Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-246(2კ-25) 17 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 10 თებერვალს ა.შ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 2 თებერვლის №1000833858 დასკვნის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ა.შ-ის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე დადებითი დასკვნის გამოცემის დავალება მოითხოვა.

2023 წლის 2 მაისს ა.შ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ ა.შ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ნაწილში საქართველოს პრეზიდენტის 2023 წლის 20 აპრილის №184 ბრძანებულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ა.შ-ისათვის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივნისის განჩინებით ა.შ-ის ზემოაღნიშნული ორი სარჩელი გაერთიანდა ერთ წარმოებად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ა.შ-ის (A.S) სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 2 თებერვლის №1000833858 დასკვნა; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ა.შ-ის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე ახალი დადებითი დასკვნის გამოცემა დაევალა; გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2023 წლის 20 აპრილის №184 ბრძანებულება, ა.შ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 დეკემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2022 წლის 25 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ - ა.შ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით. განცხადებაში ა.შ-ი აღნიშნავდა, რომ დაბადებულია, ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში, დედით არის ქართველი, ასევე ჰყავს ქართველი მეუღლე და საქართველოს მოქალაქე შვილები. ა.შ-ის განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მასთან ჩატარდა გასაუბრება, რომლის თანახმად დადგინდა, რომ ა.შ-ი დაიბადა საქართველოში, საშუალო და უმაღლესი განათლება მიიღო აქვე. ა.შ-ი არის ... და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონია ...ის ...ში. მას, როგორც წარმატებულ ...ას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა 2022 წელს მიანიჭა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა. განმცხადებლის განმარტებით, ასევე შეთავაზება აქვს სხვადასხვა ქვეყნებიდან, გახდეს უცხო ქვეყნის მოქალაქე. იგი ცხოვრობს საქართველოში ოჯახთან ერთად, მეუღლე და შვილები არიან საქართველოს მოქალაქეები. ამავე წარმოების ფარგლებში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის კანონიერ საფუძვლებთან დაკავშირებით მოპასუხემ სახელმწიფო ორგანოებიდან გამოითხოვა ინფორმაცია. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის, ასევე საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესაბამისი წერილების საფუძველზე დადგინდა, რომ ზემოაღნიშნულ სამსახურებს მოსარჩელის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ. მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ განიხილა ა.შ-ის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხი და ჩატარებული გასაუბრების, ასევე საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებულ პირობებს. შესაბამისად, კომისიამ ხმათა უმრავლესობით დაადგინა, რომ განმცხადებლის მიმართ არ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული პირობები და დებულების მე-19 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ოქმის საფუძველზე უარყოფითი დასკვნის მომზადება.

პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირის საქართველოსთან სარწმუნოდ მიჩნევისას, კომისიამ შეიძლება მხედველობაში მიიღოს ბიოგრაფიული ცნობები, რომლებიც იძლევა საქართველოს სახელმწიფოსთან პირის კავშირის შეფასების შესაძლებლობას, საქართველოში უძრავი ქონების ფლობა, საქართველოში საქმიანობა და ოჯახის წევრების სამართლებრივი კავშირი საქართველოსთან, თუმცა კანონმდებლობაში ჩამოთვლილი აღნიშნული კრიტერიუმები არ არის ამომწურავი და მოქალაქის საქართველოსთან სამომავლო კავშირის სარწმუნოების შემოწმება კომპლექსური პროცესია. მოცემულ შემთხვევაში, ბიოგრაფიული ცნობებიდან ირკვეოდა, რომ ა.შ-ი ნაწილობრივ, კერძოდ, დედის მხრიდან ეთნიკურად ქართველია, იგი დაბადებული და გაზრდილია საქართველოში, სადაც მიღებული აქვს საშუალო და უმაღლესი განათლება. მას ჰყავს ქართველი ცოლი და საქართველოს მოქალაქე შვილები. იგი მუდმივად ცხოვრობს და საქმიანობს საქართველოში. ამასთან, ა.შ-ი საქართველოში ფლობს არაერთ უძრავ ქონებას და ასევე იგი არის არაერთი კომერციული ობიექტის მესაკუთრეც. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული გარემოებებით ა.შ-ის არათუ სამომავლო, არამედ ამჟამად არსებული მჭიდრო კავშირიც უდავო იყო საქართველოსთან. შესაბამისად, გასაჩივრებული დასკვნა არ იყო დასაბუთებული და არ იყო მითითებული ის გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო მოსარჩელის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებას.

საქმეზე წარმოდგენილი მასალების ურთიერთშეჯერების შედეგად პალატამ მიიჩნია, რომ ა.შ-ის კავშირი საქართველოსთან სარწმუნო იყო, როგორც მისი ბიოგრაფიული ცნობების, ასევე მისი განათლების/დასაქმების, მიმდინარე საცხოვრებლისა და ოჯახის წევრების საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის გათვალისწინებით, რაც ქმნიდა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის მომზადების შესაძლებლობას. შესაბამისად, პალატამ მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 2 თებერვლის №1000833858 დასკვნის ბათილად ცნობისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, რომლითაც ა.შ-ის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხთან დაკავშირებით მომზადებული იქნება დადებითი დასკვნა, რაც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაეგზავნება პრეზიდენტს. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა დადებითი დასკვნის მომზადება, ასევე დასაბუთებული იყო ა.შ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ნაწილში, საქართველოს პრეზიდენტის 2023 წლის 20 აპრილის №184 ბრძანებულების ბათილად ცნობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინება საკასაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.

კასატორი - საქართველოს პრეზიდენტი მიუთითებს საქმეზე დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის სადავო ბრძანებულება საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე გამოცემული იყო კანონმდებლობის სრული დაცვით და კანონით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, რაც სასამართლომ ნორმის არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველზე, განსხვავებულად შეაფასა. კასატორის მითითებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლისა და „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, მოამზადა რუსეთის ფედერაციის მოქალაქისათვის - ა.შ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე No1000833858 უარყოფითი დასკვნა, რაც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, გადმოეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა. ზემოაღნიშნულის შემდგომ დაიწყო ახალი ადმინისტრაციული წარმოება მოსარჩელის მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მომზადდა 2023 წლის 19 აპრილის №1000872139 დასკვნა, რომლის თანახმადაც, ა.შ-ის მიმართ არსებობს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. საქართველოს პრეზიდენტის 2023 წლის 20 აპრილის №184 ბრძანებულების თანახმად, ა.შ-ის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ბ“ პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. კასატორის მითითებით, აღნიშნულ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიღებული, ვინაიდან სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება იწვევეს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს შეუნარჩუნდება საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა ამ შემთხვევაში მოსარჩელეს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარი ეთქვა, რაც დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განხორციელდა.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ ქმნის საქართველოს პრეზიდენტის აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს. სასამართლოს უნდა ემსჯელა და დაედგინა, რომ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე სამართალწარმოება არის არსებითად სხვა ადმინისტრაციული წარმოება, ხოლო მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე წარმოება ხორციელდება მისგან დამოუკიდებლად, სათანადო სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე. აღნიშნულ საქმეში უდავოდ დასტურდება ის გარემოება, რომ ა.შ-ი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რაც სხვა ალტერნატივის გარეშე იწვევს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას.

კასატორი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აღნიშნავს, რომ ა.შ-ი არის საქართველოს მოქალაქე და მოპოვებული აქვს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა (პასპორტის №....). „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ" მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 04 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტომ გამოითხოვა ინფორმაცია უფლებამოსილი ორგანოებიდან. დადგინდა, რომ არ არსებობს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე პირველი პრიმა მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის საფუძვლები. ა.შ-ის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე პირველი პრიმა მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგენის მიზნით, 2023 წლის 31 იანვარს კომისია გაესაუბრა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მსურველ პირს - ა.შ-ის. გასაუბრებაზე გამოირკვა, რომ ა.შ-ი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, დაიბადა საქართველოში, საშუალო და უმაღლესი განათლება მიიღო საქართველოში, არის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონი ...ის ...ში, არის ..., როგორც წარმატებულ ...ას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა 2022 წელს მიანიჭა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა. როგორც გასაუბრებაზე განაცხადა ასევე შემოთავაზება აქვს სხვადასხვა ქვეყნებიდან გახდეს უცხო ქვეყნის მოქალაქე. ცხოვრობს საქართველოში ოჯახთან ერთად, მეუღლე და შვილები არიან საქართველოს მოქალაქეები. კომისიამ შეისწავლა საქმის მასალები, შეაფასა მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია და მიიჩნია, რომ ა.შ-ი არ აკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მიღებული ინფორმაციისა და ა.შ-ის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ, ადმინისტრაციული წარმოების მასალებზე დაყრდნობით, კომისიამ იმსჯელა აღნიშნული პირის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული პირობის არსებობის შესახებ და დაადგინა, რომ საქართველო/რუსეთის მოქალაქის ა.შ-ის (საქმის №1000833858) მიმართ არ არსებობს 21-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული პირობა. ვინაიდან, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის წინაპირობები, ასევე უსაფუძვლოა თანმდევი მოთხოვნა - სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ ა.შ-ი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. ... წლის ... ...ას გაცემული №... დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ა.შ-ი დაიბადა ... წლის ... ...ას საქართველოში, სოხუმში. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის 2022 წლის 25 ოქტომბრის №... საინფორმაციო ბარათის თანახმად, ა.შ-ი რეგისტრირებულია საქართველოში, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩაზე.

დადგენილია, რომ 2022 წლის 25 ოქტომბერს ა.შ-იმა №1000833858 განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება მოითხოვა. განცხადების თანახმად, ა.შ-ის ოჯახის წევრები არიან: მეუღლე - ლ.ბ-ა (მოქალაქეობა - საქართველო). შვილები: მ.შ-ი (მოქალაქეობა: აშშ და საქართველო), დ.შ-ა (მოქალაქეობა - საქართველო), ე.შ-ა (მოქალაქეობა - საქართველო). დედა - ლ.შ-ა (მოქალაქეობა - საქართველო).

დადგენილია, რომ ა.შ-ი საქართველოში ფლობს არაერთ უძრავ ქონებას და არის არაერთი კომპანიის წილის მესაკუთრე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 9 იანვრის №SSG 6 23 00001959 მიმართვით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარეს 2022 წლის 25 ოქტომბრის №1000833858/1 წერილის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ა.შ-ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.

საქართველოს დაზვერვის სამსახურის 2022 წლის პირველი ნოემბრის №00005887 მიმართვით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარეს 2022 წლის 26 ოქტომბრის №1000833389/1 წერილის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახურს ა.შ-ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.

მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2023 წლის 10 იანვრის №1125 სხდომის ოქმის თანახმად, მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ განიხილა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მსურველი პირის - ა.შ-ის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგენის საკითხი და მოცემული საკითხის გადაწყვეტის მიზნით, ჩანიშნა ა.შ-ისთან გასაუბრება. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2023 წლის 31 იანვრის №4146 სხდომის ოქმის თანახმად, კომისია გაესაუბრა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მსურველ პირს - ა.შ-ის. ამავე ოქმის თანახმად, კომისიამ დაადგინა, რომ ა.შ-ი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. იგი დაიბადა საქართველოში, საშუალო და უმაღლესი განათლება მიიღო აქვე. ა.შ-ი არის ... და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონია ...ის ...ში. მას, როგორც წარმატებულ ...ას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა 2022 წელს მიანიჭა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა. განმცხადებლის განმარტებით, ასევე შეთავაზება აქვს სხვადასხვა ქვეყნებიდან, გახდეს უცხო ქვეყნის მოქალაქე. იგი ცხოვრობს საქართველოში ოჯახთან ერთად, მეუღლე და შვილები არიან საქართველოს მოქალაქეები. კომისიამ დაადგინა, რომ საქართველო/რუსეთის მოქალაქის ა.შ-ის მიმართ არ არსებობს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული პირობა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლისა და „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, მოამზადა რუსეთის ფედერაციის მოქალაქისათვის - ა.შ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე №1000833858 უარყოფითი დასკვნა, რომელიც გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა სამსახურის უფროსს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2023 წლის 3 თებერვლის №701 მიმართვით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის უფროსს ეცნობა, რომ საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე გადაგზავნილ №1000833858 უარყოფით დასკვნაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 19 აპრილის №1000872139 დასკვნის თანახმად, ა.შ-ის მიმართ არსებობს ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ‘’ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. საქართველოს პრეზიდენტის 2023 წლის 20 აპრილის №184 ბრძანებულების თანახმად, ა.შ-ის ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ‘’ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის ,,ბ” პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. ამავე კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე; მე-2 პუნქტის მიხედვით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. ამასთან, ხსენებული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე ვერ შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს.

,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხებზე განცხადებას განიხილავს სააგენტო კომისიის დახმარებით. საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე და საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე სააგენტოს დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, შენარჩუნების, მინიჭებაზე უარის თქმის ან შეწყვეტის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი.

პალატა აღნიშნავს, რომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულების მე-40 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირის სარწმუნოდ მიჩნევისას კომისიამ, სხვა გარემოებებს შორის შეიძლება მხედველობაში მიიღოს: ა) ბიოგრაფიული ცნობები, რომლებიც იძლევა საქართველოს სახელმწიფოსთან პირის კავშირის შეფასების შესაძლებლობას; ბ) საქართველოში უძრავი ქონების ფლობა; გ) საქართველოში საქმიანობა; დ) ოჯახის წევრების სამართლებრივი კავშირი საქართველოსთან.

ამდენად, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის გადაწყვეტისას კომისია მხედველობაში იღებს პირის საქართველოსთან კავშირის სარწმუნოდ მიჩნევის დამადასტურებელ გარემოებებს. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ უდავოდ დასტურდება ა.შ-ის კავშირი საქართველოსთან. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ მოსარჩელე დაიბადა საქართველოში, განათლება მიიღო აგრეთვე საქართველოში. მისი მეუღლე, სამი შვილი და დედა არიან საქართველოს მოქალაქეები. მოსარჩელე საქართველოში ფლობს არაერთ უძრავ ქონებას და წილს საქართველოში დაფუძნებულ კომპანიებში. ამასთან, სახელწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებში ა.შ-ის თაობაზე ინფორმაცია არ არის დაცული. ამდენად, პალატის მოსაზრებით ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გამოვლენილა რაიმე ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც გაამართლებდა განმცხადებლის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხზე უარყოფითი დასკვნის მიღებას. აღნიშნული მოცემულობის გათვალისწინებით, არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

რაც შეეხება ა.შ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ნაწილში საქართველოს პრეზიდენტის 2023 წლის 20 აპრილის №184 სადავო ბრძანებულების კანონიერებას, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების საფუძვლით დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზე არ არის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სწორედ საქართველოს პრეზიდენტი, განსახილველი დავის ფარგლებში კი უკანონოდ იქნა მიჩნეული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 2 თებერვლის №1000833858 დასკვნა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დავალებული აქვს კანონით დადგენილ ვადაში, ა.შ-ის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე ახალი დადებითი დასკვნის გამოცემა, აგრეთვე საფუძვლიანია ა.შ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ნაწილში, საქართველოს პრეზიდენტის 2023 წლის 20 აპრილის №184 ბრძანებულების ბათილად ცნობაც.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ 202307404) საკასაციო საჩივარზე 07.02.2025წ. №02696 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჯამში 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 დეკემბრის განჩინება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 07.02.2025წ. №02696 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ბ. შონია