საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე #ბს-642(კ-25) 18 სექტემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მომასუხე) – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ლ. ც-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2022 წლის 22 თებერვალს ლ. ც-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ის არის დევნილი ცხინვალიდან. ლ. ც-ი მიუთითებს, რომ 2021 წლის 16 დეკემბერს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს; თუმცა, განაცხადის დაკმაყოფილებაზე მიიღო უარი, რადგან განუმარტეს, რომ მას სახელმწიფოსგან კომპენსაცია უკვე მიღებული ჰქონდა.
მოსარჩელე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სააგენტოს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მას არანაირი კომპენსაცია არასდროს არ მიუღია.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 30 დეკემბრის #03/22964 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ლ. ც-ის კომპენსირებულ პირთა რეესტრიდან ამორიცხვის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ც-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ც-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 30 დეკემბრის #03/22964 გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილი წესით და ვადაში გამოცემა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ც-ი არის დევნილი ცხინვალიდან. ამასთან, მოსარჩელე და მისი ოჯახის წევრები: რ. ც-ი, მ. მ-ი და ე. თ-ი არიან 2008 წლის ომის შედეგად სოფელ ...დან იძულებით გადაადგილებული პირები. მათი დევნილებად რეგისტრაცია განხორციელდა 2010 წლის ოქტომბერში. რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2010 წლის 11 ოქტომბრის №214 ცნობა, რომლის თანახმად, რ. ც-ი 2008 წლის რუსეთთან ომამდე მუდმივად ცხოვრობდა გორის რაიონის სოფელ ...ში, მისი ოჯახი შედგებოდა 4 წევრისგან: თავად - რ. ც-ი, ე. თ-ი, ლ. ც-ი და მ. მ-ი. ცნობის გაცემის დროისთვის, ოჯახი რეგისტრირებული იყო ქ. თბილისში შემდეგ მისამართზე: ...ის (ყოფილი ...ს ქ. ყოფილი ...ს) ..., №..., სართული ..., ფართი 124.33 კვ.მ. ამასთან, ლ. ც-ი, რ. ც-ი, მ. მ-ი და ე. თ-ი 2010 წლიდან - 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით ფიქსირდებოდნენ ერთ სარეგისტრაციო ნომერზე №007–40038 - ერთ ოჯახად. სს ,,ლ...ს“ 2020 წლის 9 მარტის №11065/07-022002027 წერილით სააგენტოს ეცნობა, კომპენსირებულ ბენეფიციართა სიიდან ამონაწერის თანახმად, 2010 წელს განხორციელდა რ. ც-ისა და მისი ოჯახის წევრებზე: თ-ი ე., ც-ი ლ. და მ-ი მ. (კოდი - ...; მისამართი - ...) კომპენსაციის გაცემა.
საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ ლ. ც-იმა 2021 წლის 27 აგვისტოს განცხადებით მიმართა სააგენტოს და აღინიშნა, რომ საკუთრებაში აქვს სახლი მისამართზე: ქ. თბილისი, ...ს კორპუსი ..., ბინა №..., სადაც ცხოვრობდა შვილთან, მ. მ-ითან ერთად. ამავე განცხადებით, ლ. ც-იმა მოითხოვა მისამართის ცვლილება, კერძოდ, თავისი და თავისი შვილის მ. მ-ის ქ. თბილისში, ...ს ქ. კორპუსი ..., ბინა №...-ში დარეგისტრირება. განცხადებას დაერთო ლ. ც-ისა და მ. მ-ის პირადობის დამადასტურებელი, ასევე იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილის მოწმობები და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. 2019 წლის 5 ივლისს მომზადებული ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ...ს ქუჩა, კორპუსი ..., ბინა №... წარმოადგენდა ლ. ც-ის საკუთრებას, რომლის რეგისტრაციის საფუძველი 2018 წლის პირველი ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება იყო.
ამასთან, საქმეში არსებული მასალებით უდავო ფაქტია, რომ 2021 წლის 17 დეკემბერს ლ. ც-იმა საცხოვრებლით დაკმაყოფილების მიზნით №... განცხადებით მიმართა სააგენტოს. 2021 წლის 30 დეკემბრის №03/22964 წერილით ლ. ც-ის ეცნობა, რომ სააგენტოს დევნილთა ბაზის მიხედვით, სახელმწიფოს მხრიდან გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ლ. ც-ის მიღებული ჰქონდა ფულადი კომპენსაცია. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველსა და შესაძლებლობას, განმეორებით გადაეწყვიტა ლ. ც-ის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხი.
სასამართლოს მიერ გამოიკითხა მოწმე ვ. ჯ-ი, რომლის განმარტებით, 1994 წლიდან - 2006 წლამდე იყო ...ს თემის საკრებულოს თავმჯდომარე. 2004 წელს რ. ც-ის ოჯახმა შეიტანა განცხადება ოჯახის გაყოფის თაობაზე. მათი ოჯახი შედგებოდა 8 წევრისგან. განცხადების საფუძველზე რ. ც-ის ოჯახის გაიყო სამ ნაწილად და საკომლო წიგნში სამივე ოჯახი ცალ-ცალკე დაფიქსირდა შემდეგი სახით: 1. რ. ც-ი და თავისი ცოლი; 2. რ. ც-ის ვაჟი თავისი ოჯახით; 3. ლ. ც-ი და თავისი შვილი. მოწმის ჩვენებით ოჯახის გაყოფამდე ლ. ც-ი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა მამასთან. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ რ. ც-იმა თავის შვილს - ლ.-ს უყიდა ...ში მეზობლად არსებული სახლი 2004-2005 წლებში. ვ. ჯ-იმა აღნიშნა, რომ ც-იებს ჰქონდათ 2 სახლი, თუმცა, გადავიდა თუ არა ლ. ც-ი მამის ნაყიდ სახლში არ იციოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომაზე ასევე გამოიკითხა მოსარჩელს მამა, რ. ც-ი. მოწმის ჩვენებით, 2004 წელს, როდესაც მისი ვაჟი დაქორწინდა, მოითხოვა ოჯახის გაყოფა. რ. ც-ის განამრტებით მან 2006 წელს საკუთარ ქალიშვილს, ლ. ც-ის, ბინა შეუძინა სოფელ ...ში, სახლთან ახლოს. რ. ც-ის განმარტებით 2008 წლის ომის დროს ის შვილებთან ერთად, ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობდა. მოწმის განმარტებით, თავად ცხოვრობდა მეუღლესთან - ე. თ-ითან ერთად. იმავე სახლში ცხოვრობდა მისი შვილი რე. ც-ი, მეუღლესთან - ი. ლ-ითან ერთად, თუმცა გაყოფილი ჰქონდათ სახლი და რ.-ს და მის ოჯახს თავისი წილი ჰქონდათ; მოსარჩელე ლ. ც-ის კი ჰქონდა ცალკე სახლი და ცხოვრობდა შვილთან, მ. მ-ითან ერთად. რ. ც-იმა დაადასტურა, რომ თავად მიიღო კომპენსაცია, მისი შვილი რე. ც-ი კი ცალკე დაკმაყოფილდა. რ. ც-ის განმარტებით, მისი და ლ. ც-ის ოჯახი გააერთიანეს, რათა საერთო კომპენსაცია მიეცათ. მოწმის ჩვენებით, ლ. ც-ი არ იყო თანახმა საერთო კომპენსაციის მიღებაზე, თუმცა ხორციელდებოდა ზეწოლა და მუქარა, რის გამოც იძულებული გახდნენ მიეღოთ და დათანხმებოდნენ საერთო კომპენსაციას. თანხა აიღეს 10 000 დოლარის ეკვივალენტი ლარში.
რ. ც-იმა ასევე აღნიშნა, რომ მის ოჯახს და ლ. ც-ის ოჯახს ცალ-ცალკე სარეგისტრაციო კოდი ჰქონდათ, რომელიც 2009 წელს მიენიჭა, თუმცა როდესაც კომპენსაციის საკითხი დადგა, მაშინ განხორციელდა ოჯახის გაერთიანება იძულებით. მოწმის განმარტებით, სამართალდამცავი ორგანოებში მუქარისა და ზეწოლის ფაქტების შესახებ არ განუცხადებიათ. რ. ც-იმა მიუთითა, რომ თბილისში, ...ს ქუჩაზე არსებული ბინა, მას ეკუთვნის; მან ასევე აღნიშნა, რომ ქონების შეძენის დროს თავად ავად იყო და ლ. ც-იმა ამიტომ გაიფორმა ბინა, თუმცა, შემდეგ, ჩუქების ხელშეკრულებით გადმოეცა საკუთრებაში.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ 2009 წლის 15 იანვრით დათარიღებულ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს №01/12-09-671 წერილზე, რომლითაც რ. ც-ის ეცნობა, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სარეგისტრაციო ბაზაში რეგისტრირებული იყო ქ. თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, ...ს ქუჩაზე, თავდაცვის სამინისტროს ყოფილ შენობაში და მისი ოჯახი შედგებოდა ორი წევრისაგან.
ზემოაღნიშნული დოკუმენტის არსებობის პირობებში სააპელაციო სასამართლომ ვერ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და დადასტურებულად ვერ მიიჩნია კომპენსაციის მიღების დროს - 2010 წელს ლ. ც-ის, რ. ც-ის, მ. მ-ის და ე. თ-ის ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტი. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული და შეფასებული მოსარჩელის მიერ საკომპენსაციო თანხის მიღებასთან დაკავშირებული გარემოებები.
ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული საკითხი საჭიროებდა სრულფასოვან გამოკვლევას და ამიტომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილა ცნო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 30 დეკემბრის №03/22964 გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაავალა საკითხის სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელესთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის გადაწყევტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი დადასტურებულად მიიჩნევსს, რომ მოსარჩელეს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში სახელმწიფოსგან მიღებული აქვს ფულადი კომპენსაცია; შესაბამისად, კი აღნიშნავს, რომ ლ. ც-ი განაცხადის ხელახალი განხილვა ეწინააღმდეგება კანონს, მით უფრო ლ...ს მიერ მოსარჩელის კომპენსირებულ პირად მონიშვნასთან დაკავშირებული ცნობის არსებობის პირობებში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკაშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორედ გადაწყვიტა მოცემული დავა. კასატორმა წარმოდგენილ საკასაციო საჩივრში ვერ გააქარწყლა სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 30 დეკემბრის №03/22964 წერილის კანონიერება და მოპასუხისათვის მოსარჩელის კომპენსირებულთა სიიდან ამორიცხვის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე არის დევნილი ცხინვალიდან. ამასთან, 2019 წლის 5 ივლისს მომზადებული ამონაწერის თანახმად, მოსარჩელეს საკუთრებაში გააჩნდა ბინა ქ. თბილისში, ...ს ქუჩაზე, №... კორპუსში, სადაც ცხოვრობდა შვილთან ერთად.
ამასთან, საქმეში წარმოდგენილია სს ,,ლ...ს“ 2020 წლის 9 მარტის №11065/07-022002027 წერილი, რომლის მიხედვითაც სააგენტოს ეცნობა, კომპენსირებულ ბენეფიციართა შესახებ; ზემოაღნიშნული დოკუმენტის მიხედვით დასტურდება 2010 წელს რ. ც-ის ოჯახისათვის სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გადაცემის ფაქტი და ამავე მიმართვაში რ. ც-ის ოჯახი განსაზღვრულია 4 წევრით; თუმცა, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს განსახილველ საქმეში დაცულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2009 წლის 15 იანვრის №01/12-09-671 წერილზე, რომლითაც რ. ც-ის ეცნობა, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სარეგისტრაციო ბაზაში რეგისტრირებული იყო ქ. თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, ...ს ქუჩაზე, თავდაცვის სამინისტროს ყოფილ შენობაში და მისი ოჯახი შედგებოდა ორი წევრისაგან.
ზემოაღნიშნული ორი, ურთიერთგამომრიცხავი დოკუმენტის არსებობის პირობებში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მოსარჩელის მიერ კომპენსაციის მიღების ფაქტი; საკასაციო
პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ წარმოდგენილი საქმე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული და შეფასებული მოსარჩელის მიერ საკომპენსაციო თანხის მიღებასთან დაკავშირებული გარემოებები;
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დავა არსებითად გადაწყვეტილი არ არის. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ლ. ც-ითან მიმართებით ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომპენსაციის მიღების პერიოდში არსებული ფაქტობრივი გარემოებები ჯეროვნად უნდა გამოიკვლიოს, შეაფასოს, და შემდეგ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა