების გადახდევინების შესახებ აღსრულების ეროვნულმა ბიუროს 30.04.2020წ №SP200275345/735580 ბრძანებით რესპონდენტებს - გ. ფ-ას, ჯ. კ-ას, თ. გ-ას და მ. ფ-ას დაეკისრათ დავალიანების გადახდა 1389.64 ლარის ოდენობით, აპლიკანტის - სს ,,კ...ის“ მიმართ.

საკასაციო სასამართლო მითითებს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის XVI1 თავით გათვალისწინებულია გამარტივებული წარმოების წესი ფულადი თანხის გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის კანონის 913-ე მუხლის მიხედვით, მხარეები გამარტივებულ წარმოებაში არიან აპლიკანტი და რესპონდენტი. აპლიკანტი არის პირი, რომელსაც აქვს დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა და რომელიც მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით, ხოლო რესპონდენტი არის პირი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აპლიკანტის მოთხოვნა.

ამავე კანონის 914-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას, ხოლო მე-2 პუნქტით განსაზღვრულია, რომ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების (თუ საქმეში წარმომადგენელი მონაწილეობს) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს (ფაქტობრივ საცხოვრებელ ან/და საქმიანობის ადგილს), სხვა ცნობილ საკონტაქტო მონაცემებს; ბ) აპლიკანტის საბანკო რეკვიზიტებს; გ) აპლიკანტის მოთხოვნას; დ) დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა მეშვეობითაც აპლიკანტი ასაბუთებს თავის მოთხოვნას და რომლებიც ერთვის დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას; ე) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი გამარტივებული წარმოებისას გაწეული დამატებითი ხარჯის (რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გათვალისწინებული საფასურებისაგან) ანაზღაურებას; ვ) მითითებას იმის შესახებ, რომ დაყენებული მოთხოვნა არ არის დამოკიდებული აპლიკანტის მიერ რაიმე საპასუხო ვალდებულების შესრულებაზე, ან რომ მან ასეთი ვალდებულება უკვე შეასრულა; ზ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას; თ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადებას; ი) აპლიკანტის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას.მითითებული კანონის

მითითებული კანონის 917 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს: ა) გამარტივებული წარმოების ნომერს; ბ) აპლიკანტის დასახელებას, დაყენებულ მოთხოვნას და მოთხოვნის საფუძველს; გ) მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: გ.ა) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ბ) განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; გ.გ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; გ.დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ე) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ; დ) განმარტებას იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას; ე) გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობას, ანგარიშსწორების წესს და აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო რეკვიზიტებს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომლიც ადგენს გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების რესპონდენტისთვის ჩაბარების შესაძლებლობას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებს, რომლებიც დოკუმენტის ადრესატისთვის ჩაბარების ზოგად წესს არეგულირებენ. აღნიშნული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად კი, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მითითებული კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში სადავო აქტის კანონიერების შეფასების კუთხით მნიშვნელოვანია დადგინდეს არსებობდა თუ არა დავალიანების გადახდევინების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 30.04.2020წ. ბრძანების გამოცემის წინაპირობები, კერძოდ, დაიცვა თუ არა ადმინისტრაციულმა ორგანომ გამარტივებული წარმოების ფარგლებში რესპოდენტების სათანადო წესით ინფორმირების ვალდებულება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორი სადავოდ ხდის რესპოდენტ - მ. ფ-ასთვის გზავნილის სათანადო წესით ჩაბარების საკითხს, რამეთუ 26.03.2020წ. უკუგზავნილზე აღნიშნულია, რომ გზავნილი ჩაბარდა მის მეუღლეს - დ. ჯ-ას, ხოლო 14.04.2020წ. საფოსტო დასტურზე გზავნილის ჩაბარების ადრესატია თავად მ. ფ-ა. ზემოაღნიშნულ ორივე საფოსტო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი ხელმოწერილი არაა უშუალოდ ჩამბარებელი პირების მიერ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გზავნილის ჩაბარების სრულყოფილ დასტურად მიჩნევისთვის ადრესატის მონაცემების მითითებასთან ერთად აუცილებელია გზავნილზე მიმღები პირის ხელმოწერის არსებობა. თუმცა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ რესპოდენტ - მ. ფ-ასთის საფოსტო გზავნილების ჩაბარების პერიოდი (2020 წლის 26 მარტი და 14 აპრილი) დაემთხვა მსოფლიო მასშტაბით გავრცელებულ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიას, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე, მათ შორის, შპს „ს...ს“ მუშაობის ზოგად წესზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის ლეგიტიმური საჯარო მიზნებიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი უფლებების შეზღუდვა.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილებით დამტკიცდა საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები. ამ დადგენილების მიზანი იყო, „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის № 1 დეკრეტის (შემდგომში – საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი) აღსრულების მიზნით, სახელმწიფოს მიერ თავისი კონსტიტუციური ვალდებულების – დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირება და სიტუაციის მართვა. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისთვის შეიზღუდა მიმოსვლა, საგანმანათლებრო პროცესი, კულტურული და სპორტული ღონისძებები, შეკრებისა და მანიფესტაციების, აგრეთვე საჯარო სივრცეში თავშეყრა და შეზღუდვა შეეხო ასევე ეკონომიკურ საქიანობასაც.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილების მე-7 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერდა ეკონომიკური საქმიანობა გარდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტის (მათ შორის, ბენზინისა და დიზელის), წლის რეალიზაციისა/შესყიდვის/გადაცემისა/განაწილებია/მიწოდებისა, თხევადი აირის მიწოდებისა/რეალიზაციისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებისა. ზემოხსენებული საკანონმდებლო რეგულაციის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის პოზიციას მასზედ, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში აკრძალული იყო შპს „ს...ს“ მუშაობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით მინიმუმამდე უნდა შემცირებულიყო ფიზიკურ პირთა კონტაქტი, რათა დაავადების გადადების პრევენცია მომხდარიყო. საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტები ვალდებულნი იყვნენ მაქსიმალურად დაეცვათ უსაფრთხოების წესები, რის გამოც ისინი ადაპტირდნენ ახალ სამართლებრივ და ფაქტობრივ რეალობასთან.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ შპს „ს...ს“ ვებგვერდიდან ამონარიდზე, რომლიც შეეხება პანდემიის პერიოდში გზავნილების ჩაბარების წესის ცვლილებას. მითითებული დოკუმენტით ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციების შესრულების მიზნით, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID 19) გავრცელების რისკის მინიმიზაციას, „ს...ა“ 2020 წლის 23 მარტიდან ცვლის საქართველოს ტერიტორიაზე გზავნილების ადრესატისათვის ჩაბარების წესს. ახალი წესის მიხედვით, ყველა ის გზავნილი, რომელიც „ს...ს“ რეგულაციების მიხედვით ადრესატს ბარდებოდა ხელმოწერით, ზემოთაღნიშნული თარიღიდან ჩაბარდება ხელმოწერის გარეშე. კურიერი, გზავნილის ჩაბარებისას, ადრესატის/მიმღების იდენტიფიცირებას მოახდენს რეკომენდირებული დისტანციის დაცვით, ხოლო ხელმოწერის ველში, გზავნილის ადრესატის/მიმღებისათვის ჩაბარების დასტურად თავად გააკეთებს ჩანაწერს „ჩაბარებულია“.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მ. ფ-ას კოვიდპანდემიის პერიოდთან დაკავშირებით მიღებული შპს „ს...ს“ მიერ გზავნილების ჩაბარების ახალი რეგულაციის მოქმედების პერიოდში, კერძოდ 2020 წლის 26 მარტს და 14 აპრილს ჩაბარდა საფოსტო გზავნილები. შესაბამისად, მ. ფ-ასთვის ჩაბარების დამადასტურებელი უკუგზავნილები არ შეიცავდა მიმღები პირის ხელმოწერას და მასზე დატანილი იყო შენიშვნა: ჩაბარებულია. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კაატორის არგუმენტაციას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ მ. ფ-ასთვის უცნობი იყო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 10.02.2020წ. წერილის თაობაზე. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ საფოსტო გზავნილის ჩამბარებელი კურიერისთვის ობიექტურად უცნობი იქნებოდა გზავნილის მიმღები პირის პერსონალური მონაცემები (ვინაობა, პირადი ნომერი, ადრესატთან ნათესაური დამოკიდებულება). ამდენად, ქვეყანაში არსებული განსაკუთრებული ვითარების გათვალისწინებით, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მართებულად მიიჩნია მხარისთვის ჩაბარებულად გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე წინადადება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით განსაზღვრულია ადრესატის არყოფნის შემთხვევაში სასამართლო უწყების სუბიექტებისათვის ჩაბარების წესი. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, რომელიც ვალდებულია დაუყოვნებლივ ჩააბაროს იგი ადრესატს. უწყების აღნიშნული პირისათვის ჩაბარება ითვლება ადრესატისათვის ჩაბარებად. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია და დავას არ იწვევს, რომ 15.02.2020წ. გ. ფ-ამ ჩაიბარა, როგორც უშუალოდ მისთვის, ასევე ჯ. კ-ასთვის გაგზავნილი შეტყობინებები. კასატორი სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ გ. ფ-ას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გზავნილი არ უნდა ჩაბარებოდა.

სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, ქმედუნარიანობა, არის ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა სრულწლოვანების მიღწევისთანავე. სრულწლოვანია პირი, რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს. 12.4 მუხლის თანახმად, ქმედუნარიანად ითვლება ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი (შემდგომ - მხარდამჭერის მიმღები), ანუ პირი, რომელსაც აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუძალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში, თუ ეს პირი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილის პირობებს, ამასთანავე, აღნიშნული დაბრკოლებები სათანადო რჩევისა და დახმარების გარეშე მნიშვნელოვნად ართულებს პირის მიერ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვას და ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროში. პირის მხარდამჭერის მიმღებად ცნობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება მისთვის მხარდამჭერის (მხარდამჭერების) დანიშვნის საფუძველია (სსსკ-ის 363 21 მუხლი).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (2015 წლის 20 მარტამდე მოქმედი რედაქციით) მე-12 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ქმედუუნაროდ მიიჩნევა პირი, რომელიც ჭკუასუსტობის ან სულით ავადმყოფობის გამო სასამართლოს მიერ ასეთად იქნება აღიარებული.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული გ. ფ-ას სახელზე გაცემული ცნობაში მითითებაა მხოლოდ იმაზეა, რომ იგი არის მე-2 ჯგუფის ინვალიდი და აქვს მსუბუქი დებილიზმი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის გ. ფ-ას ქმედუუნაროდ ან მხარდამჭერის მიმღებად ცნობის განკუთვნადი მტკიცებულება - სასამართლო გადაწყვეტილება. ამდენად, საკასაციო პალატა მხოლოდ ზემოაღნიშნულ წერილობით მტკიცებულებას ვერ მიიჩნევს საკმარისად იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ გ. ფ-ა ქმედუუნარო პირია და მას საკუთარი ქცევის გააზრებულად წარმართვა არ შეუძლია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ადმინისტრაციული წარმოება არ წარმართულა ხარვეზით, რამეთუ რესპოდენტ - მ. ფ-ას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ 10.02.2020წ. გზავნილი ჩაბარდა იმ დროს არსებული არაორდინალური ვითარების პირობებში შემუშავებული წესით. ამდენად, დავალიანების გადახდევინების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2020 წლის 30 აპრილის №SP200275345/735580 ბრძანება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების წინაპირობები.

საკასაციო სასამართლო, ასევე, ყურადღებას ამახვილებს გ. ფ-ას შუამდგომლობაზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვასთან დაკავშირებით იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ კასატორის ხილვა მის ქმედუუნარობაში და მხედველობის უნარის დაქვეითებაში დაარწმუნებს სასამართლოს. საკასაციო სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ პირის ქმედუუნაროდ ან მხარდამჭერის მიმღებად ცნობა შესაბამისი საფუძვლების არსებობისას მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი სპეციალური წარმოების გზით არის შესაძლებელი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი არ არის სასამართლო გადაწყვეტილება გ. ფ-ას ქმედუუნაროდ ან მხარდამჭერის მიმღებად ცნობასთან დაკავშირებით, მოცემული დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას სცდება აღნიშნული საკითხის შეფასება. ამდენად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვის აუცილებლობა არ იკვეთება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ნოემბრის Nბს-693(კ-კს-21) განჩინებაზე, სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო პალატა, აქვე, მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქე ავთანდილ რიჟამაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 2. მოქალაქე ნელი მუმლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“).“

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქმის განხილვა საქალაქო და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში განხორციელდა ზეპირი მოსმენით, მხარეთა დასწრებით ჩატარდა არაერთი სასამართლო სხდომა. თავის მხრივ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკმარისია სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასებისათვის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა საქმის ზეპირი განხილვისა და მხარეთა პოზიციების დამატებით მოსმენის საჭიროება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ფ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა