Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-888(კ-25) 19 სექტემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ოქტომბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე. შ-ე; მესამე პირი (ასკ 16.2) - ლ. ა-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. შ-ემ 2024 წლის 14 თებერვალს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 5 თებერვლის №IDP 9 24 00000082 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს ე. შ-ეისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლის/ბინის) შესყიდვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ე. შ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 5 თებერვლის №IDP 9 24 00000082 ბრძანება; დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, ე. შ-ეისათვის (ასევე, განაცხადით გათვალისწინებული პირისათვის) კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლის/ბინის) შესყიდვის თაობაზე. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (ოქმი №85) ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-4, მე-6, მე-13 მუხლები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი და განმარტა, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

სააპელაციო სასამართლომ გასათვალისწინებლად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა ზემოაღნიშნული „წესის“ შესაბამისად მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, ამ ეტაპზე მოსარჩელის გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის საფუძვლით, კერძოდ, ბინა, სადაც განხორციელებულია მონიტორინგი და სადაც ე. შ-ეის განმარტებით ცხოვრობს ბოლო 6 თვის მანძილზე, წარმოადგენს მისი შვილის საკუთრებას. პალატამ მიუთითა, რომ მოცემული სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებიდან გამომდინარე სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე დაკმაყოფილდეს საცხოვრებლით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენელი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, მიიჩნევს, რომ ფაქტების არასათანადო შეფასების შედეგად საკითხი განხილული იქნა როგორც ზოგადად სოციალური დავა და აქტის კანონიერების ფარგლებში საკითხი არ შეფასებულა. განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დავის ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ მონიტორინგის სამსახურის მიერ მოპოვებული მასალები წარედგინა დევნილთა საკითხების განმხილველ კომისიას. კომისიამ იმსჯელა მოსარჩელის ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფის საკითხზე და გადაწყვიტა უარი ეთქვა იმ მიზეზით, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელის განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს შვილის საკუთრებაში ცხოვრების გამო.

კასატორი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლზე, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე და და მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოსარჩელე მხარეს ფაქტობრივი საცხოვრებელი აქვს და ამასთანავე აღნიშნული ობიექტი არ არის ნგრევადი და არ საჭიროებს მხარის დაუყოვნებლივ განსახლებას, ასევე სახეზე არ არის სხვა კრიტერიუმები, რომლებმაც შეიძლება არსებითად დაამძიმოს დევნილის სოციალური მდგომარეობა, კომისიამ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება. მოცემულ ეტაპზე მოხდა იმ დევნილთა დაკმაყოფილება, რომლებიც შეფასების კრიტერიუმებით და მონიტორინგის მიერ შედგენილი ოქმებით შედარებით რთულ პირობებში იმყოფებოდნენ. გასათვალისწინებლად მიიჩნევს, რომ კომისიის უარი საბოლოო არ არის და მხარის განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება მოხდება საერთო წესით. აპელირებს ზაკ-ის 60-1 მუხლს, 32-ე ან 34-ე მუხლებზე, მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, ასევე საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 მარტის 292-ე განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთ პირთა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის 2021-2022 წლებში განხორციელების სამოქმედო გეგმასა“ და მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის 01-30/ნ ბრძანებაზე და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სამინისტროს მიერ გამოცემული აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და მისი მომზადებისა და გამოცემის დროს არ მომხდარა კანონის დარღვევა. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ არსებობს საჩივრის დასაშვებად ცნობის და კასაციის დაკმაყოფილების ფარგლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ოქტომბრის განჩინების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 05 აგვისტოს განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2021 წლის 6 ნოემბერს ე. შ-ეის მიერ შევსებულია №... განაცხადი კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე. განაცხადის თანახმად, ე. შ-ემ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა - ხაშური, სოფელი ....

კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადის ელექტრონული შეფასების ფორმის თანახმად, 2021 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით, ე. შ-ეის განაცხადი შეფასდა 5.00 ქულით (1.50 ქულა - 1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 1 წევრი; 1.50 ქულა - C.1.1 საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე; 2.00 ქულა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი - „შშმპ“ მნიშვნელოვნად გამოხატული). განმცხადებელს სარეგისტრაციო ნომერზე მითითებული ჰყავს ლ. ა-ა. განაცხადს აკეთებს მარტო. განმცხადებელს გააჩნდა სამი სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ერთ - ერთი შენობა - ნაგებობით (საკუთრების უფლების რეგისტრაცია გაუქმებულია 2019 წლის 20 თებერვალს), მისამართი - ხაშურის რაიონი, საკრებულო ... (1442.00 კვ.მ., 1540.00 კვ.მ. და 5058.00 კვ.მ.).

კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადის ელექტრონული შეფასების ფორმის თანახმად, 2022 წლის 23 ივნისის მდგომარეობით, ე. შ-ეის განაცხადი შეფასდა 5.00 ქულით (1.50 ქულა - 1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 1 წევრი; 1.50 ქულა - C.1.1 საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ნაქირავები; 2.00 ქულა - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი „შშმპ“ მნიშვნელოვნად გამოხატული). განმცხადებელს სარეგისტრაციო ნომერზე მითითებული ჰყავს ლ. ა-ა. განაცხადს აკეთებს მარტო. განმცხადებელს გააჩნდა სამი სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ერთ - ერთი შენობა - ნაგებობით (საკუთრების უფლების რეგისტრაცია გაუქმებულია 2019 წლის 20 თებერვალს), მისამართი - ხაშურის რაიონი, საკრებულო ... (1442.00 კვ.მ., 1540.00 კვ.მ. და 5058.00 კვ.მ.). ე. შ-ეის მიერ შევსებულია გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარი. გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, ე. შ-ეის განაცხადიდან გამომდინარე, მონიტორინგი განხორციელდა 2021 წლის 21 ოქტომბერს, ხაშურში, მისამართზე სოფელი ..., ორსართულიანი კერძო ბინა. განმცხადებელი და მისი ოჯახი მონიტორინგის მისამართზე ცხოვრობს 1995 წლიდან დღემდე და ქირის გარეშე. 1993 წლიდან ცხოვრობდნენ ქ. ზუგდიდში, ნათესავთან, 1995 წლამდე.

დადგენილია, რომ ე. შ-ეის ოჯახი შედგება 2 წევრისგან: ე. შ-ე და ლ. ა-ა (მეუღლე). დადგენილია, რომ ე. შ-ემ განაცხადა თანხმობა განაცხადში მეუღლის - ლ. ა-ას დამატების თაობაზე.

დადგნილია, რომ მონიტორინგის დროს ე. შ-ე იმყოფებოდა თბილისში, შვილის დასახმარებლად. გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, ე. შ-ეის განაცხადიდან გამომდინარე, მონიტორინგი განხორციელდა 2023 წლის 17 მაისს, მისამართზე - თბილისი, ...ს ქუჩა №..., სართული მე-..., ბინა №.... განმცხადებელი მონიტორინგის მისამართზე ცხოვრობს 6 თვეა. იქამდე ცხოვრობდა ხაშურში, რუსეთში (10 წელი), ბელარუსში (6 წელი) და უკრაინაში. მონიტორინგისას ლ. ა-ა იმყოფებოდა სამსახურში - ხაშურში. განმცხადებლის მითითებით, ქირას იხდის ხელზე. ასევე, ნაკვეთები, რომლებიც მის სახელზე ფიქსირდებოდა მის მფლობელობაში არ იყო და ეკუთვნოდა ცოლისძმას. დღეის მდგომარეობით არავის სახელზე არ არის გაფორმებული, თუმცა უვლის თავად.

2021 წლის 26 თებერვლის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება მდებარე მისამართზე - ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №..., ბინა №... არის ნ. შ-ეის საკუთრებაში.

დადგენილია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 5 თებერვლის №IDP 9 24 00000082 ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლი 28 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №85), გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში, ე. შ-ეის ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) მოცემულ ეტაპზე უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო.

სადავო საკითხზე მსჯელობის მიზნით საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონს რომელიც ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. კანონის მე-2 მუხლი ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ - ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (შემდგომ – გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების აპელირებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის‘’ პირველი დანართის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულის, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2021 წლის 6 ნოემბერს ე. შ-ეის მიერ შევსებულია №... განაცხადი კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე. განაცხადის თანახმად, ე. შ-ემ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა - ხაშური, განმცხადებელს სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს ლ. ა-ა. როგორც გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმით ირკვევა, ე. შ-ეის განაცხადიდან გამომდინარე, მონიტორინგი განხორციელდა 2023 წლის 17 მაისს, მისამართზე - თბილისი, ...ს ქუჩა №..., სართული მე-..., ბინა №.... განმცხადებელი მონიტორინგის მისამართზე ცხოვრობს 6 თვეა. აღნიშნულ პერიოდამდე ცხოვრობდა ხაშურში, რუსეთში (10 წელი), ბელარუსში (6 წელი) და უკრაინაში. განმცხადებლის მითითებით, ქირას იხდის ხელზე. ასევე, ნაკვეთები, რომლებიც მის სახელზე ფიქსირდებოდა მის მფლობელობაში არ იყო და ეკუთვნოდა ცოლისძმას. როგორც გასაჩივრებული 2024 წლის 5 თებერვლის №IDP 9 24 00000082 ბრძანებით ირკვევა, ე. შ-ეის ოჯახს მოცემულ ეტაპზე უარი ეთქვათ კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის მოტივით.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ცალსახაა, რომ განსახილველ შემთხვევაში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა ზემოაღნიშნული „წესის“ შესაბამისად მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, მოცემულ ეტაპზე მოსარჩელის გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის საფუძვლით. აღნიშნული დასაბუთებულია იმ არგუმენტით, რომ ბინა, სადაც განხორციელდა მონიტორინგი და სადაც ე. შ-ეის განმარტებით ცხოვრობს ბოლო 6 თვის მანძილზე, წარმოადგენს მისი შვილის საკუთრებას.

საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ მოცემული სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე დაკმაყოფილდეს საცხოვრებლით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 მარტის №ბს-156(კ-20) განჩინება). შესაბამისად, მხოლოდ მითითებული მოტივით მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ვერ შექმნის გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერად მიჩნევის საფუძველს. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკასაციო საჩივრის შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ოქტომბრის განჩინებაზე, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე