Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-418(კ-25) 17 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ო. ქ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 15 აგვისტოს ო. ქ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 29 მარტის №03-1933/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ო. ქ-ას და მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 აგვისტოს განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესაპე პირად ჩაება ნ. ჯ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით ო. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 29 მარტის №03-1933/ო ო. ქ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ო. ქ-ას და მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 10 აგვისტოს და 2013 წლის 8 ნოემბერს ო. ქ-ამ შეავსო იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტები. ო. ქ-ას სახელზე გაცემული დევნილის მოწმობის თანახმად, ო. ქ-ას დროებითი საცხოვრებელი ადგილია (რეგისტრაციის ადგილი) თბილისი, ..., ...ს ქუჩა, №3. 2019 წლის 27 სექტემბერს ო. ქ-ამ წარადგინა საქართველოს ტერიტორიაზე მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი და შეავსო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საჭიროების თაობაზე კითხვარი, რომლის თანახმად ო. ქ-ას ოჯახი შედგება ორი წევრისაგან: განმცხადებელი - ო. ქ-ა და მეუღლე - ნ. ჯ-ა. ოჯახის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად განაცხადში მითითებულია: ქ. თბილისი, ..., ...ს ქუჩა №3. 2019 წლის 24 ოქტომბრის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, ო. ქ-ა შეფასდა 4.00 ქულით (С 1.1. საცხოვრებლის ფინანსური პრობლემები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.50 ქულა; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან - კი - 1.00 ქულა; ომში მონაწილეობა - ომის ვეტერანი - 1,50 ქულა). ამავე ელექტრონული ფორმის თანახმად, ო. ქ-ას სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს მეუღლე და განცხადებას აკეთებს მასთან ერთად. 2021 წლის 23 სექტემბრის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, ო. ქ-ა შეფასდა 6.50 ქულით (С 1.1. საცხოვრებლის ფინანსური პრობლემები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.50 ქულა; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან - კი - 1.00 ქულა; სოციალური კრიტერიუმი - 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულა - 2.50 ქულა; ომში მონაწილეობა - ომის ვეტერანი - 1,50 ქულა). 2021 წლის 2 დეკემბრის დევნილ ვეტერანთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, მონიტორინგი განხორციელდა ო. ქ-ას საცხოვრებელ სახლზე მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქუჩა, №3, კერძოს სახლი. მონიტორინგის ფორმაში მითითებულია, რომ აღნიშნულ მისამართზე ო. ქ-ას ოჯახი ცხოვრობს 2006 წლიდან ქირის გარეშე, მანამდე ცხოვრობდნენ რუსეთში. ბოლო წლებია, შვილთან კონფლიქტის გამო, ო. ქ-ა და მისი მეუღლე ცხოვრობენ სახლის ქვედა სართულზე. ამავე მისამართზე ცხოვრობენ მათი შვილი გ. ქ-ა, შვილიშვილი - ი. ქ-ა და შვილიშვილის მეუღლე - ნ. გ-ა, რომლებსაც ჰყავთ შვილი - ნ. ქ-ა. 2016 წლის 6 მაისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ქ. თბილისში, ...ს ქუჩაზე, №3-ში/ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №4-ში მდებარე, ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების მესაკუთრეა ი. ქ-ა.

ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე არის დევნილი პირი, ომის ვეტერანი, პენსიონერი და ხანდაზმული, რომელსაც არ აქვს საკუთრებაში რაიმე სახის უძრავი ქონება. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ომიკო ქვაშბაიას აქვს ალტერნატიული საცხოვრებლით სარგებლობის შესაძლებლობა. მხარის განმარტების თანახმად, ის ამჟამადაც ცხოვრობს შვილიშვილის საკუთრებაში. როგორც საქმის მასალებითა და სააპელაციო სასამართლოში, ზეპირი განხილვის სხდომაზე გაირკვა მათი საცხოვრებელი პირობები არ არის დამაკმაყოფილებელი. პალატა მიუთითებს, რომ დღეის მდგომარეობით დევნილი ოჯახი მინიჭებული ქულათა გათვალისწინებით საჭიროებს უზრუნველყოფილი იყოს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით

პალატამ მიუთითა მსგავს საკითხთან მიმართებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებზე და აღნიშნა, რომ დროებით სხვის საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საცხოვრებელი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტომ საქმის გარემოებები სრულყოფილად გამოიკვლია და მოსარჩელის ოჯახს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით უთხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ არც ერთი არგუმენტი და მტკიცებულება არ გაიზიარა, რაც სააგენტომ წარადგინა სასამართლოში და მხოლოდ იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მოსარჩელის ოჯახს საკუთრება არ გააჩნია, არის სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული და მოსარჩელე არის ხანდაზმული, დააკმაყოფილა სარჩელი.

კასატორის მითითებით, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოსარჩელემ თავად განმარტა, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი თავისი დანაზოგით შეიძინა 1995 წელს, ხოლო 2015 წელს გადააფორმა საკუთარი შვილის - გ. ქ-ას სახელზე, ხოლო შემდგომ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საცხოვრებელი სახლი გადაეცა მოსარჩელის შვილიშვილს - ი. ქ-ას. მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ორივე ინსტანციის სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა. სააგენტომ მოსარჩელის ოჯახს მიმდინარე ეტაპზე მართებულად უთხრა უარი, რაც, ბუნებრივია, არ გამორიცხავს იმას, რომ მომდევნო ეტაპზე საკითხის განხილვისას, საქმის გარემოებების შეცვლის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ განსხვავებული გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. დღის მდგომარეობით მოსარჩელე ო. ქ-ა და მისი მეუღლე ცხოვრობენ შვილიშვილის საკუთრებაში, რომელიც მათ ეკუთვნოდათ. აღნიშნულით დასტურდება, რომ მათი განსახლების გადაუდებელი საჭიროება არ არსებობს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ო. ქ-ა არის დევნილი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. დევნილის მოწმობის თანახმად, ო. ქ-ას დროებითი საცხოვრებელი ადგილია (რეგისტრაციის ადგილი) თბილისი, ..., ...ს ქუჩა, №3. 2019 წლის 27 სექტემბერს ო. ქ-ამ წარადგინა საქართველოს ტერიტორიაზე მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი და შეავსო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საჭიროების თაობაზე კითხვარი. 2019 წლის 24 ოქტომბრის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, ო. ქ-ა შეფასდა 4.00 ქულით, ხოლო 2021 წლის 23 სექტემბრის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, ო. ქ-ა შეფასდა 6.50 ქულით (С 1.1. საცხოვრებლის ფინანსური პრობლემები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.50 ქულა; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან - კი - 1.00 ქულა; სოციალური კრიტერიუმი - 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულა - 2.50 წულა; ომში მონაწილეობა - ომის ვეტერანი - 1,50 ქულა). ამავე ელექტრონული ფორმის თანახმად, ო. ქ-ას სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს მეუღლე და განცხადებას აკეთებს მასთან ერთად.

დადგენილია, რომ 2021 წლის 2 დეკემბრის დევნილ ვეტერანთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, მონიტორინგი განხორციელდა ო. ქ-ას საცხოვრებელ სახლზე მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქუჩა, №3, კერძო სახლი. მონიტორინგის ფორმაში მითითებულია, რომ აღნიშნულ მისამართზე ო. ქ-ას ოჯახი ცხოვრობს 2006 წლიდან ქირის გარეშე, მანამდე ცხოვრობდნენ რუსეთში. ბოლო წლებია, შვილთან კონფლიქტის გამო, ო. ქ-ა და მისი მეუღლე ცხოვრობენ სახლის ქვედა სართულზე. ამავე მისამართზე ცხოვრობენ მათი შვილი - გ. ქ-ა, შვილიშვილი - ი. ქ-ა და შვილიშვილის მეუღლე - ნ. გ-ა, რომლებსაც ჰყავთ შვილი - ნ. ქ-ა.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 29 მარტის №03-1933/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №30) ო. ქ-ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სამინისტროს სადავო აქტი არ პასუხობს დასაბუთებულობის სტანდარტს.

დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს აწესრიგებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 4 ივლისის N01-52/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ომის ვეტერან დევნილთა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია. პალატა მიუთითებს აღნიშნული ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამდენად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით შეფასდეს ოჯახის ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა ყოფითი მდგომარეობა, ვინაიდან ქულათა მინიჭებას არსებითი მნიშვნელობა აქვს და განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პრიორიტეტულობას. მოცემულ შემთხვევაში, ო. ქ-ას ოჯახს უარი ეთქვა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის ოჯახი არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას. მოპასუხემ აღნიშნა, რომ ო. ქ-ა და მისი ცხოვრობენ იმ სახლში, რომელიც თავად შეიძინეს 1995 წელს და შემდგომ შვილს გადაუფორმეს. დღეის მდგომარეობით კი უძრავი ქონება მოსარჩელის შვილიშვილის სახელზეა რეგისტრირებული. ამდენად, მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ცხოვრობს შვილიშვილის სახლში ქირის გარეშე.

საკასაციო პალატის მიერ არაერთხელ განიმარტა, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ქირის გარეშე ცხოვრობს ნათესავის ბინაში არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი. საყურადღებოა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ - ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება მოცემული მომენტისათვის მოსარჩელის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ, თუმცა შესაბამისი საჭიროების არარსებობა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ დასაბუთებული არ არის. გარკვეული დროის განმავლობაში, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით უსასყიდლოდ სარგებლობის ფაქტი (მათ შორის, თავად მოსარჩელის მიერ წლების წინ გასხვისებულ უძრავი ქონებით სარგებლობის ფაქტი) არ გამორიცხავს დევნილის უფლებას დაკმაყოფილებული იქნეს საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ბ. შონია