საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე №367აპ-14 16 მარტი, 2015 წ.
ს-ე ი, 367აპ-14 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: პაატა სილაგაძე
გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ს-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ივლისის განაჩენზე.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 აგვისტოს განაჩენით ი. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ი. ს-ე დაპატიმრებისთანავე უნდა შესახლდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და პატიმრობის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაპატიმრების მომენტიდან.
მასვე საქართველოს სსკ–ის 41–42–ე მუხლების თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა - 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ს-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ი. ს-ე გათავისუფლდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ი. ს-ე გათავისუფლდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული საპატიმრო სასჯელის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ი. ს-ს ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად დარჩა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ივლისის განაჩენით ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 აგვისტოს განაჩენში (ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განჩინების გათვალისწინებით) შევიდა ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
ი. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე, 236–ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე, 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ამჟამად მოქმედი რედაქცია) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 8 ოქტომბრიდან.
მასვე საქართველოს სსკ–ის 41–42–ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ი. ს-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი. ს-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ივლისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი