საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-611(კ-25) 18 სექტემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ე.ფ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2024 წლის 12 აპრილს ე.ფ-მა და გ.გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეთა განმარტებით ხანგრძლივი თანაცხოვრების შემდეგ 2021 წლის 17 ოქტომბერს იქორწინეს ქ. კიევში; მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ორივე მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციაში და სხვადასხვა მისიით უწევდათ ცხოვრება სხვადასხვა ქვეყანაში. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ 2022 წლის დასაწყისში საცხოვრებლად გადმოვიდნენ საქართველოში და სწორედ ამიტომ, ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქე ე.ფ-მა მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მიღების მიზნით. თუმცა, მოსარჩელეთა შეფასებით, ე.ფ-მა მიიღო უკანონო უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით სააგენტოს ზემოაღნიშნული აქტი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი; ადმინისტრაციულმა ორგანომ განმეორებით იმსჯელა განმცხადებლის მოთხოვნის შესახებ, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ინფორმაციის საფუძველზე, განმცხადებლის მოთხოვნა კვლავ არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეთა განმარტებით, სააგენტოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დაირღვევა როგოგრც უცხოელის, ასევე საქართველოს მოქალაქის ოჯახის ერთიანობის უფლება;
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 სექტემბრის განჩინებით ე.ფ-ისა და გ.გ-ას სარჩელზე, მოპასუხე - სსიპ სახელმწიგო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - საამრთლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე გ.გ-ას ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე.ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე.ფ-მა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 დეკემბრის განჩინებით ე.ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე არის ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქე. იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქე გ.გ-ასთან. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგინდა, რომ მოსარჩელემ პირველად 2022 წლის 10 მარტს მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის მოთხოვნით, თუმცა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით სააგენტოს 2022 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე; ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ე.ფ-მა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და ამავე სასამართლოს 2022 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 29 მარტის №1000783903 გადაწყვეტილება და დაევალა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ე.ფ-ის განცხადებასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში სააგენტომ კვლავ გამოითხოვა კონტრდაზვერვის დასკვნა, და მიიღო უარყოფითი პასუხი, შედეგად კი 2022 წლის 26 ოქტომბრის №1000783903 გადაწყვეტილებით ე.ფ-ის ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, უარი ეთქვა მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე. მოსარჩელემ ზემოაღნიშნული აქტი კვლავ გაასაჩივრა სასამართლოში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ნოემბრის №3/7614-22 გადაწყვეტილებით, ე.ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 26 ოქტომბრის №1000783903 გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ე.ფ-ისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.
კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2024 წლის 7 მარტის SSG 7 24 00053899 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, დეპარტამენტს ე.ფ-ისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნდა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 11 მარტის №1000783903 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ე.ფ-ის მოთხოვნა და უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან დამატებით გამოთხოვილი ინფორმაციაზე, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს და მხარეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის და აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია ამართლებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ამასთან, პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელესთან მიმართებით ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი სრულად იყო დაცული; პალატის შეფასებით ადმინისტრაციული ორგანოსათვის მინიჭებული დისკრეციის ბოროტად გამოყენებისგან დასაცავად სასამართლოს მხრიდან განხორციელდა „ადეკვატური და ქმედითი“ პროცედურები საქმის „ეფექტიანი განხილვის“ მიზნით (08.06.2006წ. „Lupsa v. Romania“ (§34)). სასამართლოს მითითებით, მართალია უშუალოდ მხარე ვერ გაეცნო სადავო აქტის საფუძვლად არსებულ მონაცემებს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია შესწავლილი და შეფასებული იქნა სასამართლოს მიერ. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სააგენტომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა იმ მიზნის შესაბამისად, რასაც განსაზღვრავს კანონი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის ზემოხსენებული წერილის (დასკვნის) არსებობის პირობებში, მას შეეძლო მიეღო მოსარჩელისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ არ არსებობდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 11 მარტის №1000783903 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე.ფ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორი მოუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ პასუხობს ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნებს
გარდა ამისა, კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტო გაცდა მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებს. ამასთან, იგი მიუთითებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე უზრუნველყოს ოჯახის ერთიანობის პრინციპის დაცვა; სადავო ადმინისტრაციული აქტით კი, კასატორის შეფასებით, უკანონოდ ეშლება ხელი საკუთარ ოჯახთან თანაცხოვრებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე.ფ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე.ფ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 11 მარტის №1000783903 გადაწყვეტილების კანონიერება და ე.ფ-ისათვის საქართველოში მუდმივი ცხვრების ნებართვის გაცემის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაოების პერიოდი’’;
ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ. ამავე მუხლის ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი კი უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე არის ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქე. იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქე გ.გ-ასთან. ამასან, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ პირველად 2022 წლის 10 მარტს მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის მოთხოვნით, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნაზე დაყრდნობით სააგენტოს 2022 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე; ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ე.ფ-მა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და ამავე სასამართლოს 2022 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 29 მარტის №1000783903 გადაწყვეტილება და დაევალა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ე.ფ-ის განცხადებასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში სააგენტომ კვლავ გამოითხოვა კონტრდაზვერვის დასკვნა, და მიიღო უარყოფითი პასუხი, შედეგად კი 2022 წლის 26 ოქტომბრის №1000783903 გადაწყვეტილებით ე.ფ-ს ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, უარი ეთქვა მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ნოემბრის №3/7614-22 გადაწყვეტილებით, ე.ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 26 ოქტომბრის №1000783903 გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ე.ფ-ისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.
კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2024 წლის 7 მარტის SSG 7 24 00053899 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, დეპარტამენტს ე.ფ-ისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნდა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 11 მარტის №1000783903 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ე.ფ-ის მოთხოვნა და უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე.
2025 წლის 3 სექტემბერს 11.03.2024 წლის №1000783903 გადაწყვეტილებით ე.ფ-ის (E.F დაბ.: ... ... ...; ტაჯიკეთის რესპუბლიკაში, პასპორტის ნომერი:...) „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 07.03.2024წ. №SSG 7 24 00053899 წერილი, რომლითაც სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია ე.ფ-ისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 3 სექტემბრის მიმართვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ეთხოვა, საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის წარმოედგინა ინფორმაცია/მასალები (მათ შორის, საიდუმლო), რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2024 წლის 7 მარტის SSG 7 24 00053899 წერილის გაცემას და მოსარჩელისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. აღნიშნული ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად კი, სააგენტო უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. თუმცა, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ფაქტობრივი გარემოებები, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და ამის საფუძველზე, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არსებითია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხები, თუმცა მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ, ზოგადად, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციას დაეყრდნოს და მხოლოდ მის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება. ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ, მასში მითითებული ცნობები გარკვეულ შემთხვევებში არის კონკრეტული და პირდაპირ მიუთითებს ისეთ გარემოებებზე, რომელიც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების რისკის არსებობაზე დასაბუთებულ ეჭვს იწვევს და აბსოლუტურად საკმარისია პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისათვის. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა საიდუმლო მასალებში მითითებული ინფორმაცია იყოს ზოგადი, შეიცავდეს საფრთხის მხოლოდ აბსტრაქტულ ფორმულირებას, არ ქმნიდეს ზემოხსენებული ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების საფუძვლიან ეჭვს და მოითხოვდეს დამატებით სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებასა და ერთობლივ გამოკვლევას.
საკასაციო პალატა გაეცნო რა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საიდუმლო ინფორმაციას მოსარჩელის თაობაზე, ამასთან, მხედველობაში მიიღო საქმეში წარმოდგენილი მასალები და მტკიცებულებები, იზიარებს პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოთა გადაწყვეტილებას და მართებულად მიიჩნევს უარს ე.ფ-ისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს კასატორის პრეტენზიას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ოჯახის ერთიანობის პრინციპის დაცვის უგულებელყოფის თაობაზე და მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტორი არ წარმოშობს სახელმწიფოს ვალდებულებას უპირობოდ, შესაბამისი გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე გასცეს რომელიმე კონკრეტული სახის ბინადრობის ნებართვა უცხოელზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არარსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ე.ფ-ის საკასაციო საჩივარზე გ.ჟ-ის (პ/ნ...) 27.05.2025წ. №... საგადასახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გ.ჟ-ის (პ/ნ...) უნდა დაუბრუნდეს ე.ფ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.ფ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 დეკემბრის განჩინება;
3. გ.ჟ-ის (პ/ნ...) დაუბრუნდეს ე.ფ-ის საკასაციო საჩივარზე 27.05.2025წ. №... საგადასახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა