საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-726(კ-25) 18 სექტემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ს. ჭ-ე
დავის საგანი – ჯარიმის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2021 წლის 26 აპრილს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ს. ჭ-ეის მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 5 ოქტომბრის №3010 ბრძანებით სამოქალაქო პირი ს. ჭ-ე გაიწივიეს და ჩაირიცხა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში და მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება „...“ 2012 წლის 16 სექტემბრიდან. ამასთან, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 24 ოქტომბრის MOD 4 17 00003540 ბრძანების საფუძველზე მოპასუხე 2017 წლის 26 ნოემბრიდან 2018 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით მივლინებულ იქნა დიდ ბრიტანეთში სამხედრო ოფიცრის მომზადების კურსზე; გარდა ამისა, მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 3 ნოემბრის MOD 5 17 00000896 ბრძანების საფუძველზე მოპასუხესთან დაიდო კონტრაქტი თავდაცის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ’’ 2017 წლის 26 ნოემბრიდან 2025 წლის 26 ნოემბრამდე ვადით.
მოსარჩელის განმარტებით მოპასუხე სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ იქნა პირადი პატაკის საფუძველზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 15 აგვისტოს №3826 ბრძანებით ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 მუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე. მოსარჩელემ ასევე მიუთითა ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 16 აპრილის წერილზე, რომლის თანახმად მოპასუხეს კონტრაქტის დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის თანხა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახაზინო კოდზე არ ჩაურიცხავს.
ამრიგად, მოპასუხემ მოითხოვა მოპასუხისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის 28 000 ლარისა და 2019 წლის 15 აგვისტოდან 2021 წლის 26 აპრილამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმის თანხის - 28 000 ლარის 0,2%-ის ოდენობით, პირგასამტეხლოს ანაზღაურება დაკისრება.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა „სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული წესის XVIII თავის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ამ კონტრაქტით განსაზღვრული ოდენობის ფინანსური პასუხისმგებლობა წარმოიქმნება, თუ სამხედრო მოსამსახურე, სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (გარდა ატესტაციის შედეგების გამო მოსამსახურის დათხოვნის შემთხვევებისა), „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ („თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დათხოვნისასკონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში, თუ კონტრაქტით სხვა რამ არ არის დადგენილი) ქვეპუნქტების საფუძველზე. ამდენად, კოლეგიამ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე - ს. ჭ-ე, სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდა და მასთან სამხედრო სამსახურის გავლის თაობაზე ხელშეკრულება ვადამდე შეწყდა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო (პირადი პატაკით), რაც თავის მხრივ, ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტის თანახმად, კონტრაქტის პირობების დარღვევას გულისხმობს, ხოლო ეს საფუძველი, ამავე ნორმატიული აქტის მიხედვით, ფინანსური პასუხისმგებლობის პირობას წარმოშობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ს. ჭ-ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაევალა ჯარიმის თანხის - 28 000 ლარისა და 2019 წლის 15 აგვისტოდან 2021 წლის 26 აპრილამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმის თანხის - 28 000 ლარის 0,02%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს ანაზღაურება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ჭ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმედა და ახალი გადაწყვეტილებით მისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ს. ჭ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ს. ჭ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის თანხის ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 5 ოქტომბრის №3010 ბრძანებით სამოქალაქო პირი ს. ჭ-ე გაიწვიეს და ჩაირიცხა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად. „სამხედრო ვალდებულებისა და „ა.ბ.“ ქვეპუნქტების და მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება „...“ 2012 წლის 16 სექტემბრიდან. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დადგინდა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 24 ოქტომბრის MOD 4 17 00003540 ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ..., ... ცენტრის ..., ... ს. ჭ-ე, 2017 წლის 26 ნოემბრიდან 2018 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით, მივლინებული იქნა დიდ ბრიტანეთში (ქ. ...) დაგეგმილ სამხედრო ოფიცრის მომზადების კურსზე დასასწრებად. გარდა ამისა, სააპელაციო პალატის მიერ დადგინა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ს. ჭ-ეს შორის 2017 წლის 26 ნოემბრიდან 8 წლის ვადით გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ, რომლის საფუძველზეც, სამხედრო მოსამსახურე ს. ჭ-ე კვალიფიკაციის ამაღლების, მომზადების ან გადამზადების მიზნით მივლინებული იქნებოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ექვს თვეზე მეტი ხნის ვადით. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მე-7 მუხლი არეგულირებდა სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის განსაკუთრებული პირობები, რომლის 7.3. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ „სამხედრო მოსამსახურე“ მივლინების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მე-3 მუხლით განსაზღვრული ვადის განმავლობაში თავისი სურვილით დატოვებდა შეიარაღებულ ძალებს ან შექმნიდა პირობებს იმისთვის, რომ სამინისტრო იძულებული გამხდარიყო შეეწყვიტა კონტრაქტი, „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, აენაზღაურებინა ჯარიმა - 28 000 ლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 7.4. პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის მიერ, 7.3. პუნქტში აღნიშნული თანხის ამავე პუნქტით დადგენილ ვადებში დაფარვის ვალდებულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, აღნიშნულ თანხას დაერიცხებოდა პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლოს მიერ, დადგენილად შეფასდა 2019 წლის 5 აგვისტოს ს. ჭ-ეის მიერ ... ... ცენტრისადმი მიმართვისა და კონტრაქტის შეწყვეტის მოთხოვნის ფაქტი; მოპასუხის პირადი პატაკის პასუხად ს. ჭ-ეს ეცნობა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. შეტყობინებით მოპასუხეს განემარტა, რომ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან დადებული კონტრაქტის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მის მიმართ განხორციელდებოდა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინებისთვის საჭირო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. საქმეში წარმოდგენილი მასალებით ასევე დასტურდება, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 15 აგვისტოს MOD 3 19 00003826 ბრძანებით „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ... ... ცენტრის ... (საშტატო კატეგორია - ...; შტატი №...) ... - ს. ჭ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან.
სააპელაციო პალატამ, განსხვავებით პირველი ინსტანციის სასამართლოსგან, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ს. ჭ-ეს შორის გაფორმებული 2017 წლის 26 ნოემბრის №1325 კონტრაქტის 7.3 პუნქტით გათვალისწინებულიო ჯარიმა, თავისი შინაარსითა და მისი სამართლებრივი ბუნებით, ფაქტობრივად წარმოადგენს პირგასამტეხლოს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის დისპოზიციაზე, რომლის მიხედვითაც პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. სააპელაციო პალატის განმარტებით, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის გათვალიწინებით, ვინაიდან ს. ჭ-ემ დაარღვია კონტრაქტით გათვალისწინებული პირობა და ვადამდე შეწყვიტა კონტრაქტი, ავტომატურად წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს (იგივე ჯარიმა) დაკისრების წინაპირობა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს თანხის განსაზღვრის მიზნით სასამართლოს მიერ მართებულად მოხდა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გავრცელება.
სააპელაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ მართალია ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, თუმცა, ამასთან სასამართლო მოქმედებს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის უფლებამოსილების ფარგლებში და მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ ნორმის გამოყენებისას, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, ვალდებულების დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
სააპელაციო პალატამ განსახილველ საქმესთან მიმართებით განმარტა, რომ 2017 წლის 26 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ს. ჭ-ეს შორის
გაფორმებული კონტრაქტი ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაა (დამტკიცებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით), შესაბამისად, კონტრაქტით დაკისრებული პირგასამტეხლო (ჯარიმა) სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ უნდა იქნეს განხილული, რომლის შემცირება დასაშვებია. ზემოაღნიშნულ მსჯელობის დასაბუთების მიზნით პალატამ მიუთითა ამჟამად მოქმედი თავდაცვის კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, თუ სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტი ვადამდე არ შეწყდება ამ კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“−„ვ“, „ი“−„ლ“ და „პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლით, აღნიშნული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტისთვის პირს შეიძლება დაეკისროს ჯარიმა 1 500 ლარიდან 28 000 ლარამდე ოდენობით, თუკი მასთან გაფორმებული, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კონტრაქტი კონკრეტული ოდენობის ჯარიმის გადახდის ვალდებულებას ითვალისწინებს.
სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მყარად დადგენილ ერთგვაროვან პრქტიკაზე, რომლის თანახმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია შეაფასოს პირგასამტეხლოს გონივრულობა და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერება. სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს არამარტო პირის ქონებრივი, არამედ ყველა სხვა პატივსადები ინტერესი, შეაფასოს, როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ გაიზიარა ს. ჭ-ეის სააპელაციო საჩივარში გამოთქმული მოსაზრებები პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ და ს. ჭ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით 1000 ლარის გახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების XVIII თავზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხმისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლებსა და წესს. კასატორის მითითებით, რამდენადაც განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა მოწესრიგებული კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე, დაუშვებელია ჯარიმის შემცირება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დანაწესის საფუძვლით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული განჩინების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ს. ჭ-ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაევალა ჯარიმის თანხის - 28 000 ლარისა და 2019 წლის 15 აგვისტოდან 2021 წლის 26 აპრილამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმის თანხის - 28 000 ლარის 0,02%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს ანაზღაურება. თუმცა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ს. ჭ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ს. ჭ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის თანხის ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 5 ოქტომბრის №3010 ბრძანებით სამოქალაქო პირი ს. ჭ-ე გაწვეული და ჩარიცხული იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად. 2012 წლის 16 სექტემბრიდან მოპასუხეს მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება „...“. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 24 ოქტომბრის MOD 4 17 00003540 ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ..., ... ცენტრის ..., ... ს. ჭ-ე, 2017 წლის 26 ნოემბრიდან 2018 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით, მივლინებული იქნა დიდ ბრიტანეთში (ქ. ...) დაგეგმილ სამხედრო ოფიცრის მომზადების კურსზე დასასწრებად.
ამასთან, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ს. ჭ-ეს შორის 2017 წლის 26 ნოემბრიდან 8 წლის ვადით გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ, რომლის საფუძველზეც, სამხედრო მოსამსახურე ს. ჭ-ე კვალიფიკაციის ამაღლების, მომზადების ან გადამზადების მიზნით მივლინებული იქნებოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ექვს თვეზე მეტი ხნის ვადით.
სასამართლოს მიერ დადგენილად შეფასდა 2019 წლის 5 აგვისტოს ს. ჭ-ეის მიერ ... ... ცენტრისადმი მიმართვისა და კონტრაქტის შეწყვეტის მოთხოვნის ფაქტი; საქმეში წარმოდგენილი მასალებით ასევე დასტურდება, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 15 აგვისტოს MOD 3 19 00003826 ბრძანებით „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ... ... ცენტრის ... (საშტატო კატეგორია - ...; შტატი №...) ... - ს. ჭ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ 2017 წლის 26 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ს. ჭ-ეს შორის გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა თავისი შინაარსითა და სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს პირგასამტეხლოს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, თუმცა სასამართლო, თავის მხრივ, უფლებამოსილია იმოქმედოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში და იმსჯელოს პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მითითებული ნორმის საფუძველზე პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, ვალდებულების დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესსა და სხვა ობიექტურ გარემოებებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ უნდა იქნეს მიჩნეული. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხისათვის დაკისრებული 1 000 - ლარიანი ჯარიმა შესატყვისია და შესაბამისობაშია მოპასუხის მიერ დარღვეული ვალდებულების სიმძიმესთან და ზოგადად, სამართლიანობის პრინციპებთან, რამდენადაც ჯარიმის 28 000 ლარით განსაზღვრა შეუსაბამოდ არათანაბარ სამართლებრივ თუ უფლებრივ მდგომარეობაში ამყოფებს სამხედრო მოსამსახურეს და მთლიანად დამოკიდებულს ხდის კონტრაქტორზე, რის გამოც ჯარიმის თანხის გონივრულ ფარგლებში შემცირება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიზანს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ჯარიმის სახით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს კანონისმიერ ფიქსირებულ თანხას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2022 წლის 26 ოქტომბერის №505 დადგენილებით ცვლილება შევიდა კანონქვემდებარე აქტში - საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებულ „სამხედრო სამსახურის შესახებ“ დებულებაში, კერძოდ, განისაზღვრა ჯარიმის ოდენობა სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში (კონტრაქტის სახის გათვალისწინებით). დადგენილია, რომ დ. კ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის კონტრაქტი დადებულია 2019 წლის 9 სექტემბერს. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24.2 მუხლის თანახმად, ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არ აქვს. მოცემულ შემთხვევაში, საკანონმდებლო ცვლილებები მის ძალაში შესვლამდე არსებულ ურთიერთობაზე ვერ გავრცელდება. განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დადგენილი პასუხისმგებლობის ზომა - ჯარიმა, გათვალისწინებულია სამხედრო მოსამსახურესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული კონტრაქტით. ამდენად, მოცემულ სამართალურთიერთობაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მსგავსი კატეგორიის დავებთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ჩამოყალიბებული აქვს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომლის თანახმად, პირისათვის კონტრაქტით დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა არაერთ დავაში იქნა მიჩნეული შეუსაბამოდ და არაგონივრულად, რამაც დაკისრებული თანხის შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების წარმოშობა განაპირობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 იანვრის №ბს-929(კ-22), 2022 წლის 10 მარტის №ბს-993(კ-21) განჩინებები).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა