საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-573(კ-24) 19 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს ,,ხ...ს“ (მოსარჩელე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, მესამე პირი - შპს ,,ა...“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 1 დეკემბერს შპს ,,ხ...მ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2022 წლის 1 ივლისის N... ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 31 ოქტომბრის N1031 ბრძანება, ასევე, დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს შპს ,,ხ...ს“ მიერ 2022 წლის 9 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, განაცხადოს თანხმობა ქ. თბილისში, ...ს ქუჩის ქვედა ფერდზე მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ...) კორექტირებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს ,,ა...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით, შპს ,,ხ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელე მხარის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის განჩინებით, შპს ,,ხ...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2022 წლის 1 ივლისის N... ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მას ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ კანონიერ ნდობას უკარგავს, ვინაიდან სსიპ ქონების მართვის სააგენტომ მისი პოზიცია (2022 წლის 28 ივნისის N... წერილი) მხოლოდ შპს ,,ა...“-ის მიერ საჩივრის წარდგენის შემდგომ შეცვალა. თავის მხრივ კი, შპს ,,ა...“ არის მოგების მიღების მიზნით შექმნილი იურიდიული პირი და არა სახელმწიფო ორგანო, რომელიც ზრუნავს მოსახლეობის კეთილდღეობაზე და მოქმედებს საჯარო ინტერესის გათვალისწინებით. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,ა...“-ს ამოძრავებს ბიზნეს ინტერესები და ეს პირდაპირ კავშირშია შპს ,,ხ...ს“ უფლების შეზღუდვასთან, რათა სადავო ტერიტორიაზე არ ჰყავდეს კონკურენტი, რომელიც ამ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური სასტუმროს ტიპის ობიექტის მშენებლობას აპირებს.
სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის N13-42 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს დებულების“ პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2, მე-4 პუნქტებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტზე, მე-6, მე-7 მუხლებზე, 61-ე მუხლის პირველ, მე-2 ნაწილებზე და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილებით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ სწორად გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება და გამოსცა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სააპელაციო პალატის განმარტებით, მართალია შპს ,,ა...“ კერძო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენს, თუმცა მის მიერ ადმინისტრაციული ორგანოებისთვის წარდგენილ საჩივრებში ნათლად იყო გამოხატული საჯარო ინტერესის დაცვის უპირატესობა, რაც გამოიხატებოდა დედაქალაქის ისტორიულ უბანში, სადავო ტერიტორიაზე სერვიტუტის რეგისტრაციასა და ორი ქუჩის დამაკავშირებელი კიბის მოწყობაში, რითაც ისარგებლებდა ნებისმიერი პირი, მათ შორის ტურისტები. შპს ,,ხ...ს“ მოთხოვნა კი მიმართული იყო მითითებული ტერიტორიის მის კერძო საკუთრებაში რეგისტრაციისა და შესაბამისად, მხოლოდ მისი კერძო ინტერესის (სასტუმროს ტიპის ობიექტის მშენებლობის) დაკმაყოფილებისაკენ, რაზეც მოსარჩელე მხარე საქმეში წარმოდგენილ განცხადებებში თავადვე მიუთითებს.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ სწორედ მითითებული საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2022 წლის 21 ივლისის Nბ61.01222027 ბრძანებით, სადავო ტერიტორია დარეგისტრირდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად (ს/კ ...), რომელზეც ამავე სააგენტოს 2022 წლის 19 აგვისტოს Nბ61.012223115 ბრძანებით, ასევე დარეგისტრირდა საჯარო სერვიტუტი. აღსანიშნავია, რომ მითითებული ბრძანებები მოსარჩელე მხარეს არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, ტერიტორია, რომელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასაც ითხოვდა მოსარჩელე, უკვე სხვა პირის სახელზეა რეგისტრირებული, მითითებული რეგისტრაცია კი სადავოდ არ არის გამხდარი. ამასთან, საქმის მასალებში მესამე პირის მიერ წარმოდგენილი განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გადაწყვეტილებითა (დოკუმენტი N6414595, 13.04.2023 ოქმი N13) და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 15 მაისის N... გადაწყვეტილებით დგინდება, რომ სადავო ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების ესკიზის (ქუჩა-კიბის მოწყობა) წინასწარ შეთანხმების საკითხს მიეცა დადებითი შეფასება. შესაბამისად, მითითებული ტერიტორიის განვითარების მიზნით, უკვე დაწყებულია გარკვეული მოქმედებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება და აღნიშნა, რომ როგორც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის შედეგად დადასტურდა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის დამუშავება დასრულებული არ არის. შესაბამისად, ის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რაც ამ ეტაპზე ვლინდება, ქმნის საკმარის საფუძველს, რომ მიზანშეუწონლად იქნეს მიჩნეული კორექტირების შესახებ კომპანიის განაცხადი და ამ ტერიტორიის კერძო საკუთრებაში გადასვლა. იმ შემთხვევაში კი, თუ საკითხის დამუშავების შემდეგ გამოირიცხა საჯარო სივრცის მოწყობის შესაძლებლობა, შესაძლებელია შეცვლილი გარემოებების გათვალისწინებით ახლიდან იქნეს განხილული სადავო საკითხი.
ამასთან, რაც შეეხება მოსარჩელის კანონიერ ნდობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2022 წლის 28 ივნისის N... წერილის მიმართ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით მართებულად განმარტა, რომ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის წარმოშობის საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება. მოცემულ შემთხვევაში კი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2022 წლის 28 ივნისის N... წერილი, მისი შინაარსის გათვალისწინებით, ვერ იქნება მიჩნეული ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ხ...მ“.
კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მესამე პირის შპს ,,ა...“-ის ერთადერთ ინტერესს წარმოადგენს კონკურენტი კომპანიისთვის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნა. მათ მიერ სხვადასხვა საჯარო უწყებაში წარდგენილი განცხადებები არ შეიცავს იმგვარ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება საფუძვლად დადებოდა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2022 წლის 28 ივნისის წერილის გაუქმებას. ამასთან, კასატორის განმარტებით, საგულისხმოა ისიც, რომ სადავო ტერიტორიაზე კიბის მოწყობის პერსპექტივა ძალიან დაბალია და არსებული რელიეფის გათვალისწინებით თითქმის შეუძლებელი. კასატორი აქვე აღნიშნავს, რომ მას სააგენტოს ზემოაღნიშნული წერილის მიმართ გააჩნდა კანონიერი ნდობა და ამ წერილის ძალადაკარგულად გამოცხადებამ დაუსაბუთებლად ხელყო მისი კანონიერი უფლება და ინტერესი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს ,,ხ...ს“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ხ...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად, შპს ,,ხ...“ წარმოადგენს უძრავი ნივთების, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქუჩის ქვედა ფერდზე, (ნაკვ. ...) (ს/კ ...) და ქ. თბილისი, ...ს ქუჩა N5 (ს/კ ...), მესაკუთრეს. ამასთან, შპს ,,ა...“ წარმოადგენს უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქუჩა N11 (ს/კ ...), მესაკუთრეს.
ასევე დადგენილია, რომ შპს ,,ხ...ს“ წარმომადგენელმა 2022 წლის 9 ივნისს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქუჩის ქვედა ფერდზე (ნაკვ. ...) (ს/კ ...), საკადასტრო მონაცემების დაზუსტება/ცვლილება. თავის მხრივ, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 22 ივნისს N... წერილით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და აცნობა, რომ სააგენტოში 2022 წლის 9 ივნისს წარდგენილი იქნა შპს ,,ხ...ს“ წარმომადგენლის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით ..., რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრები იცვლება 1/3-ზე ნაკლებად. ამდენად, ვინაიდან აღნიშნული ქონების წითელი ხაზები თავდაპირველად დადგენილია ქ. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გადაეგზავნა წარდგენილი დოკუმენტაცია და ეთხოვა პოზიციის დაფიქსირება ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ცვლილების რეგისტრაციის განხორციელებასთან დაკავშირებით. აღნიშნული წერილის პასუხად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ 2022 წლის 28 ივნისის N... წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და აცნობა, რომ სააგენტოდან გადაგზავნილი ესკიზის მიხედვით, ქ. თბილისში, კრწანისის რაიონში, ...ს ქუჩის ქვედა ფერდზე (ნაკვ. ...) არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) საზღვრების ცვლილების რეგისტრაცია, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, სააგენტოს ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით შესაძლებლად მიაჩნია.
დადგენილია, რომ შპს ,,ა...“-ის წარმომადგენელმა 2022 წლის 30 ივნისს განცხადება/საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სააგენტოში შპს ,,ხ...ს“ წარმომადგენლის მიერ 2022 წლის 9 ივნისს წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დააკმაყოფილებს განმცხადებლის მოთხოვნას და მოახდენს საზღვრების ცვლილების რეგისტრაციას, რეალურად შეილახება მისი, როგორც დაინტერესებული მხარის ინტერესები. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მითითებული ტერიტორიის მომიჯნავედ მდებარეობს შპს ,,ა...“-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ ...) და აღნიშნული ტერიტორიის სერვიტუტით დატვირთვის თაობაზე ნებართვის მისაღებად წარდგენილი აქვს განცხადება სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში, რის შემდეგაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურისგან მოიპოვებს კიბის მშენებლობის ნებართვას. აღნიშნული კიბით შპს ,,ა...“ დაუკავშირდება ...ს ქუჩას და შესაძლებელი იქნება ამ გზით ნებისმიერი პირის (მათ შორის, ტურისტების) გადაადგილება, რაც ემსახურება ძირითადად ტურისტული ზონის განვითარებას, ხოლო აღნიშნული საკითხი წარმოადგენს სახელმწიფო ინტერესს და ემსახურება ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შპს ,,ხ...ს“ წარმომადგენლის განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, განმცხადებლის განმარტებით, ტერიტორია, სადაც უნდა მოხდეს კიბის მშენებლობა, მოექცევა კერძო პირის საკუთრებაში და შეუძლებელი იქნება მისი სერვიტუტით დატვირთვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმოების შეჩერება მანამ, სანამ არ მოხდება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხრიდან სერვიტუტის თაობაზე შპს ,,ა...“-ის განცხადების განხილვა (აღნიშნული განცხადება თან ერთვოდა საჩივარს). ამასთან, შპს ,,ა...“-ის წარმომადგენელმა 2022 წლის 1 ივლისს საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, სადაც მიუთითა ანალოგიურ გარემოებებზე და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2022 წლის 28 ივნისის N... წერილის/დადებითი დასკვნის გადახედვა, საჩივარში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ 2022 წლის 1 ივლისს N... წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და 2022 წლის 22 ივნისის N... წერილის პასუხად აცნობა, რომ წერილში მითითებული საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. აქედან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარდგენილი სახით ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ...ს ქუჩის ქვედა ფერდზე (ნაკვ. ...) არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) საზღვრების ცვლილება მიზანშეწონილად არ მიაჩნია. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2022 წლის 28 ივნისის N... წერილი გაუქმებულად მიეჩნია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 4 ივლისის N... გადაწყვეტილებით, შპს ,,ხ...ს“ უარი ეთქვა 2022 წლის 9 ივნისის განცხადების დაკმაყოფილებასა და რეგისტრაციის განხორციელებაზე.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2022 წლის 1 ივლისის N... წერილი შპს ,,ხ...ს“ წარმომადგენელმა გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 31 ოქტომბრის N1031 ბრძანებით, შპს ,,ხ...ს“ წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სწორედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2022 წლის 1 ივლისის N... ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 31 ოქტომბრის N1031 ბრძანების კანონიერებას. ასევე, მის თანმდევ მოთხოვნას წარმოადგენს დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს შპს ,,ხ...ს“ მიერ 2022 წლის 9 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, განაცხადოს თანხმობა ქ. თბილისში, ...ს ქუჩის ქვედა ფერდზე მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ...) კორექტირებაზე. კასატორის/მოსარჩელის განმარტებით, მესამე პირის შპს ,,ა...“-ის ერთადერთ ინტერესს კონკურენტი კომპანიისთვის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნა წარმოადგენს და მის მიერ სხვადასხვა საჯარო უწყებაში წარდგენილი განცხადებები არ შეიცავდა იმგვარ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება საფუძვლად დადებოდა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2022 წლის 28 ივნისის წერილის გაუქმებას. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ მას სააგენტოს ზემოაღნიშნული წერილის მიმართ გააჩნდა კანონიერი ნდობა და ამ წერილის ძალადაკარგულად გამოცხადებამ დაუსაბუთებლად ხელყო მისი კანონიერი უფლება და ინტერესი.
საკასაციო პალატა მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის N13-42 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს დებულების“ პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტო არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ქონების საკუთრებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით. ამავე დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირება (ფართობის შემცირებით), თუ დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი განცხადებით წარმოდგენილი იქნება სარეგისტრაციო წარმოებისას სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული გადაფარვის (ზედდების) ამსახველი სიტუაციური ნახაზი და გადაფარვაში მოხვედრილ უძრავ ქონებაზე არსებული ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტაციის ასლი: ბ.ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ბ.ბ) საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა; ბ.გ) მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი; ბ.დ) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა. ამავე პუნქტის ,,ჭ2“ ქვეპუნქტის (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას ასევე წარმოადგენს ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მიწის ნაკვეთების საზღვრების მართვა, შესაბამისი დასკვნებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადება. ამასთან, აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფლებამოსილებას გაატაროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების (ფართობის უცვლელად) ან/და მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით სერვიტუტის დადგენის/მისი გაუქმების პროცედურები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილების გარეშე, სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე, ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაინტერესებული პირის მომართვისას ან საკუთარი ინიციატივით. ამავე დებულების მე-10 მუხლის (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, ქალაქგეგმარებისა და მიწის ნაკვეთების საზღვრების მომზადების სამმართველოს უფლებამოსილებას განეკუთვნება დადგენილი მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების თაობაზე სამსახურის პოზიციის მომზადება.
მითითებული ნორმების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვასა და განკარგვაზე, კერძოდ, ფართობის შემცირებით საზღვრების ცვლილება-კორექტირებაზე გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საზღვრების ისეთი ცვლილება-კორექტირების შემთხვევაში, როდესაც ადგილი არ აქვს ფართობის შემცირებას, სსიპ ქონების მართვის სააგენტო უფლებამოსილია საკუთრების მართვა-განკარგვა განახორციელოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილების გარეშე. ამასთან, სააგენტოს ფუნქციას წარმოადგენს ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მიწის ნაკვეთების საზღვრების მართვა, შესაბამისი დასკვნების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და დადგენილი მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების თაობაზე პოზიციის მომზადება, რასაც სააგენტო კანონით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების პოზიციას იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილი ფარგლების გადაცილებით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ სწორად გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება და გამოსცა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია შპს ,,ა...“ კერძო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენს, თუმცა მის მიერ ადმინისტრაციული ორგანოებისთვის წარდგენილ საჩივრებში ნათლად იყო გამოხატული საჯარო ინტერესის დაცვის უპირატესობა, რაც გამოიხატებოდა დედაქალაქის ისტორიულ უბანში, სადავო ტერიტორიაზე სერვიტუტის რეგისტრაციასა და ორი ქუჩის დამაკავშირებელი კიბის მოწყობაში, რითაც ისარგებლებდა ნებისმიერი პირი, მათ შორის ტურისტები. შპს ,,ხ...ს“ მოთხოვნა კი მიმართული იყო მითითებული ტერიტორიის მის კერძო საკუთრებაში რეგისტრაციისა და შესაბამისად, მხოლოდ მისი კერძო ინტერესის (სასტუმროს ტიპის ობიექტის მშენებლობის) დაკმაყოფილებისაკენ, რაზეც მოსარჩელე მხარე თავადვე მიუთითებს. გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოებებიც, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ორ უძრავ ნივთს შორის მოქცეული სადავო ტერიტორია გამოყოფილი იყო მყარი მიჯნით და მათ შორის ფიქსირდებოდა დონეთა სხვაობა. ამასთან, მითითებული ტერიტორია განკუთვნილი იყო საერთო სარგებლობისთვის, რომელზეც სამომავლოდ შესაძლებელია მოწყობილი ყოფილიყო საფეხმავლო გზა ან ბილიკი, რითაც ნებისმიერი პირი ისარგებლებდა. აღნიშნული კი სადავო ტერიტორიის მდებარეობისა და ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ სახელმწიფოს მიერ არსებული სტრატეგიის გათვალისწინებით, უდავოდ წარმოადგენს მოსარჩელის კერძო ინტერესთან შედარებით უპირატეს საჯარო ინტერესს.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, სწორედ მითითებული საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2022 წლის 21 ივლისის Nბ61.01222027 ბრძანებით, სადავო ტერიტორია დარეგისტრიდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად (ს/კ ...), რომელზეც ამავე სააგენტოს 2022 წლის 19 აგვისტოს Nბ61.012223115 ბრძანებით, ასევე დარეგისტრირდა საჯარო სერვიტუტი. აღსანიშნავია, რომ მითითებული ბრძანებები მოსარჩელე მხარეს არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, ტერიტორია, რომელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასაც ითხოვდა მოსარჩელე, უკვე სხვა პირის სახელზეა რეგისტრირებული, მითითებული რეგისტრაცია კი სადავოდ არ არის გამხდარი.
ამასთან, სადავო აქტის მიმართ მოსარჩელის კანონიერ ნდობასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი შეიძლება გახდეს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება. მოცემულ შემთხვევაში კი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2022 წლის 28 ივნისის N... წერილი, მისი შინაარსის გათვალისწინებით, ვერ იქნება მიჩნეული ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებად. მითითებული წერილი ასახავს მხოლოდ სააგენტოს პოზიციას კონკრეტული ტერიტორიის საზღვრების ცვლილებასთან დაკავშირებით და არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელის სასაგებლოდ მომავალში რაიმე ქმედებას განახორციელებს.
საკასაციო სასამართლო აქვე დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გადაწყვეტილებითა (დოკუმენტი N6414595, 13.04.2023 ოქმი N13) და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 15 მაისის N... გადაწყვეტილებით დგინდება, რომ სადავო ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების ესკიზის (ქუჩა-კიბის მოწყობა) წინასწარ შეთანხმების საკითხს მიეცა დადებითი შეფასება. შესაბამისად, მითითებული ტერიტორიის განვითარების მიზნით, უკვე დაწყებულია გარკვეული მოქმედებები და როგორც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის შედეგად დადასტურდა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის დამუშავება დასრულებული არ არის. ჯერ კიდევ მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება სადავო ტერიტორიაზე კიბის მოწყობისა და ამ ტერიტორიის საჯარო სივრცედ მოწყობის შესაძლებლობის თაობაზე. ამდენად, მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების პირობებში, კასატორის ზეპირსიტყვიერი განმარტებები იმის თაობაზე, რომ სადავო ტერიტორიაზე კიბის მოწყობის პერსპექტივა ძალიან დაბალია და არსებული რელიეფის გათვალისწინებით თითქმის შეუძლებელი, საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია. შესაბამისად, ის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რაც ამ ეტაპზე ვლინდება, ქმნის საკმარის საფუძველს, რომ მიზანშეუწონლად იქნეს მიჩნეული კორექტირების შესახებ მოსარჩელის განაცხადი და ამ ტერიტორიის კერძო საკუთრებაში გადასვლა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებაში (საქმე Nბს-620(კ-19)) განმარტა, რომ ,,მტკიცების ტვირთი ნაწილდება მხარეთა შორის. ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მითითების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა. ამასთან, ადმინისტრაციული პროცესის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ანუ მტკიცების მოვალეობა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნულის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული, ამტკიცოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და წარუდგინოს სასამართლოს ამის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება. მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება არ უნდა განიმარტოს არასწორად, ისე როგორც მისი პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარის - მოსარჩელის გათავისუფლება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან. სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს.“
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, შპს ,,ხ...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, შპს ,,ხ...ს“ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით მის მიერ 2024 წლის 24 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ხ...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის განჩინება;
3. შპს ,,ხ...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით მის მიერ 2024 წლის 24 აპრილის N1713947014 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე