Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-171(2კ-25) 24 სექტემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს მთავრობა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - რ. ყ-ი

მესამე პირები - ა(ა)იპ ს..., საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი - მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 30 ნოემბერს რ. ყ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: საქართველოს მთავრობას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოლიდარულად დაევალოთ მოსარჩელე რ. ყ-ის სასარგებლოდ, ქცევითი გამოწვევის და კომუნიკაციის სირთულის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის პირისათვის, ...ით ... მომსახურების უზრუნველყოფაზე უკანონოდ უარის თქმის გამო მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება 1130 ლარის ოდენობით; მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საქართველოს მთავრობას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალოთ მოსარჩელე რ. ყ-ის სასარგებლოდ, ქცევითი გამოწვევის და კომუნიკაციის სირთულის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის პირისათვის, ...ით ... მომსახურების უზრუნველყოფაზე უკანონოდ უარის თქმის გამო ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანისათვის მორალური ზიანის ანაზღაურება 5000-5000 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ა(ა)იპ ს....

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. ყ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს მთავრობას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოლიდარულად დაევალა მოსარჩელე რ. ყ-ის სასარგებლოდ, ქცევითი გამოწვევის და კომუნიკაციის სირთულის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის პირისათვის, ...ით ... მომსახურების უზრუნველყოფაზე უკანონოდ უარის თქმის გამო მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება 1130 ლარის ოდენობით; საქართველოს მთავრობას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალათ, მოსარჩელე რ. ყ-ის სასარგებლოდ, ქცევითი გამოწვევის და კომუნიკაციის სირთულის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის პირისათვის, ...ით ... მომსახურების უზრუნველყოფაზე უკანონოდ უარის თქმის გამო ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანისათვის მორალური ზიანის ანაზღაურება 3000-3000 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და საქართველოს მთავრობამ.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნები და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: 1) სოლიდარულად დაევალოთ საქართველოს მთავრობას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მოსარჩელე რ. ყ-ის სასარგებლოდ, ქცევითი გამოწვევის და კომუნიკაციის სირთულის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის პირისათვის, ...ით ... მომსახურების უზრუნველყოფაზე უარით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 მარტის დროებითი განჩინების დროულად აღუსრულებლობით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება 1130 ლარის ოდენობით; 2) დაევალოთ საქართველოს მთავრობას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მოსარჩელე რ. ყ-ის სასარგებლოდ, ქცევითი გამოწვევის და კომუნიკაციის სირთულის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის პირისათვის, ...ით ... მომსახურების უზრუნველყოფაზე უარით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 მარტის დროებითი განჩინების დროულად აღუსრულებლობით მიყენებული ჯანმრთელობის მიყენებული ზიანისათვის მორალური ზიანის ანაზღაურება 5000-5000 ლარის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს მთავრობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ა(ა)იპ „პ...ის“ განცხადების საფუძველზე გამოცემულ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესულ 2021 წლის 9 მარტის განჩინებაზე (დროებითი განჩინება), რომლითაც საქართველოს მთავრობას დაევალა ისეთი მექანიზმის შექმნა (შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება), რომელიც გამონაკლისის გარეშე, დაუყოვნებლივ, 30 დღიანი მოცდის ვადის გარეშე, დააფინანსებდა ყველა შემთხვევას, როდესაც იარსებებდა ქცევითი გამოწვევების და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირებისათვის ...ის ე.წ. ...ით ... მომსახურების გაწევის საჭიროება. პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძების გამოყენება სარჩელის აღძვრამდე მიმართული იყო სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგებისკენ, რაც შშმ პირების უფლების დაცვის უზრუნველყოფის აუცილებელ საშუალებას წარმოადგენდა და მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესობაზე იყო ორიენტირებული. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მთავარ მიზანს წარმოადგენდა საქმის საბოლოოდ გადაწყვეტამდე შშპ პირების არახელსაყრელი ფაქტის წინაშე დაყენების თავიდან აცილება. დროებითი განჩინების მიზანს სასამართლო წესით უფლების დაცვის ქმედითობის და ეფექტურობის უზრუნველყოფა წარმოადგენს, რათა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, ეფექტურად აღსრულდეს, ხოლო მეორე მხრივ, საქმის გადაწყვეტამდე თავიდან იქნეს აცილებული კანონიერების პრინციპის დარღვევა, რომელმაც შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს პირს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილი გარემოებაზე, რომ ქცევითი გამოწვევების და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირებისთვის ...ის ე.წ. ...ით ... მომსახურების გაწევის უზრუნველყოფის მექანიზმი შეიქმნა 2022 წლის 13 ივნისის დადგენილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 მარტის დროებითი განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან (2021 წლის 9 მარტი) 1 წლისა და 3 თვის შემდეგ. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების არგუმენტაცია, დროებითი განჩინების აღსრულების მიზნით, შესაბამის ნორმატიულ აქტებში განსახორციელებელი ცვლილებების დროში განგრძობადობაზე და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტების მიერ მითითებული ნორმატიული აქტებით განხორციელდა სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არა დროებითი, არამედ საბოლოო (ზოგადი, ძირითადი) მოწესრიგება, შეიქმნა სათანადო ზოგადი მექანიზმი, რამაც თავის მხრივ, განაპირობა დავის საგნის არარსებობა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 მარტის განჩინების მიზანს კი წარმოადგენდა არა სადავო სამართლებრივი ურთიერთობის საბოლოო (ზოგადი, ძირითადი) მოწესრიგება, არამედ შშმ პირების მიმართ უფლების სწრაფი, ეფექტური და მყისიერი დაცვის მექანიზმის გამოყენებით კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარ დროებითი მოწესრიგება.

პალატის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 მარტის განჩინებით საქართველოს მთავრობას დაევალა ისეთი მექანიზმის შექმნა (შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება), რომელიც დროებითი განჩინების გამოცემიდან - სადავო სამართლებრივი ურთიერთობის საბოლოო გადაწყვეტამდე პერიოდში უზრუნველყოფდა შშმ პირების უფლების დაცვას, რაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ არ განხორციელებულა. 2021 წლის 9 მარტიდან 2022 წლის 13 ივნისამდე პერიოდში არ შექმნილა ისეთი მექანიზმი, რომელიც დაუყოვნებლივ, დროებით, შესაბამის ნორმატიულ აქტებში ცვლილებების განხორციელებამდე უზრუნველყოფდა ქცევითი გამოწვევების და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირებისათვის ...ის ე.წ. ...ით ... მომსახურების გაწევას. სწორედ აღნიშნულ პერიოდში, 2021 წლის 28 ოქტომბერს და 2022 წლის 9 მარტს მიმართა მოსარჩელემ - რ. ყ-იმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ითხოვა დაუყოვნებლივ, ...ით ... მომსახურება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2022 წლის 21 სექტემბერს რ. ყ-ის განუმარტა, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, „რეფერალური მომსახურების ფარგლებში“, პაციენტებისათვის სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი კომისიის 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით მისი თხოვნა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 მარტის განჩინება, აღსრულებისათვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გაეგზავნა საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 მარტის №GOV 6 21 00008685 წერილით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2021 წლის 19 მარტს №01/3977 წერილით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 მარტის დროებითი განჩინებით გათვალისწინებული მექანიზმის შექმნა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაუყოვნებლივ არ აღასრულა სასამართლოს დროებითი განჩინება, რის გამოც მოსარჩელე რ. ყ-ის უკანონოდ შეეზღუდა მითითებული სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის უფლება.

მოსარჩელისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლზე და 412-ე მუხლის მეორე ნაწილზე. პალატამ ყურადღება გაამახვილა, საქმის მასალებით დადგენილ გარემოებებზე, რომ მოსარჩელემ 2022 წლის 9 ივლისს და 2021 წლის 28 ოქტომბერს მიიღო სამედიცინო მომსახურება შპს „დ...“-ში (ჩაუტარდა მე-... კბილის ...ს მკურნალობა, ..., ...-ე და ...-ე ... და ...-ე, ...-ე, ...-ე, ...-ე, ...-ე, ...-ე ..., ასევე ...-ე კბილზე მოხდა ...ს ..., ..., ...). აღნიშნული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 1130 ლარი და რომელიც გადახდილი იქნა მოსარჩელის მიერ. სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მატერიალურმა ზიანმა შეადგინა 1130 ლარი. სასამართლომ ასევე მიუთითა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, მოწინააღმდეგე მხარის მიერ დამატებით წარდგენილი „შპს ო...ს“ ექიმი სტომატოლოგის მიერ გაცემულ ცნობაზე, სადაც მითითებულია, რომ 3.6 კბილი არის მუდმივი საღეჭი კბილი და მისმა დაკარგვამ ადრეულ ასაკში შესაძლოა გამოიწვიოს მომავალში კბილთა დგომის და თანკბილვის ანომალიის განვითარება და ასევე ღეჭვითი ფუნქციის დარღვევა. მითითებული მტკიცებულებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო მომსახურების დაგვიანებით მიღების გამო, გაუარესდა.

მორალური ზიანის ოდენობასთან მიმართებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებების (დაკარგა კბილი 3.6 კბილი. 3.6 კბილი არის მუდმივი საღეჭი კბილი და მისმა დაკარგვამ ადრეულ ასაკში შესაძლოა გამოიწვიოს მომავალში კბილთა დგომის და თანკბილვის ანომალიის განვითარება და ასევე ღეჭვითი ფუნქციის დარღვევა) გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება და მიიჩნია ადმინისტრაციული ორგანოებისთვის 3000-3000 ლარის ანაზღაურების დაკისრება წარმოადგენს მორალური ზიანის გონივრულ და სამართლიან ანაზღაურებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და საქართველოს მთავრობამ

კასატორი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ იმ ფორმით რა ფორმითაც მიღებული იყო დროებითი განჩინება (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 09 მარტის დროებითი განჩინებით (საქმე №4416218-22), საქართველოს მთავრობას დაევალა შექმნას ისეთი მექანიზმი (მიიღოს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), რომელიც გამონაკლისის გარეშე, დაუყოვნებლივ, 30 დღიანი მოცდის ვადის გარეშე, დააფინანსებს ყველა შემთხვევას, როდესაც არსებობს ქცევითი გამოწვევების და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირებისათვის ...ის ე.წ. ...ით - ... მომსახურების გაწევის საჭიროება), მიღების მომენტიდანვე დაიწყო საკითხზე სათანადო მუშაობა, მისი აღსრულების პროცესი. საბოლოო სახით მისი აღსრულება მყისიერად ვერ მოხდებოდა, რამეთუ საჭირო იყო შესაბამისი ღონისძიებების გატარება და რიგ ნორმატიულ აქტებში ცვლილებების განხორციელება, რაც გარკვეულ დროსთან იყო დაკავშირებული და რაც საბოლოოდ განხორციელდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის განჩინების დროებითი განჩინების აღსრულების მიზნით, მყისიერად დაიწყო მისი აღსრულებისთვის საჭირო ღონისძიებები. საკანონმდებლო აქტებში განხორციელდა სათანადო ცვლილებები. დარეგულირდა ...ით/...ით ... მკურნალობასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხები. ამასთანავე, ... კლინიკებთან განხორციელდა სამუშაო შეხვედრები პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით და შემუშავდა ქცევითი გამოწვევების და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირებისათვის ...ის ე.წ. ...ით ... მომსახურების დაფინანსების მექანიზმი.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივნისის №313 დადგენილებით „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამას“ დაემატა დანართი №1.12 ... მომსახურება ...ით, რომლის მოსარგებლეები არიან სამედიცინო დოკუმენტაციით დადასტურებული ქცევითი გამოწვევების და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე, როგორც შშმპ სტატუსის მქონე, ასევე ამ სტატუსის არმქონე საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი, ასევე, საქართველოში ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, რომელთაც ესაჭიროებათ ... მომსახურება ...ით. პროგრამით განსაზღვრული მომსახურება ითვალისწინებს სტაციონარულ მომსახურებას და ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ნოზოლოგიური ჯგუფისათვის განსაზღვრული ტარიფისა, ამასთან, მომსახურება ანაზღაურდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან.

პროგრამის განმახორციელებლის - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული მოკვლევის შესაბამისად, ბაზარზე არსებული ტარიფების შესახებ სააგენტოს მიერ მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №610 დადგენილებით, კვლავ შევიდა ცვლილება №36 დადგენილებაში და დაკორექტირდა დანართი №1. 2-ით (... მომსახურება ...ით) განსაზღვრული მომსახურების მოცულობა და ტარიფები (გაიზარდა ტარიფების მოცულობა). მიმწოდებლად დამატებით დარეგისტრირდა „თბ...“. აპელანტი აქვე აღნიშნავს, რომ შესაბამის პროგრამაში, კომპონენტში ჩართვა, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების პრეროგატივაა, პირობები დაკმაყოფილების შეთხვევაში (ხორციელდება ნებაყოფლობით).

კასატორი მიუთითებს ასევე საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 ივნისის №319 დადგენილებაზე, რომლითაც ცვილილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში და განმარტავს, რომ მითითებული დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე განხორციელებულ ცვლილებებამდე სამინისტროში საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებით შექმნილი იყო შესაბამისი რეფერალური კომისია, რომელიც კომისიური წესით განიხილავდა შემოსულ განცხადებებს და კომისიური წესითვე იღებდა გადაწყვეტილებებს. აღნიშნული რეფერალური კომისია წარმოადგენდა დამოუკიდებელ ორგანოს და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეცნობა მოსარჩელე მხარეს.

კასატორი მიუთითებს ასევე ა(ა)იპ ს...დან გამოთხოვილ ინფორმაციაზე და აღნიშნავს, რომ რ. ყ-ის მოთხოვნა შესაბამის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე (მოთხოვნილი თანხა 997 ლარი) სრულად დაკმაყოფილდა, ხოლო აღნიშნულის თაობაზე დაფინანსების მაძიებლის/განმცხადებლის ინფორმირება ხდება კომისიის დახურვისთანავე, ავტომატურად, პროგრამულად, მოკლე ტექსტური შეტყობინებით, მოთხოვნაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე, თუმცა პაციენტის დედა, რომლის ტელეფონის ნომერიც იყო მითითებული განაცხადში, უარყოფს შეტყობინების მიღებას.

კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს სასამართლოს მითითებას, დროებითი განჩინების არაგონივრულ ვადებში აღსრულებასთან დაკავშირებით. კასატორის მოსაზრებით, ვინაიდან მოპასუხეთა მხრიდან განჩინების აღსრულება დაიწყო მყისიერად (შესაბამისი ღონისძიებების გატარება) და შემდგომ შესაბამის ნორმატიულ აქტებში განხორციელებული ცვლილებებით მოხდა მისი საბოლოო აღსრულება, მოპასუხეთა მხრიდან არ იკვეთება, როგორც მატერიალური, ისე მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობები.

კასატორი - საქართველოს მთავრობა უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასამართლოს მითითებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის დროებითი განჩინების აღსრულების დროში განგრძობადობით გამოწვეულ შედეგებზე და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ისედაც წინაწარ განჭვრეტადი და გარდაუვალი იყო დროებითი განჩინების არსისა და წინასწარ მოსაწესრიგებელი ურთიერთობის (მოთხოვნილი იყო ისეთი მექანიზმის შექმნა, რომელიც გამონაკლისის გარეშე, დაუყოვნებლივ, 30 დღიანი მოცდის ვადის გარეშე, დააფინანსებდა ყველა შემთხვევას, როდესაც იარსებებდა ქცევითი გამოწვევების და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირებისათვის ...ის ე.წ. ...ით ... მომსახურების გაწევის საჭიროება) შინაარსობრივი და პრაქტიკული თანხვედრის არარსებობის გამო.

საქართველოს მთავრობის მხრიდან ეტაპობრივად ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები, რომლებმაც უზრუნველყვეს ზემოაღნიშნული განჩინებით განსაზღვრული ქმედების განხორციელების ვალდებულება. კერძოდ: „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივნისის №313 დადგენილებით „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამას" დაემატა დანართი №1.12 - ... მომსახურება ...ით. აღნიშნული დანართის მოსარგებლეები არიან სამედიცინო დოკუმენტაციით დადასტურებული ქცევითი გამოწვევების და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე, როგროც შშმპ სტატუსის მქონე, ასევე ამ სტატუსის არმქონე საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი, ასევე საქართველოში ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, რომელთაც ესაჭიროებათ ... მომსახურება ...ით. მომსახურება ანაზღაურდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან. ფაქტობრივი გარემოებებიდან და საჭიროებიდან, ასევე სახელმწიფო „პროგრესული რეალიზაციის“ პრინციპიდან გამომდინარე, საბიუჯეტო რესურსების გათვალისწინებით, სისტემურად და პროგრესულად უზრუნველყოფილ იქნა ზემოაღნიშნული დანართის დაკორექტირება, შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №610 დადგენილებით ცვლილება შევიდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში, რომლითაც დანართით №1.12 გაიზარდა მომსახურების მოცულობა და ტარიფები. „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2021 წლის 14 სექტემბრის №462 დადგენილებით (ანუ დროებითი განჩინების ძალაში შესვლიდან არაუამეტეს 1 თვის ვადაში) განისაზღვრა ...ით/...ით ... მკურნალობასთან დაკავშირებული რიგი საკითხები.

კასატორის განმარტებით, მოცემულ რეალობაში სახელმწიფო „პროგრესული რეალიზაციის“ პრინციპს საბიუჯეტო რესურსების შესაბამისად, სისტემურად და პროგრესულად უზრუნველყოფს, რაც ყოველწლიურად გამოყოფილი საბიუჯეტო თანხებისა და ჯანმრთელობის დაცვის დაფინანასების (მათ შორის ზემოაღნიშნული პროგრამის სხვადასხვა კომპონენტის) ზრდაში გამოიხატება პრიორიტებების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაშიც ანალოგიური პრინციპიდან და საბიუჯეტო შესაძლებლობებიდან გამომდინარე (გასათვალისწინებელია, რომ მომსახურება ანაზღაურდება სრულად, და არ ითვალისწინებს თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან) ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ეტაპობრივად ხელმისაწვდომი რესურსის (ადამიანური და მატერიალური) მაქსიმალური გამოყენების ფარგლებში დადგა ის სამართლებრივი შედეგი რომელსაც მოსარჩელე ითხოვდა, თუმცა მისი იურიდიული ინტერესის მიღმა, რაშიც თავადვე მიუძღვის ბრალი.

კასატორის მოსაზრებით, იმისათვის, რომ მოსარჩელეს მიეღწია სამართლებრივი მიზანისთვის და დაცული ყოფილიყო მისი ნამდვილი იურიდიული ინტერესი, მას სხვა ალტერნატიული სამართლებრივი მოთხოვნით უნდა მიემართა სასამართლოსთვის, რომელიც უშუალოდ მასზე იქნებოდა მორგებული, იგულისხმებოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლის გამოცემაც და აღსრულებაც პროცედურული თუ მატერიალური თვალსაზრისით უფრო მოქნილი და ბიუჯეტური იქნებოდა და არ მოეთხოვა დროებითი განჩინების მიღება მთელ რიგ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ცვლილებების განხორციელების თაობაზე. დროებითი განჩინებით ქმედების განხორციელების დავალება უსაფუძვლო იყო და სამართლებრივად დაუსაბუთებელი მისი აღსრულების სამართლებრივი/საკანონმდებლო საფუძვლის არარსებობის გამო. სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების მოცულობის გათვალისწინებით, საჭიროებდა ვადებს, რათა შემუშავებულიყო იმგვარი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა ხარისხიანი და კვალიფიციური მომსახურების მიღებას, ისე რომ ამ სერვისის მიწოდებით დაცული ყოფილიყო ბენეფიციართა ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რაც სცილდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის ნამდვილ შინაარს, რომელიც ადგენს მოსარჩელის უფლების სწრაფი, ეფექტური და მყისიერი დაცვის მექანიზმს.

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის ამოსავალ წერტილად მიჩნეული მოპასუხეთა მხრიდან დროებითი განჩინებით დავალებული ღონისძიებების დაგვიანებით შესრულებით მიყენებული ზიანი უსაფუძვლოა, ვინაიდან, არასწორად იქნა დაყენებული სასარჩელო მოთხოვნა, ასევე წინასწარ განჭვრეტადი იყო, რომ სასამართლოს დროებით განჩინება ვერ იქნებოდა სწრაფი და ეფექტიანი განსახილველი დავის საგნის შინაარსიდან აღსრულების მასშტაბურობიდან და თვით უზრუნველყოფის ღონისძიების აცდენილი არსიდან გამომდინარე.

რაც შეეხება უშუალოდ სასამართლოს მსჯელობას ზიანის ანაზღაურების თაობაზე, აპელანტის მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია და უსაფუძვლო, ვინაიდან მოცემულ დავაში აპრიორი არ იკვეთება მოპასუხის ბრალეულობა, უკანონო, არამართლზომიერი ქმედება, რაც უმთავრესი პირობაა ზიანის (მატერიალური თუ მორალური) ანაზღაურებისა. მოსარჩელისთვის დამდგარ შედეგსა და სახელმწიფოს ქმედებას (ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში, დროებითი განჩინების საფუძველზე განხორციელებული ცვლილებები) შორის არ იკვეთება მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.

მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ მოსარჩელისთვის ნორმატიულ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში დაგვიანებულ ცვლილებებს (რაც ისევ მოსარჩელის წარმომადგენლის არასწორი სამართლებრივი ქმედებების გამო განხორციელდა) მისი ჯანმრთელობისთვის მკვეთრი გაუარესება, კერძოდ, რაიმე დაავადების წარმოშობა ან უკვე არსებულის მკვეთრი გართულება არ გამოუწვევია. საქმის მასალების მიხედვით, სამედიცინო მომსახურების დაგვიანებით მიღების გამო მოსარჩელის მხოლოდ ერთი - 36-ე კბილის მდგომარეობა გაუარესდა დაბჟენის ნაცვლად დასჭირდა ექსტრაქცია. აღიშნულ გარემოებაზე სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია. მოსარჩელის წარმომადგენლები სასამართლო პროცესზე ზეპირსიტყვიერად ამძაფრებდნენ ტკვილის ფაზას და მას ტანჯვასთან აიგივებდნენ, თუმცა კბილის დაბჟენის ნაცვლად მისი ექსტრაქცია შესაძლებელია სხვადასხვა სამედიცინო ჩვენების გამო გამხდარიყო შესაძლებელია ყოველგვარი ტკივილის შეგრძნების გარეშე (აღნიშნული წარმოადგენს ფიქციას, თუმცა საქმის მასალებით საწინააღმდეგო არ დასტურდება).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით უარი უნდა ეთქვას რ. ყ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სრულად უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს მთავრობის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს მთავრობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 მარტის დროებითი განჩინების დროულად აღუსრულებლობით, მოსარჩელისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის სოლიდარულად დაკისრება მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობისთვის.

საკასაციო სასამართლო, უპირველესად მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ მსჯელობაზე, რომლის თანახმად, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის (ამჟამად მოქმედი კონსტიტუციის რედაქციის 18.4 მუხლი) უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის“ (2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №2/3/630 „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). აღსანიშნავია, რომ ზიანის ანაზღაურების მიზნებისათვის ზემოთ მოცემული პირობები კუმულაციური სახით უნდა იქნეს წარმოდგენილი და მათგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია, ანუ, იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. დაზარალებულს უფლება აქვს მკურნალობის ხარჯები მოითხოვოს წინასწარ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა აუცილებელი ხდება პროფესიული გადამზადება. სარჩოს ნაცვლად დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს კომპენსაციის მიღება, თუ არსებობს საამისო მნიშვნელოვანი საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი ქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებასა (მოქმედება ან უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს (ზიანი) შორის პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ: ა(ა)იპ „პ...ის“ განცხადების საფუძველზე გამოცემული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 მარტის განჩინებით (დროებითი განჩინება), საქართველოს მთავრობას დაევალა ისეთი მექანიზმის შექმნა (შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება), რომელიც გამონაკლისის გარეშე, დაუყოვნებლივ, 30 დღიანი მოცდის ვადის გარეშე, დააფინანსებდა ყველა შემთხვევას, როდესაც იარსებებდა ქცევითი გამოწვევების და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირებისათვის ...ის ე.წ. ...ით ... მომსახურების გაწევის საჭიროება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივნისის განჩინებით, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 მარტის განჩინება.

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 მარტის განჩინება, აღსრულებისათვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გაეგზავნა საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 მარტის №GOV 6 21 00008685 წერილით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2021 წლის 19 მარტს №01/3977 წერილით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 მარტის დროებითი განჩინებით გათვალისწინებული მექანიზმის შექმნა.

მოსარჩელე რ. ყ-ი არის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი, რომელსაც აქვს ქცევითი გამოწვევები, ასევე კომუნიკაციის სირთულე. იგი ამ სტატუსის მფლობელი იყო 2021 წლის 20 აპრილის მდგომარეობით.

მოსარჩელე რ. ყ-იმა, 2021 წლის 28 ოქტომბერს, განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, წარუდგინა მისი სამედიცინო საჭიროებების თაობაზე ცნობა და ითხოვა დაუყოვნებლივ, ...ით ... მომსახურება. მოსარჩელე რ. ყ-ის მიერ, აღნიშნული განცხადების წარდგენის საფუძველი გახდა მე-... და ...-ე კბილებზე - ..., რომლისთვისაც საჭირო იყო ...ს ..., ..., ..., ...-ე კბილზე - ..., რომლისთვისაც საჭირო იყო ..., ..., ...-ე, ...-ე, ...-ე და ...-ე კბილებზე ..., რომლისთვისაც საჭირო იყო ექსტრაქცია, .... პაციენტს, მიეცა ექიმის რეკომენდაცია, პანიკური შიშისა და არაადეკვატური ქცევის გამო, აღნიშნული მკურნალობა ჩაეტარებინა ...ით. პაციენტს ჰქონდა ძლიერი ტკივილები. სამედიცინო მომსახურების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 1590 ლარი.

2021 წლის 28 ოქტომბრის განცხადების უპასუხოდ დატოვების გამო, მოსარჩელემ, 2022 წლის 9 მარტს განმეორებით, იმავე მოთხოვნით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, 2021 წლის 28 ოქტომბრის განცხადების პასუხად, 2022 წლის 21 სექტემბერს წერილობით მიმართა მოსარჩელე რ. ყ-ის და განუმარტა, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, „რეფერალური მომსახურების ფარგლებში“, პაციენტებისათვის სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი კომისიის 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით, მისი თხოვნა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, მოსარჩელე რ. ყ-ისათვის სამედიცინო მომსახურების დაფინანსების თაობაზე განცხადებების უპასუხოდ დატოვების გამო, მოსარჩელემ 2022 წლის 9 ივლისს, სამედიცინო მომსახურება მიიღო შპს „დ...“-ში, სადაც მას ჩაუტარდა მე-... კბილის ...ს მკურნალობა, ..., ...-ე და ...-ე ... და ...-ე, ...-ე, ...-ე, ...-ე, ...-ე, ...-ე .... ამასთან, 2021 წლის 28 ოქტომბრის მდგომარეობით, მოსარჩელეს ...-ე კბილზე ესაჭიროებოდა მხოლოდ ...ს ..., ..., .... აღნიშნული სამედიცინო მომსახურება, მოსარჩელეს გაეწია ...ით - ...ით და ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 1130 ლარი, რომელიც გადახდილი იქნა მოსარჩელის მიერ.

„შპს ო...ს“ ექიმი სტომატოლოგის - ე. ნ-ის მიერ გაცემული ცნობით თანახმად, 3.6 კბილი არის მუდმივი საღეჭი კბილი და მისმა დაკარგვამ ადრეულ ასაკში შესაძლოა გამოიწვიოს მომავალში კბილთა დგომის და თანკბილვის ანომალიის განვითარება და ასევე ღეჭვითი ფუნქციის დარღვევა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის Nბს-476-464(კ-13) გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას - მართლმსაჯულებას, სახელმწიფოს სახელით დადგენილი გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მის უპირობო და სავალდებულო შესრულებას. აღსანიშნავია, რომ „სამართლიანი სასამართლოს“ უფლება მოიცავს არა მარტო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის, საკითხის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის უფლებებს, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უთანაბრდება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არცნობას იმდენად, რამდენადაც იგი მოჩვენებითს ხდის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება, როგორც „სამართლიანი სასამართლოს“ უფლების ელემენტი, დაცული და აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 82.2. მუხლით, რომლის მიხედვითაც „სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.“ კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი კი იმპლემენტირებულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლში.“ მითითებულ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე.“

საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 მარტის დროებითი განჩინებით საქართველოს მთავრობას დაევალა ისეთი მექანიზმის შექმნა (შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება), რომელიც დროებითი განჩინების გამოცემიდან - სადავო სამართლებრივი ურთიერთობის საბოლოო გადაწყვეტამდე პერიოდში უზრუნველყოფდა შშმ პირების უფლების დაცვას.

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 მარტის განჩინება, საქართველოს მთავრობამ აღასრულა 2022 წლის 13 ივნისის დადგენილების მიღებით, რომლითაც ცვლილება შევიდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში და განისაზღვრა, რომ გამონაკლისის გარეშე, დაუყოვნებლივ, 30 დღიანი მოცდის ვადის გარეშე, დაფინანსდება ყველა შემთხვევა, როდესაც იარსებებდა ქცევითი გამოწვევების და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირებისათვის ...ის ე.წ. ...ით ... მომსახურების გაწევის საჭიროება.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ არ აღასრულეს სასამართლოს დროებითი განჩინება, რის გამოც მოსარჩელე რ. ყ-ის უკანონოდ შეეზღუდა მითითებული სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის უფლება. შესაბამისად, სახეზეა ადმინისტრცაიული ორგანოების მიერ რ. ყ-იისათვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი, რაც ექვემდებარება ანაზღაურებას.

რაც შეეხება მორალურ ზიანს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე, რომლის 1-ლი ნაწილის მიხედვითაც, არაქონებრივი ზიანისთვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეუძლია დაზარალებულს, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვის. განსახილველი ნორმის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი. მორალური ზიანი სახეზეა, როდესაც სახეზეა ადამიანის ფსიქიკის სფეროში ნეგატიური ცვლილების არსებობა, რაც გამოიხატება ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვაში. ზიანის ანაზღაურებისას გადამწყვეტ როლს ასრულებს ზიანის სიმძიმე. მსუბუქი სულიერი განცდები, მსგავსად მსუბუქი ფიზიკური ტკივილისა, მხედველობაში არ მიიღება. მორალური ზიანის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: პირველი – დააკმაყოფილოს დაზარალებული; მეორე – ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე; მესამე – თავიდან აიცილოს პიროვნული უფლებების ხელყოფა სხვა პირების მიერ. არაქონებრივი ზიანისთვის ანაზღაურება მიზნად არ ისახავს მიყენებული ზიანის სრულ რესტიტუციას, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ექვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობა უნდა იყოს გონივრული და სამართლიანი.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა სამედიცინო მომსახურების დაგვიანებით მიღების გამო, რასაც ადასტურებს „შპს ო...ს“ ექიმი სტომატოლოგის - ე. ნ-ის მიერ გაცემული ცნობა. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, გასაზიარებელია მოსაზრება, რომ მორალური ზიანის სახით მოპასუხეთათვის 3000-3000 ლარის დაკისრება წარმოადგენს გონივრულ და სამართლიან ანაზღაურებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს მთავრობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ბ. შონია

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. მაკარიძე