Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-760(კ-25) 19 სექტემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - რ. ქ-ე, რე. ქ-ე, ნ. ო-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. ქ-ემ, რე. ქ-ემ და ნ. ო-ემ 2023 წლის 30 ნოემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და მოითხოვეს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 10 იანვრის №IDP 0 23 00000011 ბრძანების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის (მოსარჩელეების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე) გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 04 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების - რ. ქ-ეის, რე. ქ-ეის და ნ. ო-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 10 იანვრის №IDP 0 23 00000011 ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, რ. ქ-ეის, რე. ქ-ეის და ნ. ო-ეის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 04 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-3, მე-6, მე-13 მუხლები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) მე-3, მე-6 მუხლები და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სააგენტოს 2023 წლის 10 იანვრის №IDP 0 23 00000011 ბრძანებით, ნგრევად ობიექტში (შპს ,,ქ...’’) ფაქტობრივად არცხოვრების გამო ეთქვა უარი რ. ქ-ეის ოჯახს, ქალაქ თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე მონიტორინგის განხორციელების დროს არ იმყოფებოდა მისამართზე ან მოსარჩელე ცხოვრობს სხვა მისამართზე, უპირობოდ სხვა მტკიცებულებათა მოპოვებისა და შეგროვების გარეშე არ შეიძლება გახდეს მისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი. სასამართლოს მითითებით, ნგრევად ობიექტში ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, პირისათვის ნგრევად - საშიშ ობიექტში ცხოვრების დავალდებულება თავის მხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით განმტკიცებულ ადამიანის უფლებებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენელი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და განმარტავს, რომ როგორც პირველადი მოკვლევის, ასევე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ განხორციელებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მოსარჩელე არ ცხოვრობს ნგრევად ობიექტში. წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სააგენტომ მოსარჩელის საკითხის განხილვისას სრულყოფილად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები; აპელირებს საქართველოს უზენაესის სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინებაზე (საქმე Nბს-855(2კ-22) რომლითაც ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების (რ. ქ-ეის, რე. ქ-ეის და ნ. ო-ეის მიმართ) თაობაზე და განმარტავს, რომ სწორედ აღნიშნული სასამართლო გადწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2022 წლის 01 ნოემბერს მისამართზე ქ. თბილისი, ...ს ქ N..., შპს "ქ..." მე-2 სართული განხორციელდა მონიტორინგი. მისამართზე არავინ იმყოფებოდა. მეზობლების დახმარებით ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლები დაუკავშირდნენ რ. ქ-ეს რომელმაც განმარტა, რომ რ. ქ-ე მეუღლესთან ერთად იმყოფება იტალიაში და საქართველოში დაბრუნდება რამდენიმე თვეში. კასატორი მიუთითებს, რომ 2022 წლის 29 ნოემბერს კვლავ განხორციელდა მონიტორინგი მისამართზე, შეივსო შესაბამისი ფორმა სადაც რ. ქ-ემ მიუთითა, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 1995 წლიდან, პერიოდულად კი იმყოფება საზღვარგარეთ.

კასატორის მსჯელობით, მართალია სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს დევნილ ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აღნიშნული ოჯახების სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე. კასატორი ასევე მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოსარჩელე მხარეს ფაქტობრივი საცხოვრებელი აქვს და ამასთანავე აღნიშნული ობიექტი არ არის ნგრევადი და არ საჭიროებს მხარის დაუყოვნებლივ განსახლებას, ასევე სახეზე არ არის სხვა კრიტერიუმები, რომლებმაც შეიძლება არსებითად დაამძიმოს დევნილის სოციალური მდგომარეობა, კომისიამ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება. წარმომადგენლის განმარტებით, მოცემულ ეტაპზე მოხდა იმ დევნილთა დაკმაყოფილება, რომლებიც შეფასების კრიტერიუმებით და მონიტორინგის მიერ შედგენილი ოქმებით შედარებით რთულ პირობებში იმყოფებოდნენ. აპელირებს ზაკ-ის 60-1 მუხლს, 32-ე ან 34-ე მუხლებზე და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სამინისტროს მიერ გამოცემული აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და მისი მომზადებისა და გამოცემის დროს არ მომხდარა კანონის დარღვევა. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით კასატორი მიიჩნევს, რომ არსებობს საჩივრის დასაშვებად ცნობის და კასაციის დაკმაყოფილების ფარგლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, რ. ქ-ეის სახელზე გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის №A229066 მოწმობა, სარეგისტრაციო №006-00399; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, რე. ქ-ეის სახელზე გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის №A229065 მოწმობა, სარეგისტრაციო №006-00399; ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, ნ. ო-ეის სახელზე გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის №A229068 მოწმობა, სარეგისტრაციო №006-00399; მოსარჩელეთა სახელზე გაცემული დევნილის მოწმობების თანახმად, მათ დროებით (რეგისტრაციის ადგილი) და ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია თბილისი, ნაძალადევი, ..., ,,ქ...“.

დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2308/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №39), რ. ქ-ეის ოჯახს, ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 თებერვლის №3/693-21 გადაწყვეტილებით, რ. ქ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №042308/ო ბრძანება და დაევალა მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რომ სააგენტომ ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე დაადგინა მოსარჩელის ოჯახის ნგრევად შენობაში არცხოვრების ფაქტი. შესაბამისად დაევალა საკითხის ხელახალი შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის №3ბ/776-22 განჩინებით, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის №ბს-855(2კ-22) განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი რ. ქ-ეის, რე. ქ-ეის, ნ. ო-ეის და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განჩინება.

დადგენილია, რომ სასტუმრო „ქ...ში“ (მეორე სართული, კიბიდან ხელმარჯვნივ პირველი ოთახში) მონიტორინგის ჯგუფმა 2022 წლის 01 ნოემბერს განახორციელა ვიზიტი და გასაუბრების ოქმში მიუთითა, რომ ბინა დახვდათ დაკეტილი. მეზობლებმა მონიტორინგის ჯგუფს მიაწოდეს რე. ქ-ეის ტელეფონის ნომერი, რომელმაც სატელეფონო კომუნიკაციისას განაცხადა, რომ მისი შვილი რ. ქ-ე მეუღლესთან ერთად ამჟამად იმყოფება იტალიაში და საქართველოში დაბრუნდება რამდენიმე თვეში.

დადგენილია, რომ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე 2022 წლის 29 ნოემბერს ჩატარდა ხელახალი მონიტორინგი. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, მონიტორინგი განხორციელდა მოსარჩელეთა საცხოვრებელ ბინაში (ქ. თბილისი, ყოფილი სასტუმრო „ქ...“) სადაც ადგილზე დახვდათ რ. ქ-ე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 02 დეკემბრის №88 სხდომის ოქმის თანახმად, ოთხი დევნილი ოჯახის მიმართ, სასამართლოს მიერ მიღებულ და კანონიერ ძალაში მყოფ გადაწყვეტილებებში არ განხორციელდა ცვლილება და უცვლელად დარჩა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებები, მათ შორის რ. ქ-ეის ნაწილში. შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 10 იანვრის №IDP 0 23 00000011 ბრძანებით რ. ქ-ეის ოჯახს, ნგრევად ობიექტში (შპს ,,ქ...’’) ფაქტობრივად არცხოვრების საფუძვლით, უარი ეთქვა ქალაქ თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

სადავო საკითხზე მსჯელობის მიზნით საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონს რომელიც ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. კანონის მე-2 მუხლი ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ პირველი დანართის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №7 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №8 დანართის შესაბამისად.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის‘’ პირველი დანართის მე-6 მუხლის 1-ლი-მე-4 მუხლების თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება - დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლად აშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების აღსრულების ფარგლებში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კომისიის გადაწყვეტილებით ოთხი დევნილი ოჯახის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებებში არ განხორციელდა ცვლილება, უცვლელად დარჩა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებები, მათ შორის რ. ქ-ეის ნაწილში და უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ნგრევად ობიექტში (შპს „ქ...“ - ქ. თბილისი, ...ს ქ. N...) ფაქტობრივად არცხოვრების მოტივით.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში).

საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ მხოლოდ ის გარემოება, მოსარჩელე მონიტორინგის განხორციელების დროს არ იმყოფებოდა მისამართზე ან მოსარჩელე ცხოვრობს სხვა მისამართზე უპირობოდ, სხვა მტკიცებულებათა მოპოვებისა და შეგროვების გარეშე არ შეიძლება გახდეს მისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი. ასევე გასაზიარებელია ის მსჯელობა, რომ ნგრევად ობიექტში ცხოვრების დროს, პირი გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი ადგილი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც ცალსახად არ გულისხმობს, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი და არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს. პირისათვის ნგრევად - საშიშ ობიექტში ცხოვრების დავალდებულება (როგორც დაკმაყოფილების აუცილებელი პირობა) თავის მხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით განმტკიცებულ ადამიანის უფლებებს. საკასაციო პალატა ასევე გასაზიარებლად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების იმ მსჯელობას, რომ მხოლოდ მითითებული მოტივით მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ვერ შექმნის გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერად მიჩნევის საფუძველს. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკასაციო საჩივრის შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინებაზე, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე