საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-494(კ-25) 17 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ბ. ჯ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 4 ნოემბერს ბ. ჯ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.
მოსარჩელემ, სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ, ბ. ჯ-ისათვის სს ,,ს...ის’’ უფლებამონაცვლის - შპს ,,გ...ს’’ სასარგებლოდ 18 749,96 ლარის დაკისრების თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმის წარმოების ქეისმენეჯერის ს. დ-ას 2021 წლის 26 აპრილის NSP210397959/839819 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო შპს „გ...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით ბ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დავალიანების გადახდევინების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 26 აპრილის NSP210397959/839819 ბრძანება, რაც სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2021 წლის 2 მარტს აპლიკანტმა - შპს ,,გ...მა’’ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რესპონდენტის - ბ. ჯ-ის მიმართ. განცხადებით მოთხოვნილ იქნა დავალიანების გადახდევინების შესახებ გადახდის ბრძანების მიღება, ბ. ჯ-ისთვის 18749.96 ლარის დაკისრების თაობაზე. აღნიშნული განაცხადის საფუძველზე, აღსრულების ეროვნულ ბიუროში 2021 წლის 2 მარტს დაიწყო გამარტივებული წარმოება და 2021 წლის 22 მარტს გამოიცა NSP210397959/826092 შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ.
დადგენილია, რომ შეტყობინება, ბ. ჯ-ის გაეგზავნა მისამართზე ქ. თბილისი, ...ს მე-... მ/რ, კორპუსი ..., ბინა ..., თუმცა უშედეგოდ. კურიერის მიერ 2021 წლის 24 მარტს განხორციელებული ვიზიტისას გზავნილზე დაფიქსირებულია შენიშვნა: ,,მისამართზე მითითებულ პიროვნებას არ იცნობენ’’. შეტყობინება რესპოდენტ ბ. ჯ-ის ასევე გაეგზავნა მისამართზე - ჩოხატაური, ს. ...ი. კურიერის მიერ 2021 წლის 19 აპრილს განხორციელებული ვიზიტისას გზავნილზე დაფიქსირებულია შენიშვნა: „არ ცხოვრობს ამ მისამართზე“. იმავე მისამართზე, 2021 წლის 15 აპრილს განხორციელებული ვიზიტისას, გზავნილის ადრესატზე ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია შენიშვნა: ,,ცხოვრობს თბილისში’’. 2021 წლის 12 აპრილს, აპლიკანტ შპს ,,გ...ს’’ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების ქეის მენეჯერს და წარუდგინა აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 22 მარტის NSP210397959/826092 შეტყობინების ბ. ჯ-ის დედისთვის - ე. ს-ისთვის 2021 წლის 7 აპრილს ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2022 წლის 26 აპრილის №SP210397959/839819 ბრძანებით რესპოდენტს - ბ. ჯ-ის დაეკისრა დავალიანების გადახდა 18749, 96 ლარის ოდენობით აპლიკანტ შპს ‘’გ...ს’’ მიმართ, იმ საფუძვლით, რომ რესპოდენტის მიერ არ განხორციელდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არცერთი მოქმედება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 913, 914, 915, 917 მუხლებზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 71-ე, 73-ე და 74-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ კანონმდებლობა იცნობს ადრესატის მისამართზე, მასთან ერთად მცხოვრები ქმედუნარიანი პირისთვის გზავნილის ჩაბარების წესს, როდესაც დაცული უნდა იყოს ორი კუმულატიური პირობა: პირი იყოს ადრესატთან ერთად მცხოვრები და ამასთან, ქმედუნარიანი პირი. მოცემული პირობა პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ ადრესატს მასთან ერთად მცხოვრებმა პირმა დროულად გადასცეს მისთვის განკუთვნილი კორესპონდენცია. მოცემულ შემთხვევაში, ბ. ჯ-ის დედას შეტყობინება ჩაბარდა იურიდიული რეგისტრაციის მისამართზე, სადაც როგორც ირკვევა ბ. ჯ-ი ფაქტობრივად არ ცხოვრობს. აღნიშნული გარემოება დასტურდება როგორც თავად ე. ს-ის პოზიციით, რომელიც მან დააფიქსირა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას, ასევე საქმის სხვა მასალებით- უკუგზავნილებითა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის 2021 წლის N99 ცნობით. კერძოდ, ბ. ჯ-ის თბილისში ცხოვრების ფაქტს ადასტურებს, საქმეში წარმოდგენილ საფოსტო გზავნილები, სადაც ჩოხატაურის სოფელ ...ში განხორციელებული ვიზიტებისას ბ. ჯ-ისთვის გზავნილების ჩაუბარებლობის მიზეზად დაფიქსირებულია, რომ არ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე და ფაქტობრივად ცხოვრობს თბილისში. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის 2021 წლის N99 ცნობის თანახმად, ე. ს-ი არის სოფელი ...ის მცხოვრები და იგი ცხოვრობს მარტო. გარდა ამისა, ბ. ჯ-ისა და სს ,,ს...ს’’ შორის დადებულ საკრედიტო ხელშეკრულებასა და აღსრულების ეროვნული ბიუროს აპლიკაციაზე, ბ. ჯ-ის ფაქტობრივ მისამართად მითითებულია თბილისის და არა ჩოხატაურის რაიონის მისამართი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომელის თანახმად, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება. კასატორის მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
კასატორი აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ბ" ქვეპუნქტის მიხედვით, რესპონდენტს უფლება აქვს განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას. კასატორის შეფასებით, კონკრეტულ შემთხვევაში უდავოა, რომ „გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე“ შეტყობინება მოსარჩელეს ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, მას მიეცა რეალური შესაძლებლობა დაეფიქსირებინა პოზიცია გამარტივებულ წარმოებასთან დაკავშირებით. საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ შეტყობინების ჩაბარებიდან 10 (კალენდარული) დღის განმავლობაში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია წერილობითი პოზიცია გამარტივებული წარმოების თაობაზე, რის გამოც მიღებულ იქნა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2011 წლის 18 ოქტომბერს სს ,,ს...სა’’ და ბ. ჯ-ის შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება. ხელშეკრულებაში ბ. ჯ-ის საკორესპონდენტო (ფაქტობრივ) მისამართად მითითებული იყო - თბილისი, ...ს ..., მე-... მ/რ, №..., ბინა .... 2019 წლის 8 მაისს, სს ,,ს...სა’’ და შპს ,,გ...ს’’ შორის დაიდო მოთხოვნის დათმობის N406268186/01 ხელშეკრულება. შპს ,,გ...ს’’ მიერ 2021 წლის 22 თებერვალს გაცემული ცნობის თანახმად, შპს ,,გ...ს’’ მიმართ ბ. ჯ-ის დავალიანება, 2021 წლის 22 თებერვლის მდგომარეობით, სს ,,ს...თან’’ 2011 წლის 18 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგენდა 18649.96 ლარს.
დადგენილია, რომ 2021 წლის 2 მარტს, შპს „გ...ს“ მიმართვის საფუძველზე, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება. გამარტივებული საქმის წარმოების აპლიკაციაში რესპოდენტი ბ. ჯ-ის მისამართად დაფიქსირებული იყო - ქ. თბილისი, ...ს ... მ/რ, კორპუსი ..., ბინა .... გამარტივებული საქმის წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება, ბ. ჯ-ის გაეგზავნა ზემოხსენებულ მისამართზე, თუმცა უშედეგოდ. კურიერის მიერ 2021 წლის 24 მარტს განხორციელებული ვიზიტისას გზავნილზე დაფიქსირებულია შენიშვნა: ,,მისამართზე მითითებულ პიროვნებას არ იცნობენ’’. შეტყობინება ბ. ჯ-ის ასევე გაეგზავნა რეგისტრაციის მისამართზე - ჩოხატაური, ს. ...ი. კურიერის მიერ 2021 წლის 19 აპრილს განხორციელებული ვიზიტისას გზავნილზე დაფიქსირებულია შენიშვნა: არ ცხოვრობს ამ მისამართზე. იმავე მისამართზე, 2021 წლის 15 აპრილს განხორციელებული ვიზიტისას, გზავნილის ადრესატზე ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია შენიშვნა: ,,ცხოვრობს თბილისში’’. 2021 წლის 12 აპრილს, აპლიკანტ შპს ,,გ...ს’’ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების ქეის მენეჯერს და წარუდგინა აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 22 მარტის NSP210397959/826092 შეტყობინება, რომელიც 2021 წლის 7 აპრილს ჩაიბარა ბ. ჯ-ის დედამ - ე. ს-იმა. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 26 აპრილის დავალიანების გადახდევინების შესახებ №SP210397959/839819 ბრძანებით ბ. ჯ-ის აპლიკანტის - შპს ,,გ...ს’’ სასარგებლოდ დაეკისრა - 18749.96 ლარის გადახდა.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 917 მუხლის მე-10 პუნტის თანახმად, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 917 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედებების განუხორციელების გამო, გადახდევინების ბრძანების გამოცემის საკითხი დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უტყუარად დასტურდება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების ადრესატისათვის სათანადო წესით ჩაბარება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო ბრძანების უკანონობის საფუძვლად მოსარჩელე იმ გარემოებაზე აპელირებს, რომ მას ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე წინადადება არ ჩაბარებია. ბ. ჯ-ის განმარტებით, იგი წლებია ცხოვრობს თბილისში და შესაბამისად, მისი დედა - ე. ს-ი ვერ ჩაითვლება მასთან მცხოვრებ ოჯახის წევრად.
საქმეში წარმოდგენილია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის 2021 წლის N99 ცნობა, რმოლის თანახმად, ე. ს-ი არის სოფელი ...ის მცხოვრები, ცხოვრობს მარტო, ფლობს საკუთარს სახლს და ეზო-მიდამოს. პირველ ინსტანციაში გამართულ სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოიკითხა ე. ს-ი, რომელმაც განმარტა, რომ ფაქტობრივად ცხოვრობს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ...ში. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მათმა შვილმა - ბ. ჯ-იმა ცოლი მოიყვანა და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა. ამის გამო, იმ დროიდან მოყოლებული აქვს კონფლიქტი ბ. ჯ-ითან. მოწმის განმარტებით, 2021 წელს აპრილის თვეში მარტო ცხოვრობდა სოფელ ...ში. ბ. ჯ-ი ცხოვრობს თბილისში, ...ში ...ს დასახლებაში. მოწმემ დაადასტურა, რომ 2021 წლის 22 მარტის NSP210397959/826092 შეტყობინებაზე ხელი თავად მოაწერა. თავად დახვდა კურიერს, უთხრა, რომ არ ჰქონდა ურთიერთობა თავის შვილთან და მარტო ცხოვრობდა, ასევე არ ჰქონდა კომუნიკაცია, რადგან განაწყენებული იყო მასზე, მაგრამ კურიერმა გზავნილი მაინც ჩააბარა. ე. ს-იმა აღნიშნა, რომ ბ. ჯ-ითან არ აქვს კომუნიკაცია და არც გზავნილი გადაუცია მისთვის.
საკასაციო პალატა აგრეთვე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ როგორც სს ,,ს...სა’’ და ბ. ჯ-ის შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში, ისე თავად აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმის წარმოების აპლიკაციაში ბ. ჯ-ის ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირებული იყო ქ. თბილისი. ამასთანავე, საქმეში წარმოდგენილია საფოსტო უკუგზავნილები, სადაც მითითებულია, რომ ბ. ჯ-ი ცხოვრობს ქ. თბილისში. აღნიშნული მოცემულობის გათვალისწინებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გამოეყენებინა მის ხელთ არსებული ყველა საშუალება მოსარჩელის ინფორმირების მიზნით, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც არ დგინდებოდა ადრესატის მიერ გზავნილის ჩაბარებისაგან თავის არიდების ფაქტი და ამასთან, წინადადების ჩაბარების მიზნით, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მიერ ადრესატთან რაიმე ფორმის (მაგ. სატელეფონო) დამატებითი კომუნიკაციის მცდელობა არ დასტურდება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარზე 17.04.25წ. №06171 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინება;
3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.04.2025წ. №06171 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ბ. შონია