საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-683(2კ-25) 19 სექტემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - (მოსარჩელე) - თ. ხ-ა, მესამე პირები (16.2) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, მ. ხ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ხ-ამ 2019 წლის 14 აგვისტოს სარჩელით, შემდგომ კი დაზუსტებული სარჩელით (09.10.2019 წელი) მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 5 აპრილის N05/04/04 განკარგულების (სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ), სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 2 აგვისტოს N04/41461 გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების (საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულ პირთა - დევნილთა ერთიანი ბაზიდან თ. ხ-ას ამორიცხვის თაობაზე) მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 02 მარტის საოქმო განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტო. ამავე თარიღის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა მ. ხ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 05 აპრილის №05/04/04 განკარგულება, თ. ხ-ას ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 02 აგვისტოს №04/41461 წერილობითი მიმართვა; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილლებულ პირთა - დევნილთა ერთიანი ბაზიდან თ. ხ-ას ამორიცხვის თაობაზე. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს პრეზიდენტის და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს პრეზიდენტის და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-2, მე-6 მუხლები, ასევე სადავო პერიოდში მოქმედი „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია საქართველოს 02/06/2014წ. №1982 კანონით) 11, მე-5 მუხლები, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-18 მუხლები, ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულება და აღნიშნა, რომ დევნილის საოჯახო ნომერზე რეგისტრირებული პირის მხრიდან მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ პრეტენზიის წარმოშობის შემთხვევაში, ოჯახთან ერთად მისი დაკმაყოფილებულად მიჩნევისათვის, აუცილებელია დადასტურდეს ამ პირის იმ ოჯახის შემადგენლობაში შესვლა, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაკმაყოფილებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ სახელმწიფოს ვალდებულება რჩება შეუსრულებელი.
სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, სახელმწიფოს მხრიდან კმაყოფილდებიან დევნილი ოჯახები და არა ერთეულად ინდივიდები, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, თ. ხ-ას ოჯახის შემადგენლობაში მ. ხ-ას ყოფნის, შინასამეურნეო საქმიანობის ერთობლივად გაწევის დასადასტურებლად ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენია მტკიცებულება. მიეთითა, რომ თ. ხ-ა, სადავო განკარგულების გამოცემისას არ იმყოფებოდა საქართველოში და აღნიშნული გარემოების შესახებ, ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულების შესაბამისად, ინფორმაცია უნდა ჰქონოდათ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს. საგულისხმოდ იქნა მიჩნეული ის ფაქტიც, რომ 2012 წლის 6 აპრილის ხელშეკრულებაში, კერძოდ ოჯახის წევრების ჩამონათვალში არ არის მითითებული მისი სახელი და გვარი. ზემოაღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 5 აპრილის №05/04/04 განკარგულების (თ. ხ-ას ნაწილში) ბათილად ცნობის ნაწილში და მიუთითა, რომ ვინაიდან ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 5 აპრილის №05/04/04 განკარგულება თ. ხ-ას ნაწილში, ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 02 აგვისტოს №04/41461 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი და შესაბამისად, სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულ პირთა - დევნილთა ერთიანი ბაზიდან თ. ხ-ას ამორიცხვის შესახებ.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხს, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი და განმარტა, რომ მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს ის შეფასება, რომ სწორედ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 02 აგვისტოს №04/41461 წერილით გახდა ცნობილი მოსარჩელისათვის ის გარემოება, რომ ითვლებოდა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულად. ასევე მიეთითა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ვერ დადასტურდა საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 5 აპრილის №05/04/04 განკარგულებაში მოსარჩელის მითითების შესახებ მისთვის ინფორმირების ფაქტი, ამდენად, დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული ადმინისტრაციულ ორგანოთა მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და საქართველოს პრეზიდენტის მიერ.
კასატორის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლის მსჯელობით სახელმწიფოს მიზანი იყო დევნილთა ოჯახები უზრუნველეყო საცხოვრებლით. მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულებაზე და განმარტავს, რომ კანონშიც და განკარგულებაშიც ნახსენებია დევნილთა ოჯახები და არა მისი რომელიმე წევრი ცალ - ცალკე. მისივე განმარტებით, იმ პერიოდისათვის, როდესაც მოსარჩელეს საცხოვრებელი გადაეცა, პროცედურა არ ითვალისწინებდა ოჯახის ყველა წევრისათვის თანასაკუთრებაში ფართის დარეგისტრირებას. ხელშეკრულების დადებისას ოჯახის წევრები თვითონ განსაზღვრავდნენ ოჯახის უფროსს და მასზე ფორმდებოდა ხელშეკრულება, ხოლო დანარჩენი წევრები შეყვანილი იქნენ როგორც ამ ფართში მცხოვრები პირები. კასატორის მსჯელობით, სააგენტოს მოქმედება კანონიერია და სააგენტო მონაცემთა ბაზაში ცვლილებას ვერ განახორციელებს განკარგულებაში ცვლილების შეტანამდე, კერძოდ იმ განკარგულების გაუქმებამდე, რომლის საფუძველზედაც მოსარჩელეს გადაეცა საცხოვრებელი ფართი და დევნილთა მონაცემთა ბაზაში განხორციელდა შესაბამისი ჩანაწერი - საცხოვრებლით უზრუნველყოფილი. რაც შეეხება თავად განკარგულებას, წარმომადგენლის განმარტებით, იგი გამოიცემოდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ და იგი დღემდე არ არის გაუქმებული.
საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცედურის ნაწილში კასატორი აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაცემის პროცესში სამინისტროს კომპეტენცია განსაზღვრულია მხოლოდ სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაციაზე. უშუალოდ უძრავი ქონების, მიწის და შენობების გამოყოფაზე პასუხისმგებელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას, საცხოვრებლის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე იღებს საქართველოს მთავრობა ერთჯერადი განკარგულებით და საცხოვრებელი ფართობი - ბინა დევნილ ოჯახებს საკუთრებაში გადაეცემათ სიმბოლურ ფასად, 1 (ერთი) ლარად, (ხოლო იმ პერიოდისათვის როდესაც მოსარჩელის ოჯახთან ხელშეკრულება დაიდო საბოლოო გადაწყვეტილებას იღებდა საქართველოს პრეზიდენტი). წარმომადგენელი აკონკრეტებს, რომ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემას სამინისტრო არ ახორციელებს, სამინისტრო ვალდებულია დევნილის დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფაზე, რაც მისივე მსჯელობით, განსახილველ შემთხვევაში დაცულია. აღნიშნავს, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებები ეფუძნება დევნილების გადაწყვეტილების ნებაყოფლობისა და თავისუფალი არჩევანის პრინციპს, რომლის გათვალისწინებით, დევნილები საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში ნებაყოფლობით და ზეგავლენის გარეშე იღებენ ძირითად გადაწყვეტილებებს საცხოვრებელი ფართების დაკანონებასთან დაკავშირებით. მიუთითებს, რომ ხელშეკრულების დადების დროს, არ არსებობდა არანაირი უკანონო სახის ზეგავლენა, რომელიც დევნილებს აიძულებდა მათი ნების საწინააღმდეგოდ ხელი მოეწერათ აღნიშნულ ხელშეკრულებაზე. მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების ფარგლებში წარმომადგენელი ითხოვს მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
კასატორი - საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, მისივე განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 5 აპრილის N05/04/04 განკარგულებით განხორციელდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქალაქი ბორჯომი, ...ს ქუჩა N..., სს „მ..." (საკადასტრო კოდი N...) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაცემა ამავე განკარგულების დანართში მითითებული ფიზიკური პირებისათვის, კერძოდ სახელმწიფო ქონების პრივატიზება განხორციელდა მ. ხ-ას (ოჯახის უფროსი) და თ. ხ-ას სასარგებლოდ. მიუთითებს, რომ თ. ხ-ას დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) წარმოადგენს ქალაქი ბორჯომი, ...ს ქუჩა N..., სს „მ...". იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის ანკეტით დადგენილად მიიჩნევს, რომ თ. ხ-ას და მ. ხ-ას მინიჭებული აქვთ იდენტური სარეგისტრაციო ნომერი - 022-00080. მ. ხ-ას დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) წარმოადგენს ასევე სამცხე - ჯავახეთი, ბორჯომი, ...ს ქუჩა N..., სს „მ...". დადგენილად მიიჩნევს, რომ მათი დროებითი საცხოვრებელი ადგილი და პრივატიზებული სახელმწიფო ქონების მისამართი ერთმანეთს შეესაბამება. ამდენად, მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზება განხორციელდა კანონის შესაბამისად. ხოლო რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე სადავო განკარგულების გამოცემისას არ იმყოფებოდა საქართველოში და რომ ხელშეკრულებაში მოსარჩელე არ არის მითითებული, კასატორის მსჯელობით, მხოლოდ აღნიშნული ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილების და შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი. კასატორი ასევე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, სარჩელის ხანდაზმულობაზე მსჯელობის ნაწილში და მიუთითებს, რომ სადავო ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის მოსარჩელე ფაქტობრივად წარმოადგენდა რა ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის ოჯახის წევრს, ამასთან, მას ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ წლების განმავლობაში არ მიუმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ბინით დაკმაყოფილების მოთხოვნით, შესაბამისად მიიჩნევს, რომ არსებობს საფუძველი დასკვნისათვის, მოსარჩელემ იცოდა ბინით დაკმაყოფილების თაობაზე ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის. ამდენად, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების ფარგლებში წარმომადგენელი ითხოვს გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 5 აპრილის 05/04/04 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ" თ. ხ-ას ნაწილში და მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელე თ. ხ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა აფხაზეთი, ოჩამჩირე, სოფელი ....
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ 2014 წლის 4 ნოემბერს გაცემული დევნილის A313671 მოწმობით დადგენილია, რომ თ. ხ-ას დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) წარმოადგენს სამცხე - ჯავახეთი, ბორჯომი, ...ს ქუჩა №..., სს „მ...“.
იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტით დასტურდება, რომ თ. ხ-ას და მ. ხ-ას მინიჭებული აქვთ დევნილის ერთი და იგივე სარეგისტრაციო ნომერი - 022-00080. ამასთან, მ. ხ-ას დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) წარმოადგენს სამცხე - ჯავახეთი, ბორჯომი, ...ს ქუჩა №..., სს „მ...“.
დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 5 აპრილის №05/04/04 განკარგულებით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცათ განკარგულების დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს (ოჯახის უფროსს) მ. ხ-ას და თ. ხ-ას (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №...).
დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა („გამყიდველი) და მ. ხ-ას („მყიდველი) შორის 2012 წლის 6 აპრილს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამყიდველმა მყიდველს გადასცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქალაქი ბორჯომი, ...ს ქუჩა ..., სს „მ...“. ქონების საპრივატიზებო ღირებულება განისაზღვრა სიმბოლური თანხით - 1 ლარი. ხელშეკრულების მე-2 მუხლით განისაზღვრა მხარეთა უფლებები და მოვალეობები. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, „მყიდველი“ ვალდებული იყო ამ ხელშეკრულების 1.3. პუნქტში მითითებული სიმბოლური თანხა გადაეხადა ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ერთი წლის ვადაში. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება ხელმოწერით დადასტურებულია მ. ხ-ას მიერ. აღნიშნული ხელშეკრულების 2.2. პუნქტში თ. ხ-ა არ არის მითითებული.
საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 6 აპრილს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბორჯომი, ...ს ქუჩა №..., სართული №..., ბინა №..., ფართობი 18,00 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ..., მესაკუთრედ დარეგისტრირდა - მ. ხ-ა.
დადგენილია, რომ 2019 წლის 5 ივლისს თ. ხ-ას წარმომადგენელმა №95632 განცხადებით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა თ. ხ-ას დევნილთა ელექტრონული ბაზიდან, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულ პირთა სიიდან ამორიცხვა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 2 აგვისტოს №04/41461 წერილობითი მიმართვით თ. ხ-ას უარი ეთქვა დევნილთა ელექტრონული ბაზიდან გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულ პირთა სიიდან ამორიცხვის შესახებ.
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 20 ივნისის ცნობის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, თ. ხ-ას 2000 წლის 1 იანვრიდან, 2015 წლის 1 იანვრამდე საზღვარი გადაკვეთილი აქვს სსკგ „თ...ს“ და სსკგ „...ს“ გავლით. ამავე ცნობაზე თანდართული დანართით დგინდება, რომ თ. ხ-ა საქართველოში შემოვიდა 2003 წლის 9 თებერვალს და საქართველოდან გავიდა 2003 წლის 26 მარტს. ასევე, საქართველოში შემოვიდა 2013 წლის 27 თებერვალს.
საკასაციო საჩივრებზე მსჯელობის ფარგლებში, საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლს, რომლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. კანონის მე-2 მუხლის ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს, ქვედა ინსტანციის სასამართლოების აპელირებას სადავო პერიოდში მოქმედ „იძულებით გადაადგილებულ პირთა -დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე (ძალადაკარგულია საქართველოს 02/06/2014წ. №1982 კანონით), რომელიც ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, განსაზღვრავს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სამართლებრივ სტატუსს, დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების, შეჩერების, შეწყვეტისა და ჩამორთმევის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული საკანონმდებლო აქტის 11 მუხლი „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილია პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზების გამო, ხოლო ამავე მუხლის „ვ“ პუნქტის მიხედვით, დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილი (დევნილის რეგისტრაციის ადგილი) არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი ან ადგილი, სადაც იგი დროებით იქნა განსახლებული. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს დევნილს დროებითი საცხოვრებელი ფართობით. სამინისტრო ახორციელებს დევნილთა განსახლებას სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ, დევნილთა დროებითი განსახლებისათვის გამოყოფილი საცხოვრებელი ფართობის ფარგლებში.
დავის საგნის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პრივატიზება არის ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით, სავაჭრო ობიექტის, მესამე პირის მეშვეობით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმითა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სამინისტროს მიერ, ამ კანონის 181 მუხლით დადგენილი წესით. განსახილველ შემთხვევაში, შეფასების საგანია საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 5 აპრილის №05/04/04 განკარგულების კანონიერება თ. ხ-ას ნაწილში.
აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულებაზე, რომელშიც დეტალურად იქნა მითითებული ის სახელმწიფო ორგანოები და უწყებები და ასევე მათი საქმიანობის სფერო, რომელთა მიერაც უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბინების დევნილთა საკუთრებაში გადაცემა. განკარგულებით განისაზღვრა ისეთი ღონისძიებების განხორციელება, როგორიც არის დევნილი ოჯახის შემადგენლობის განსაზღვრა, მათი უახლოესი ნათესაური კავშირების დადგენა, დევნილთა ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართების დადგენა, ინფორმაციის მოპოვება მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართობის შესახებ. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის საოჯახო ნომერზე რეგისტრირებული პირის მხრიდან მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ პრეტენზიის წარმოშობის შემთხვევაში, ოჯახთან ერთად მისი დაკმაყოფილებულად მიჩნევისათვის, აუცილებელია დადასტურდეს ამ პირის იმ ოჯახის შემადგენლობაში შესვლა, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაკმაყოფილებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ სახელმწიფოს ვალდებულება რჩება შეუსრულებელი. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფოს მხრიდან კმაყოფილდებიან დევნილი ოჯახები და არა ერთეულად ინდივიდები, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, თ. ხ-ას ოჯახის შემადგენლობაში მ. ხ-ას ყოფნის, შინასამეურნეო საქმიანობის ერთობლივად გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოში არ წარდგენილა. სადავო არაა ის გარემოება, რომ თ. ხ-ა სადავო განკარგულების გამოცემისას არ იმყოფებოდა საქართველოში (2000 წლის 1 იანვრიდან იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკაში, იყო რუსეთის მოქალაქე და მის მიმართ გაცემული იყო რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი). მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს ის მსჯელობა, რომ აღნიშნული გარემოების შესახებ, ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულების შესაბამისად, ინფორმაცია უნდა ჰქონოდა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 2012 წლის 6 აპრილის ხელშეკრულებაში, კერძოდ, ოჯახის წევრების ჩამონათვალში მითითებული არ არის მისი სახელი და გვარი.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ - სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მიხედვით კი, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ. ამასთან, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეეხება, რომელსაც უფლება აქვს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე წარადგინოს საკუთარი მოსაზრება. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ხელშეკრულების კონკრეტული საგნის დაკონკრეტების გარეშე, ნებისმიერ შემთხვევაში ითვალისწინებს იმ პირების ინტერესებს, რომელთა უფლებებიც შესაძლოა შეზღუდოს კონკრეტულმა ადმინისტრაციულმა ხელშეკრულებამ, აღნიშნულის მიზანს კი სწორედ ისეთი შემთხვევების თავიდან არიდება წარმოადგენს, რომლებშიც შესაბამის პირებს შესაძლოა საკმარისი ინფორმაციის ფლობის გარეშე დაეკისროთ იმგვარი ტვირთი, რომელზე თანხმობასაც ისინი ინფორმირებულობის პირობებში არ განაცხადებდნენ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლში მითითებული ჩანაწერი - „ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას“ - არ შეიძლება გაგებულ იქნეს ვიწროდ და სიტყვა - სიტყვით, მისი რეალური შინაარსის გამოკვეთის გარეშე, კერძოდ, გარკვეულ შემთხვევებში, ფორმალური თვალსაზრისით უფლების მიმნიჭებელი (მაგ: საკუთრების უფლების მოპოვება) ხელშეკრულებაც კი, შედეგობრივად შესაძლოა ზიანის მომტანი იყოს ზოგიერთი პირისთვის, თუ ასეთი ხელშეკრულება რეალურად არ გამოხატავს მხარის ნამდვილ ნებას და შემდგომში უსპობს კანონით მინიჭებული უფლების რეალიზების საშუალებას (დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამის ფარგლებში, მიიღოს საცხოვრებელი ფართი), რა შედეგიც, გასაჩივრებული აქტებით და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით რეალურად დადგა მოსარჩელის მიმართ (იხ. სუს განჩინებები 20.06.2019 წ. №ბს-1213(2კ-18), 30.10.2014 წ. №ბს-308-304(2კ-14)).
რაც შეეხება მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხს, რაზედაც აპელირებს კასატორი - საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლს, სადაც კანონმდებელმა მიუთითა, რომ ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. საკასაციო პალატა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მოთხოვნის გათვალისწინებით, მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოს იმ შეფასებას, რომ მოსარჩელისათვის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 02 აგვისტოს №04/41461 წერილით ცნობილი გახდა ის ფაქტი, რომ ითვლებოდა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულად. ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ მოსარჩელე ინფორმირებული იყო საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 5 აპრილის №05/04/04 განკარგულებაში მისი მითითების შესახებ. ამდენად, დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე