საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-974(კ-25) 30 სექტემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბადრი შონია, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სერვის ცენტრი
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - გ. ყ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი - სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის კანონიერება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ იგ. ყ-იმა 2023 წლის 21 ივლისს სარჩელით, ხოლო 2023 წლის 18 აგვისტოს დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყაზბეგის სერვის ცენტრის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყაზბეგის სერვის ცენტრის 2023 წლის 03 მაისის №SSA 523 00471186 გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 08 ივნისის №SSA 623 00602190 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყაზბეგის სერვის ცენტრისთვის გ. ყ-ისთვის პენსიის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ასევე მიუღებელი პენსიის ანაზღაურების დავალება პენსიის შეწყვეტის თარიღიდან პენსიის აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 აგვისტოს განჩინებით გ. ყ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა მცხეთის რაიონულ სასამართლოს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ყ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყაზბეგის სერვის ცენტრის 2023 წლის 03 მაისის №SSA 523 00471186 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 08 ივნისის №SSA 623 00602190 გადაწყვეტილებები; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყაზბეგის სერვის ცენტრს დაევალა გ. ყ-ისთვის 2023 წლის 01 მაისიდან სახელმწიფო პენსიის კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გ. ყ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება, სახელმწიფო პენსიის უკანონოდ შეწყვეტის თარიღიდან, 2023 წლის 01 მაისიდან, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონულმა სერვის ცენტრმა. ამასთან კასატორმა იშუამდგომლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი საკასაციო საჩივრის წარდგენისთვის გაცდენილი ვადის აღდგენა და ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის დარღვევის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, საპატიოდ ჩათვლა; აღნიშნულის დასასაბუთებლად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა, ს. ჭ-ემ, წარმოადგინა საავადმყოფოს ფურცელი, რომლის მიხედვით დგინდება, რომ 2025 წლის 29 ივლისიდან 2025 წლის 04 აგვისტოს ჩათვლით ს. ჭ-ე იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე და შესაბამისად სამუშაოდან იყო განთავისუფლებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება, ხოლო ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოს თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის. საპროცესო კოდექსი ასევე განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გაეგზავნა იურიდიულ მისამართზე, რომელიც ...ს, რ. გ-ის, ჩაჰბარდა 2025 წლის 16 ივლისს (ს.ფ. 193), შესაბამისად, საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა დაიწყო 2025 წლის 17 ივლისს და ამოიწურა 2025 წლის 06 აგვისტოს (ოთხშაბათი) 24:00 საათზე, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2025 წლის 20 აგვისტოს (ს.ფ. 195).
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას საკასაციო საჩივრის დადგენილ ვადაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წარუდგენლობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა იმპერატიული სახისაა, რომლის გაგრძელების ან აღდგენის უფლებამოსილება სასამართლოს არც საკუთარი ინიციატივით და არც მხარეთა მოთხოვნით არ გააჩნია.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადა, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 396-ე, 397-ე და 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. შონია
ბ. სტურუა