საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-124(კ-25) 3 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. ხ-ის და მ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოსარჩელე - ი. ხ-ი, მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, საქართველოს მთავრობა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ი. ხ-იმა, ქ. ხ-იმა და მ. ხ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს მთავრობის და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი, სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 31 დეკემბრის №03/23000 გადაწყვეტილება; ბ) ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 ივლისის №1407 განკარგულება მოსარჩელეთა ნაწილში; გ) ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი 2015 წლის 14 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებული, ერთი მხრივ, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, წარმომადგენელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ და, მეორე მხრივ, რ. ჯ-ას, ი. ხ-ის, ირ. ხ-ის, მ. ხ-ისა და ქ. ხ-ის შორის, მოსარჩელეების ნაწილში; დ) დაევალოს მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელეების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით ი. ხ-ის, ქ. ხ-ის და მ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელეთა მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ი. ხ-ის, ქ. ხ-ის და მ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ხ-იმა და მ. ხ-იმა.
საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლოებმა არ დაასაბუთეს, განსახილველ შემთხვევაში, ითვლებიან თუ არა დევნილი ბავშვები საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულად. სააპელაციო სასამართლომ ხაზი გაუსვა მშობლის წარმომადგენლობითი უფლების გამოყენებას და არაფერი უთქვამს ბავშვის საუკეთესო ინტერესზე. არასრულწლოვნები, მათი ასაკის გათვალისწინებით, გარიგების დადების ნაწილში უნარების არმქონედ ითვლებიან და ისინი ვერ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროს (2015 წელს) არ იყო ბავშვის უფლებათა კოდექსი ამოქმედებული, სახელმწიფო, ბავშვთა უფლებათა კონვენციიდან გამომდინარე, ვალდებული იყო გაეკონტროლებინა თუ რამდენად სწორად იყენებდა მშობელი შვილის წარმომადგენლობის უფლებას. კანონმდებელი ერთმანეთისგან მიჯნავს მშობლის უფლება-მოვალეობებს და მშობლის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, რომლის მიზანია არასრულწლოვანი პირის ინტერესები უზრუნველყოს მესამე პირებთან ურთიერთობაში. უსახლკარო და სოციალურად დაუცველმა ბავშვებმა კომპენსაციის და ბინის მოთხოვნის უფლება იმის გამო დაკარგეს, რომ მათი უფლებები არც სახელმწიფომ და არც მშობელმა არ დაიცვა. ბავშვებს არასოდეს უსარგებლიათ მათზე გადაცემული უძრავი ქონებით, მათ მოთხოვნას კი, სასამართლო ხანდაზმულად მიიჩნევს და ბავშვის უფლებათა კოდექსის კონკრეტულ მუხლზე მიუთითებს, რომელზეც არ ვრცელდება ხალდაზმულობა. სასამართლოს არ გამოუყენებია კანონის ანალოგია, ხანდაზმულობის ათვლის მიზნებისთვის კი, არ გაითვალისწინა ბავშვების ასაკი, რომლებიც ვერ აცნობიერებდნენ დაირღვა თუ არა მათი უფლებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკმარისი საფუძვლები არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებით მოსარჩელეთა მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. ხ-ის და მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ხ-ის და მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ი. ხ-ი და მისი შვილები - ... წლის ...ს დაბადებული მ. ხ-ი და ... წლის ...ს დაბადებული ქ. ხ-ი არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები (ტ.1. ს.ფ. 17-19); ბ) 2022 წლის 26 იანვრის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, ი. ხ-ის ოჯახს აქვს სარეიტინგო ქულა 1000, იღებს შემწეობას (ტ.1. ს.ფ. 20); გ) 2021 წლის 20 სექტემბრის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს №03/16071 წერილით, ი. ხ-ის მის განცხადებაზე ეცნობა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა, დროებით განსახლების მიზნით, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისათვის საჭირო თანხით უზრუნველყოფის თაობაზე (ტ.1. ს.ფ. 22); დ) 2021 წლის 21 დკემბრის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განცხადებით მიმართეს ი. ხ-იმა, მ. ხ-იმა და ქ. ხ-იმა (ტ.1. ს.ფ. 26); ე) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 31 დეკემბრის №03/23000 გადაწყვეტილებით, ი. ხ-ის ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, იგი დაკმაყოფილებული იყო საცხოვრებელი ფართით შემდეგ მისამართზე - თბილისი, ...ს ქუჩა №..., ... სართული, ბინა №... (ს.კ. ...). ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული დევნილი პირი/დევნილი ოჯახი ხელმეორედ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას არ ექვემდებარება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტო მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველსა და შესაძლებლობას, დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით (ტ.1. ს.ფ. 21); ვ) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმის პრივატიზების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 ივლისის №1407 განკარგულებით, „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის და მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ნივთები უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცა ამავე დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს, მათ შორის, რ. ჯ-ას, დ. ხ-ის, ი. ხ-ის, ირ. ხ-ის, მ. ხ-ისა და ქ. ხ-ის გადაეცათ ბინა მდებარე თბილისი, ...ს ქუჩა №3, მე-3 სართული, ბინა №..., ს.კ. ... (ს.ფ. 65-67); ზ) 2015 წლის 14 ივლისს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, ერთი მხრივ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სახით (,გამყიდველი’’) და მეორე მხრივ, რ. ჯ-ას, ი. ხ-ის, ირ. ხ-ის, მ. ხ-ისა და ქ. ხ-ის (,,მყიდველი’’) შორის. ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველი უსასყიდლოდ გადასცემს ხოლო მყიდველები თანასაკუთრებაში იღებენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე ქალაქი თბილისი, ...ს ქუჩა №3, (ნაკვეთი ...) ... სართული, ბინა №..., ფართობით - 17.71 კვადრატული მეტრი, საკადასტრო კოდი .... აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელს აწერს რ. ჯ-ა, პირადად და როგორც ი. ხ-ის, ირ. ხ-ის, მ. ხ-ისა და ქ. ხ-ის წარმომადგენელი (ტ.1. ს.ფ. 29-31, 73-81); თ) უძრავი ქონება მდებარე თბილისი, ...ს ქუჩა №3, (ნაკვეთი ...), სართული ..., ბინა №..., ფართი 17,71 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი ..., თანასაკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ი. ხ-ის, ირ. ხ-ის, მ. ხ-ის, რ. ჯ-ასა და ქ. ხ-ის სახელზე. უფლების რეგისტრაციის თარიღი 2015 წლის 17 ივლისი. უფლების დამდგენი დოკუმენტი -ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებული 2015 წლის 14 ივლისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ (ტ.1. ს.ფ. 32-33, 73-81); ი) უძრავი ქონება მდებარე თბილისი, ...ს ქუჩა №3, (ნაკვეთი ...), სართული 3, ბინა №..., ფართი 17,71 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი ..., საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია დ. ფ-ის სახელზე. უფლების რეგისტრაციის თარიღი 2020 წლის 7 აგვისტო. უფლების დამდგენი დოკუმენტი -ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებული 2016 წლის 18 იანავრს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებული 2016 წლის 18 იანავრს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებული 2016 წლის 13 იანავრს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ (ტ.1. ს.ფ. 34-35); კ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 8 დეკემბრის №03/21430 წერილით ი. ხ-ის ეცნობა, რომ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე დაკმაყოფილებულ იქნა საცხოვრებელი ფართით მისამართზე თბილისი, ...ს ქუჩა №..., მე-... სართული, ბინა №... (ს.კ. ...). საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განცხადებები, რომლებსაც დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და სათანადო ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველსა და შესაძლებლობას, გადაწყვიტოს განცხადებაში დასმული მოთხოვნა განმეორებით საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით (ტ.1. ს.ფ. 36).
მოცემულ შემთხვევაში დავა იმ განკარგულებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას შეეხება (კასატორთა ნაწილში) რომლითაც კასატორები საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდნენ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს იძულებით გადაადგილებულ პირის – დევნილის დეფინიციას, კერძოდ, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება.
ზემოხსენებულ მიზანს ემსახურება ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-63 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის პროცედურებს. კერძოდ, მოცემული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში შეიძლება გადაეცეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს − დევნილებს. მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის მიერ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად საკითხს ამზადებს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს ქონების მმართველი. მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ აქტის მიღებიდან 3 თვის ვადაში ქონების სააგენტოსა და ქონების შემძენს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება.
საკასაციო პალატა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმის პრივატიზების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 ივლისის №1407 განკარგულებით, „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის და მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ნივთები უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცა ამავე დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს, მათ შორის, რ. ჯ-ას, დ. ხ-ის, ი. ხ-ის, ირ. ხ-ის, მ. ხ-ისა და ქ. ხ-ის გადაეცათ ბინა მდებარე თბილისი, ...ს ქუჩა №3, ... სართული, ბინა №..., ს.კ. ...
2015 წლის 14 ივლისს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, ერთი მხრივ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სახით (,გამყიდველი’’) და მეორე მხრივ, რ. ჯ-ას, ი. ხ-ის, ირ. ხ-ის, მ. ხ-ისა და ქ. ხ-ის (,,მყიდველი’’) შორის. ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველი უსასყიდლოდ გადასცემს ხოლო მყიდველები თანასაკუთრებაში იღებენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე ქალაქი თბილისი, ...ს ქუჩა №3, (ნაკვეთი ...) ... სართული, ბინა №..., ფართობით - 17.71 კვადრატული მეტრი, საკადასტრო კოდი .... აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელს აწერს რ. ჯ-ა, პირადად და როგორც ი. ხ-ის, ირ. ხ-ის, მ. ხ-ისა და ქ. ხ-ის წარმომადგენელი
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული გარიგება, სახელმწიფო ქონების გასხვისების შესახებ, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს.
ნასყიდობის ხელშეკრულების კასატორთა მიმართ ბათილობის ნაწილში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწლზე, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასება, რომ გასაჩივრებული განკარგულებისა და ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი ხანდაზმულია. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის როგორც სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 22-ე მუხლის მეორე პუნქტის, ისე მოქმედი რედაქციის 65 მუხლის თანახმად, პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად კი, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ ხელშეკრულების დადების შესახებ მოსარჩელეებისათვის ცნობილი არ იყო, ან ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყვეს. მხარეთა შორის 2015 წელს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას ხელს აწერს რ. ჯ-ა, პირადად და როგორც ი. ხ-ის, ირ. ხ-ის, მ. ხ-ისა და ქ. ხ-ის წარმომადგენელი. საქმეში წარმოდგენილია ი. ხ-ის მიერ რ. ჯ-ას სახელზე გაფორმებული მინდობილობა, რომელსაც თანხმობა ეთქვა მოსარჩელის (ირმ. ხ-ის) შვილების სახელით ფართის გაფორმებასთან დაკავშირებით საქმე ეწარმოებინა. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ი. ხ-ის, როგორც კასატორთა კანონიერ წარმომადგენელს, არ ჰქონდა ინფორმაცია ფართით დაკმაყოფილების შესახებ, გარდა ამისა, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს მოსარჩელეთა ცალკე ოჯახად ცხოვრების ფაქტს. მოსარჩელეთა თანასაკუთრებად უძრავი ქონება 2015 წლის 17 ივლისს აღირიცხა. ამასთანავე, 2021 წლის 31 აგვისტოს საჯარო რეესტრის ამონაწერი მიხედვით, ზემოხსენებული უძრავი ქონების მესაკუთრე დ. ფ-ია, რაც მოსარჩელეთა მიერ მათივე უფლების რეალიზებაზე მიუთითებს. იმ პირობებში, როდესაც კასატორები გარიგების ბათილად ცნობას მოითხოვენ, კანონით განსაზღვრული 3 წლიანი ვადის ათვლა სწორედ ხელშერკულების გაფორმების თარიღიდან უნდა დაწყებულიყო. შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობასთან დაკავშირებით სარჩელი, 2022 წლის 27 იანვარს, ხანდაზმულობის ვადის დარღვევით იქნა წარდგენილი.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ხ-ის და მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. შონია